წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 78


ნაწილი 78

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით მიღებული გამოცხადება, კირტლანდი, ოჰაიო, 1 მარტი, 1832 წ. იმ დღეს წინასწარმეტყველი და სხვა წინამძღვრები შეიკრიბნენ, რათა განეხილათ ეკლესიის საქმეები. ეს გამოცხადება თავდაპირველად განკუთვნილი იყო წინასწარმეტყველისთვის, სიდნეი რიგდონისთვის და ნუელ კ. უიტნისთვის, რათა გამგზავრებულიყვნენ მისურიში და დაეარსებინათ ეკლესიის კომერციული და საგამომცემლო ორგანიზაცია, შეექმნათ რა „ფირმა“, რომელიც ხელმძღვანელობას გაუწევდა ასეთ საქმიანობას თანხების მოზიდვით სიონის დაარსებისა და ღარიბთა სასარგებლოდ. ეს ფირმა, ცნობილი როგორც გაერთიანებული ფირმა, დაფუძნდა 1832 წ. აპრილში და შეწყვიტა თავისი საქმიანობა 1834 წ. (იხ. ნაწილი 82). მისი საქმიანობის შეწყვეტის ცოტა ხნის შემდეგ, ჯოზეფ სმითის ბრძანებით სიტყვა „კომერციული და საგამომცემლო საქმიანობა“ გამოცხადებაში შეიცვალა „ღარიბთა საცავის საქმეები“თ და სიტყვა „ფირმა“ შეიცვალა სიტყვა „ორდენით“.

1–4, წმინდანებმა უნდა ორგანიზება გაუწიონ და დააარსონ საცავი; 5–12, მათი ქონების ბრძნულად მართვა ხსნისკენ უხსნის გზას; 13–14, ეკლესია დამოუკიდებელი უნდა იყოს ამქვეყნიური ძალებისგან; 15–16, მიქაელი (ადამი) მსახურობს წმინდის (ქრისტეს) მითითებით; 17–22, ნეტარ არიან ერთგულნი, ვინაიდან ყოველივეს დაიმკვიდრებენ.

1 უფალმა მიმართა ჯოზეფ სმით უმცროსს სიტყვებით: ყური დამიგდეთ, – ამბობს თქვენი უფალი ღმერთი, – რომლებიც ხართ ხელდასხმულნი ჩემი ეკლესიის მღვდელმთავრობით, რომლებიც ხართ ერთად შეკრებილნი.

2 და მოუსმინეთ მის რჩევას, რომელმაც გაკურთხათ ზეციდან, რომელიც ყურში გეტყვით სიბრძნის სიტყვებს, რათა ხსნა იყოს თქვენთვის იმაში, რაც ჩემ წინაშე წარმოადგინეთ, – ამბობს უფალი ღმერთი.

3 ვინაიდან, ჭეშმარიტად გეუბნებით: მოვიდა დრო და ახლა არის ჟამი; და აჰა, საჭიროა, რომ ჩემმა ხალხმა ორგანიზება გაუწიოს საცავის საქმეების ჩამოყალიბებასა და მართვას ჩემი ხალხის ღარიბთათვის აქ, ამ ადგილზე და სიონის მიწაზეც –

4 ჩემი ეკლესიის მუდმივი და მარადიული მეურნეობისა და წესისთვის, რათა განვითარდეს საქმე, რომელიც იტვირთეთ ადამიანის გადასარჩენად და თქვენი მამის სადიდებლად, რომელიც ზეცაშია;

5 რათა თანასწორნი იყოთ, ზეციურში შედუღაბებულნი, დიახ, და ასევე მიწიერში, რათა მიაღწიოთ ყოველივე ზეციურს.

6 ვინაიდან, თუ არ ხართ თანასწორნი ყოველივე მიწიერში, ვერ იქნებით თანასწორნი ყოველივე ზეციურის მიღწევისას;

7 ვინაიდან, თუ გსურთ, გიბოძოთ ადგილი ცელესტიალურ სამყაროში, უნდა მოემზადოთ ყოველივე იმის შესრულებით, რაც გიბრძანეთ და თქვენგან მოვითხოვე.

8 და ახლა, ჭეშმარიტად, ასე ამბობს უფალი: საჭიროა ყოველივე გაკეთდეს ჩემი დიდებისთვის თქვენ მიერ, რომლებიც გაერთიანებულნი ხართ ამ ორდენში;

9 ანუ სხვა სიტყვებით, დაე, ჩემი მსახური, ნუელ კ. უიტნი და ჩემი მსახური, ჯოზეფ სმითი უმცროსი და ჩემი მსახური, სიდნეი რიგდონი, საბჭოში დასხდნენ წმინდანებთან, რომლებიც სიონში არიან;

10 სხვაგვარად ეშმაკი შეეცდება, სიმართლისგან შეაბრუნოს მათი გულები, რომ დააბრმავოს ისინი და ვერ ჩასწვდნენ ყოველივეს, რაც მომზადებულია მათთვის.

11 ამიტომ, გაძლევთ ბრძანებას, მოემზადოთ და ჩამოყალიბდეთ კავშირის სახით ანუ მარადიული აღთქმით, რომელიც ვერ დაირღვევა.

12 და ვინც მას დაარღვევს, დაკარგავს თავის წოდებასა და თანამდებობას ეკლესიაში და საწამებლად გადაეცემა ეშმაკს გამოსყიდვის დღემდე.

13 აჰა, ეს არის მომზადება, რომლითაც გამზადებთ, საფუძველი და მაგალითი, რომელსაც გაძლევთ და რომლითაც შეძლებთ ჩემ მიერ მოცემული ბრძანებების შესრულებას;

14 რომ ჩემი განგებით, მიუხედავად გაჭირვებისა, რომელიც დაგატყდებათ, ეკლესია იდგეს დამოუკიდებელი, ცელესტიალური სამყაროს ქვეშ მყოფ ყველა სხვა არსებაზე მაღლა.

15 რათა მიიღოთ თქვენთვის მომზადებული გვირგვინი და გახდეთ მრავალი სამეფოს მმართველნი, – ამბობს უფალი ღმერთი, სიონის წმინდა, რომელმაც საფუძველი დაუდო ადამ-ონდი-აჰმანს;

16 რომელმაც დანიშნა მიქაელი თქვენს უფლისწულად და განამტკიცა ფეხნი მისი და დააყენა მაღლა, უბოძა ხსნის გასაღებები რჩევითა და მითითებით წმინდისა, რომელსაც არ აქვს დღეთა დასაბამი და არც სიცოცხლის დასასრული.

17 ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით: თქვენ ხართ პატარა ბავშვები და ვერ ჩასწვდით, რაოდენ დიდი კურთხევები აქვს მამას თავის ხელში, თქვენთვის მომზადებული.

18 და ყოველივე ამას ახლა ვერ უძლებთ; მიუხედავად ამისა, გამხნევდით, ვინაიდან მე გაგიძღვებით. თქვენია სასუფეველი და თქვენია კურთხევები მისი და თქვენია სიმდიდრენი მარადისობისა.

19 და ვინც ყოველივეს იღებს მადლიერებით – გაბრწყინდება; და ყოველივე ამ დედამიწისა მას ებოძება, ასჯერ მეტიც, დიახ, მეტი.

20 ამიტომ, გააკეთეთ ის, რაც გიბრძანეთ – ამბობს თქვენი გამომსყიდველი, თვით ძე აჰმანისა, რომელიც ყველაფერს ამზადებს, სანამ წაგიყვანთ;

21 ვინაიდან ხართ პირმშოს ეკლესია და იგი აგიყვანთ ღრუბელში და ყოველ ადამიანს თავის წილს განუსაზღვრავს.

22 და ვინც არის ერთგული და ბრძენი ზედამხედველი, დაიმკვიდრებს ყოველივეს. ამინ.