წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 127


ნაწილი 127

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის წერილი უკანასკნელ დღეთა წმინდანებს, ნავუ, ილინოისი, რომელიც მოიცავს მითითებებს გარდაცვლილთა ნათლობის შესახებ, დათარიღებულია ნავუში, 1 სექტემბერი, 1842 წ.

1–4, ჯოზეფ სმითი ხარობს დევნასა და გაჭირვებაში; 5–12, შენახულ უნდა იქნეს გარდაცვლილთა ნათლობასთან დაკავშირებული ჩანაწერები.

1 ვინაიდან, უფალმა მაუწყა, რომ ჩემი მტრები კვლავ ჩემ დევნაში არიან მისურიშიც და ამ შტატშიც და ვინაიდან ისინი მდევნიან მიზეზის გარეშე და ბრალდებებს მიყენებენ თავიანთი მხრიდან ყოველგვარი სამართალის ნატამალისა ან უფლების გარეშე და ვინაიდან მათი პრეტენზიები დაყრდნობილია ბინძურ ტყუილზე ჩავთვალე, ჩემთვის შესაფერი და ბრძნული იქნებოდა, ცოტა ხნით დამეტოვებინა ეს ადგილი, ჩემი პირადი და ამ ხალხის უსაფრთხოებისთვის. და მსურს, ვუთხრა ყველას, ვისთანაც მაქვს საქმე, რომ დავუტოვე ჩემი საქმეები ნდობით აღჭურვილ პირებს და მოხელეებს, რომლებიც შესაფერისად იზრუნებენ კომერციული საქმიანობის გაგრძელებაზე დაუყოვნებლივი და შესაფერისი წესით და იზრუნებენ იმაზე, რომ ყოველი ჩემი ვალი თავის დროზე დაიფაროს, ქონების გაცემით ან სხვაგვარად, როგორც საკითხმა ან გარემოებამ შეიძლება მოითხოვოს. როდესაც გავიგებ, რომ ქარიშხალი მთლიანად ჩაცხრა, კვლავ დავბრუნდები თქვენთან.

2 და საფრთხეები, რომლებიც მოწოდებული ვარ, გავიარო, ჩემთვის მცირე რამეს წარმოადგენს, ვინაიდან, ადამიანის შური და მრისხანება ჩემ მიმართ ჩვეული რამ იყო მთელი ჩემი ცხოვრების დღეებში; ამის მიზეზი იქნებოდა უცნობი, რომ არ ვყოფილიყავი ხელდასხმული ამაქვეყნის დასაბამამდე რაიმე კეთილი ან ბოროტი მიზნისთვის – უწოდეთ, როგორც გენებოთ, თავად განსაჯეთ. ეს ყველაფერი ღმერთმა იცის, კარგია თუ ცუდი. მაგრამ ამისდა მიუხედავად, ღრმა წყლებში მჩვევია ცურვა. ყოველივე ეს გახდა ჩემი მეორე ბუნება და თავს ვგრძნობ პავლეს მსგავსად, ვხარობ რა გაჭირვებაში; ვინაიდან, ამ დღემდე ჩემი მამების ღმერთმა გამომიხსნა ყოველი მათგანიდან და ამიერიდანაც გამომიხსნის, ვინაიდან აჰა, ჭეშმარიტად, გავიმარჯვებ ჩემს ყველა მტერზე, ვინაიდან უფალმა ღმერთმა თქვა ეს.

3 დაე, იხაროს ყველა წმინდანმა და ძალზედ გახარებული იყოს; ვინაიდან, ისრაელის ღმერთი არის მათი ღმერთი და იგი მათ ყველა მჩაგვრელთა თავზე სამართლიანი საზღაურით მოავლენს სამაგიეროს.

4 და კვლავ, ჭეშმარიტად, ასე ამბობს უფალი: დაე, ჩემს ტაძარზე მუშაობა და ყოველი სამუშაო, რომელიც დაგინიშნეთ, გაგრძელდეს და არ შეწყდეს; დაე, თქვენი სიბეჯითე, შეუპოვრობა, მოთმინება და შრომა გაორმაგდეს და თქვენს ჯილდოს არავითარ შემთხვევაში არ დაკარგავთ, – ამბობს ცაბაოთ უფალი. და თუ ისინი გდევნიან, ისინი ასევე დევნიდნენ წინასწარმეტყველებსა და სამართლიან ადამიანებსაც, რომლებიც თქვენამდე იყვნენ. და ყოველივე ამისთვის არის საზღაური ზეცაში.

5 და კვლავ, გიბოძებთ სიტყვას თქვენს გარდაცვლილთა ნათლობასთან დაკავშირებით.

6 ჭეშმარიტად, ასე ამბობს უფალი თქვენს გარდაცვლილთა დაკავშირებით: როდესაც რომელიმე თქვენგანი ინათლება გარდაცვლილთა ნაცვლად, დაე, იქვე იყოს მეოქმე და იგი იყოს თქვენი ნათლობების თვითმხილველი მოწმე; დაე, საკუთარი ყურით მოისმინოს, რათა დაამოწმოს ჭეშმარიტება, – ამბობს უფალი.

7 რათა ყოველი თქვენი ჩანაწერი ზეცაში იყოს ჩაწერილი; რასაც შეკრავთ დედამიწაზე, შეკრული იქნება ზეცაშიც; რასაც გახსნით დედამიწაზე, ზეცაშიც გახსნილი იქნება;

8 ვინაიდან, მალე აღვადგენ დედამიწაზე ბევრ რამეს მღვდლობასთან დაკავშირებით, – ამბობს ცაბაოთ უფალი.

9 და კვლავ, დაე, ყველა ჩანაწერი წესრიგში იყოს, რათა ჩაიდოს ჩემი წმინდა ტაძრის არქივში, რომ უკვდავყოფილ იქნეს ხსოვნა თაობიდან თაობამდე, – ამბობს ცაბაოთ უფალი.

10 ვეუბნები ყველა წმინდანს, რომ მსურს, ძალზედ დიდი სურვილით მივმართო მათ მქადაგებლის კათედრიდან გარდაცვლილთა ნათლობის თემის შესახებ მომდევნო შაბათს. მაგრამ, რამდენადაც არ მაქვს ამის საშუალება, მე უფლის სიტყვას ამ საკითხთან დაკავშირებით დავწერ და გამოგიგზავნით ფოსტით, ასევე მრავალ სხვა რამესაც.

11 ამჯერად, ვასრულებ ჩემს წერილს დროის უქონლობის გამო, ვინაიდან, მტერი ფხიზლობს და როგორც მხსნელმა თქვა, მოდის ამაქვეყნის მთავარი, მაგრამ მას ჩემში არაფერი ეკუთვნის.

12 აჰა, ვლოცულობ ღმერთისადმი, რათა თქვენ ყველა გადარჩენილ იქნეთ. ხელს ვაწერ, როგორც თქვენი მსახური უფალში, უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლეესიის წინასწარმეტყველი და წინასწარმჭვრეტი.

ჯოზეფ სმითი