წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 96


ნაწილი 96

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მიერ მიღებული გამოცხადება, როგორც ნიმუში კირტლანდის წმინდანებისთვის, რომელშიც ნაჩვენებია სიონის ქალაქის ან პალოს მოწყობის წესი კირტლანდში, ოჰაიო, 4 ივნისი, 1833 წ. ეს მოხდა მღვდელმთავართა კონფერენციის მსვლელობისას და მთავარი განხილვის საგანი იყო, თუ რა უნდა ექნათ ზოგიერთი მიწის ნაკვეთისთვის, რომლებიც ცნობილი იყო როგორც ფერმა ფრენჩი, რომელსაც ეკლესია ფლობდა კირტლანდის შორიახლოს. ვინაიდან კონფერენციაზე ვერ შეთანხმდნენ ვინ უხელმძღვანელებდა ფერმას, ყველა შეთანხმდა, ამ საკითზე უფლისთვის მიემართათ.

1, კირტლანდის პალო სიონისა უნდა გაძლიერდეს; 2–5, ეპისკოპოსმა უნდა გაანაწილოს წმინდანებისთვის მემკვიდრეობა; 6–9, ჯონ ჯონსონი უნდა გახდეს გაერთიანებული ორდენის წევრი.

1 აჰა, გეუბნებით: აი სიბრძნე, რომლითაც გაიგებთ, როგორ უნდა იმოქმედოთ ამ საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან საჭიროდ მიმაჩნია, რომ ეს პალო, რომელიც სიონის გასამყარებლად დავაარსე, ძლიერი უნდა გახდეს.

2 ამიტომ დაე, ჩემმა მსახურმა, ნეუელ კ. უიტნიმ, უხელმძღვანელოს ადგილს, რომელიც თქვენ შორის დასახელდა, რომელზეც ვაპირებ ჩემი წმინდა სახლის აშენებას.

3 და კიდევ: დაე, ფერმა გაიყოს მიწის ნაკვეთებად, სიბრძნისამებრ, მათ სასარგებლოდ, რომლებიც ეძებენ მემკვიდრეობას, შესაბამისად იმისა, როგორც ეს გადაწყდება თქვენ შორის საბჭოზე.

4 ამიტომ, ყურადღება მიაქციეთ ამ საკითხს და იმ ნაწილს, რომელიც აუცილებელია ჩემი ორდენის სასარგებლოდ, ადამიანთა შვილებთან ჩემი სიტყვების მიტანის მიზნით.

5 ვინაიდან, აჰა, ჭეშმარიტად გეუბნებით: საჭიროდ მიმაჩნია, ჩემი სიტყვა მივიდეს ადამიანთა შვილებთან, რათა მოულბოს ადამიანთა შვილებს გული თქვენს სასიკეთოდ. სწორედ ასე. ამინ.

6 და კვლავ, ჭეშმარიტად გეუბნებით: ეს არის სიბრძნე და საჭიროდ მიმაჩნია, რომ ჩემი მსახური, ჯონ ჯონსონი, რომლის შესაწირი მე მივიღე და რომლის ლოცვები შევისმინე, რომელსაც ვაძლევ მარადიული სიცოცხლის დაპირებას, რამდენადაც დაიცავს ამიერიდან ჩემს მცნებებს –

7 ვინაიდან, იგი არის შთამომავალი იოსებისა და მისი მამებისთვის დაპირებული კურთხევების მოზიარე.

8 ჭეშმარიტად გეუბნებით: საჭიროდ მიმაჩნია, რომ იგი გახდეს ორდენის წევრი, რათა დაეხმაროს ჩემი სიტყვის მიტანაში ადამიანთა შვილებთან.

9 ამიტომ, ამ კურთხევისთვის უნდა აკურთხოთ იგი და ის ბეჯითად შეეცდება, ჩამოაცილოს ყადაღა, რომელიც ადევს სახლს, თქვენთვის ცნობილს, რათა მან შეძლოს იქ ცხოვრება. სწორედ ასე. ამინ.