ნაწილი 117
წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით მიღებული გამოცხადება, ფარ ვესტი, მისური, 8 ივლისი, 1838 წ. რომელიც ეხება უილიამ მარკსის, ნიუელ კ. უიტნისა და ოლივერ გრეინჯერის პირდაპირ მოვალეობებს.
1–9, უფლის მსახურებმა არ უნდა ისურვონ ამქვეყნიური საქმეები, ვინაიდან „რა არის ქონება უფლისთვის“?; 10–16, მათ უნდა დათმონ სულიერი დაწვრილმანება და მათი მსხვერპლშეწირვა წმინდა იქნება უფლისთვის.
1 ჭეშმარიტად, ასე ეუბნება უფალი ჩემს მსახურს, უილიამ მარკს და ასევე ჩემს მსახურს, ნიუელ კ. უიტნის: დაე, სწრაფად მოაგვარონ თავიანთი საქმენი და გაემგზავრონ კირტლანდის მიწიდან მანამ, სანამ მე, უფალი, კვლავ არ მოვავლენ თოვლს დედამიწაზე.
2 დაე, გამოიღვიძონ, წამოდგნენ და წინ გამოვიდნენ და არ დაყოვნდნენ, ვინაიდან მე, უფალი, ვბრძანებ ამას.
3 ვინაიდან, თუ დაყოვნდებიან, ცუდი რამ შეემთხვევათ.
4 დაე, მოინანიონ ყველა ცოდვა და ხარბი სურვილები ჩემ წინაშე, – ამბობს უფალი; ვინაიდან, რა არის ქონება ჩემთვის? – ამბობს უფალი.
5 დაე, კირტლანდის ქონება გაიცეს ვალების დასაფარად, – ამბობს უფალი. დათმეთ იგი, – ამბობს უფალი და რაც დარჩება, დაე, თქვენს ხელში დარჩეს, – ამბობს უფალი.
6 ვინაიდან, ნუთუ არ მყავს ცის მფრინველები და ასევე ზღვის თევზები და მთის ნადირნი? ნუთუ მე არ შევქმენი დედამიწა? ნუთუ ჩემს ხელში არ არის დედამიწის ერების ყოველი ჯარის ბედ-იღბალი?
7 ამიტომ, ნუთუ არ ვაქცევ უნაყოფო ადგილს აყვავებულად და გაფურჩქნულად, რათა უხვად მოისხას? ამბობს უფალი.
8 ნუთუ არ არის საკმარისი ადგილი ადამ-ონდი-აჰმანის მთებსა და ოლაჰა შინეიჰას ველებზე ან მიწაზე, სადაც ცხოვრობდა ადამი, რომ ისურვოთ, რაც მხოლოდ ერთი წვეთია და უგულებელყოთ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები.
9 ამიტომ, მოდით აქ, ჩემი ხალხის მიწაზე, სიონში.
10 დაე, ჩემი მსახური, უილიამ მარკსი, იყოს ერთგული მცირედში და გახდება მმართველი მრავლის. დაე, ჩემს ხალხს შორის იყოს თავმჯდომარე ქალაქ ფარ ვესტში და კურთხეული იყოს ჩემი ხალხის კურთხევით.
11 დაე, ჩემს მსახურს, ნიუელ კ. უიტნის, რცხვენოდეს ნიკოლაელთა ჯგუფისა და ყოველი მათი საიდუმლო შეთქმულების გამო და ყოველი მისი სულიერი დაწვრილმანებისთვის ჩემ წინაშე, – ამბობს უფალი; და მოვიდეს მიწაზე ადამ-ონდი-აჰმანისა და იყოს ჩემი ხალხის ეპისკოპოსი, – ამბობს უფალი, არა წოდებით, არამედ საქმით, – ამბობს უფალი.
12 და კვლავ, გეუბნებით: მე მახსოვს ჩემი მსახური, ოლივერ გრეინჯერი; აჰა, ჭეშმარიტად ვეუბნები, რომ მისი სახელი წმინდად უკვდავყოფილ იქნება თაობიდან თაობამდე, უკუნითი უკუნისამდე, – ამბობს უფალი.
13 ამიტომ, დაე, ბეჯითად იშრომოს ჩემი ეკლესიის პირველ პრეზიდენტთა გამოსახსნელად, – ამბობს უფალი, და როდესაც დაეცემა, იგი კვლავ წამოდგება, ვინაიდან მისი მსხვერპლშეწირვა ჩემთვის უფრო წმინდაა, ვიდრე მისი შემოსავალი, – ამბობს უფალი.
14 ამიტომ, დაე, მოვიდეს სწრაფად აქ, სიონის მიწაზე; და შესაფერის დროს იგი გახდება ვაჭარი ჩემი სახელის გამო, – ამბობს უფალი, ჩემი ხალხის სასარგებლოდ.
15 ამიტომ, დაე, არავინ არ უგულებელყოს ჩემი მსახური, ოლივერ გრეინჯერი, დაე, კურთხევები ჩემი ხალხისა იყოს მასზე, უკუნითი უკუნისამდე.
16 და კვლავ, ჭეშმარიტად გეუბნებით: დაე, ყოველ ჩემს მსახურს კირტლანდის მიწაზე ახსოვდეს უფალი, თავისი ღმერთი და ასევე ჩემი სახლი, რათა შეინახონ და დაიცვან წმინდად და გააძევონ ზარაფები ჩემთვის შესაფერის დროს, – ამბობს უფალი. სწორედ ასე. ამინ.