წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 17


ნაწილი 17

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით ოლივერ ქაუდერისთვის, დევიდ ვიტმერისა და მარტინ ჰარისისთვის მიღებული გამოცხადება, ქ. ფეიეტი, ნიუ-იორკი, 1829 წ. ივნისი, სანამ იხილავდნენ ფირფიტებზე ამოტვიფრულ მორმონის წიგნის ჩანაწერებს. ჯოზეფმა და მისმა მწერალმა, ოლივერ ქაუდერიმ, მორმონის წიგნის ფირფიტების თარგმნიდან გაიგეს, რომ დაინიშნებოდა სამი განსაკუთრებული მოწმე (იხ. ეფერი 5:2–4; 2 ნეფი 11:3; 27:12). ოლივერ ქაუდერი, დევიდ ვიტმერი და მარტინ ჰარისი ამოქმედდნენ შთაგონებული სურვილით, ყოფილიყვნენ ეს სამი განსაკუთრებული მოწმე. წინასწარმეტყველმა ჰკითხა უფალს და ურიმისა და თუმიმის მეშვეობით მიიღო საპასუხო გამოცხადება.

1–4, ეს სამი მოწმე რწმენით იხილავს ფირფიტებსა და სხვა წმინდა საგნებს; 5–9, ქრისტე მოწმობს მორმონის წიგნის ღვთაებრიობაზე.

1 აჰა, გეუბნებით, რომ უნდა დაეყრდნოთ ჩემს სიტყვას და თუ ასე მოიქცევით, გულის მთელი მოწადინებით, შეძლებთ, იხილოთ ფირფიტები, ასევე სამკერდული, ლაბანის მახვილი, ურიმი და თუმიმი, რომლებიც იარედის ძმას ებოძა მთაზე, როდესაც იგი უფალს ელაპარაკა პირისპირ და მიიღო სასწაულებრივი მითითებები, რომლებიც მიეცა ლეხის უდაბნოში, წითელი ზღვის ნაპირებთან.

2 და თქვენი რწმენით შეძლებთ მათ ხილვას, იმ რწმენითაც კი, რომელიც ჰქონდა ძველ წინასწარმეტყველებს.

3 და მას შემდეგ, რაც რწმენას მიიღებთ და მათ იხილავთ საკუთარი თვალით, ღმერთის ძალით დაამოწმებთ მათ შესახებ;

4 და ამას გააკეთებთ, რათა ჩემი მსახური, ჯოზეფ სმითი უმცროსი, არ დაიღუპოს, რათა ამ საქმით აღვასრულო ჩემი სამართლიანი მიზნები ადამიანთა შვილებისთვის.

5 და დაამოწმებთ, რომ იხილეთ ისინი ისევე, როგორც ჩემმა მსახურმა, ჯოზეფ სმით უმცროსმა, იხილა ისინი; ვინაიდან, ჩემი ძალით იხილა მან ისინი და ესეც რადგან მას ჰქონდა რწმენა.

6 და მან გადათარგმნა წიგნი, ის ნაწილი, რომელიც ვუბრძანე და ეს არის ჭეშმარიტება, ისე, როგორც ცოცხალია თქვენი უფალი და თქვენი ღმერთი.

7 ამიტომ, თქვენ მიიღეთ იგივე ძალა, რწმენა და ძღვენი, რაც მას მიეცა;

8 და თუ შეასრულებთ ჩემს ამ ბოლო ბრძანებებს, რომელნიც მე მოგეცით, თქვენ ვერ დაგძლევენ ჯოჯოხეთის ბჭენი, ვინაიდან საკმარისია ჩემი მადლი თქვენთვის და უკანასკნელ დღეს ამაღლდებით.

9 და მე, იესო ქრისტემ, თქვენმა უფალმა და ღმერთმა, გითხარით ეს, რათა ადამიანთა შვილებისთვის აღვასრულო ჩემი სამართლიანი მიზნები. ამინ.