წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 10


ნაწილი 10

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითისადმი მიცემული გამოცხადება, ქ. ჰარმონი, პენსილვანია, სავარაუდოდ 1829 წ. აპრილი, თუმცა გამოცხადების ნაწილი შესაძლებელია, მიღებულ იქნა 1828 წ. ზაფხულში. იქ უფალი აუწყებს ჯოზეფს ბოროტი ადამიანების მიერ მორმონის წიგნის ხელნაწერში შეტანილი ცვლილებების შესახებ ლეხის წიგნის თარგმანის 116 გვერდზე. ამ ხელნაწერის გვერდები დაიკარგა, როდესაც ისინი დროებით მარტინ ჰარისს მიანდეს (იხ. მე-3 ნაწილის შესავალი). ბოროტი ჩანაფიქრი იყო იმაში, რომ ხელახლა დალოდებოდნენ თარგმანს და შემდეგ შეტანილი ცვლილებებით წარმოეჩინათ შეუსაბამოებები და ამით თარჯიმნისთვის სახელი გაეტეხათ. მორმონის წიგნში მითითებულია, რომ ეს ჩაფიქრებული იყო ბოროტის მიერ და უფალმა იცოდა ამის შესახებ უკვე მაშინ, როდესაც უძველესი ნეფიელი მემატიანე, მორმონი, ახდენდა შეკრებილი ფირფიტების შემოკლებას (იხ. მორმონის სიტყვები 1:3–7).

1–26, სატანა უბიძგებს ბოროტ ადამიანებს, შეეწინააღმდეგონ უფლის საქმეს; 27–33, იგი ცდილობს, გაანადგუროს ადამიანთა სულები; 34–52, სახარებამ უნდა მიაღწიოს ლამანიელებამდე და ყოველ ერამდე მორმონის წიგნის მეშვეობით; 53–63, უფალი განამტკიცებს თავის ეკლესიასა და სახარებას ადამიანებს შორის; 64–70, იგი შეკრებს თავის ეკლესიაში მომნანიებელთ და გადაარჩენს მორჩილთ.

1 ახლა, აჰა, გეუბნები: ვინაიდან გადაეცი ბოროტ ადამიანს ის ჩანაწერები, რომლების გამოც გებოძა თარგმნის ძალა ურიმისა და თუმიმის მეშვეობით, შენ დაკარგე ისინი.

2 და იმავჟამს დაკარგე შენი ძღვენი და გონება დაგიბინდდა.

3 ამისდა მიუხედავად, ახლა ეს კვლავ აღგიდგა; ამიტომ, გაუფრთხილდი, იყავი ერთგული და გააგრძელე, სანამ არ დაასრულებ სამუშაოს დანარჩენ სათარგმნზე, როგორც დაწყებული გქონდა.

4 ნუ გაიქცევი იმაზე სწრაფად ანუ, ნუ იმუშავებ იმაზე მეტს, რისი ძალა და შესაძლებლობა გაქვს ნაბოძები, რომ გადათარგმნო; მაგრამ ბოლომდე ბეჯითი იყავი.

5 ყოველთვის ილოცე, რათა გამარჯვებული გამოხვიდე; რათა დაამარცხო სატანა და დაეხსნა სატანის მსახურების ხელს, რომლებიც ხელს უწყობენ მის საქმეს.

6 აჰა, მათ სურდათ შენი განადგურება; დიახ, ადამიანი, რომელსაც ენდობოდი, ცდილობდა შენ განადგურებას.

7 და ამის გამო, მე ვთქვი, რომ იგი არის ბოროტი ადამიანი, ვინაიდან ცდილობდა შენთვის წაერთვა ის, რაც მოგანდეს; და ასევე ცდილობდა შენი ძღვენის განადგურებას.

8 და ვინაიდან მას ხელში გადაეცი ჩანაწერები, აჰა, ისინი წაგართვა ბოროტმა ადამიანმა.

9 მაშასადამე, შენ გადაეცი ისინი, დიახ, ბოროტს, ის, რაც იყო წმინდა.

10 და აჰა, სატანამ მათ გულებში ჩაუდო, რომ შეეცვალათ სიტყვები, რომლებიც უბრძანე, რომ ჩაეწერათ ანუ შენი ნათარგმნი სიტყვები, რომლებიც ხელიდან გაუშვი.

11 და აჰა, მე გეუბნები: ვინაიდან მათ შეცვალეს სიტყვები, ისინი იკითხება იმის საწინააღმდეგოდ, რაც შენ გადათარგმნე და ბრძანე, რომ ჩაეწერათ;

12 და ამგვარად, ეშმაკი ცდილობდა, შეესრულებინა მზაკვრული გეგმა, რათა გაენადგურებინა ეს საქმე;

13 ვინაიდან, მათ გულებში ჩაუდო, გაეკეთებინათ ეს სიცრუის მეშვეობით, ეთქვათ, რომ გამხილეს სიტყვებში, რომლებიც ვითომდა შენ გადათარგმნე.

14 ჭეშმარიტად გეუბნები: არ დავუშვებ, რომ სატანამ ამაში აღასრულოს თავისი ბოროტი გეგმები.

15 ვინაიდან, აჰა, მან ჩაუდო გულებში, გიბიძგონ ცდუნებისკენ, რომ უფალ ღმერთს სთხოვო მათი ხელახლა თარგმნა.

16 და, აჰა, შემდეგ იტყვიან და გულში გაიფიქრებენ: ვნახავთ, უბოძა თუ არა მას ღმერთმა თარგმნის ძალა; თუ ეს ასეა, იგი ძალას კვლავ უბოძებს;

17 თუ ღმერთი მას კვლავ ძალას უბოძებს, თუ იგი ხელახლა გადათარგმნის ანუ სხვა სიტყვებით, თუ იგი დაწერს იგივე სიტყვებს, აჰა, ჩვენ გვაქვს ეს სიტყვები, მაგრამ ისინი შევცვალეთ;

18 ამიტომ, არ დაგეთანხმებიან და იტყვიან, რომ იცრუა მან თავის სიტყვებში და არ ფლობს ძღვენს, და არ აქვს ძალა;

19 ამიტომ, ჩვენ გავანადგურებთ მას, ასევე მის საქმეს და გავაკეთებთ ამას, რათა არ შევრცხვეთ ამის შედეგად და ამქვეყნიური დიდება მოვიპოვოთ.

20 ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები, რომ სატანას აქვს მათ გულებზე დიდი ძალაუფლება; იგი უბიძგებს მათ უსამართლობისკენ კეთილის წინააღმდეგ;

21 გახრწნილია მათი გულები და სავსეა სიბოროტითა და სისაძაგლით; უყვართ წყვდიადი და არა ნათელი, ვინაიდან ბოროტია მათი საქმენი; ამიტომ, მე არ მთხოვენ.

22 სატანა უბიძგებს მათ, თავიანთი სულები განადგურებამდე მიიყვანონ.

23 და ამგვარად, ჩაიფიქრა მზაკვრული გეგმა, ფიქრობდა რა ღმერთის საქმის განადგურებას; მაგრამ, ამისთვის მათ მოვთხოვ და ეს შეუბრუნდებათ, სირცხვილითა და სასჯელით, განკითხვის დღეს.

24 დიახ, იგი აღვივებს წყრომას მათ გულებში, ამ საქმის წინააღმდეგ.

25 დიახ, იგი მათ ეუბნება: იცრუეთ და ჩაუსაფრდით, რათა გაანადგუროთ; აჰა, ეს არ არის ცუდი. და ასე ამხნევებს მათ და ეუბნება: არ არის ცოდვა – მოატყუო, რათა ადამიანი ტყუილში ამხილო, რომ იგი გაანადგურო.

26 და ასე ამხნევებს მათ და მიუძღვება იქამდე, სანამ არ ჩაითრევს მათ სულებს ჯოჯოხეთში; და ამგვარად, ახდენს იმას, რომ ისინი საკუთარ მახეში ებმებიან.

27 და ასე, დაიარება აქეთ-იქით დედამიწაზე, ცდილობს რა ადამიანთა სულების განადგურებას.

28 ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები: ვარამი მას, ვინც ცრუობს შესაცდენად, რადგან ჰგონია, რომ შესაცდენად სხვაც ცრუობს, ვინაიდან ასეთები ვერ დააღწევენ თავს ღმერთის სამართალს.

29 ახლა, აჰა, მათ შეცვალეს ეს სიტყვები, ვინაიდან სატანა ეუბნება: მან შეგაცდინათ – და ასე ამხნევებს მათ, რათა ჩაიდინონ ურჯულოება, რათა გიბიძგონ, რომ უფალი ღმერთი აცდუნო.

30 აჰა, გეუბნები, რომ არ უნდა გადათარგმნო ხელახლა იგივე სიტყვები, რომლებიც ხელიდან გაუშვი;

31 ვინაიდან, აჰა, იმ სიტყვების წინააღმდეგ სიცრუით ვერ აღასრულებენ საკუთარ ბოროტ ჩანაფიქრს. ვინაიდან, აჰა, იგივე სიტყვები რომ დაწერო, იტყვიან, რომ იცრუე და საკუთარი თავის საწინააღმდეგო თქვი, ხოლო თავი მოაჩვენე, ვითომდა თარგმნიდი.

32 და აჰა, ამას გამოაქვეყნებენ და სატანა ხალხის გულებს გააქვავებს, რათა წააქეზონ ისინი წყრომისაკენ შენ წინააღმდეგ, რომ არ იწამონ ჩემი სიტყვები.

33 ამგვარად, სატანას ჩაფიქრებული აქვს შენი დამოწმების დაძლევა ამ თაობაში, რომ ეს საქმე არ გამოვიდეს ამ თაობაში.

34 მაგრამ, აჰა, ამაში არის სიბრძნე, და ვინაიდან დაგანახე სიბრძნე და მოგეცი ბრძანებები იმის შესახებ, რა უნდა გააკეთო, არ დაანახო ეს ამა სოფელს, სანამ არ დაასრულებ თარგმნის საქმეს.

35 ნუ გაოცდები, რომ გითხარი: აქ არის სიბრძნე – ნუ დაანახებ ამა სოფელს, ვინაიდან მე ვთქვი: არ დაანახო ამა სოფელს, რათა დაცული იყო.

36 აჰა, არ ვამბობ, რომ ეს არ უნდა დაანახო სამართლიანთ;

37 ხოლო, ვინაიდან შენ ყოველთვის არ შეგიძლია, გამოარჩიო სამართლიანნი ანუ განასხვავო ბოროტი სამართლიანისგან, ამიტომ გეუბნები: იყავი ჩუმად, სანამ არ ჩავთვლი საჭიროდ, რომ ამა სოფელს ვაცნობო ყოველივე ის, რაც ამ საკითხს ეხება.

38 და ახლა, ჭეშმარიტად გეუბნები, რომ ამბავი იმაზედ, რაც შენ დაწერე, რომელიც ხელიდან გაუშვი, ამოტვიფრულია ნეფის ფირფიტებზე;

39 დიახ, და გახსოვს, რა იყო ნათქვამი იმ ჩანაწერებში, რომ ამის შესახებ უფრო დაწვრილებით დაწერილია ნეფის ფირფიტებზე.

40 და ახლა, ვინაიდან ამბავი, რომელიც ამოტვიფრულია ნეფის ფირფიტებზე, უფრო დაწვრილებით აღწერს ყოველივე იმას, რაც ჩემი სიბრძნით მსურს, ვამცნო ამ ხალხს ამ ჩანაწერით –

41 ამიტომ, გადათარგმნი გრავიურებს, რომლებიც ნეფის ფირფიტებზეა, სანამ არ მიხვალ მეფე ბენიამინის მმართველობამდე ანუ იქამდე, რაც უკვე გაქვს ნათარგმნი და შენახული;

42 და აჰა, შენ გამოაქვეყნებ ამას, როგორც ნეფის ჩანაწერს; და ამგვარად, შევმუსრავ მათ, რომლებმაც შეცვალეს ჩემი სიტყვები.

43 არ დავუშვებ, რომ მათ ჩემი საქმე გაანადგურონ; დიახ, მე დავანახებ მათ, რომ ჩემი სიბრძნე უფრო დიდია, ვიდრე ეშმაკის მზაკვრობა.

44 აჰა, მათ აქვთ მხოლოდ ნაწილი ანუ ნეფის ამბავი შემოკლებული სახით.

45 აჰა, ნეფის ფირფიტებზე ამოტვიფრულია მრავალი რამ, რაც უფრო ფართოდ წარმოაჩენს ჩემს სახარებას, ამიტომ, ჩემი სიბრძნე არის იმაში, რომ გადათარგმნო ნეფის გრავიურების ეს პირველი ნაწილი და ამ ნაშრომში გამოაქვეყნო.

46 და აჰა, ამ ნაშრომის დანარჩენი ნაწილი მოიცავს ჩემი სახარების ყველა იმ ნაწილს, რომელზეც ჩემი წმინდა წინასწარმეტყველები, დიახ, ასევე ჩემი მოწაფეები, თავიანთ ლოცვებში მთხოვდნენ, ამ ხალხში გამოქვეყნებულიყო.

47 და მათ ვუთხარი, რომ ეს ებოძებათ თავიანთ ლოცვებში, რწმენის შესაბამისად;

48 დიახ, ასეთი იყო მათი რწმენა – რომ ჩემი სახარება, რომელიც ვუბოძე, რათა იქადაგონ თავიანთი დღეებისას, მისულიყო მათ ძმებთან, ლამანიელებთან და ასევე ყველასთან, რომლებიც გახდნენ ლამანიელები თავიანთი განხეთქილებების გამო.

49 ახლა, ეს არ არის ყველაფერი – ისინი ლოცულობდნენ იმის რწმენით, რომ ეს სახარება ასევე ეცნობებინათ სხვა ერებისთვისაც, თუ მიეცემოდათ ამ მიწის დაუფლების შესაძლებლობა;

50 და ამგვარად, თავიანთი ლოცვებით ამ მიწაზე მათ დატოვეს კურთხევა, რომ ვინც იწამებდა ამ სახარებას ამ მიწაზე, შეძლებდა მარადიული სიცოცხლის მიღებას;

51 დიახ, რომ ეს მიწა თავისუფალი ყოფილიყოყოველი ერისთვის, ტომისთვის, ენისთვის ან ხალხისათვის.

52 და ახლა, აჰა, მათი რწმენის შესაბამისად თავიანთ ლოცვებში, გავანდობ ჩემი სახარების ამ ნაწილს, რათა ეს იცოდეს ჩემმა ხალხმა. აჰა, ამას ვაძლევ არა დასანგრევად იმისა, რაც მათ მიიღეს, არამედ აღსაშენებლად.

53 და ამ მიზნით მე ვთქვი: თუ ეს თაობა არ გაიქვავებს გულებს, მათ შორის ეკლესიას ჩამოვაყალიბებ.

54 ახლა, არ ვამბობ ამას ჩემი ეკლესიის დასანგრევად, არამედ ვამბობ ჩემი ეკლესიის აღსაშენებლად.

55 ამიტომ, ნუ შეშინდებიან, რომელნიც მიეკუთვნებიან ჩემს ეკლესიას, ვინაიდან ასეთნი მიიღებენ ცათა სასუფეველს მემკვიდრეობით.

56 ხოლო ისინი, რომლებსაც ჩემი არ ეშინიათ, არც ჩემს მცნებებს იცავენ, არამედ ანგარებისათვის აგებენ ეკლესიებს, დიახ, ყოველი, ვინც სიბოროტეს სჩადის და აშენებს ეშმაკის სამეფოს – დიახ, ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით, ესენი არიან, რომლებსაც ავაღელვებ და ვაიძულებ, იკანკალონ და იცახცახონ გულის სიღრმემდე.

57 აჰა, მე ვარ იესო ქრისტე, ძე ღვთისა. მოვედი ჩემებთან და ჩემებმა არ მიმიღეს.

58 ვარ სინათლე ბნელში მანათობელი და ბნელმა იგი ვერ მოიცვა.

59 მე ვარ, რომელმაც მოწაფეებს ვუთხარი – სხვა ცხვრებიცა მყავს, რომლებიც არ არიან ამ ფარეხის და იქ იყვნენ მრავალნი, რომლებმაც ჩემი ვერ გაიგეს.

60 და ამ ხალხს დავანახებ, რომ მყავდა სხვა ცხვრებიც და ისინი იყვნენ იაკობის სახლის რტოდან;

61 და სინათლეზე გამოვიტან მათ საოცარ საქმეებს, რომელნიც ჩემი სახელით გააკეთეს;

62 დიახ, ასევე სინათლეზე გამოვიტან ჩემს სახარებას, რომელიც მათ ექადაგათ და აჰა, ისინი ვერ უარყოფენ იმას, რაც შენ მიიღე, არამედ აღაშენებენ და სინათლეზე გამოიტანენ ჩემი მოძღვრების ჭეშმარიტ წესებს, დიახ, ერთადერთ მოძღვრებას, რომელიც არის ჩემში.

63 და ამას ვაკეთებ, რათა დავაფუძნო ჩემი სახარება, რომ არ იყოს ამდენი დაპირისპირება; დიახ, სატანა უბიძგებს ადამიანთა გულებს დაპირისპირებისკენ ჩემი მოძღვრების წესების გამო; და ამაში ცდებიან, ვინაიდან ამახინჯებენ წმინდა წერილებს და მათი არ ესმით.

64 ამიტომ, მათ გავუხსნი ამ დიდ საიდუმლოებას;

65 ვინაიდან, აჰა, შევკრებ მათ, როგორც კრუხი ფრთების ქვეშ წიწილებს, თუ არ გაიქვავებენ გულებს;

66 დიახ, თუ მოვლენ, მათ უანგაროდ შეუძლიათ, შესვან სიცოცხლის წყლებიდან.

67 აჰა, ეს არის ჩემი მოძღვრება: ვინც მოინანიებს და ჩემთან მოვა – იგი არის ჩემი ეკლესიისა.

68 ვინც გამოაცხადებს ამაზე მეტს ან ნაკლებს – არ არის ჩემგან, არამედ არის ჩემ წინააღმდეგ; ამიტომ, არ არის იგი ჩემი ეკლესიისა.

69 და ახლა, აჰა, რომლებიც არიან ჩემი ეკლესიის და გაუძლებენ ბოლომდე ჩემს ეკლესიას, მათ დავაფუძნებ ჩემს კლდეზე და ვერ დაძლევენ მათ ჯოჯოხეთის ბჭენნი.

70 და ახლა, გახსოვდეს მისი სიტყვები, რომელიც არის ამაქვეყნის სიცოცხლე და სინათლე, შენი გამომსყიდველი, შენი უფალი და შენი ღმერთი. ამინ.