წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 86


ნაწილი 86

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით მიღებული გამოცხადება, კირტლანდი, ოჰაიო, 6 დეკემბერი, 1832 წ. ეს გამოცხადება მიღებულ იქნა, როდესაც წინასწარმეტყველი მიმოიხილავდა და რედაქტირებას უკეთებდა ბიბლიის თარგმანის ხელნაწერს.

1–7, უფალი განმარტავს იგავის მნიშვნელობას ხორბალსა და ცერცვილზე; 8–11, იგი განმარტავს კურთხევებს სამღვდელოებისა, რომლებიც არიან კანონიერი მემკვიდრეები ხორცში.

1 ჭეშმარიტად, ამას გეუბნებათ უფალი თქვენ, ჩემო მსახურებო, ხორბლისა და ცერცვილის იგავის შესახებ:

2 აჰა, ჭეშმარიტად ვამბობ: ყანა იყო ქვეყანა, მოციქულნი კი – თესლის მთესავნი;

3 და მას შემდეგ, რაც მათ ჩაეძინათ, ეკლესიის დიდი მდევნელი, განდგომილი, მეძავი, თვით ბაბილონი, რომელიც აიძულებს ყველა ერს, შესვას მისი ფიალიდან, ეშმაკი, რომელიც ზის და მეფობს, აჰა, იგი ცერცვილს თესავს; ამიტომ, ცერცვილი ახრჩობს ხორბალს და დევნის ეკლესიას უდაბნოსკენ.

4 მაგრამ, აჰა, უკანასკნელ დღეებში, ახლაც კი, როდესაც უფალი იწყებს სიტყვის მოტანას და ჯეჯილი ამოდის და ჯერ კიდევ არის ნორჩი –

5 აჰა, ჭეშმარიტად გეუბნებით: ანგელოზები დღე და ღამე უფალს შეჰღაღადებენ, არიან რა მზად და ელიან, იქნენ მოვლენილნი ყანების მოსამკავად;

6 მაგრამ უფალი მათ ეუბნება: ნუ მოკრეფთ ცერცვილს, სანამ ნორჩია ჯეჯილი (ვინაიდან ჭეშმარიტად, სუსტია თქვენი რწმენა) რათა ხორბალიც არ გაანადგუროთ.

7 ამიტომ, დაე, ხორბალი და ცერცვილი ერთად გაიზარდოს, სანამ მოსავალი მთლიანად არ მომწიფდება, შემდეგ მოიმკეთ ხორბალი ცერცვილს შორის და მას შემდეგ, რაც ხორბალი მოიმკება, აჰა, ცერცვილი შეიკრება კონებად და ყანა დარჩება დასაწვავი.

8 ამიტომ, ასე გეუბნებათ უფალი თქვენ, რომელთა მღვდლობა გრძელდება მამების შთამომავლობით –

9 ვინაიდან ხართ კანონიერი მემკვიდრენი, შესაბამისად ხორცისა და იყავით ქრისტესთან ღმერთში ამაქვეყნისგან ფარულნი.

10 ამიტომ თქვენი სიცოცხლე და მღვდლობა დაცული იყო და უნდა შენარჩუნებულ იქნეს თქვენი და თქვენი შთამომავლობის მეშვეობით, ყოველივეს აღდგენამდე, რაც ითქვა ყოველი წმინდა წინასწარმეტყველის პირით ამაქვეყნის დასაბამიდან.

11 ამიტომ, კურთხეულნი ხართ, თუ დარჩებით ჩემს სიკეთეში, სინათლედ წარმართთათვის და ამ მღვდლობის მეშვეობით ჩემი ხალხის, ისრაელის მხსნელებად. უფალმა თქვა ეს. ამინ.