წმინდა წერილი
ოფიციალური განცხადება 1


ოფიციალური განცხადება 1

ბიბლია და მორმონის წიგნი ასწავლიან, რომ მონოგამია არის ღვთის წესი ქორწინებისთვის, თუ იგი არ გამოაცხადებს სხვაგვარად (იხ. 2 სამუელი 12:7–8 და იაკობი 2:27, 30). ჯოზეფ სმითის გამოცხადების შემდეგ, ადრეულ 1840-იან წლებში ეკლესიის წევრთა შორის მრავალცოლიანობა ჩამოყალიბდა (იხ. ნაწილი 132). შეერთებული შტატების ხელისუფლებამ 1860-იანი წლებიდან 1880-იან წლებამდე მიიღო კანონები, რომლებითაც უკანონოდ აქცია ეს რელიგიური ჩვეულება. ამ კანონებს მოგვიანებით მხარი დაუჭირა შეერთებული შტატების უმაღლესმა სასამართლომ. პრეზიდენტმა ვილფორდ ვუდროფმა გამოცხადების მიღების შემდეგ გამოსცა შემდეგი მანიფესტი, რომელიც 1890 წ. 6 ოქტომბერს მიღებულ იქნა ეკლესიის მიერ, როგორც ბრძანება და ვალდებულება. ამის შედეგად ეკლესიაში მრავალცოლიანობა შეწყდა.

მათ, ვისაც ეს ეხება:

სოლთ-ლეიქ სითის ზოგიერთი ბეჭდვითი გამომცემლობის მიერ გამოქვეყნდა და ფართოდ გავრცელდა შეტყობინებები პოლიტიკური მიზნებით, სადაც ნათქვამია, რომ იუტას ტერიტორიაზე მყოფი კომისია თავის ბოლო პატაკში შინაგან საქმეთა მინისტრს თითქოს და უცხადებს, რომ მრავალცოლიანთა ქორწინებები კვლავ ტარდება და რომ იუტაში ორმოცი ან უფრო მეტი ამგვარი ქორწინება შედგა გასული წლის ივნისიდან ანუ გასული წლის განმავლობაში. ასევე, რომ საჯარო განცხადებებში ეკლესიის წინამძღვარნი ასწავლიან, აქეზებენ და მოუწოდებენ მრავალცოლიანობის ჩვეულების შენარჩუნებისკენ –

ამიტომ მე, უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის პრეზიდენტი, ამგვარად დაბეჯითებით ვაცხადებ, რომ ეს ბრალდებები არის ყალბი. ჩვენ არ ვქადაგებთ მრავალცოლიანობას ან მრავალცოლიანთა ქორწინებას, არც ვრთავთ ამის ჩადენის ნებას რომელიმე პიროვნებას და უარვყოფ, რომ მრავალცოლიანობის ორმოცი ან სხვა რაოდენობის ქორწინება ჩატარდა ჩვენს ტაძრებში ან ტერიტორიის სხვა რომელიმე ადგილზე.

შემოვიდა შეტყობინება ერთი შემთხვევის შესახებ, რომელშიც მხარეები ირწმუნებიან, რომ ქორწინება ჩატარდა ენდაუმენტ ჰაუსში, სოლთ-ლეიქ სითიში, 1889 წ. შემოდგომაზე, მაგრამ ვერ შევძელი, გამეგო, ვინ ჩაატარა ცერემონია; რაც მოხდა ამ საკითხთან დაკავშირებით, მოხდა ჩემთვის შეტყობინების გარეშე. ამ სავარაუდო შემთხვევის გამო ენდაუმენტ ჰაუსი, ჩემი მითითებებისამებრ, დაუყოვნებლივ იქნა დანგრეული.

ვინაიდან, კონგრესის მიერ მიღებულ იქნა მრავალცოლიანობის ამკრძალავი კანონები, რომლებიც უმაღლესმა სასამართლომ სცნო კონსტიტუციურად, მე ამგვარად ვაცხადებ ჩემს მზადყოფნას, დავემორჩილო ამ კანონებს და გამოვიყენო ჩემი გავლენა ეკლესიის წევრებზე, რომლებსაც მე ვთავმჯდომარეობ, რათა ისინიც ასე მოიქცნენ.

ამ კონკრეტული დროის განმავლობაში ჩემს საეკლესიო სწავლებებში ან ჩემს თანამოაზრეთა სწავლებებში არაფერია, რაც დასაბუთებულად შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც მრავალცოლიანობის მხარდაჭერა ან წაქეზება; და როდესაც ეკლესიის რომელიმე უხუცესი იყენებდა გამოთქმებს, რომლებიც გამოხატავდა რაიმე ამდაგვარ სწავლებას, იგი დაუყოვნებლივ იღებდა შენიშვნას. და ახლა საჯაროდ ვაცხადებ, რომ ვურჩევ უკანასკნელ დღეთა წმინდანებს, თავი შეიკავონ რაიმე ისეთ ქორწინებაში მონაწილეობისგან, რომელიც აკრძალულია ქვეყნის კანონებით.

ვილფორდ ვუდროფი

უკანასკნელ დღეთა წმინდანთა
იესო ქრისტეს ეკლესიის პრეზიდენტი

პრეზიდენტმა ლორენზო სნოუმ წარმოადგინა შემდეგი:

„შემომაქვს წინადადება, ვცნოთ ვილფორდ ვუდროფი უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის პრეზიდენტად და ამჟამად ერთადერთ ადამიანად დედამიწაზე, რომელიც ფლობს ჩაბეჭვდვის წეს-ჩვეულებათა გასაღებებს. ჩვენ ვთვლით, რომ იგი აღჭურვილია ყოველი უფლებამოსილებით დაკავებული თანამდებობისამებრ, რათა გამოსცეს 1890 წ. 24 სექტემბრით დათარიღებული მანიფესტი, რომელიც წაკითხულ იქნა ჩვენი თანდასწრებით და ჩვენ, როგორც გენერალურ კონფერენციაზე შეკრებილი ეკლესია, ვიღებთ მის განცხადებას მრავალცოლიანობის შესახებ, როგორც ბრძანებას და ვალდებულებას.“

სოლთ-ლეიქ სითი, იუტა, 6 ოქტომბერი, 1890 წ.

ნაწყვეტები პრეზიდენტ ვილფორდ ვუდროფის
სამი მიმართვიდან
მანიფესტთან დაკავშირებით

უფალი არასდროს დაუშვებს, რომ მე ან რომელიმე სხვა ადამიანმა, რომელიც იქნება ამ ეკლესიის პრეზიდენტი, გზას აგაცდინოთ. ეს არ არის გეგმაში. ეს არ არის ღვთის ჩანაფიქრი. რომ მეცადა ამის ჩადენა, უფალი ჩამომაცილებდა ჩემი ადგილიდან და იგივეს უზამდა ნებისმიერ სხვა ადამიანს, რომელიც შეეცდებოდა ადამიანთა შვილების გზიდან აცდენას ღვთის გამოცხადებებისგან და ვალდებულებების შესრულებისგან (ეკლესიის სამოცდამეერთე ყოველწლიური გენერალური კონფერენცია, ორშაბათი, 6 ოქტომბერი, 1890 წ, სოლთ-ლეიქ სითი, იუტა. Deseret Evening News 11 ოქტომბერი, 1890 წ. გვერდი 2).

არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ცოცხალი და ვინ – გარდაცვლილი ან ვინ არის მოწოდებული ამ ეკლესიის წინამძღვრად – ისინი უნდა გაუძღვნენ მას ყოვლადძლიერი ღმერთის შთაგონებით. თუ ასე არ იქცევიან, ისინი ამას საერთოდ არ უნდა აკეთებდნენ. …

ბოლო ხანებში მივიღე რამდენიმე გამოცხადება, რომელიც ჩემთვის ძალზედ მნიშვნელოვანია და გეტყვით იმას, რაც უფალმა მითხრა. ნება მიბოძეთ, თქვენი ყურადღება გავამახვილო იმაზე, რასაც ეწოდება მანიფესტი. …

უფალმა მითხრა, უკანასკნელ დღეთა წმინდანებისთვის დამესვა კითხვა და მან ასევე მითხრა, რომ თუ ისინი ყურს დაუგდებდნენ იმას, რასაც ვეტყვოდი და დასმულ კითხვაზე პასუხს გასცემდნენ სულითა და ღვთის ძალით, ყოველი მათგანი გასცემდა ერთნაირ პასუხს და ყოველ მათგანს ამ საკითხთან დაკავშირებით ექნებოდა ერთნაირი რწმენა.

კითხვა არის ასეთი: როგორი ქცევა უფრო გონივრულია უკანასკნელ დღეთა წმინდანთათვის – შეეცადონ მრავალცოლიანობის ჩვეულების გაგრძელება, სახელმწიფო კანონებისა და სამოცი მილიონი ადამიანის წინააღმდეგ, ყველა ტაძრის ჩამორთმევისა და დაკარგვის ფასად, მათში ყოველი წეს-ჩვეულების შეწყვეტით ყოველი ცოცხალისა და გარდაცვლილისთვის, პირველ პრეზიდენტთა და თორმეტთა და ეკლესიის წინამძღვართა ოჯახის წევრების დაპატიმრებითა და პირადი ქონების ჩამორთმევით (ყოველივე ეს თავისთავად გამოიწვევს ამ ჩვეულების შეწყვეტას); თუ ამ ჩვეულების გაგრძელების გამო ამდენი მიღწევისა და ტანჯვის შემდეგ შევწყვიტოთ იგი და დავემორჩილოთ კანონს, რის შედეგადაც წინასწარმეტყველნი, მოციქულნი და მამები დარჩებიან სახლში, რათა ასწავლონ ხალხს და შეასრულონ თავიანთი მოვალეობები ეკლესიაში; ასევე ტაძრები დარჩება წმინდანთა ხელში ისე, რომ ისინი შეძლებენ სახარების წეს-ჩვეულებათა აღსრულებას ცოცხალთა და გარდაცვლილთათვის?

უფალმა ზუსტად დამანახა ხილვაში და გამოცხადებაში, რა მოხდებოდა, თუ არ შევწყვეტდით ამ ჩვეულებას. თუ არ შევწყვეტდით, ვერ მიიღებდით ვერცერთი მამაკაცისგან მსახურებას ამ ტაძარში, ლოგანში, ვინაიდან შეჩერებული იქნებოდა ყოველი წეს-ჩვეულება სიონის მთელ მიწაზე. არეულობა გაბატონდებოდა მთელ ისრაელში და მრავალი მამაკაცი დაპატიმრებულ იქნებოდა. მთელ ეკლესიას თავს დაატყდებოდა ეს განსაცდელი და გვაიძულებდნენ, შეგვეწყვიტა ეს ჩვეულება. ახლა კითხვა არის ასეთი: ეს უნდა შეწყდეს ამგვარად, თუ ისე, როგორც უფალმა ჩვენ გაგვანდო და ჩვენი წინასწარმეტყველნი, მოციქულნი და მამები დარჩებიან თავისუფალნი და ტაძრები – ხალხის ხელში, რათა გარდაცვლილნი გამოსყიდულ იქნენ. მრავალნი უკვე გამოხსნილ იქნენ სულთა საპყრობილიდან სულთა სამყაროში ამ ხალხის მეშვეობით და ეს სამუშაო უნდა გაგრძელდეს თუ შეწყდეს? ეს არის კითხვა, რომელსაც ვუსვამ უკანასკნელ დღეთა წმინდანებს. თქვენთვის უნდა განსაჯოთ. მსურს, თავად უპასუხოთ ამას. მე არ გაგცემთ პასუხს ამაზე, მაგრამ გეუბნებით, რომ ჩვენ, როგორც ხალხი, ვიქნებოდით ზუსტად ამ ვითარებაში, რომ არ წავსულიყავით იმ გზით, რომლითაც მივდივართ.

… მე ზუსტად ვიხილე ის, რაც მოხდებოდა, რაიმე რომ არ გაკეთებულიყო. ეს სული ჩემზედ იყო დიდი ხნის განმავლობაში. მაგრამ მსურს, ვთქვა შემდეგი: მე დავუშვებდი ყველა ტაძრის დაკარგვას, ჩავჯდებოდი ციხეში და დავუშვებდი სხვა მამაკაცთა იქ მოხვედრას, რომ არ ებრძანა ჩემთვის ზეცის ღმერთს გამეკეთებინა ის, რაც გავაკეთე; და როდესაც დადგა საათი, რომელზეც მივიღე ამის გაკეთების ბრძანება, ყოველივე ეს ნათელი იყო ჩემთვის. წარვსდექი უფლის წინაშე და დავწერე ის, რაც უფალმა მითხრა, დამეწერა. …

ამას გიტოვებთ, რათა იმსჯელოთ და იფიქროთ. უფალი შრომობს ჩვენთან. (კაშის პალოს კონფერენცია, ლოგანი, იუტა, 1891 წ. 1 ნოემბერი, კვირა. გამოქვეყნებულია ჟურნალ Deseret Weekly 1891 წ. 14 ნოემბერს)

ახლა გეტყვით, რა იქნა ჩემთვის განდობილი და რა აღასრულა ყოველივე ამაში ღვთის ძემ. … ყოველივე ეს ჭეშმარიტად მოხდებოდა ისე, როგორც ცოცხლობს ღმერთი ყოვლადძლიერი, რომ არ ყოფილიყო ნაბოძები ეს მანიფესტი. ამიტომ, ღვთის ძემ საჭიროდ ჩათვალა, ეს მანიფესტი გამოქვეყნებულიყო ეკლესიისა და ამაქვეყნის წინაშე, თავისი პირადი ჩანაფიქრისთვის. უფალმა ბრძანა სიონის დაარსება. მან ბრძანა ამ ტაძრის დასრულება. მან ბრძანა, რომ ცოცხალთა და გარდაცვლილთა გამოხსნა ხდებოდეს ამ მთების ველებზე. და ყოვლადძლიერმა ღმერთმა ბრძანა, რომ ეშმაკი ვერ შეეწინაღმდეგება ამას. თუ შეგიძლიათ ამას ჩასწვდეთ, ეს არის გასაღები. (სოლთ-ლეიქის ტაძრის მიძღვნის მეექვსე ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლიდან, აპრილი, 1893 წ. მიძღვნის ხელნაწერთა სამსახური, არქივები, ეკლესიის ისტორიის განყოფილება, სოლთ-ლეიქ სითი, იუტა.)