წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 71


ნაწილი 71

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის და სიდნეი რიგდონის მიერ მიღებული გამოცხადება, ქ. ჰაირამი, ოჰაიო, 1 დეკემბერი, 1831 წ. წინასწარმეტყველმა გააგრძელა ბიბლიის თარგმნა სიდნეი რიგდონის, როგორც მწერლის, დახმარებით, სანამ ეს გამოცხადება იქნა მიღებული. იმ დროისთვის თარგმნა დროებით გადაიდო, რათა აღესრულებინათ ამ გამოცხადებაში მიღებული დარიგებები. ძმები უნდა წასულიყვნენ საქადაგებლად, რათა შეემსუბუქებინათ მტრული განწყობა, რომელიც ეკლესიის მიმართ გაძლიერდა განმდგარი ეზრა ბუთის სტატიების გამოქვეყნების შედეგად.

1–4, ჯოზეფ სმითი და სიდნეი რიგდონი გაგზავნილნი არიან სახარების საქადაგებლად; 5–11, წმინდანთა მტერი შეიმუსრება.

1 აჰა, ასე გეუბნებათ უფალი თქვენ, ჩემს მსახურებს, ჯოზეფ სმით უმცროსს და სიდნეი რიგდონს, რომ ჭეშმარიტად დადგა დრო, გახსნათ ბაგენი, გამოაცხადოთ რა ჩემი სახარება, სასუფევლის საქმეები და განუმარტოთ მისი საიდუმლოებანი წმინდა წერილიდან, იმ სულისა და ძალის ნაწილის შესაბამისად, რომელიც გებოძებათ, როგორც მე მნებავს.

2 ჭეშმარიტად გეუბნებით: განუცხადეთ მსოფლიოს ირგვლივ მდებარე მიწებზე და ასევე განაცხადეთ ეკლესიაში, სანამ ცოტა ხნის შემდეგ ეს არ გეცნობებათ.

3 ჭეშმარიტად, ეს არის მცირე ხნიანი მისია, რომელსაც მე გიბოძებთ.

4 ამიტომ, იშრომეთ ჩემს ვენახში, მოუხმეთ მიწის მცხოვრებთ, დაამოწმეთ და მოამზადეთ გზა მცნებებისთვის და გამოცხადებებისთვის, რომლებიც მოვა.

5 აჰა, ეს არის სიბრძნე; ვინც წაიკითხავს, დაე, გაიგოს და ასევე მიიღოს;

6 ვინაიდან, ვინც მიიღებს, ებოძება უფრო უხვად, ძალაც კი.

7 ამიტომ, შემუსრეთ მტრები; მოუწოდეთ, შეგხვდნენ პირისპირ როგორც საჯაროდ, ასევე განმარტოებულად და რამდენადაც ერთგულნი იქნებით, იმდენად გამოაშკარავდება მათი სირცხვილი.

8 ამიტომ, დაე, წარმოადგინონ უფლის წინააღმდეგ თავიანთი მტკიცე მოსაზრებები.

9 ჭეშმარიტად, ამას გეუბნებათ უფალი – არ არსებობს თქვენ წინააღმდეგ შექმნილი იარაღი, რომელიც იქნება წარმატებული;

10 და თუ რომელიმე ადამიანი აიმაღლებს ხმას თქვენ წინააღმდეგ, იგი შეიმუსრება ჩემთვის შესაფერის დროს.

11 ამიტომ, დაიცავით ჩემი მცნებები, ვინაიდან ისინი ჭეშმარიტი და სარწმუნოა. სწორედ ასე. ამინ.