წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 104


ნაწილი 104

წინაწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მიერ მიღებული გამოცხადება კირტლანდთან ახლოს, ოჰაიო, 23 აპრილი, 1834 წ. გაერთიანებული ფირმის შესახებ (იხ. 78-ე და 82-ე თავების წინასიტყვაობა). ამ მოვლენის საბაბი შესაძლებელია, ყოფილიყო გაერთიანებული ფირმის საბჭოს კრება, რომელზეც განიხილებოდა ეკლესიის ამა ქვეყნიური გადაუდებელი საკითხები. ფირმის ადრინდელ შეხვედრაზე 10 აპრილს გადაწყდა ორგანიზაციის გაუქმება. ეს გამოცხადება ბრძანებს, მოხდეს ფირმის რეორგანიზაცია და ფირმის ქონება გაიყოს მის წევრებს შორის და გადავიდეს მათ მმართველობაში. ჯოზეფ სმითის ხელმძღვანელობით სახელწოდება „გაერთიანებული ფირმა“ გამოცხადებაში მოგვიანებით შეიცვალა „გაერთიანებული ორდენით“.

1–10, დაწყევლილ იქნებიან ის წმინდანები, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს გაერთიანებული ორდენის წინააღმდეგ; 11–16, უფალი თავის წმინდანებს თავისი საშუალებებით უზრუნველყოფს; 17–18, სახარების კანონი უზრუნველყოფს ღარიბებზე ზრუნვას; 19–46, ზოგიერთ ძმას გადაეცა მმართველობა და კურთხევები; 47–53, კირტლანდის გაერთიანებული ორდენი და სიონის ორდენი მოქმედებენ ცალ-ცალკე; 54–66, უფლის წმინდა ხაზინა დაფუძნებულია წმინდა წერილის დასაბეჭდად; 67–77, გაერთიანებული ორდენის საერთო ხაზინა უნდა მოქმედებდეს საერთო თანხმობის პრინციპებზე; 78–86, მათ, რომლებიც არიან გაერთიანებულ ორდენში, უნდა დაფარონ ვალები და უფალი გამოიხსნის მათ ფინანსური მონობიდან.

1 ჭეშმარიტად გეუბნებით, ჩემო მეგობრებო, გაძლევთ რჩევას და ბრძანებას, რაც ეხება მთელ ქონებას, რომელიც ეკუთვნის ორდენს, რომლის დაარსება და დაფუძნება ვბრძანე, რათა ყოფილიყო გაერთიანებული ორდენი – მარადიული ორდენი ჩემი ეკლესიის სასარგებლოდ და ჩემ მოსვლამდე ადამიანის ხსნისთვის –

2 მუდმივი და უცვლელი დაპირებით, რომ იმისდა მიხედვით, რამდენადაც ერთგულნი იქნებიან ისინი, რომლებსაც ვუბრძანე, ისინი კურთხეულნი იქნებიან კურთხევების სიმრავლით;

3 მაგრამ, რამდენადაც არ იქნებიან ერთგულნი, აღმოჩნდებიან დაწყევლის პირას.

4 ამიტომ, რამდენადაც ზოგიერთი ჩემი მსახური არ იცავდა მცნებას, არღვევდა რა აღთქმას სიხარბითა და თაღლითური სიტყვებით, დავწყევლე ისინი მწვავე და მძიმე წყევლით.

5 ვინაიდან მე, უფალმა, გულში გადავწყვიტე, რომ რამდენადაც ორდენის რომელიმე ადამიანი მხილებული იქნება დამნაშავედ ანუ სხვა სიტყვებით, თუ დაარღვევს აღთქმას, რომლითაც ხართ შეკრულნი, იგი დაიწყევლება თავის ცხოვრებაში და ვისაც ვისურვებ, იმის ფეხქვეშ იქნება გათელილი;

6 ვინაიდან მე, უფალი, ყოველივე ამაში არ ვიქნები დასაცინი –

7 და ყოველივე ეს, რათა თქვენ შორის უდანაშაულო არ განისაჯოს უსამართლოსთან ერთად და თქვენ შორის დამნაშავემ თავი ვერ დააღწიოს; ვინაიდან მე, უფალი, დაგპირდით ბრწყივალების გვირგვინს ჩემი მარჯვენა ხელისკენ.

8 ამიტომ, თუ მხილებულნი იქნებით დანაშაულში, ვერ დააღწევთ თავს ცხოვრებაში ჩემს რისხვას.

9 რამდენადაც დანაშაულის გამო ხართ მოკვეთილნი, ვერ დააღწევთ თავს ეშმაკის წამებას გამოსყიდვის დღემდე.

10 და ახლა, ამ საათიდან, გაძლევთ ძალაუფლებას, თუ რომელიმე თქვენგანი ორდენიდან მხილებულ იქნება დანაშაულში და არ მოინანიებს ბოროტებას, იგი უნდა გადასცეთ სატანას საწამებლად; და მას აღარ ექნება ძალაუფლება, მოგაყენოთ ბოროტება.

11 ამაშია ჩემი სიბრძნე; ამიტომ, გაძლევთ ბრძანებას, ჩამოყალიბდეთ და დაუნიშნოთ ყოველ ადამიანს თავისი მმართველობა;

12 რათა ყოველმა ადამიანმა ჩამაბაროს ანგარიში თავისი მმართველობის შესახებ, რომელზეც არის დანიშნული.

13 ვინაიდან საჭიროა, რომ მე, უფალმა, ყოველ ადამიანს დავაკისრო მმართველობის პასუხისმგებელობა ამაქვეყნიურ კურთხევებზე, რომლებიც შევქმენი და მოვამზადე ჩემი ქმნილებებისთვის.

14 მე, უფალმა, გადავშალე ზეცა და შევქმენი დედამიწა, ჩემი ხელნაკეთი; და ყოველივე მათში არის ჩემი.

15 და ჩემი მიზანია, ჩემი წმინდანები ვუზრუნველყო, ვინაიდან ყოველივე არის ჩემი.

16 მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს ჩემი გზით; და აჰა, ეს არის გზა, რომელიც მე, უფალმა, ვბრძანე, რათა ვუზრუნველყო ჩემი წმინდანები, რათა ღარიბი ამაღლდეს, რითაც მდიდარი იქნება დამდაბლებული.

17 ვინაიდან, დედამიწა სავსეა და არის მასზე საკმარისზე მეტიც; დიახ, მოვამზადე ყოველივე და ვუბოძე ადამიანთა შვილებს ძალა, იმოქმედონ საკუთარი ნებისამებრ.

18 ამიტომ, თუ რომელიმე ადამიანი აიღებს სიუხვიდან, რომელიც შევქმენი და არ გაუზიარებს ნაწილს, სახარების კანონის შესაბამისად, ღარიბსა და ღატაკს, იგი ბოროტთან ერთად აღავლენს თვალებს ჯოჯოხეთში წამებისას.

19 და ახლა, ჭეშმარიტად გეუბნებით ორდენის ქონების შესახებ –

20 დაე, ჩემს მსახურს, სიდნეი რიგდონს, გადაეცეს ადგილი, სადაც ამჟამად ცხოვრობს და ტყავის ქარხნის წილი მის მმართველობაში, მის საკუთარ საარსებო წყაროდ, სანამ შრომობს ჩემს ვენახში, ჩემი ნებისამებრ, როდესაც ვუბრძანებ.

21 დაე, ყოველივე გაკეთდეს ორდენის რჩევის შესაბამისად და ერთიანი თანხმობით ან ორდენის ხმით, რომელიც იმყოფება კირტლანდის მიწაზე.

22 და ამ მმართველობასა და კურთხევას მე, უფალი, ვამტკიცებ ჩემს მსახურზე, სიდნეი რიგდონზე, კურთხევად მასზე და შემდეგ მის შთამომავლებზე;

23 და გავამრავლებ კურთხევებს მასზე იმისდა მიხედვით, რამდენად მორჩილი იქნება ჩემ წინაშე.

24 და კვლავ, დაე, ჩემს მსახურს, მარტინ ჰარისს, გადაეცეს მმართველობაში მიწის ნაკვეთი, რომელიც ჩემმა მსახურმა, ჯონ ჯონსონმა, მიიღო თავისი ყოფილი მემკვიდრეობის სანაცვლოდ, თავისთვის და შემდეგ თავისი შთამომავლებისთვის;

25 და იმისდა მიხედვით, რამდენად ერთგული იქნება, კურთხევებს გავამრავლებ მასზე და შემდეგ მის შთამომავლებზე.

26 დაე, ჩემმა მსახურმა, მარტინ ჰარისმა, მიუძღვნას თავისი ფული ჩემი სიტყვების გავრცელებას, იმისდა შესაბამისად, თუ როგორ მიუთითებს ამას ჩემი მსახური, ჯოზეფ სმით უმცროსი.

27 და კიდევ, დაე, ჩემს მსახურს, ფრედერიკ გ. უილიამსს ჰქონდეს ის ადგილი, სადაც ამჟამად ცხოვრობს.

28 დაე, ჩემს მსახურს, ოლივერ ქაუდერის, ჰქონდეს ის ნაკვეთი, რომელიც არის სახლთან ახლოს, რომელიც სტამბისთვის არის განკუთვნილი, რომელიც არის ნაკვეთი ნომერ პირველი და ასევე ნაკვეთი, რომელზეც მამამისი ცხოვრობს.

29 დაე, ჩემს მსახურებს, ფრედერიკ გ. უილიამსს და ოლივერ ქაუდერის, ჰქონდეთ სტამბა და ყველაფერი, რაც მასთან დაკავშირებულია.

30 და ეს იქნება მათი მმართველობა, რომელიც მათ დაეკისრებათ.

31 და იმისდა მიხედვით, რამდენად ერთგულნი არიან, აჰა, ვაკურთხებ და გავამრავლებ კურთხევებს მათზე.

32 და ეს არის მმართველობის დასაწყისი, რომელიც მათ დავაკისრე, მათ და შემდეგ მათ შთამომავლებს.

33 და იმისდა მიხედვით, როგორი ერთგულნი არიან, გავამრავლებ კურთხევებს მათზე და შემდეგ მათ შთამომავლებზე, კურთხევათა სიმრავლით.

34 და კვლავ, დაე, ჩემს მსახურს, ჯონ ჯონსონს, ჰქონდეს სახლი, რომელშიც ცხოვრობს და მთელი მემკვიდრეობა, გარდა მიწისა, რომელიც გადადებული იყო ჩემი სახლების ასაშენებლად, რომლებიც მიეკუთვნება იმ მემკვიდრეობასა და ნაკვეთებს, რომლებიც განკუთვნილია ჩემი მსახურისთვის, ოლივერ ქაუდერისთვის.

35 და იმისდა მიხედვით, რამდენად ერთგულია, გავამრავლებ კურთხევებს მასზე.

36 და ეს არის ჩემი ნება, რომ მან გაყიდოს მიწის ნაკვეთები, რომლებიც გადადებულია ჩემი წმინდანების ქალაქის ასაშენებლად, იმისდა მიხედვით, თუ როგორ ეცნობება მას ეს სულის ხმით და ორდენის რჩევის შესაბამისად და ორდენის ხმით.

37 და ეს არის მმართველობის დასაწყისი, რომელიც მას დავაკისრე, როგორც მისთვის კურთხევა და შემდეგ, თავისი შთამომავლებისთვის.

38 და იმისდა მიხედვით, თუ რამდენად ერთგულია, გავამრავლებ მრავალ კურთხევას მასზე.

39 და კვლავ, დაე, ჩემს მსახურს, ნიეუელ კ. უიტნის გადაეცეს სახლები და ნაკვეთი, სადაც ამჟამად ცხოვრობს და ასევე მიწის ნაკვეთი და შენობა, სადაც მდებარეობს სავაჭრო დაწესებულება, ასევე მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობს სამხრეთ კუთხეში სავაჭრო დაწესებულებიდან და ასევე ნაკვეთი, რომელზეც კალქვის საწარმო მდებარეობს.

40 და ყოველივე ეს დავაკისრე სამართავად ნიუელ კ. უიტნის, კურთხევად მასზე და შემდეგ მის შთამომავლებზე, ჩემი ორდენის სავაჭრო დაწესებულების სასარგებლოდ, რომელიც დავაფუძნე კირტლანდის მიწაზე ჩემი პალოსთვის.

41 დიახ, ჭეშმარიტად, ეს არის მმართველობა, რომელიც დავაკისრე ჩემს მსახურს ნ. კ. უიტნის, დიახ, მთლიანად ეს სავაჭრო დაწესებულება მას, მის მოხელეს და შემდეგ მის შთამომამვლებს.

42 და იმისდა მიხედვით, რამდენადაც ერთგული იქნება ჩემი ბრძანებების შესრულებაში, რომლებიც მას მივეცი, გავამრავლებ კურთხევებს მასზე და შემდეგ მის შთამომავლებზე, კურთხევათა სიმრავლითაც კი.

43 და კვლავ, დაე, ჩემს მსახურს, ჯოზეფ სმით უმცროსს, დაენიშნოს მიწის ნაკვეთი, რომელიც გადადებულია ჩემი სახლის ასაშენებლად, რომელიც არის ორასი მეტრი სიგრძის და სამოცი მეტრი სიგანის და ასევე მემკვიდრეობა, რომელზეც ამჟამად მამამისი ცხოვრობს;

44 და ეს არის მმართველობის დასაწყისი, რომელიც მას დავაკისრე, როგორც კურთხევა მასზე და მამამისზე.

45 ვინაიდან, აჰა, შევინახე მემკვიდრეობა მამამისისთვის, მის დასახმარებლად; ამიტომ, იგი ჩაითვლება ჩემი მსახურის, ჯოზეფ სმით უმცროსის, სახლში.

46 და გავამრავლებ კურთხევებს ჩემი მსახურის, ჯოზეფ სმით უმცროსის, სახლზე, იმისდა მიხედვიდ, რამდენად ერთგულია იგი, მრავალი კურთხევებითაც კი.

47 და ახლა, გაძლევთ ბრძანებას სიონთან მიმართებაში, რათა აღარ იყოთ დაკავშირებულნი თქვენს ძმებთან სიონში როგორც გაერთიანებული ორდენი, არამედ ამ წესით –

48 მას შემდეგ, რაც ჩამოყალიბდებით, გეწოდებათ ქალაქ კირტლანდის, სიონის პალოს გაერთიანებული ორდენი. და თქვენს ძმებს, მას შემდეგ, რაც ჩამოყალიბდებიან, ეწოდებათ ქალაქ სიონის გაერთიანებული ორდენი.

49 და ისინი ჩამოყალიბდებიან საკუთარი სახელებითა და თავიანთი სახელწოდებით; და მათ უნდა აკეთონ თავიანთი საქმე, თავიანთი სახელწოდებითა და საკუთარი სახელებით;

50 და თქვენ უნდა გააკეთოთ თქვენი საქმე თქვენი სახელწოდებითა და საკუთარი სახელებით.

51 და ეს ვბრძანე თქვენს გადასარჩენად, ასევე მათი გაძევების შედეგად მათ გადასარჩენად და იმისა, რაც უნდა მოხდეს.

52 დანაშაულით დარღვეული აღთქმები, სიხარბითა და თვალთმაქცური სიტყვებით –

53 ამიტომაც დაიშალეთ, როგორც გაერთიანებული ორდენი თქვენს ძმებთან და ამიერიდან მათთან აღარ ხართ დაკავშირებულნი, მხოლოდ ამ წესით, როგორც მე ვთქვი, მხოლოდ სესხით, როგორც ამაზე შეთანხმდება ეს ორდენი საბჭოზე, თქვენი ვითარებისა და საბჭოს ხმის მითითების შესაბამისად.

54 და კვლავ, გაძლევთ ბრძანებას მმართველობასთან დაკავშირებით, რომელიც დაგაკისრეთ.

55 აჰა, მთელი ეს ქონება ჩემია, სხვაგვარად, ამაოა თქვენი რწმენა და ჩაითვლებით ფარისევლებად და დარღვეულია აღთქმები, რომლებიც ჩემთან დადეთ;

56 და ეს თუ არის ჩემი ქონება, მაშინ თქვენ ხართ მმართველები; სხვაგვარად, მმართველები არ ხართ.

57 მაგრამ, ჭეშმარიტად გეუბნებით: მე დაგნიშნეთ ჩემი სახლის მმართველებად, დიახ, მმართველებად.

58 და ამ მიზნით გიბრძანეთ, ჩამოყალიბებულიყავით, რათა დაგებეჭდათ ჩემი სიტყვები, ჩემი წმინდა წერილის სისავსე, გამოცხადებები, რომლებიც მოგეცით და რომლებსაც ამის შემდეგ ხანდახან მოგცემთ.

59 დედამიწაზე ჩემი ეკლესიისა და სასუფევლის ასაშენებლად და ჩემი ხალხის მოსამზადებლად იმ ჟამისთვის, როდესაც მათთან ერთად ვიცხოვრებ, რომელიც უკვე ახლოა.

60 და უნდა მოამზადოთ თქვენთვის ხაზინის ადგილი და მიუძღვნათ ჩემს სახელს.

61 და დანიშნავთ ერთ-ერთ თქვენგანს, რათა დაიცვას საგანძური და იგი იქნება ამ კურთხევისთვის დანიშნული.

62 და ხაზინაზე იქნება ბეჭედი და ყოველივე წმინდა უნდა მოთავსდეს ხაზინაში და თქვენგან არცერთს უფლება არ აქვს, უწოდოს მას თავისი საკუთარი ან რომელიმე მის ნაწილს, ვინაიდან ის თქვენ ყველას ერთად გეკუთვნით.

63 და მას გიბოძებთ ამ საათიდანვე; და ახლა მიხედეთ, წადით და გამოიყენეთ მმართველობა, რომელიც დაგაკისრეთ, ყოველივე წმინდა გამონათქვამის გარდა, როგორც ვთქვი, ყოველივე ამ წმინდა გამონათქვამის დაბეჭდვისთვის მოსამზადებლად.

64 და შემოსავალი ყოველივე წმინდისგან უნდა შენახულ იქნეს ხაზინაში და ზედ უნდა დაედოს ბეჭედი; და ის არავინ არ უნდა გამოიყენოს ან მიითვისოს, არც ბეჭედი არ უნდა მოიხსნას, რომელიც მასზე იქნება დადებული – მხოლოდ ორდენის ხმით ან ბრძანებით.

65 და ამგვარად უნდა შეინახოთ ყოველი წმინდის შემოსავალი ხაზინაში, საღვთო და წმიდა მიზნებისთვის.

66 და მას უნდა ეწოდოს უფლის წმინდა ხაზინა და ზედ უნდა დაედოს ბეჭედი, რათა იყოს წმინდა და უფლისთვის მიძღვნილი.

67 და კვლავ, უნდა მომზადდეს კიდევ ერთი ხაზინა და დაინიშნოს ხაზინადარი, რათა დაიცვას ხაზინა და მასზე ბეჭედი უნდა დაიდოს;

68 და მთელ ფულს, რომელსაც მიიღებთ მმართველობაში, იმ ქონების მატებით, რომელიც დაგინიშნეთ – სახლებზე, მიწებზე, საქონელზე ან ყოველივეზე, გარდა წმინდა და საღვთო წერილებისა, რომლებიც ჩემთვის შევინახე წმინდა და საღვთო მიზნებისთვის, უნდა ჩაიდოს ხაზინაში, დაუყოვნებლივ, ფულის მიღებიდან, ასიანებით ან ორმოცდაათიანებით, ოციანებით, ათიანებით ან ხუთიანებით.

69 ანუ სხვა სიტყვებით, თუ რომელიმე თქვენგანი მიიღებს ხუთ დოლარს, დაე, მან ეს ჩადოს ხაზინაში, ან თუ მიიღებს ათს, ოცს ან ორმოცდაათს ან ასს, დაე, მოიქცეს იგივენაირად.

70 დაე, ნუ იტყვის თქვენ შორის ვინმე, რომ ეს არის მისი საკუთრება, ვინაიდან არ იქნება ეს მის საკუთრებად წოდებული, არც რომელიმე ამის ნაწილი.

71 ხაზინიდან არც რაიმე ნაწილი იქნება გამოყენებული ან აღებული, მხოლოდ ორდენის ხმით და ორდენის საერთო თანხმობით.

72 და ეს იქნება ორდენის ხმა და საერთო თანხმობა – თუ რომელიმე ადამიანი თქვენ შორის ეტყვის ხაზინადარს: მჭირდება ამდენი დახმარება ჩემს მმართველობაში –

73 თუ ეს იქნება ხუთი დოლარი ან იქნება ათი დოლარი ან ოცი ან ორმოცდაათი ან ასი, ხაზინადარმა უნდა მისცეს მას თანხა, რომელსაც იგი მოითხოვს, თავისი მმართველობის დასახმარებლად –

74 სანამ არ იქნება დამნაშავედ მხილებული და ორდენის საბჭოს წინაშე ნათლად წარმოჩენილი, რომ იგი არის ურწმუნო და უგუნური მმართველი.

75 მაგრამ სანამ იგი სრულუფლებიანი წევრია და არის თავის მმართველობაში ერთგული და ბრძენი, ეს იქნება ნიშანი ხაზინადარისთვის, რომ ხაზინადარმა არ უნდა უთხრას უარი.

76 მაგრამ დანაშაულის შემთხვევაში, ხაზინადარი ემორჩილება საბჭოს და ორდენის ხმას.

77 და იმ შემთხვევაში, თუ ხაზინადარი აღმოჩნდა ურწმუნო და უგუნური მმართველი, იგი ემორჩილება საბჭოს და ორდენის ხმას და გადაყენებული იქნება თავისი ადგილიდან და მის ადგილზე სხვა დაინიშნება.

78 და კვლავ, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენს ვალებთან დაკავშირებით – აჰა, ეს არის ჩემი ნება, რომ გადაიხადოთ თქვენი ყველა ვალი.

79 და ეს არის ჩემი ნება, რომ თავი დაიმდაბლოთ ჩემ წინაშე და მიიღოთ ეს კურთხევა თქვენი სიბეჯითით, თავმდაბლობითა და რწმენის ლოცვით.

80 და იმისდა მიხედვით, რაოდენ ბეჯითად და თავმდაბლად გამოავლენთ რწმენის ლოცვას, აჰა, მე გულს მოვულბობ მათ, რომლების ვალიც გაქვთ, სანამ არ გამოგიგზავნით სახსრებს თქვენს გამოსახსნელად.

81 ამიტომ, დაუყოვნებლივ მისწერეთ ნიუ-იორკს და მისწერეთ შესაბამისად იმისა, რასაც გიკარნახებთ ჩემი სული; და მე მოვულბობ გულს მათ, ვის ვალშიც ხართ, რათა მათ აზრადაც არ მოუვიდეთ თქვენთვის ზიანის მიყენება.

82 და იმისდა მიხედვით, როგორი მორჩილი და ერთგული ხართ და მოუხმობთ ჩემს სახელს, აჰა, მე თქვენ გამარჯვებას გიბოძებთ.

83 მე გაძლევთ დაპირებას, რომ ამჯერად გამოხსნილნი იქნებით მონობიდან.

84 შესაბამისად, თუ გექნებათ შესაძლებლობა, ისესხოთ ფული ასობით ან ათასობით, სანამ არ ისესხებთ საკმარისს, რათა მონობიდან თავი გამოიხსნათ, ეს თქვენი პრივილეგიაა.

85 და ამჯერად, დააგირავეთ ქონება, რომელიც მე ხელში გადმოგეცით, თქვენს სახელზე საერთო თანხმობით ან სხვაგვარად, როგორც თქვენთვის შესაფერისი იქნება.

86 ამჯერად, გაძლევთ ამ უპირატესობას; და აჰა, თუ გააგრძელებთ იმის კეთებას, რაც წინ გადაგიშალეთ, ჩემი მცნებების შესაბამისად, ყოველივე ეს არის ჩემი და თქვენ ხართ ჩემი მმართველები და პატრონი არ დაუშვებს, რომ მისი სახლი დანგრეულ იქნეს. სწორედ ასე. ამინ.