წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 19


ნაწილი 19

ჯოზეფ სმითის მეშვეობით მიღებული გამოცხადება ქ. მანჩესტერში, ნიუ-იორკში, დაახლოებით 1829 წ. ზაფხულში. თავის ჩანაწერებში წინასწარმეტყველმა ეს წარადგინა, როგორც „ბრძანება ღმერთისგან და არა ადამიანისგან, მარტინ ჰარისისადმი, რომელიც ებოძა მისგან, რომელიც მარადიულია.“

1–3, ქრისტეს აქვს სრული ძალა; 4–5, ყოველმა ადამიანმა უნდა მოინანიოს ან იტანჯოს; 6–12, მარადიული სასჯელი არის სასჯელი ღმერთისგან; 13–20, ქრისტე დაიტანჯა ყველასთვის, რათა ისინი არ დატანჯულიყვნენ, თუ მოინანიებენ; 21–28, იქადაგე მონანიების სახარება; 29–41, აუწყე სასიხარულო ამბები.

1 მე ვარ ალფა და ომეგა, ქრისტე-უფალი; დიახ, მე ვარ იგი, დასაწყისი და დასასრული, ამა ქვეყნის გამომსყიდველი.

2 აღვასრულე და დავასრულე რა მისი ნება, ვისაც ვეკუთვნი ანუ მამისა, ჩემ მიმართ – აღვასრულე ეს, რათა ყველაფერი დამემორჩილოს –

3 შევინარჩუნე მთელი ძალა სატანის განადგურებისა და მისი საქმეებისაც კი, ქვეყნის დასასრულისას და იმ უკანასკნელ და დიდი განკითხვის დღეს, რომელსაც მოვავლენ ყოველ მის მცხოვრებზე, განვსჯი რა ყოველ ადამიანს საკუთარი საქმეებისა და ჩადენილის შესაბამისად.

4 და აუცილებლად ყოველმა ადამიანმა უნდა მოინანიოს ან უნდა დაიტანჯოს, ვინაიდან ვარ ღმერთი, უსასრულო.

5 ამიტომ, არ გავაუქმებ სასჯელს, რომელსაც გამოვიტან, არამედ იქნება ვარამი, ტირილი და კვნესა და კბილების ღრჭენა მათ შორის, რომლებიც აღმოჩნდებიან ჩემი მარცხენა ხელის მხარეს.

6 ამისდა მიუხედავად, არ წერია, რომ ბოლო არ ექნება ამ ტანჯვას, თუმცა წერია – უსასრულო წამება.

7 კიდევ წერია – მარადიული წყევლა, ამიტომ ეს უფრო ზუსტია, ვიდრე სხვა წმინდა წერილებში, რათა იმოქმედოს ადამიანთა შვილთა გულებზე, მთლიანად, ჩემი სახელის დიდებისთვის.

8 ამიტომ, მე აგიხსნით ამ საიდუმლოს, ვინაიდან ეს თქვენ უნდა იცოდეთ, როგორც ჩემმა მოციქულებმა.

9 მოგმართავთ თქვენ, ხართ რა რჩეულნი ამისთვის, ისე როგორც ერთს, რათა შეძლოთ ჩემს სავანეში შემოსვლა.

10 ვინაიდან, აჰა, ღვთისმოსაობის საიდუმლოება, როგორი დიადია იგი! ვინაიდან, აჰა, ვარ უსასრულო და სასჯელი, ჩემი ხელიდან მოვლენილი, არის სასჯელი უსასრულო, ვინაიდან უსასრულოა ჩემი სახელი. ამიტომ –

11 მარადიული სასჯელი არის სასჯელი ღმერთისაგან.

12 უსასრულო სასჯელი არის სასჯელი ღმერთისაგან.

13 ამიტომ, გიბრძანებ, მოინანიო და დაიცვა ჩემი მცნებები, რომლებიც მიიღე ჩემი მსახურის, ჯოზეფ სმით უმცროსის, ხელით, ჩემი სახელით;

14 და ისინი მიიღე ჩემი ყოვლისშემძლე ძალით;

15 ამიტომაც, გიბრძანებ, მოინანიო – მოინანიე, რათა არ დაგკრა კვერთხით ჩემი ბაგისა, რისხვითა და მრისხანებით; და რათა შენი ტანჯვა არ იყოს მწარე, შენ არ იცი, რამდენად მწარე, შენ არ იცი, რამდენად მწვავე, დიახ, არ იცი, რამდენად აუტანელი იქნება.

16 ვინაიდან, აჰა, მე, ღმერთი, ყველასთვის დავიტანჯე ყოველივე ამით, რათა არ იტანჯონ, თუ მოინანიებენ;

17 მაგრამ, თუ არ მოინანიებენ, უნდა დაიტანჯონ ისე, როგორც მე;

18 ტანჯვით, რომელმაც მე, თავად ღმერთი, ყველაზე დიადი, მაიძულა ტკივილისგან მეკანკალა, სისხლი წამომსვლოდა ყოველი ფორიდან და დავტანჯულიყავი სხეულითა და სულით – და მსურდა, არ შემესვა მწარე ფიალიდან და თავი ამერიდებინა –

19 ამისდა მიუხედავად, დიდება მამას, მივიღე ფიალა და დავასრულე ჩემი მზადება ადამიანთა შვილებისთვის.

20 ამიტომ, მე კვლავ გიბრძანებ, მოინანიო, რათა არ დაგამდაბლო ჩემი ყოვლისშემძლე ძალით; და რომ აღიარო საკუთარი ცოდვები, რათა არ დაიტანჯო იმ სასჯელისგან, რომელზეც ვილაპარაკე და რომელიც, ყველაზე მცირედით, დიახ, იმ მცირედით განიცადე, როცა მოგაცილე ჩემი სული.

21 და გიბრძანებ, არ იქადაგო არაფერი, გარდა მონანიებისა და არ დაანახო ამ ქვეყანას ყოველივე ეს, სანამ ჩემი სიბრძნით არ დაგრთავ ნებას.

22 ვინაიდან ისინი ახლა ვერ აიტანენ ხორცს, მაგრამ უნდა გამოიკვებონ რძით; ამიტომ, ყოველივე ეს არ უნდა იცოდნენ, რათა არ დაიღუპონ.

23 ისწავლე ჩემგან და ყური დაუგდე ჩემს სიტყვებს; იარე ჩემი სულის თვინიერებით და ჰპოვებ მშვიდობას ჩემში.

24 მე ვარ იესო ქრისტე, მოვედი ჩემი მამის ნებით და ვასრულებ მის ნებას.

25 და კიდევ გიბრძანებ, არ ისურვო მოყვასის ცოლი და არ ეცადო მოყვასის სიცოცხლის მოსწრაფება.

26 და კიდევ გიბრძანებ, არ დაიშურო საკუთარი ქონება, არამედ გაუზიარე გულუხვად მორმონის წიგნის დასაბეჭდად, რომელიც მოიცავს ჭეშმარიტებასა და ღვთის სიტყვას –

27 რომელიც არის ჩემი სიტყვა წარმართთათვის, რათა მალე მივიდეს იუდეველთან, რომლის ნარჩენნიც არიან ლამანიელნი, რათა იწამონ სახარება და აღარ დაელოდონ მესიის მოსვლას, რომელიც უკვე მოვიდა.

28 და კიდევ, გიბრძანებ, ილოცო ხმამაღლა, ასევე გულში; დიახ, როგორც ქვეყნის წინაშე, ასევე მალულად, ხალხშიც და მარტომაც.

29 აუწყე სასიხარულო ამბები, დიახ, გამოაცხადე ეს მთებსა და ყოველ მაღალ ადგილზე და ყოველ ხალხში, რომლის ხილვის ნება მოგეცემა.

30 და გააკეთებ ამას მთელი თავმდაბლობით, ჩემ მიმართ სასოებით, მლანძღველების ლანძღვის გარეშე.

31 და საფუძვლებზე არ ილაპარაკო, არამედ აუწყე მონანიება, რწმენა მხსნელში და ცოდვების მიტევება ნათლობითა და ცეცხლით, დიახ, სულიწმინდითაც კი.

32 აჰა, ეს არის დიდი და უკანასკნელი ბრძანება, რომელსაც გაძლევ ამ საკითხის შესახებ; ვინაიდან ეს იქნება შენთვის საკმარისი ყოველდღიურად, შენი სიცოცხლის ბოლომდე.

33 და უბედურებას იწვნევ თავზედ, თუ არად ჩააგდებ ამ რჩევებს, დიახ, საკუთარი თავისა და ქონების განადგურებას.

34 უწილადე შენი ქონების ნაწილი, დიახ, მიწის ნაწილიც და ყველაფერი, საკუთარი ოჯახის სარჩენის გარდა.

35 გადაუხადე მბეჭდავს შეპირებული ვალი. გაინთავისუფლე თავი მონობისგან.

36 მიატოვე სახლი და საცხოვრებელი კერა, გარდა იმ დროისა, როდესაც მოისურვებ ოჯახის მონახულებას;

37 და თავისუფლად ელაპარაკე ყველას, დიახ, იქადაგე, მოუწოდე და აუწყე ჭეშმარიტება, მაღალი ხმითაც კი, სიხარულითა და ღაღადით: ოსანა, ოსანა, კურთხეული იყოს უფალი ღმერთის სახელი!

38 ყოველთვის ილოცე და სულს გადმოვღვრი შენზე და დიდი იქნება შენი კურთხევა – დიახ, იმაზე დიდი, შენ რომ მიგეღო დედამიწის საგანძური და მთელი მისი წარმავლობა.

39 აჰა, შეგიძლია ეს წაიკითხო სიხარულისა და გულში ამაღლებული ბედნიერების გარეშე?

40 ან კვლავ შეგიძლია ბრმა მეგზურივით ხეტიალი?

41 ან შეგიძლია, იყო თავმდაბალი და თვინიერი და ბრძნულად მოიქცე ჩემ წინაშე? დიახ, ჩემთან მოდი, შენს მხსნელთან. ამინ.