წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 27


ნაწილი 27

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მიერ მიღებული გამოცხადება, ქ. ჰარმონი, პენსილვანიის შტატი, აგვისტო, 1830 წ. შეკრებისათვის მზადებისას, როდესაც ზიარება უნდა ჩატარებულიყო პურითა და ღვინით, ჯოზეფი წავიდა ღვინის მოსატანად. მას შეხვდა ზეციური მაცნე და მისცა ეს გამოცხადება, რომლის ნაწილი იმ დროს ჩაიწერა და დანარჩენი – შემდეგ სექტემბერში. ამჟამად ეკლესიაში ზიარებისას ღვინის მაგივრად გამოიყენება წყალი.

1–4, მოცემულია სიმბოლოები, რომლებიც გამოყენებული იქნება ზიარებისას; 5–14, ქრისტემ და ყოველი წყობის მისმა მსახურებმა უნდა მიიღონ ზიარება; 15–18, სრულად აისხით ღმერთის აბჯარი.

1 მოუსმინეთ იესო ქრისტეს ხმას, თქვენს უფალს, თქვენს ღმერთსა და თქვენს გამომსყიდველს, რომლის სიტყვა არის ცოცხალი და ძლიერი.

2 ვინაიდან, აჰა, გეუბნებით, არ აქვს მნიშვნელობა, რას მიირთმევთ ან შესვამთ ზიარების მიღებისას, თუ ამას გააკეთებთ მხოლოდ ჩემი სიდიადისკენ მიპყრობილი მზერით – ჩემი მამის წინაშე ჩემი სხეულის მოსაგონებლად, რომელიც თქვენთვის შევწირე და ჩემი სისხლის, რომელიც დავღვარე თქვენი ცოდვების მისატევებლად.

3 ამიტომ, გაძლევთ მცნებას, არ შეიძინოთ ღვინო და მაგარი სასმელები თქვენი მტრებისგან.

4 ამიტომ, არ გამოიყენოთ არაფერი, გარდა იმისა, რაც თქვენ მიერ მომზადდება; დიახ, ჩემი მამის ამ სასუფეველში, რომელიც აშენდება დედამიწაზე.

5 აჰა, ეს არის ჩემი სიბრძნით; ამიტომ, ნუ გაოცდებით, ვინაიდან დადგება საათი, როდესაც შევსვამ ვაზის ნაყოფის სასმელს თქვენთან დედამიწაზე და მორონისთან, ვისაც ვუბოძე გასაღებები ეფრემის ჩანაწერების კვერთხისა და თქვენთან მოვავლინე მორმონის წიგნის გასამხელად, რომელიც მოიცავს ჩემს მარადიული სახარების სისრულეს;

6 ასევე ელიასთან, რომელსაც ვუბოძე გასაღებები, რათა აღასრულოს ყოველივე, რაც ითქვა, ყოველი წმინდა წინასწარმეტყველის პირით, ამაქვეყნის დასაბამიდან უკანასკნელი დღეების შესახებ;

7 და ასევე იოანესთან, ზაქარიას შვილთან, იმ ზაქარიასი, რომელსაც იგი (ელიასი) ეწვია და დაპირდა, რომ შვილი ეყოლებოდა და მისი სახელი იქნებოდა იოანე და იგი აღვსილი იქნებოდა ელიას სულით;

8 იოანესთან, რომელიც მოვავლინე თქვენთან, ჩემს მსახურებთან, ჯოზეფ სმით უმცროსთან და ოლივერ ქაუდერისთან, რათა ხელდასხმით გაკურთხოთ პირველი მღვდლობით, რომელიც თქვენ მიიღეთ, რათა იყოთ მოწოდებულნი და ხელდასხმით კურთხეულნი, აარონის მსგავსად.

9 და ასევე ელიასთან, რომელსაც მამათა გულების შვილებისკენ შემობრუნების ძალის გასაღებები ვუბოძე და შვილების გულებისა – მემებისკენ, რომ დედამიწა არ შეიმუსროს წყევლით;

10 და ასევე იოსებთან და იაკობთან, ისააკთან და აბრაამთან, თქვენს მამებთან, რომელთა მიერაც ძალაში რჩება დაპირებები;

11 ასევე მიქაელთან ანუ ადამთან, ყოველივეს მამასთან, ყოველივეს უფლისწულთან, უძველესი დღეებისა;

12 ასევე პეტრესთან, იაკობსა და იოანესთან, რომლებიც თქვენთან მოვავლინე, რომელთა ხელდასხმითაც გაკურთხეთ და დაგამტკიცეთ, რათა იყოთ მოციქულები და ჩემი სახელის განსაკუთრებული მოწმეები და ატარონ თქვენი მსახურების გასაღებები და ის, რაც მათ გავანდე;

13 ვისაც ვუბოძე ჩემი სასუფევლის გასაღებები და სახარების წყობა უკანასკნელი ჟამისთვის; და ჟამთა სისავსისთვის, რომელშიც შევკრიბავ ერთად ყოველივე იმას, რაც არის ზეცაში და დედამიწაზე;

14 და ასევე ყოველ მათგანთან, რომლებიც ამაქვეყნიდან მიბოძა მამამ.

15 ამიტომ, აიმაღლეთ გულები და გაიხარეთ, წელზე შემოირტყით სარტყელი და აისხით მთელი აბჯარი, რათა მოიგერიოთ ბოროტი დღე, მოიმოქმედებთ რა ყველაფერს, რათა წინ აღუდგეთ.

16 მაშინ აღუდექით, შემორტყმული ჭეშმარიტების სარტყელით, ასხმული სამართლიანობის სამკერდულით და მშვიდობის სახარების მზადყოფნით ფეხშემოსილნი, რომლის გადმოსაცემად თქვენთვის მოვავლინე ჩემი ანგელოზები;

17 აიღებთ რა რწმენის ფარს, რომლითაც შეძლებთ ბოროტთა ყოველი გავარვარებული ისრის ჩაქრობას;

18 და აიღეთ ხსნის ჩაჩქანი და ხმალი ჩემი სულისა, რომელსაც თქვენზედ გადმოვღვრი და ჩემი სიტყვა, რომელსაც გაგანდობთ და თანხმობა გექნებათ ყოველივესთან, რასაც მთხოვთ; და იქნებით ერთგულნი ჩემს მოსვლამდე და აგიტაცებთ, რათა თქვენც იქ იყოთ, სადაც ვარ მე. ამინ.