წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 60


ნაწილი 60

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით მიღებული გამოცხადება, ქ. ინდეფენდენსი, ჯექსონის ოლქი, მისური, 1831 წ. 8 აგვისტო. ამ შემთხვევაში უხუცესებმა, რომლებიც ჩამოვიდნენ ჯექსონის ოლქში და მონაწილეობა მიიღეს მიწისა და ტაძრის ადგილმდებარეობის მიძღვნაში, ისურვეს გაეგოთ, რა უნდა მოემოქმედათ მომავალში.

1–9, უხუცესებმა უნდა იქადაგონ სახარება ბოროტთა შეკრებებზე; 10–14, საკუთარი დრო არ უნდა გაატარონ უქმად და არ უნდა დაფარონ თავიანთი ნიჭი; 15–17, შეუძლიათ, დაბანონ ფეხები მათ წინააღმდეგ დასამოწმებლად, რომლებიც უარყოფენ სახარებას.

1 აჰა, ამას ეუბნება უფალი თავისი ეკლესიის უხუცესებს, რომლებიც სწრაფად უნდა დაბრუნდნენ იმ მიწაზე, რომლიდანაც მოვიდნენ: აჰა, მახარებს, რომ აქ მოხვედით;

2 ხოლო ზოგიერთით არ ვარ კმაყოფილი, ვინაიდან არ სურთ ბაგის გახსნა ადამიანის შიშის გამო, ფარავენ ნიჭს, რომელიც მათ ვუბოძე. ვარამი ასეთებს, ვინაიდან მათ წინააღმდეგ ანთებულია ჩემი რისხვა.

3 და იქნება ასე: თუ არ იქნებიან ჩემი ერთგულნი უფრო მეტად, მათ წაერთმევათ ისიც, რაც აქვთ.

4 ვინაიდან მე, უფალი, ვბატონობ მაღლა ზეცაში და დედამიწის მხედრობაზე; და იმ დღეს, როდესაც შევკრებ ჩემს ძვირფასეულობას, ყოველ ადამიანს ეცოდინება, რა არის ღმერთის ძალა.

5 მაგრამ, ჭეშმარიტად გეტყვით თქვენს მოგზაურობაზე იმ მიწისკენ, საიდანაც მოხვედით. ააგეთ გემი ან შეიძინეთ – როგორც გენებოთ, ამას არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა და გაემგზავრეთ სწრაფად ადგილისკენ, რომელსაც ეწოდება სენტ-ლუისი.

6 და იქიდან, დაე, ჩემი მსახურნი, სიდნეი რიგდონი, ჯოზეფ სმით უმცროსი და ოლივერ ქაუდერი, გაემგზავრონ ცინცინატში;

7 და ამ ადგილზე, დაე, აიმაღლონ ხმა და გამოაცხადონ ჩემი სიტყვა მაღალი ხმით, რისხვისა და ჭოჭმანის გარეშე, წმინდა ხელების მათთვის გაწვდით. ვინაიდან, შემიძლია, წმინდანად გაქციოთ და შეგენდობათ ცოდვები.

8 დაე, დანარჩენნი ორ-ორად გაემგზავრონ სენტ-ლუისიდან და ბოროტთა შეკრებებზე იქადაგონ აუჩქარებლად სიტყვა, სანამ არ დაბრუნდებიან იმ სამრევლოებში, საიდანაც მოვიდნენ.

9 და ყოველივე ეს სამრევლოების სასარგებლოდ; ვინაიდან ისინი ამ მიზნისთვის გამოვაგზავნე.

10 დაე, ჩემმა მსახურმა, ედვარდ პარტრიჯმა, ჩემს უხუცესებს, რომლებსაც უკან დაბრუნება ებრძანათ, უწილადოს ის ფული, რომელიც მას მივეცი.

11 და ვისაც შეუძლია, დაე, დააბრუნოს ის მოხელის მეშვეობით; და ვისაც არ შეუძლია, არც მოეთხოვება.

12 ახლა ვლაპარაკობ დანარჩენების შესახებ, რომლებიც ამ მიწაზე მოვლენ.

13 აჰა, ისინი გაგზავნილები არიან ჩემი სახარების საქადაგებლად ბოროტთა შეკრებებზე; ამიტომ, მათ ვაძლევ ასეთ ბრძანებას: ნუ გაატარებ დროს უსაქმურობაში და ნუ დამარხავ შენს ნიჭს ისე, რომ ვერ გაიგონ მის შესახებ.

14 და მას შემდეგ, რაც სიონის მიწაზე მოხვალ და აუწყებ ჩემს სიტყვას, სწრაფად დაბრუნდი ბოროტთა შეკრებებზე ჩემი სიტყვის გამოსაცხადებლად, აუჩქარებლივ, რისხვისა და კამათის გარეშე.

15 და ფეხიდან ჩამოიფერთხე მტვერი მათ წინააღმდეგ, რომლებიც არ მიგიღებენ, არა მათი თანდასწრებით, რომ არ გააღიზიანო, არამედ მალულად; და ფეხები დაიბანე, როგორც დამოწმება მათ წინააღმდეგ განსჯის დღეს.

16 აჰა, ეს საკმარისია თქვენთვის და ეს არის ნება მისი, რომელმაც გამოგაგზავნათ.

17 და ჩემი მსახურის, ჯოზეფ სმით უმცროსის პირით, გახდება ცნობილი სიდნეი რიგდონისა და ოლივერ ქაუდერის შესახებ. დანარჩენი ამის შემდეგ. სწორედ ასე. ამინ.