წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 61


ნაწილი 61

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით მიღებული გამოცხადება მდინარე მისურის ნაპირზე, მაკ ლაუენს ბენდი, 12 აგვისტო, 1831 წ. კირტლანდში დაბრუნებისას, წინასწარმეტყველი და ათი უხუცესი მდინარე მისურის ნავებით დაუყვნენ. მოგზაურობის მესამე დღეს მათ თავს მრავალი განსაცდელი გადახდა. უხუცესმა უილიამ ვ. ფელფსმა დღის სინათლეზე იხილა ძალაუფლებით მოსილი დამანგრეველი, წყლის ზედაპირზე მომავალი.

1–12, უფალმა დაუშვა, რომ წყლებზე მომხდარიყო მრავალი ნგრევა; 13–22, წყლები დაწყევლილია იოანეს მიერ და დამანგრეველი დადის მათ ზედაპირზე; 23–29, ზოგიერთს აქვს წყლებზე მბრძანებლობის ძალაუფლება; 30–35, უხუცესებმა ორ-ორმა უნდა იმოგზაურონ და იქადაგონ სახარება; 36–39, ისინი უნდა მოემზადონ კაცის ძის მოსასვლელად.

1 აჰა, ყური დაუგდეთ მის ხმას, რომელიც ფლობს მთელ ძალაუფლებას, რომელიც მარადისობიდან მარადისობამდეა, არის ალფა და ომეგა, დასაწყისი და დასასრული.

2 აჰა, ჭეშმარიტად, ამას გეუბნებათ უფალი: თქვენ, ჩემი ეკლესიის უხუცესნო, რომლებიც ამ ადგილას ხართ შეკრებილნი, რომელთა ცოდვებიც მოგეტევათ, ვინაიდან მე, უფალი, ვპატიობ ცოდვებს და ვარ მოწყალე მათ მიმართ, რომლებიც მორჩილი გულით აღიარებენ ცოდვებს;

3 ხოლო ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ არ არის საჭირო ჩემი უხუცესების მთელი ამ ჯგუფისთვის, სწრაფად მიდიოდნენ ამ წყლებზე, როდესაც მდინარის ორივე ნაპირის მცხოვრებნი იღუპებიან ურწმუნოებაში.

4 ამისდა მიუხედავად, ეს მე დავუშვი, რათა დაამოწმოთ; აჰა, მრავალი საფრთხეა წყლებზე და მეტი იქნება, განსაკუთრებით ამის შემდეგ;

5 ვინაიდან მე, უფალმა, ვბრძანე ჩემი რისხვით წყლებზე მრავალი განადგურება; დიახ, განსაკუთრებით ამ წყლებზე.

6 ამისდა მიუხედავად, ყოველი ხორციელი ჩემს ხელშია და რომელიც ერთგულია თქვენ შორის, არ დაიღუპება წყალში.

7 ამიტომ საჭიროა, რომ ჩემმა მსახურმა, სიდნეი გილბერტმა და ჩემმა მსახურმა, უილიამ ვ. ფელფსმა, იჩქარონ თავიანთი ვალდებულებისა და მისიის შესრულება.

8 მიუხედავად ამისა, არ დავუშვებ თქვენს დაშლას, სანამ არ განგკიცხავთ ყოველი თქვენი ცოდვისთვის, ერთიანი რომ იყოთ, რათა არ დაიღუპოთ ბოროტებაში;

9 მაგრამ ახლა, ჭეშმარიტად ვამბობ, მსურს, რომ დაიშალოთ. ამიტომ, დაე, ჩემმა მსახურებმა, სიდნეი გილბერტმა და უილიამ ვ. ფელფსმა, აიყვანონ თავიანთი ყოფილი ჯგუფი და დაუყოვნებლივ გაემგზავრონ, რათა შეძლონ თავიანთი მისიის შესრულება და რწმენის მეშვეობით ისინი ყველაფერს დაძლევენ;

10 და რამდენადაც ერთგულნი არიან, იქნებიან დაცულნი და მე, უფალი, ვიქნები მათთან.

11 და დანარჩენებმა აიღონ, რაც მათ ჩასაცმელად ესაჭიროებათ.

12 დაე, ჩემმა მსახურმა, სიდნეი გილბერტმა, თან წაიღოს ის, რაც არ გჭირდებათ, შეთანხმებისამებრ.

13 და ახლა, აჰა, თქვენს სასიკეთოდ მოგეცით ბრძანება ამის შესახებ; და მე, უფალი, განგიმარტავთ ისე, როგორც ადამიანებს ძველ დროში.

14 აჰა, მე, უფალმა, დასაბამიდან ვაკურთხე წყლები; მაგრამ უკანასკნელ დღეებში ჩემი მსახურის, იოანეს პირით, დავწყევლე წყლები.

15 ამიტომ, დადგება დღეები, როდესაც არც-ერთი ხორციელი არ იქნება უსაფრთხოდ წყლებზე.

16 და მომავალ დღეებში იტყვიან, რომ ვერავინ შეძლებს სიონის მიწაზე მისვლას წყლებით, გარდა გულით მართლისა.

17 და როგორც მე, უფალმა, დავწყევლე დასაბამიდან მიწა, ისე ვაკურთხე ის უკანასკნელ დღეებში ჩემი წმინდანების სასარგებლოდ, რათა მათ იგემონ მისი სიმსუყე.

18 და ახლა გაძლევთ ბრძანებას, რომ რასაც ერთს ვეუბნები, ვეუბნები ყველას, რათა თქვენი ძმები გააფრთხილოთ ამ წყლების შესახებ, რათა არ მოვიდნენ მათზე სამოგზაუროდ, რათა არ შეუსუსტდეთ რწმენა და მახეში არ გაებან;

19 მე, უფალმა, ვბრძანე და მათ ზდაპირზე დადის დამანგრეველი და არ ვაუქმებ ჩემს ბრძანებას.

20 მე, უფალი, განრისხებული ვიყავი გუშინ თქვენზე, მაგრამ დღეს ჩემი რისხვა ჩაცხრა.

21 ამიტომ, დაე ისინი, რომლებზეც ვილაპარაკე, დაუყოვნებლივ გაემგზავრონ – კვლავ გეუბნებით – დაე, ისინი დაუყოვნებლივ გაემგზავრონ.

22 და თუ შეასრულებენ თავიანთ მისიას, ცოტა ხნის შემდეგ სულ ერთი იქნება ჩემთვის, წავლენ ისინი წყლით თუ ხმელეთით; დაე, იყოს ისე, როგორც ეს მათთვის ცნობილი იქნება ამის შემდგომ, მათი ნების შესაბამისად.

23 და ახლა, რაც ეხება ჩემს მსახურებს – სიდნეი რიგდონს, ჯოზეფ სმით უმცროსსა და ოლივერ ქაუდერის: დაე, აღარ იმოგზაურონ წყალზე, მხოლოდ არხს გაჰყვნენ სახლისკენ გასამგზავრებლად; ანუ სხვა სიტყვებით, არხის გარდა არ მოვიდნენ წყლებზე სამოგზაუროდ.

24 აჰა, მე, უფალმა, ჩემს წმინდანებს დავუნიშნე გზა სამოგზაუროდ; და აჰა, ასეთია გზა – არხიდან ამოსვლის შემდეგ ხმელეთზე გააგრძელონ მოგზაურობა, რადგან ნაბრძანები აქვთ, წავიდნენ სიონის მიწაზე;

25 დაე, მოიქცნენ, როგორც ისრაელის შვილები, გზადაგზა გაშალონ კარვები.

26 და, აჰა, ეს ბრძანება უნდა მისცეთ თქვენს ძმებს.

27 ამისდა მიუხედავად, ვისაც ებოძა წყლებზე ძალაუფლება, მას სულით ებოძა მისი ყოველი გზის ცოდნა;

28 ამიტომ, დაე, მოიქცეს ისე, როგორც უბრძანებს ცოცხალი ღმერთის სული, თუნდაც მიწაზე ან წყალზედ, რასაც ამის შემდგომ მოვიმოქმედებ.

29 და გებოძათ მიმართულება წმინდანებისთვის ანუ გზა, რომლითაც წმინდანები უფლის ბანაკიდან უნდა გაემგზავრონ.

30 და კვლავ, ჭეშმარიტად გეუბნებით: ჩემმა მსახურებმა, სიდნეი რიგდონმა, ჯოზეფ სმით უმცროსმა და ოლივერ ქაუდერიმ არ გახსნან ბაგე ბოროტთა შეკრებებზე, სანამ არ ჩავლენ ცინცინატში;

31 და იმ ადგილზე აიმაღლებენ ხმას ღმერთისადმი იმ ხალხის წინააღმდეგ, დიახ, მისადმი, რომლის რისხვა ანთებულია მათი სიბოროტის წინააღმდეგ, ხალხისადმი, რომელიც კარგად მომწიფებულია გასანადგურებლად.

32 და იქიდან გაემგზავრონ თავიანთი ძმების შეკრებებზე, ვინაიდან მათი შრომა უფრო მეტად მათ შორის არის საჭირო, ვიდრე ბოროტთა შეკრებათა შორის.

33 და ახლა, რაც ეხება დანარჩენებს: დაე, გაემგზავრონ და გამოაცხადონ სიტყვა ბოროტთა შეკრებებს შორის, ისე, როგორც ეს მათ ებოძათ;

34 და რამდენადაც მოიმოქმედებენ ამას, განწმენდენ თავიანთ სამოსს და იქნებიან უმწიკვლონი ჩემ წინაშე.

35 დაე, გაემგზავრონ ერთად ან წყვილ-წყვილად, როგორც ჩათვლიან საჭიროდ, ხოლო ჩემი მსახური, რეინოლდს კაჰუნი, და ჩემი მსახური, სამუელ ჰ. სმითი, რომელიც ძალზედ მოვიწონე, იყვნენ ერთად, სანამ არ დაბრუნდებიან საკუთარ სახლებში და ეს არის ჩემი ბრძნული მიზნისთვის.

36 და ახლა, ჭეშმარიტად გეუბნებით და რასაც ვეუბნები ერთს, ვეუბნები ყველას: გამხნევდით, პატარა ბავშვებო; ვინაიდან, თქვენ შორის ვარ და არ მიმიტოვებიხართ.

37 და რადგან დაიმდაბლეთ თავი ჩემ წინაშე, კურთხევები სასუფევლისა არის თქვენი.

38 თეძოები შემოისარტყლეთ და იყავით ყურადღებით და ფხიზლად კაცის ძის მოლოდინში, ვინაიდან იგი მოვა იმ საათს, რომელიც თქვენთვის ცნობილი არ არის.

39 ყოველთვის ილოცეთ, რომ ცდუნებაში არ ჩაცვივდეთ, რათა გადაიტანოთ მისი მოსვლის დღე, ცოცხლად თუ გარდაცვლილად. სწორედ ასე. ამინ.