მოძღვრება და აღთქმები
ნაწილი 1
წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით მიღებული გამოცხადება, 1831 წ. 1 ნოემბერს ეკლესიის უხუცესთა განსაკუთრებული კონფერენციის დროს, რომელიც ჩატარდა ქ. ჰაირამში, ოჰაიოს შტატში. მანამდე მრავალი გამოცხადება იქნა მიღებული უფლისგან, რომელთა თავმოყრა და წიგნად გამოცემა, იქცა კონფერენციის ერთ-ერთ მთავარ გადაწყვეტილებად. ეს ნაწილი წარმოადგენს უფლის მიერ ამ წყობისას მოცემული მოძღვრების, აღთქმების და მცნებების წინასიტყვაობას.
1–7, ხმა გამაფრთხილებელი ყოველი ხალხისთვის; 8–16, განდგომა და სიბოროტე უძღვის წინ მეორედ მოსვლას; 17–23, ჯოზეფ სმითი მოწოდებულ იქნა, აღადგინოს დედამიწაზე უფლის ჭეშმარიტება და ძალაუფლება; 24–33, მორმონის წიგნი გამოვიდა და ჭეშმარიტი ეკლესია ჩამოყალიბდა; 34–36, მშვიდობა აღიგვება დედამიწიდან; 37–39, შეისწავლეთ ეს მცნებები.
1 ყური დამიგდეთ, ჩემი ეკლესიის ხალხო, – ამბობს ხმა მისი, რომელიც ცხოვრობს მაღლა და რომლის მზერა მიპყრობილია ყოველ ადამიანზე; დიახ, ჭეშმარიტად ვამბობ: ყური დამიგდეთ, შორეულო ხალხო და თქვენ, რომლებიც ხართ ზღვის კუნძულებზე, მოისმინეთ.
2 ვინაიდან ჭეშმარიტად, უფლის ხმა მოუწოდებს ყოველ ადამიანს და ვერავინ გაექცევა მას; და არ არსებობს თვალი, რომელიც ვერ დაინახავს, არც ყური, რომელიც ვერ მოისმენს, არც გული, რომელიც ვერ აღიძვრება.
3 და აჯანყებულნი თავიანთი ბოროტებისთვის განიმსჭვალებიან დიდი მწუხარებით; ვინაიდან მათ უსამართლობაზე ილაპარაკებენ სახურავებზე და მათი საიდუმლოებანი იქნება გამოაშკარავებული.
4 და გამაფრთხილებელ ხმას გაიგებს ყოველი ხალხი, ჩემს მოწაფეთა პირით, რომლებიც ამ უკანასკნელ დღეებში ამოვირჩიე.
5 და წინ წავლენ ისინი და ვერავინ შეაჩერებს, ვინაიდან მე, უფალმა, ვუბრძანე მათ.
6 აჰა, ეს არის ჩემი უფლებამოსილება და უფლებამოსილება ჩემი მსახურებისა და წინასიტყვაობა ჩემი მცნებების წიგნისა, რომლებიც მათ ვუბოძე, რათა გამოაქვეყნონ თქვენთვის, დედამიწაზე მცხოვრებნო.
7 ამიტომ, გეშინოდეთ და კანკალებდეთ, ხალხებო, ვინაიდან აღსრულდება ის, რაც მე, უფალმა, მათში ვბრძანე.
8 და ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ მათ, რომლებიც მოდიან წინ, უზიარებენ რა ამ ამბებს დედამიწის მცხოვრებთ, ნაბოძები აქვთ ძალაუფლება, ურწმუნოებსა და აჯანყებულებს ბეჭედი დაესვათ მიწაზე და ზეცაში;
9 დიახ, ჭეშმარიტად, ბეჭედი დაესვათ იმ დღემდე, როდესაც ღვთის რისხვა უზომოდ გადმოიღვრება ბოროტთა თავზე –
10 იმ დღემდე, როდესაც მოვა უფალი, რათა მიაგოს ყოველ ადამიანს საკუთარი საქმეების შესაბამისად და იმავე საზღაურით მიუზღავს ყოველ ადამიანს, რასაც ის საკუთარ მოყვასს მიუზღავდა.
11 ამიტომ, უფლის ხმა აღწევს დედამიწის კიდეებს, რათა გაიგოს ყველამ, ვისაც გაგება სურს:
12 მოემზადეთ, მოემზადეთ იმისთვის, რაც მოვა, ვინაიდან უფალი ახლოსაა;
13 და დაენთო უფლის რისხვა და აღიმართა მისი მახვილი ზეცაში; და დაეცემა ის დედამიწის მცხოვრებთ.
14 გამოჩნდება უფლის მკლავი; და მოვა დღე, როდესაც ისინი, რომლებიც არ მოისმენენ უფლის ხმას და არც მისი მსახურების ხმას, ყურს არ დაუგდებენ წინასწარმეტყველთა და მოციქულთა სიტყვებს, იქნებიან ხალხისგან მოკვეთილნი;
15 ვინაიდან განუდგნენ ჩემს წეს-ჩვეულებებს და დაარღვიეს ჩემი მარადიული აღთქმა;
16 ისინი არა თუ ისწრაფიან უფლისკენ, რათა დაამკვიდრონ მისი სამართლიანობა, არამედ ყოველი ადამიანი დადის საკუთარი გზით, მისდევს რა საკუთარი ღმერთის ხატს, ხატს, რომელიც არის ამქვეყნის და კერპია მისი არსი, რომელიც დაძველდება და დალპება ბაბილონში, იმ დიდ ბაბილონში, რომელიც დაეცემა.
17 ამიტომ, მე, უფალმა, ვიცი რა იმ უბედურების შესახებ, რომელიც დედამიწის მცხოვრებთ უნდა დაატყდეს, მოვუწოდე ჩემს მსახურს, ჯოზეფ სმით უმცროსს, ზეციდან, ველაპარაკე და მივეცი მცნებები;
18 ასევე სხვებსაც მივეცი მცნებები, რომ გამოუცხადონ ისინი მთელ ქვეყანას; და ყოველივე ეს იმისათვის, რათა აღსრულდეს, რაც დაიწერა წინასწარმეტყველთა მიერ –
19 გამოვლენ სუსტნი ამა ქვეყნისანი და დაამხობენ ძლიერთ და ძლევამოსილთ, რათა ადამიანმა არ დაარიგოს მოყვასი, არც ხორციელის ხელს ენდოს –
20 არამედ ყოველი ადამიანი ლაპარაკობდეს ღმერთის, უფლის, სახელით, თვით ამა ქვეყნის მხსნელის.
21 რათა რწმენაც გაიზარდოს დედამიწაზე;
22 რათა დამყარდეს ჩემი მარადიული აღთქმა;
23 რათა ჩემი სახარების სისრულე ამქვეყნის კიდით კიდემდე გამოცხადდეს სუსტისა და უბრალოს მიერ, მეფეებისა და მმართველების წინაშე.
24 აჰა, ვარ ღმერთი და ეს ვილაპარაკე; ეს მცნებები არის ჩემგან და მივეცი ჩემს მსახურებს თავიანთ სისუსტეში, მათსავე ენაზე, რათა ჩასწვდნენ მათ.
25 და თუ შეცდებოდნენ, გახდებოდა ცნობილი;
26 და როგორც ეძებენ სიბრძნეს, მიიღებენ დარიგებებს;
27 და ცოდვებისამებრ განიკიცხონ, რათა შეძლონ მონანიება;
28 და თავიანთი თავმდაბლობისამებრ გახდებოდნენ ძლიერნი, ზეციდან კურთხეულნი და დროდა დრო მიიღებდენ ცოდნას.
29 რათა ნეფიელთა ჩანაწერების მისაღებად, დიახ, ჩემს მსახურს, ჯოზეფ სმით უმცროსს, ჰქონდეს ძალა ღვთის მოწყალებითა და ღვთის ძალით, მორმონის წიგნის სათარგმნად.
30 და ასევე მათ, რომლებსაც ეს მცნებები ებოძათ, ჰქონდეთ ძალა, ჩაუყარონ საფუძველი ამ ეკლესიას და გამოიყვანონ ის წყვდიადიდან და ბნელეთიდან, ერთადერთი ჭეშმარიტი და ცოცხალი ეკლესია მთელი დედამიწის პირზე, რომლითაც მე, უფალი, ვარ ძალზედ კმაყოფილი, ვლაპარაკობ რა ზოგადად ეკლესიაზე და არა პიროვნებებზე –
31 ვინაიდან მე, უფალი, ვერ შევხედავ ცოდვას ვერანაირი შემწყნარებლობით;
32 ამისდა მიუხედავად, მიეტევება მას, ვინც ინანიებს და იცავს უფლის მცნებებს;
33 და ვინც არ ინანიებს, ჩამოერთმევა ის სინათლე, რომელიც მიიღო; ვინაიდან ჩემი სული ყოველთვის არ მიისწრაფის ადამიანისკენ, – ამბობს ცაბაოთ უფალი.
34 და კიდევ, ჭეშმარიტად გეუბნებით, დედამიწის მცხოვრებნო: მე, უფალს, მსურს გავანდო ეს ყოველ ხორციელს;
35 ვინაიდან არ ვარ მიკერძოებული და მსურს, იცოდეს ყოველმა ადამიანმა, რომ დღე ახლოვდება სწრაფად; საათი ჯერ არ დამდგარა, მაგრამ ახლოა, როდესაც მშვიდობა აღიგვება დედამიწიდან და ეშმაკს ექნება ძალაუფლება თავისი სრული ბატონობით.
36 ასევე, უფალს ექნება ძალაუფლება თავის წმინდანებზე და იმეფებს მათ შორის და მოევლინება სამსჯავროთი ედომს ანუ ამ ქვეყანას.
37 შეისწავლეთ ეს მცნებები, ვინაიდან ისინი ჭეშმარიტია და სარწმუნო და ის წინასწარმეტყველებები და დაპირებები, რომლებიც არის მათში, ყველა აღსრულდება.
38 ის, რაც მე, უფალმა, ვილაპარაკე, ვილაპარაკე და არ ვიმართლებ თავს; ზეცა და დედამიწა გადაივლის, ჩემი სიტყვა არ გადავა, არამედ ყველაფერი ახდება; სულერთია – იქნება ეს ჩემი საკუთარი ხმით თუ ჩემი მსახურების ხმით.
39 ვინაიდან, აჰა, უფალი არის ღმერთი და სული მოწმობს და დამოწმება არის ჭეშმარიტი და ჭეშმარიტება იქნება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.