წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 33


ნაწილი 33

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით ეზრა თეიერისა და ნორტროპ სვიტისათვის მიღებული გამოცხადება, ქ. ფაიეტი, ნიუ-იორკის ოლქი, ოქტომბერი, 1830 წ. ამ გამოცხადებაზე ჯოზეფ სმითის ისტორია აუწყებს, რომ „უფალი ყოველთვის მზად არის, მისცეს დარიგება ყველას, ვინც ეძებს ბეჯითად და რწმენით“.

1–4, მშრომელები მოწოდებულნი არიან, გამოაცხადონ სახარება მეთერთმეტე საათზე; 5–6, ჩამოყალიბდა ეკლესია და საჭიროა, შეიკრიბონ რჩეულნი; 7–10, მოინანიეთ, ვინაიდან ახლოსაა ცათა სასუფეველი; 11–15, ეკლესია აგებულია სახარების კლდეზე; 16–18, მოემზადეთ ნეფის მოსვლისთვის.

1 აჰა, გეუბნებით, ჩემო მსახურებო, ეზრა და ნორტროპ, იყავით ყურადღებით და თქვენი უფლის, თქვენი ღმერთის, ხმას დაუგდეთ ყური, რომლის სიტყვა ცოცხალი და ძლიერია, ორპირ ხმალზე ბასრი, ნაკუწებად აქცევს სახსრებსა და ძვლის ტვინს, გულსა და სულს; და ჭვრეტს გულის ფიქრებსა და საწადელს.

2 ვინაიდან, ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ მოწოდებულნი ხართ, აიმაღლოთ ხმა საყვირივით, რათა ჩემი სახარება გამოუცხადოთ გამრუდებულსა და უკუღმართ თაობას.

3 ვინაიდან, აჰა, უკვე თეთრია ყანა, მკისთვის მომწიფებული; და მეთერთმეტე საათია და ჩემს ვენახში უკანასკნელად მოვუწოდებ მშრომელებს.

4 და ჩემი ვენახი მთლიანად გაიხრწნა; და არავინ არ აკეთებს სიკეთეს, რამდენიმეს გარდა; და ისინიც ხშირად ცდებიან, სამღვდელოების მზაკვრობისა და გახრწნილი გონების გამო.

5 და ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ ეს ეკლესია ჩამოვაყალიბე და უდაბნოდან გამოვიყვანე.

6 და ასე შევკრიბავ ჩემს რჩეულებს დედამიწის ოთხივე კიდიდან, მათ, რომლებიც მე მიწამებენ და ყურს დაუგდებენ ჩემს ხმას.

7 დიახ, ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით, უკვე თეთრია ყანა, მკისთვის მომწიფებული; ამიტომ, მოიქნიეთ ნამგლები და მოიმკეთ მთელი ძალით, გონებითა და სიძლიერით.

8 გახსენით ბაგენი და გაგევსებათ ისინი და გახდებით ისეთნი, როგორც ძველად ნეფი, რომელიც იერუსალიმიდან უდაბნოში გაემგზავრა.

9 დიახ, გახსენით ბაგენი და არ დაზოგოთ თავი და ზურგი ძნებით გექნებათ დატვირთული, ვინაიდან იცოდეთ, მე თქვენთან ვარ.

10 დიახ, გახსენით ბაგენი და გაგევსებათ ისინი, თქვით: მოინანიეთ, მოინანიეთ და მოამზადეთ გზა უფლისთვის, გაასწორეთ მისი ბილიკები; ვინაიდან მოახლოვდა ცათა სასუფეველი;

11 დიახ, მოინანიეთ და მოინათლეთ, ყოველმა თქვენგანმა, საკუთარი ცოდვების მისატევებლად; დიახ, მოინათლეთ წყლით და შემდეგ მოდის ნათლობა ცეცხლითა და სულიწმინდით.

12 აჰა, ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით: ეს არის ჩემი სახარება; და გახსოვდეთ, რომ მათ უნდა იწამონ ჩემი, თორემ ვერანაირად ვერ გადარჩებიან;

13 და ამ კლდეზე ავაგებ ჩემს ეკლესიას; დიახ, ამ კლდეზე ხართ აგებულნი და თუ დარჩებით აქ, ვერ დაგძლევენ თქვენ ჯოჯოხეთის ბჭენი.

14 და გახსოვდეთ ეკლესიის წესები და აღთქმები, რათა ისინი დაიცვათ.

15 და რომლებსაც რწმენა ექნებათ, მათ დაამტკიცებთ ჩემს ეკლესიაში ხელდასხმით და ვუბოძებ მათ სულიწმინდის ძღვენს.

16 მორმონის წიგნი და წმინდა წერილი გიბოძეთ თქვენი სწავლებისთვის; და ჩემი სულის ძალა აცოცხლებს ყველაფერს.

17 ამიტომ, იყავით ერთგულნი, ილოცეთ ყოველთვის, ლამპარები გქონდეთ სავსე და ანთებული, თან იქონიეთ ზეთი, რათა მზად იყოთ ნეფის მოსვლისთვის –

18 ვინაიდან, აჰა, ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ მალე მოვალ, სწორედ ასე. ამინ.