წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 56


ნაწილი 56

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით მიღებული გამოცხადება, ქ. კირტლანდი, ოჰაიო, 1831 წ. 15 ივნისი. ეს გამოცხადება საყვედურობს ეზრა ტეიერს, რომ არ დაემორჩილა წინა გამოცხადებას (მე-8 მუხლში ნახსენებ „ბრძანებას“) რომელიც ჯოზეფ სმითმა მისთვის მიიღო, განუმარტავს რა ტეიერს მის ვალდებულებებს ფრედერიკ გ. უილიამსის ფერმაში, სადაც იგი ცხოვრობდა. მოცემულ გამოცხადებაშია ტეიერისადმი მოწოდება, არ გაემგზავროს მისურიში თომას ბ. მარშთან ერთად (იხ. ნაწილი 52:22).

1–2, წმინდანებმა უნდა იტვირთონ თავიანთი ჯვარი და გაჰყვნენ უფალს, რათა მიიღონ ხსნა; 3–13, უფალი ბრძანებს და აუქმებს ბრძანებას და ურჩნი არიან მოკვეთილნი; 14–17, ვარამი მდიდრებს, რომლებიც ღარიბებს არ დაეხმარებიან და ვარამი ღარიბებს, რომელთა გულები არ არის მოდრეკილი; 18–20, ნეტარ არიან ღარიბნი, რომლებიც არიან გულით სუფთანი, ვინაიდან მემკვიდრეობით მიიღებენ დედამიწას.

1 ყური დამიგდეთ, ხალხო, ვინც ჩემს სახელს ქადაგებთ, – ამბობს უფალი, თქვენი ღმერთი; ვინაიდან, აჰა, ჩემი რისხვა აინთო აჯანყებულთა წინააღმდეგ და მოვლინების დღეს შეიცნობენ ჩემს ხელსა და გულისწყრომას, აოხრებასა და ერებზე რისხვას.

2 და რომელიც არ იტვირთავს საკუთარ ჯვარს, არ გამომყვება და არ დაიცავს ჩემს მცნებებს, ვერ გადარჩება.

3 აჰა, მე, უფალი, ვბრძანებ და რომელიც არ დამემორჩილება, მოკვეთილ იქნება ჩემთვის შესაფერის დროს, მას შემდეგ, რაც ვბრძანე და ბრძანება არ შესრულდა.

4 ამიტომ, მე, უფალი, ვბრძანებ და ვაუქმებ გაცემულ ბრძანებას, ჩემი ნებისამებრ; და ყოველივე ეს დაკისრებულ იქნება აჯანყებულთა თავზე, – ამბობს უფალი.

5 ამიტომ, ვაუქმებ ბრძანებას, რომელიც მივეცი ჩემს მსახურს, თომას ბ. მარშს და ეზრა ტეიერს და ვაძლევ ახალ ბრძანებას ჩემს მსახურს, თომასს, სწრაფად გაემგზავროს მისურის მიწისკენ და ჩემი მსახური, სილაჰ, ჯ. გრიფინი, ასევე უნდა გაემგზავროს მასთან ერთად.

6 ვინაიდან, აჰა, მე ვაუქმებ ბრძანებას, რომელიც მიეცა ჩემს მსახურებს, სილაჰ ჯ. გრიფინს და ნუელ ნაითს, ტომპსონში მყოფ ჩემი ხალხის ქედფიცხელობისა და მათი ურჩობის გამო.

7 ამიტომ, დაე, ჩემი მსახური, ნიუელ ნაითი, დარჩეს მათთან; და რამდენსაც სურს წასვლა, რომლებიც აღვსილნი არიან ჩემ წინაშე მომნანიებელი სულით, შეუძლიათ გაემგზავრონ და გაუძღვება ის მათ მიწისკენ, რომელიც მივუჩინე.

8 და კვლავ, ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ ჩემმა მსახურმა, ეზრა თეიერმა, უნდა მოინანიოს ამპარტავნობა და თავკერძობა და დაემორჩილოს წინანდელ ბრძანებას, რომელიც მივეცი იმ ადგილის შესახებ, სადაც იგი ცხოვრობს.

9 და იგი თუ ამას შეასრულებს, რადგან არ უნდა მოხდეს მიწის გაყოფა, კვლავ დაინიშნება მისურის მიწაზე წასასვლელად;

10 სხვაგვარად იგი მიიღებს ფულს, რომელიც გადაიხადა და დატოვებს ადგილს და მოიკვეთება ჩემი ეკლესიიდან, – ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი;

11 ზეცა და დედამიწა გადაივლის და ეს სიტყვები არ გადავა, არამედ ახდება.

12 თუ ჩემმა მსახურმა, ჯოზეფ სმით უმცროსმა, უნდა გადაიხადოს ფული, აჰა, მე, უფალი, კვლავ გადავუხდი მას მისურიში, ვინაიდან, ვისგანაც იგი მიიღებს, კვლავ დაჯილდოვდებიან იმისდა შესაბამისად, რას გააკეთებენ;

13 ვინაიდან, იმისდა შესაბამისად, რას აკეთებენ, მიიღებენ მიწას საკუთარი მემკვიდრეობისთვის.

14 აჰა, ასე ეუბნება უფალი ჩემს ხალხს – უნდა გააკეთოთ მრავალი რამ და მოინანიოთ; ვინაიდან, აჰა, თქვენმა ცოდვებმა ჩემამდე მოაღწია და არ მიპატიებია, ვინაიდან ცდილობთ, შეთანხმდეთ საკუთარი გზით.

15 და არ დაკმაყოფილდა თქვენი გულები. და ჭეშმარიტებას არ ემორჩილებით, არამედ გსიამოვნებთ უკეთურობა.

16 ვარამი თქვენ, მდიდარნო, რომლებსაც არ გსურთ, ღარიბებს უწილადოთ თქვენი ქონება, ვინაიდან თქვენი სიმდიდრე შეჭამს თქვენს სულებს; და ასეთი იქნება გოდება მოვლინების, განსჯისა და გულისწყრომის დღეს: ჩაიარა მკამ, დასრულდა ზაფხული და სული ჩემი არ გადარჩა!

17 ვარამი თქვენ, ღარიბნო, რომლებსაც არ მოგედრიკათ გული, არ მოინანიეთ სულით და ვერ ამოივსეთ მუცლები და რომლებსაც ხელები გაწვდილი გაქვთ სხვისი ქონების მისატაცებლად, სიხარბით აღსავსე თვალებით და არ გსურთ საკუთარი ხელით შრომა!

18 ხოლო ნეტარ არიან ღარიბნი, რომლებიც არიან გულით სუფთანი, რომლებსაც აქვთ მოდრეკილი გული და მომნანიებელი სული, ვინაიდან იხილავენ მათ გამოსახსნელად დიადი ძალითა და ძლიერებით მომავალ ღვთის სასუფეველს; ვინაიდან მათი იქნება მიწის სიმსუყე.

19 ვინაიდან, აჰა, უფალი მოვა და თან ექნება თავისი მისაგებელი და დააჯილდოვებს ყოველ ადამიანს და ღარიბი გაიხარებს;

20 და მათი თაობა დაიმკვიდრებს დედამიწას თაობიდან თაობამდე, უკუნითი უკუნისამდე. და ახლა ვასრულებ თქვენ მიმართ სიტყვას. სწორედ ასე. ამინ.