წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 20


ნაწილი 20

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით მიღებული გამოცხადება ეკლესიის ორგანიზაციისა და მმართველობის შესახებ, ნიუ-იორკი, ფეიეტის მიდამოები. ამ გამოცხადების ნაწილი შესაძლებელია, მიღებულ იქნა 1829 წლის ზაფხულში. მთლიანი გამოცხადება, რომელიც იმჟამად ცნობილი იყო, როგორც სიმბოლოები და აღთქმები, დაწერილ იქნა დაახლოებით 1830 წ. 6 აპრილის შემდეგ (იმ დღეს, როდესაც ეკლესია ჩამოყალიბდა). წინასწარმეტყველმა დაწერა: „წინასწარმეტყველებისა და გამოცხადების სულით, ჩვენ მისგან [იესო ქრისტესგან] მივიღეთ შემდეგი, რომლითაც გვაცნობა მრავალი რამ, ასევე მიგვითითა ზუსტი თარიღი, როდესაც, მისი ნებისა და ბრძანების შესაბამისად, ჩვენ უნდა ხელახლა ჩამოვაყალიბოთ მისი ეკლესია აქ, დედამიწაზე.“

1–16, მორმონის წიგნი მოწმობს უკანასკნელი დღეების საქმის ღვთაებრიობაზე; 17–28, დამტკიცებულია შექმნის, დაცემის, გამოსყიდვისა და ნათლობის მოძღვრება; 29–37, მოცემულია მონანიების, გამართლების, განწმენდისა და ნათლობის მართვის კანონები; 38–67, მოკლედ აღწერილია უხუცესების, მღვდლების, მასწავლებლებისა და დიაკვნების მოვალეობანი; 68–74, მოცემულია წევრთა მოვალეობანი, ბავშვების კურთხევისა და ნათლობის წესი; 75–84, მოცემულია ზიარების ლოცვები და ეკლესიის წევრობის მარეგულირებელი წესები.

1 ქრისტეს ეკლესიის აღშენება ამ უკანასკნელ დღეებში ათას რვაას ოცდაათ წელს, ჩვენი უფლისა და მხსნელის, იესო ქრისტეს, ხორციელად მოსვლის შემდეგ. ეკლესია ჩამოყალიბდა და დაარსდა ჩვენი ქვეყნის კანონების შესაბამისად, ღმერთის ნებითა და ბრძანებებით, მეექვსე დღეს მეოთხე თვისა, რომელსაც ეწოდება აპრილი –

2 ბრძანებებით, რომლებიც მიეცა ჯოზეფ სმით უმცროსს, რომელიც იყო ღვთის მიერ მოწოდებული და იესო ქრისტეს მოციქულად ხელდასხმული, რათა იყოს ამ ეკლესიის პირველი უხუცესი;

3 და ოლივერ ქაუდერის, რომელიც ასევე იყო ღვთის მიერ მოწოდებული იესო ქრისტეს უხუცესად, რათა იყოს ამ ეკლესიის მეორე მოციქული და მისი ხელით ხელდასხმული;

4 და ეს ჩვენი უფლისა და მხსნელის, იესო ქრისტეს მადლის შესაბამისად, რომლის დიდება იყოს აწ და მარადის. ამინ.

5 მას შემდეგ, რაც ამ პირველ უხუცესს ჭეშმარიტად გამოეცხადა, რომ მიიღო ცოდვების მიტევება, იგი კვლავ გაიხლართა ამა ქვეყნის ამაოებაში;

6 ხოლო მონანიებისა და თავის გულწრფელად დამდაბლების შემდეგ, რწმენის მეშვეობით, ღმერთი კვლავ ემსახურა მას წმინდა ანგელოზის მეშვეობით, რომლის იერსახე იყო ვითარცა ელვა და რომლის სამოსელი იყო წმინდა და უსპეტაკესი თეთრი;

7 და მისცა ბრძანებები, რომლებმაც იგი შთააგონა;

8 და ზემოდან უბოძა ძალა მანამდე მომზადებული საშუალებებით, რათა ეთარგმნა მორმონის წიგნი;

9 რომელიც მოიცავს ჩანაწერებს დაცემული ხალხის შესახებ, ასევე იესო ქრისტეს სახარების სისრულეს წარმართთათვის და ასევე იუდეველთათვის;

10 რომელიც მოცემულ იქნა შთაგონებითა და ანგელოზთა მსახურებით და ეს დადასტურებულია სხვა ადამიანებისთვის და მათ მიერ იქნა ამა ქვეყნისთვის გამოცხადებული –

11 უდასტურებენ ამა სოფელს, რომ წმინდა წერილი არის ჭეშმარიტი და ღმერთი შთააგონებს ადამიანებს და მოუწოდებს მათ თავის წმინდა საქმისკენ ამ საუკუნეში და ამ თაობაში, ისევე როგორც უძველეს თაობებში;

12 ამით გვაჩვენებს, რომ იგი არის უცვლელი ღმერთი გუშინ, დღეს და უკუნისამდე. ამინ.

13 ამიტომ, აქვთ რა ესოდენ დიდი დამოწმებანი, ეს სამყარო განსჯილი იქნება მათი მეშვეობით, მათ მიერადაც კი, რომლებიც მომავალში მოვლენ ამ საქმის ცოდნასთან.

14 და რომლებიც მას რწმენით მიიღებენ და სამართლიანობას დაამკვიდრებენ, მიიღებენ მარადიული სიცოცხლის გვირგვინს;

15 ხოლო ისინი, რომლებიც ურწმუნოებაში გაიქვავებენ გულებს და მას უარყოფენ, ეს მათ მოუბრუნდებათ საკუთარ სასჯელად –

16 ვინაიდან, ეს თქვა უფალმა ღმერთმა და ჩვენ, ეკლესიის უხუცესებმა, მოვისმინეთ და ვმოწმობთ სიტყვებს ბრწყინვალე ზეციური დიდებულისა, დაე, იყოს მისი დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

17 ყოველივე ამით ვიცით, რომ ზეცაში არის ღმერთი, რომელიც უსაზღვრო და მარადიულია, მარადისობიდან მარადისობამდე, იგივე უცვლელი ღმერთი, ზეცისა და დედამიწის შემქმნელი და ყოველივე იმისა, რაც არსებობს მათზე;

18 და მან შექმნა ადამიანი, კაცი და ქალი, თავისდა ხატად და მსგავსად ისინი შექმნა მან;

19 და მცნება მისცა, უყვარდეთ იგი და ემსახურონ მას, ერთადერთ ცოცხალ და ჭეშმარიტ ღმერთს და იგი უნდა იყოს ერთადერთი არსება, რომელსაც ისინი უნდა ეთაყვანებოდნენ.

20 მაგრამ ამ წმინდა კანონების დარღვევით ადამიანი გახდა ავხორცი და ეშმაკისეული და იქცა დაცემულ ადამიანად.

21 ამიტომ, ყოვლადძლიერმა ღმერთმა შესწირა თავისი მხოლოდშობილი ძე, როგორც წერია იმ წმინდა წერილებში, რომლებიც მის შესახებ გვამცნობენ.

22 მას ერგო ცდუნებანი, მაგრამ არ აჰყვა მათ.

23 იგი ჯვარს აცვეს, მოკვდა და მესამე დღეს აღსდგა;

24 და ზეცაში ამაღლდა, რათა მამის მარჯვენა მხარეს დამჯდარიყო, რათა ემეფა ყოვლისშემძლე ძალით, მამის ნების შესაბამისად;

25 რათა ყოველი, ვინც იწამებს და მოინათლება მისი წმინდა სახელით და რწმენით ბოლომდე გაძლოს და გადარჩეს –

26 არა მარტო მათ, რომლებმაც იწამეს ჟამთასვლის ზენიტში მისი ხორციელად მოსვლის შემდეგ, არამედ ყველას დასაბამიდანვე, მათაც კი, რომლებიც იყვნენ მის მოსვლამდე, რომლებმაც იწამეს წმინდა წინასწარმეტყველთა სიტყვები, რომლებიც ლაპარაკობდნენ სულიწმინდის ძღვენის შთაგონებით, რომლებიც ყველაფერში ჭეშმარიტად მოწმობდნენ მასზე, ჰქონოდათ მარადიული სიცოცხლე.

27 ისევე, როგორც მათ, რომლებიც შემდგომში მოვლენ, რომლებიც იწამებენ ღმერთის ძღვენსა და მოწოდებას სულიწმინდით, რომელიც მოწმობს მამასა და ძეზე;

28 იმ მამასა, ძესა და სულიწმინდაზე, რომელიც არის ერთი ღმერთი, უსაზღვრო, მარადიული და უსასრულო. ამინ.

29 და ჩვენ ვიცით, რომ ყოველმა ადამიანმა უნდა მოინანიოს და იესო ქრისტეს სახელი იწამოს და მისი სახელით ეთაყვანოს მამას და რწმენით გაძლოს ბოლომდე, თორემ ვერ გადარჩება ღვთის სასუფეველში.

30 და ჩვენ ვიცით, რომ მართალია და ჭეშმარიტი, ჩვენი უფლისა და მხსნელის, იესო ქრისტეს, მადლით გამართლება;

31 და ჩვენ ასევე ვიცით, რომ მართალია და ჭეშმარიტი, ჩვენი უფლისა და მხსნელის, იესო ქრისტეს, მადლით განწმენდა ყოველი მათგანისთვის, რომელთაც უყვართ ღმერთი და ემსახურებიან მას მთელი თავიანთი ძალით, გონებითა და სიძლიერით.

32 მაგრამ, შესაძლებელია, ადამიანი მოსწყდეს მადლს და განუდგეს ცოცხალ ღმერთს;

33 ამიტომ, დაე, ეკლესიის წევრები ყოველთვის იყვნენ ყურადღებით და ილოცონ, რათა ცდუნებაში არ ჩაცვივდნენ;

34 დიახ, ისინიც ყურადღებით იყვნენ, რომლებიც განიწმინდნენ.

35 და ვიცით, რომ ყოველივე ეს არის ჭეშმარიტი და შეესაბამება იოანეს გამოცხადებებს, არც ამატებს რამეს და არც აკლებს მისი წინასწარმეტყველებების წიგნს, წმინდა წერილს ანუ ღმერთის გამოცხადებებს, რომლებიც მოცემული იქნება მომავალში სულიწმინდის ძღვენითა და ძალით, ღმერთის ხმით ან ანგელოზთა მსახურებით.

36 და უფალმა ღმერთმა თქვა ეს; და პატივი, ძალა და დიდება მიეგება მის წმინდა სახელს, აწ და მარადის. ამინ.

37 და კიდევ: ეკლესიისათვის მცნების სახით ნათლობის წესთან დაკავშირებით – ყველანი, რომლებიც თავს იმდაბლებენ უფლის წინაშე და სურთ ნათლობა, რომლებიც მოდიან მოდრეკილი გულითა და მომნანიებელი სულით და მოწმობენ ეკლესიის წინაშე, რომ ნამდვილად მოინანიეს ყოველი ცოდვა და მზად არიან, საკუთარ თავზე აიღონ იესო ქრისტეს სახელი, გადაწყვეტილებით, ბოლომდე ემსახურონ მას და ნამდვილად ამტკიცებენ საკუთარი საქმეებით, რომ მიიღეს ქრისტეს სული ცოდვების მიტევებისთვის, ნათლობით იქნებიან მიღებულნი მის ეკლესიაში.

38 ქრისტეს ეკლესიის უხუცესთა, მღვდელთა, მასწავლებელთა, დიაკვანთა და წევრთა მოვალეობები – მოციქული არის უხუცესი და ნათლობა არის მისი მოწოდება;

39 და სხვა უხუცესების, მღვდლების, მასწავლებლებისა და დიაკვნების ხელდასხმით კურთხევა;

40 და პურისა და ღვინის კურთხევა – ქრისტეს ხორცისა და სისხლის სიმბოლოებისა –

41 და მათი დამტკიცება, რომლებიც ეკლესიაში მოინათლნენ ხელდასხმით, ცეცხლითა და სულიწმინდით ნათლობისთვის, წმინდა წერილის შესაბამისად;

42 რათა ასწავლოს, განუმარტოს, მოუწოდოს, მონათლოს და უმეთვალყუროს ეკლესიას;

43 ასევე ეკლესიის დამტკიცება ხელდასხმითა და სულიწმინდის ბოძებით;

44 და უხელმძღვანელოს ყველა შეკრებას.

45 უხუცესები უნდა უძღვებოდნენ შეკრებებს სულიწმინდის კარნახის მიხედვით, ღმერთის მცნებებისა და გამოცხადებების შესაბამისად.

46 მღვდლის მოვალეობაა, იქადაგოს, ასწავლოს, განუმარტოს, მოუწოდოს, მონათლოს და ჩაატაროს ზიარება,

47 ეწვიოს ყოველ წევრს სახლში და მოუწოდოს ლოცვისკენ, ხმით თუ მალულად და ყოველი ოჯახური მოვალეობის შესრულებისკენ.

48 მას ასევე შეუძლია, ხელდასხმით აკურთხოს სხვა მღვდლები, მასწავლებლები და დიაკვნები.

49 და მან უნდა უხელმძღვანელოს შეკრებებს, როდესაც იქ არ იმყოფება უხუცესი;

50 მაგრამ, როდესაც უხუცესი ესწრება, მღვდელმა უნდა მხოლოდ იქადაგოს, ასწავლოს, განუმარტოს, მოუწოდოს და მონათლოს,

51 და ეწვიოს ყოველი წევრის ოჯახს, მოუწოდოს ლოცვისკენ ხმით თუ მალულად და ყოველი ოჯახური მოვალეობის შესრულებისკენ.

52 ყველა ამ მოვალეობაში მღვდელი უნდა ეხმარებოდეს უხუცესს, თუ ამას მოითხოვს ვითარება.

53 მასწავლებლის მოვალეობაა, მუდამ გაუწიოს ეკლესიას მეთვალყურეობა და განამტკიცოს იგი;

54 და თვალყური ადევნოს, რომ არ იყოს ეკლესიაში უსამართლობა, არც გულქვაობა ერთმანეთის მიმართ, არც ტყუილი, ჭორაობა ან ავად ხსენება;

55 და თვალყური ადევნოს, რომ ეკლესიის წევრები ხშირად შეიკრიბონ და ყოველმა წევრმა შეასრულოს საკუთარი მოვალეობა.

56 მან ასევე უნდა უხელმძღვანელოს შეკრებებს, უხუცესის ან მღვდლის არყოფნის დროს –

57 და ეკლესიაში მოვალეობების შესრულებისას, მას ყოველთვის ხელი შეუწყონ დიაკვნებმა, თუ ამას მოითხოვს ვითარება.

58 მაგრამ, არც მასწავლებელს და არც დიაკვანს არ აქვს ნათლობის, ზიარების, კურთხევისა და ხელდასხმის უფლებამოსილება;

59 თუმცა, მათ უნდა გააფრთხილონ, განუმარტონ, მოუწოდონ, ასწავლონ და მოუხმონ ყველას ქრისტესთან მისვლა.

60 ყოველი უხუცესი, მღვდელი, მასწავლებელი ან დიაკვანი ხელდასხმით კურთხეულ უნდა იყოს ძღვენისა და მოწოდების შესაბამისად, რომელიც მას ნაბოძები აქვს ღმერთისგან; და იგი უნდა ხელდასხმით კურთხეულ იყოს სულიწმინდის ძალით, რომელიც არის მასში, ვინც მოახდენს მის ხელდასხმით კურთხევას.

61 ქრისტეს ეკლესიაში შემავალი რამდენიმე უხუცესი უნდა შეიკრიბოს კონფერენციაზე სამ თვეში ერთხელ ან დროდადრო, კონფერენციის გადაწყვეტილების შესაბამისად;

62 და ეს კონფერენციები საჭიროა ეკლესიის საქმეების შესახებ გადაწყვეტილებების მისაღებად, რომელნიც იმჟამად იქნება დღის წესრიგში.

63 უხუცესებმა უნდა მიიღონ თავიანთი უფლებამოსილებები სხვა უხუცესებისგან, ხმის მიცემით იმ ეკლესიაში, რომელსაც ისინი მიეკუთვნებიან ან კონფერენციისგან.

64 ყოველ მღვდელს, მასწავლებელს ან დიაკვანს, რომელიც ხელდასხმით კურთხეულია მღვდლის მიერ, შეუძლია მისგან მიიღოს მოწმობა, რომელიც უხუცესთან წარდგენისას უფლებას აძლევს წარმდგენელს, მიიღოს უფლებამოსილება თავისი მოწოდების ვალდებულებების შესასრულებლად ან მას შეუძლია, მიიღოს ეს მოწმობა კონფერენციის მიერ.

65 ამ ეკლესიაში, სადაც მრევლი სწორად არის ორგანიზებული, არ მოხდება რაიმე მოწოდებაზე არცერთი პირის ხელდასხმით კურთხევა, ეკლესიის იმ მრევლის მიერ ხმის მიცემის გარეშე;

66 მაგრამ, ხელმძღვანელ უხუცესებს, მოგზაურ ეპისკოპოსებს, მთავარ მრჩევლებს, მღვდელმთავარებსა და უხუცესებს აქვთ ხელდასხმით კურთხევის უფლებამოსილება იქ, სადაც არ არის ეკლესიის მრევლი, რათა ხმის მიცემა მოხდეს.

67 მღვდელმთავრობის ყოველი პრეზიდენტის (ან თავმჯდომარე უხუცესის), ეპისკოპოსის, მთავარი მრჩევლისა და მღვდელმთავრის ხელდასხმით კურთხევა უნდა მოხდეს უმაღლესი საბჭოს ან გენერალური კონფერენციის მითითებით.

68 ეკლესიის წევრთა მოვალეობები მათი ნათლობით მიღების შემდეგ – უხუცესებს ან მღვდლებს უნდა ჰქონდეთ საკმარისი დრო, რათა განუმარტონ მათ ყველაფერი, რაც ეხება ქრისტეს ეკლესიას, მათი მიხვედრის უნარის შესაბამისად, სანამ ზიარებას მიიღებენ და დამტკიცდებიან უხუცესთა ხელდასხმით, რათა ყველაფერი გაკეთდეს წესის შესაბამისად.

69 და ეკლესიის წევრებმა თავი უნდა გამოიჩინონ ეკლესიისა და ასევე უხუცესების წინაშე ღვთისმოსავი ქცევითა და მეტყველებით, რომ არიან ღირსეულნი, შეესაბამებიან საქმეებითა და რწმენით წმინდა წერილს – უფლის წინაშე წმინდად სიარულით.

70 ქრისტეს ეკლესიის ყოველმა წევრმა, რომელსაც ჰყავს შვილები, უნდა მოიყვანოს ისინი ეკლესიაში უხუცესების წინაშე, რომლებმაც უნდა ხელი დაასხან მათ იესო ქრისტეს სახელით და აკურთხონ მისი სახელით.

71 ვერავის ვერ მიიღებენ ქრისტეს ეკლესიაში, თუ იგი არ იქნება ღმერთის წინაშე პასუხისმგებელი შესაბამისი წლოვანებით და არ ექნება მონანიების უნარი.

72 ნათლობა ყოველი მათგანისა, რომელიც მოინანიებს, უნდა ჩატარდეს შემდეგი წესით –

73 ღვთის მიერ მოწოდებული, იესო ქრისტესგან ნათლობის უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი ჩადის წყალში იმ პიროვნებასთან ერთად, რომელსაც სურს ნათლობა, მოუწოდებს რა მას სახელით და ამბობს: ვარ რა იესო ქრისტესგან უფლებამოსილი, გნათლავ მამისა და ძისა და სულიწმინდის სახელით. ამინ.

74 შემდგომ იგი მას წყალში ჩაუშვებს და ამის შემდეგ ის ამოვა წყლიდან.

75 საჭიროა, რომ ეკლესიის წევრები ხშირად იკრიბებოდნენ, რათა მიიღონ პური და ღვინო უფალი იესოს მოსაგონებლად;

76 და ამას აღასრულებს უხუცესი ან მღვდელი, ამგვარი წესით – მუხლს მოიყრის ეკლესიის წევრებთან ერთად და მიმართავს მამას საზეიმო ლოცვით:

77 ო, ღმერთო, მარადიულო მამავ, ჩვენ გთხოვთ, შენი ძის, იესო ქრისტეს სახელით, რომ აკურთხო და განწმინდო ეს პური ყოველი ადამიანის სულისთვის, ვინც მიიღებს მას, რათა მიირთვან შენი ძის სხეულის მოსაგონებლად და მოწმედ დაგიდგნენ ისინი, ო, ღმერთო, მარადიულო მამავ, რომ მზად არიან, აიღონ საკუთარ თავზე შენი ძის სახელი, ყოველთვის ახსოვდეთ იგი და დაიცვან მის მიერ მათთვის მოცემული მცნებანი, დაე, მისი სული მარადჟამს იყოს მათთან. ამინ.

78 ღვინის კურთხევის წესი – იგი ასევე აიღებს თასს და იტყვის:

79 ო, ღმერთო, მარადიულო მამავ, ჩვენ გთხოვთ, შენი ძის, იესო ქრისტეს სახელით, რომ აკურთხო და განწმინდო ეს ღვინო ყოველი ადამიანის სულისთვის, ვინც შესვამს მას, რათა ეს აკეთონ შენი ძის, მათთვის დაღვრილი სისხლის მოსაგონებლად; რათა მოწმედ დაგიდგნენ ისინი, ო, ღმერთო, მარადიულო მამავ, რომ ყოველთვის ახსოვთ იგი, დაე, მისი სული მარადჟამს იყოს მათთან. ამინ.

80 ქრისტეს ეკლესიის ყოველ წევრს, რომელიც სცოდავს ან მხილებულ იქნება დანაშაულში, უნდა მოექცნენ ისე, როგორც მითითებულია წმინდა წერილში.

81 ქრისტეს ეკლესიის შემადგენელი სამრევლოები ვალდებულნი არიან, გააგზავნონ თავიანთი ერთი ან რამდენიმე მასწავლებელი კონფერენციაზე დასასწრებად, რომელსაც ატარებენ ეკლესიის უხუცესები,

82 თან იქონიონ იმ წევრთა სია, რომლებიც შეუერთდნენ ეკლესიას ბოლო კონფერენციის შემდეგ; ან გააგზავნონ სია რომელიმე მღვდლის ხელით, რათა მთლიანი ეკლესიის წევრთა სია სწორად იქნეს დაცული წიგნში რომელიმე უხუცესის მიერ, რომელიც ამისთვის დროდადრო დაინიშნება დანარჩენი უხუცესების მიერ;

83 და ასევე, თუ ვინმე გაირიცხა ეკლესიიდან, მათი სახელებიც უნდა ამოიშალოს ეკლესიის საერთო სახელების სიიდან.

84 ყოველ წევრს, რომელიც ტოვებს მრევლს იქ, სადაც ცხოვრობს, სხვა მრევლში გადასვლისას, სადაც მას არ იცნობენ, შეუძლია წაიღოს დამადასტურებელი წერილი, რომ არის წესიერი წევრი კარგი რეპუტაციით. ეს მოწმობა შესაძლოა, ხელმოწერილ იქნეს ნებისმიერი უხუცესის ან მღვდლის მიერ, თუ წერილის მიმღებ წევრს პირადად იცნობს უხუცესი ან მღვდელი ან შეიძლება ხელმოწერილ იქნეს ეკლესიის მასწავლებლის ან დიაკვნის მიერ.