ნაწილი 136
პრეზიდენტ ბრიგამ იანგის მეშვეობით მიღებული უფლის სიტყვა და ნება უინტერ ქუორტერში, ისრაელის ბანაკში, ომაჰას ტომის მიწაზე, მდინარე მისურის დასავლეთ სანაპიროზე, კაუნსილ ბლაფსთან ახლოს, აიოვას შტატში.
1–16, განმარტებულია, როგორ უნდა მოხდეს ისრაელის ბანაკის ორგანიზება დასავლეთისკენ მოგზაურობისას; 17–27, წმინდანებს ებრძანათ, იცხოვრონ სახარების აურაცხელი ღირებულებების შესაბამისად; 28–33, წმინდანებმა უნდა იმღერონ, იცეკვონ, ილოცონ და ისწავლონ სიბრძნე; 34–42, დაშვებულია წინასწარმეტყველთა ხოცვ, რათა მათ პატივი მიეგოთ და ბოროტნი განისაჯონ.
1 უფლის სიტყვა და ნება ისრაელის ბანაკთან დაკავშირებით, მათი დასავლეთისკენ მოგზაურობისას:
2 დაე, უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის ყოველი ადამიანი და ვინც მათთან ერთად მოგზაურობს, ჩამოყალიბდნენ ჯგუფებად, აღთქმებითა და დაპირებით, რომ დაიცავენ უფლის, ჩვენი ღმერთის, ყოველ მცნებასა და წესს.
3 დაე, ჯგუფები ჩამოყალიბდეს: ასეული – მეთაურით, ორმოცდაათი – მეთაურით და ათეული – მეთაურით, პრეზიდენტითა და მისი ორი მრჩევლით, თორმეტ მოციქულთა ხელმძღვანელობასთან დაქვემდებარებით.
4 და ეს იქნება ჩვენი აღთქმა – რომ ვივლით უფლის ყოველი წეს-ჩვეულების თანახმად.
5 დაე, ყოველმა ჯგუფმა უზრუნველყოს თავისთვის ყველანაირი საპალნე პირიტყვი, ურმები, სურსათ-სანოვაგე, ტანსაცმელი და მოგზაურობისთვის სხვა საჭირო ნივთები, შესაძლებლობების ფარგლებში.
6 როდესაც ჯგუფები ჩამოყალიბდება, დაე, მთელი ძალით ეცადონ, ყველაფერი მოამზადონ დამრჩენთათვის.
7 დაე, ყოველმა ჯგუფმა, თავიანთ მეთაურებთან და პრეზიდენტთან ერთად, გადაწყვიტოს, რამდენი შეძლებს მომავალ გაზაფხულზე გამგზავრებას; შემდეგ შეირჩეს საკმარისი რაოდენობით ფიზიკურად ძლიერი და გამოცდილი მამაკაცები, რათა მათ აიყვანონ საპალნე პირუტყვი, აიღონ თესლები და სასოფლო მეურნეობის აღჭურვილობა, რათა პიონერებად წავიდნენ საგაზაფხულო თესვისთვის მოსამზადებლად.
8 დაე, ყოველი ჯგუფი თანაბარი რაოდენობით, თავისი ქონების შესაბამისად, დაეხმაროს ღარიბებს, ქვრივებს, ობლებს და მათ ოჯახებს, რომლებიც ჯარში მსახურობენ, რათა ქვრივთა და ობოლთა ტირილმა არ მიაღწიოს უფლის ყურამდე, როგორც დამოწმებამ ამ ხალხის წინააღმდეგ.
9 დაე, ყოველმა ჯგუფმა მოამზადოს სახლები და მინდვრები ხორბლის მოსაყვანად მათთვის, რომლებიც ადგილზე უნდა დარჩნენ ამ წელს; და ეს არის უფლის ნება მისი ხალხის შესახებ.
10 დაე, ყოველმა ადამიანმა გამოიყენოს მთელი თავისი გავლენა და სახსრები, რათა გადაიყვანოს ეს ხალხი ადგილზე, სადაც უფალი განალაგებს სიონის პალოს.
11 და თუ ამას გააკეთებთ სპეტაკი გულით, სრული ერთგულებით – კურთხეულ იქნებით; თქვენი წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონლის ფარებში, თქვენს მინდვრებზე, თქვენს სახლებსა და ოჯახებში.
12 დაე, ჩემმა მსახურებმა, ეზრა ტ. ბენსონმა და ერასტუს სნოუმ, ჯგუფი ჩამოაყალიბონ.
13 დაე, ჩემმა მსახურებმა, ორსონ პრატმა და ვილფროდ ვუდროფმა, ჯგუფი ჩამოაყალიბონ.
14 ასევე, დაე, ჩემმა მსახურებმა, ამასა ლაიმანმა და ჯორჯ ა. სმითმა, ჯგუფი ჩამოაყალიბონ.
15 და დანიშნონ ასეულთა, ორმოცდაათეულთა და ათეულთა პრეზიდენტები და მეთაურები.
16 დაე, ჩემი მსახურები, რომლებიც დანიშნულნი იყვნენ, წავიდნენ და ასწავლონ ეს, ჩემი ნება, წმინდანებს, რათა მზად იყვნენ მშვიდობის მიწაზე წასასვლელად.
17 იარეთ თქვენი გზით და მოიქეცით ისე, როგორც გითხარით და ნუ გეშინიათ თქვენი მტრების, ვინაიდან მათ არ შესწევთ ძალა ჩემი საქმის შესაჩერებლად.
18 სიონი იქნება გამოსყიდული ჩემთვის შესაფერის დროს.
19 თუ ვინმე შეეცდება, თავად აშენდეს და არ ეძიოს ჩემი რჩევა, მას არ ექნება ძალა და გასაჯაროვდება მისი სისულელე.
20 ეძიეთ; და აღასრულეთ ერთმანეთისთვის ყოველი თქვენი დაპირება; და იმას ნუ ისურვებთ, რაც არის თქვენი ძმის.
21 უფრთხილდით ბოროტს, უფლის სახელის ამაოდ წარმოთქმას, რამეთუ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, ღმერთი თქვენი მამებისა, ღმერთი აბრაამის, ისააკისა და იაკობისა.
22 მე ვარ ის, რომელმაც გამოიყვანა ისრაელის შვილები ეგვიპტის მიწიდან; და გაწვდილია ჩემი მკლავი უკანასკნელ დღეებში, რათა გადავარჩინო ჩემი ხალხი, ისრაელი.
23 შეწყვიტეთ ერთმანეთთან დაპირისპირება; შეწყვიტეთ ერთმანეთზე აუგის თქმა.
24 შეწყვიტეთ ლოთობა; დაე, თქვენმა სიტყვებმა ერთმანეთის განსწავლისკენ გიბიძგოთ.
25 თუ მოყვასისგან ისესხებ, უნდა დაუბრუნო, რაც ისესხე; თუ არ შეგიძლია სესხის გადახდა, დაუყოვნებლივ მიდი და მოყვასს უთხარი, რათა არ განგსაჯოს.
26 თუ იპოვი იმას, რაც შენმა მოყვასმა დაკარგა, უნდა ბეჯითად ეძებო იგი, სანამ დაკარგულს არ დაუბრუნებ.
27 ბეჯითად შეინარჩუნე, რასაც ფლობ, რათა იყო ბრძენი მმართველი; ვინაიდან, ეს არის უფლის, შენი ღმერთის, უფასო ძღვენი და შენ ხარ მისი მმართველი.
28 თუ ხარ გახარებული, ადიდე უფალი სიმღერით, მუსიკით, ცეკვით, ქებისა და მადლიერების ლოცვით.
29 თუ ხარ დაღონებული, შეჰღაღადე უფალს, შენს ღმერთს, ვედრებით, რათა გაიხაროს შენმა სულმა.
30 ნუ გეშინია მტრების, ვინაიდან ისინი არიან ჩემს ხელში და მოვექცევი მათ, როგორც მომესურვება.
31 ჩემი ხალხი უნდა გამოიცადოს ყოველივეში, რათა მზად იყოს ბრწყინვალების მისაღებად, რომელიც მაქვს მათთვის – თვით სიონის ბრწყინვალება; და ის, რომელიც არ ითმენს სასჯელს, არ არის ჩემი სასუფევლის ღირსი.
32 დაე, უმეცარმა ისწავლოს სიბრძნე თავის დამდაბლებით და უფლისადმი, თავისი ღმერთისადმი ღაღადით, რათა აეხილოს თვალები დასანახად და ყურები გაეხსნათ მოსასმენად;
33 ვინაიდან, ჩემი სულია მოვლენილი ამქვეყნად თავმდაბალთა და მომნანიებელთა გასანათლებლად და უღმერთოთა განსასჯელად.
34 თქვენმა ძმებმა უარგყვეს თქვენც და თქვენი დამოწმებაც, თვით ერმაც კი, რომელმაც განგდევნათ;
35 და ახლა მოდის დღე მათი უბედურებისა, დღეები მწუხარებისა, ვითარცა მშობიარე ქალის; და მწუხარება მათი იქნება დიდი, თუ სწრაფად არ მოინანიებენ, დიახ, ძალზედ სწრაფად.
36 ვინაიდან, მათ დახოცეს წინასწარმეტყველნი და ისინი, რომლებიც გაგზავნილნი იყვნენ მათთან; და მათ დაღვარეს უდანაშაულო სისხლი, რომელიც მიწიდან შესტირის მათ წინააღმდეგ.
37 ამიტომ, ნუ გაოცდებით ყოველივე ამაზე, ვინაიდან ჯერჯერობით არ ხართ წმინდა; ვერ აიტანთ ჩემს ბრწყინვალებას; მაგრამ მას იხილავთ, თუ იქნებით ერთგულნი ყოველი ჩემი სიტყვის დაცვაში, რაც გიბოძეთ ადამის დღეებიდან აბრაამამდე, აბრაამიდან მოსემდე, მოსედან იესომდე და მის მოციქულებამდე, იესო და მისი მოციქულებიდან ჯოზეფ სმითამდე, რომელსაც მოვუწოდე ჩემი ანგელოზებით, ჩემი მსახურებით და ზეციდან ჩემი ხმით, რათა განხორციელდეს ჩემი საქმე.
38 რასაც მან ჩაუყარა საფუძველი და იყო ერთგული; და იგი ჩემთან წავიყვანე.
39 მრავალი გაოცდა მისი სიკვდილით; მაგრამ ეს იყო აუცილებელი, რათა მას ჩაებეჭდა თავისი დამოწმება საკუთარი სისხლით, რათა ყოფილიყო პატივცემული და ბოროტნი – განსჯილნი.
40 ნუთუ არ გამოგიხსენით თქვენი მტრებისგან, თანაც იმდაგვარად, რომ დავტოვე ჩემი სახელის მოწმე?
41 ახლა, ამიტომ, ყური დამიგდეთ, ჩემი ეკლესიის ხალხო; უხუცესებო, ერთად მოისმინეთ; თქვენ მიიღეთ ჩემი სასუფეველი.
42 იყავით ბეჯითნი ყოველი ჩემი მცნების დაცვაში, რათა განკიცხვა არ დაგატყდეთ თავს, არ შეგისუსტდეთ რწმენა და მტრებმა არ იზეიმონ თქვენზე. ამჯერად მეტი არაფერი. ამინ – ამინ.