წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 112


ნაწილი 112

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით მიღებული გამოცხადება თომას ბ. მარშისთვის, კრავის თორმეტი მოციქულის შესახებ. კირტლანდი, ოჰაიო, 23 ივლისი, 1837 წ. ეს გამოცხადება მიღებულ იქნა იმ დღეს, როდესაც უხუცესებმა ჰიბერ ჩ. ქიმბალმა და ორსონ ჰაიდიმ პირველად იქადაგეს სახარება ინგლისში. თომას ბ. მარში იმჟამად თორმეტ მოციქულთა ქვორუმის პრეზიდენტი იყო.

1–10, თორმეტმა უნდა გაავრცელოს სახარება და აიმაღლოს გამაფრთხილებელი ხმა ყოველი ერისა და ხალხისთვის; 11–15, მათ უნდა იტვირთონ თავიანთი ჯვარი, მიჰყვნენ იესოს და აძოვონ მისი ცხვრები; 16–20, ისინი, რომლებიც იღებენ პირველ პრეზიდენტობას, იღებენ უფალს; 21–29, ბნელეთი ფარავს დედამიწას და მხოლოდ ისინი გადარჩებიან, ვისაც სწამს და ინათლება; 30–34, პირველი პრეზიდენტობა და თორმეტნი ფლობენ ჟამთა სისრულის წყობის გასაღებებს.

1 ჭეშმარიტად, ამას გეუბნება უფალი, ჩემო მსახურო, თომას: შევისმინე შენი ლოცვები; და მოწყალებამ შენი ლოცვებისა მოაღწია ჩემამდე, იმ შენი ძმების გასახსენებლად, რომლებიც არჩეულ იქნენ, დაემოწმებინათ ჩემი სახელი და გაევრცელებინათ ის ყოველ ერში, ტომში, ენაზე და ხალხში, იყვნენ რა კურთხეულნი ჩემი მსახურების მეშვეობით.

2 ჭეშმარიტად გეუბნები: გულში გქონდა ზოგი რამ, რაც მე, უფალმა, არ მოვიწონე.

3 მიუხედავად ამისა, რამდენადაც თავი დაიმდაბლე – ამაღლდები; ამიტომ, შეგენდო ყოველი ცოდვა.

4 დაე, ჩემ წინაშე გაგიმხნევდეს გული; და დაამოწმე ჩემი სახელის შესახებ, არა მარტო წარმართებთან, ასევე იუდეველებთანაც და გაავრცელე ჩემი სიტყვა დედამიწის კიდეებამდე.

5 ამიტომ, იბრძოლე დილიდან დილამდე და დღითი დღე, ისმოდეს შენი გამაფრთხილებელი ხმა; და როდესაც დადგება ღამე, დაე, არ დაიძინონ დედამიწის მცხოვრებმა შენი სიტყვების გამო.

6 დაე, იცოდნენ სიონში შენი საცხოვრებლის შესახებ და არ შეიცვალო სახლი შენი; ვინაიდან მე, უფალს, შენთვის მაქვს დიადი საქმე- განაცხადო ჩემი სახელი ადამიანთა შვილებს შორის.

7 ამიტომ, შემოისარტყლე წელი საქმისთვის. დაე, ფეხსაცმელში გქონდეს ფეხები, ვინაიდან ხარ რჩეული და ბილიკი შენი გადის მთებსა და მრავალ ერს შორის.

8 და შენი სიტყვით მრავალი ამაღლებული დამდაბლებულ იქნება და შენი სიტყვით მრავალი დამდაბლებული ამაღლდება.

9 შენი ხმა იქნება საყვედური დამნაშავისთვის; და შენი საყვედურით, დაე, ცილისმწამებლის ენამ შეწყვიტოს უკეთურობა.

10 იყავი თავმდაბალი; და უფალი, შენი ღმერთი, ხელჩაკიდებული გაგიძღვება წინ და ლოცვებზე გიპასუხებს.

11 ვიცი შენი გული და შევისმინე შენი ლოცვები ძმების შესახებ. სიყვარულში ნუ გამოარჩევ მათ მრავალ სხვაზე მეტად, არამედ სავსე იყოს მათ მიმართ შენი სიყვარული, როგორც საკუთარი თავისადმი; დაე, სიყვარული შენი გავრცელდეს ყოველი ადამიანისადმი და ყველასთვის, ვისაც უყვარს ჩემი სახელი.

12 და ილოცე თორმეტთა ძმებზე. მკაცრად გააფრთხილე ისინი ჩემი სახელით, დაე, გაფრთხილებულ იქნენ თავიანთი ცოდვების გამო და ჩემ წინაშე იყავი ჩემი სახელის ერთგული.

13 და მათი ცდუნებებისა და მრავალი გაჭირვების შემდეგ აჰა, მე, უფალი, მათ ხელს გავუწვდი და თუ გულს არ გაიქვავებენ და არ გაიფიცხებენ ქედს ჩემ მიმართ, ისინი მოქცეულ იქნებიან და მათ განვკურნავ.

14 ახლა, გეუბნები და რასაც შენ გეუბნები, ვეუბნები თორმეტივეს: წამოდექით და შემოისარტყლეთ წელი, იტვირთეთ თქვენი ჯვარი, გამომყევით და აძოვეთ ჩემი ცხვრები.

15 ნუ აიმაღლებთ თავს, არ აუჯანყდეთ ჩემს მსახურს, ჯოზეფს, ვინაიდან ჭეშმარიტად გეუბნებით: მე მასთან ვარ, ჩემი ხელი მასზე იქნება; და გასაღებები, რომლებიც ვუბოძე მას და თქვენ, არ ჩამოერთმევა მას ჩემ მოსვლამდე.

16 ჭეშმარიტად გეუბნები, ჩემო მსახურო, თომას, შენ ხარ ის ადამიანი, რომელიც ავირჩიე ჩემი სასუფევლის გასაღებების მფლობელად, რაც თორმეტს ეხება, საზღვარგარეთ ყველა ერს შორის –

17 რათა იყო ჩემი მსახური, რომელიც გახსნის სასუფევლის კარს ყველგან, სადაც ვერ შეძლებენ მისვლას ჩემი მსახური ჯოზეფი და ჩემი მსახური სიდნეი და ჩემი მსახური ჰაირამი;

18 ვინაიდან, მათ ცოტა ხნით დავაკისრე პასუხისმგებლობა ყოველ ეკლესიაზე.

19 ამიტომ, სადაც არ უნდა გაგაგზავნონ – წადი და მე ვიქნები შენთან; და სადაც არ უნდა გამოაცხადო ჩემი სახელი – მოქმედი კარი გაგეღება, რათა მათ შეძლონ ჩემი სიტყვის მიღება.

20 ვინც ჩემს სიტყვას მიიღებს – მე მიმიღებს და ვინც მე მიმიღებს, მიიღებს მათ, პირველ პრეზიდენტობას, რომლებიც მე გავაგზავნე, რომლებიც ჩემი სახელით დავნიშნე თქვენთვის მრჩევლებად.

21 და კვლავ, გეუბნებით: ვისაც ჩემი სახელით გააგზავნით – თქვენი ძმების, თორმეტთა ხმით, თქვენ მიერ შესაბამისად წარდგენილს და უფლებამოსილს, ექნება რა ძალაუფლება, გაუღოს ჩემი სასუფევლის კარი ნებისმიერ ერს, სადაც კი არ გააგზავნით მათ –

22 იმისდა მიხედვით, რამდენად დაიმდაბლებენ თავს ჩემ წინაშე, დაემორჩილებიან ჩემს სიტყვას და ყურს დაუგდებენ ჩემი სულის ხმას.

23 ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით: ბნელეთი დაფარავს დედამიწას და დიდი ბნელეთი – ადამიანთა გონებას და ყოველი ხორციელი გაიხრწნა ჩემ წინაშე.

24 აჰა, შურისგება სწრაფად თავს ატყდება დედამიწის მცხოვრებთ – რისხვის დღე, ცეცხლის დღე, აოხრების, ტირილის, გლოვისა და გოდების დღე; და როგორც ქარიშხალი მოევლინება მთელი დედამიწის პირს, – ამბობს უფალი.

25 და ეს ჩემი სახლიდან დაიწყება და ჩემი სახლიდან გავრცელდება, – ამბობს უფალი.

26 ჯერ მათზე თქვენ შორის – ამბობს უფალი, – რომლებიც აცხადებდნენ, რომ იციან ჩემი სახელი, მაგრამ არ მიცნობდნენ და მკრეხელობდნენ ჩემი სახლის შუაგულში, – ამბობს უფალი.

27 ამიტომ, გაფრთხილდით, რომ არ იდარდოთ ჩემი ეკლესიის საქმეებზე ამ ადგილში, – ამბობს უფალი.

28 არამედ განიწმინდეთ გული ჩემ წინაშე და წადით ამქვეყნად და უქადაგეთ ჩემი სახარება ყოველ არსებას, რომელსაც ის არ მიუღია;

29 და გადარჩება ის, რომელიც იწამებს და მოინათლება და რომელიც არ იწამებს და არ მოინათლება, იქნება წყეული.

30 ვინაიდან თქვენ, თორმეტს, და მათ, პირველ პრეზიდენტობას, რომლებიც დაინიშნენ თქვენთან ერთად, რათა თქვენი მრჩევლები და წინამძღვრები იყვნენ, გებოძათ ამ მღვდლობის ძალა უკანასკნელად, უკანასკნელ დღეთათვის, რომელშიც არის ჟამთა სისრულის წყობა.

31 ის ძალა, რომელსაც ფლობთ, ყოველ მათგანთან ერთად, რომლებმაც მიიღეს წყობა შექმნის დასაბამიდან ნებისმიერ დროს;

32 ვინაიდან, ჭეშმარიტად გეუბნებით: წყობის გასაღებები, რომლებიც მიიღეთ, მამებისგან მოდის და ყველაზე ბოლოს ზეციდან იქნა თქვენთვის გამოგზავნილი.

33 ჭეშმარიტად გეუბნებით: შეიცანით, რაოდენ დიდია თქვენი მოწოდება. განიწმინდეთ გული და სამოსი, რათა ამ თაობის სისხლი თქვენი ხელიდან არ იქნეს მოთხოვნილი.

34 იყავით ერთგულნი ჩემ მოსვლამდე, ვინაიდან მალე მოვალ და ჩემი ჯილდო არის ჩემთან, რათა მივუზღა ყოველ ადამიანს თავისი საქმეების შესაბამისად. მე ვარ ალფა და ომეგა. ამინ.