წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 122


ნაწილი 122

უფლის სიტყვა წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მიმართ, როდესაც იგი, მისურის შტატში, ლიბერთის ციხეში იყო დაპატიმრებული. ეს ნაწილი არის ნაწყვეტი ეკლესიისათვის დაწერილი წერილიდან, თარიღით 20 მარტი, 1839 წ. (იხ. 121-ე ნაწილის სათაური).

1–4, დედამიწის კიდეებიდან მოიკითხავენ ჯოზეფ სმითის სახელს; 5–7, ყოველი საფრთხე და ტანჯვა შესძენს მას გამოცდილებას და ეს მისთვის სასარგებლო იქნება; 8–9, კაცის ძე ყოველივეზე მეტად დამდაბლდა.

1 დედამიწის კიდენი მოიკითხავენ შენს სახელს და უგუნურნი სასაცილოდ აგიგდებენ და ჯოჯოხეთი აჯანყდება შენ წინააღმდეგ;

2 იმ დროს, როდესაც გულით წმინდანნი და ბრძენნი, კეთილშობილნი და სათნონი ეცდებიან, მუდმივად მიიღონ რჩევა, უფლებამოსილება და კურთხევები შენი ხელიდან.

3 და შენი ხალხი არასდროს არ შემობრუნდება შენ წინააღმდეგ, მოღალატეთა დამოწმების გამო.

4 და მიუხედავად იმისა, რომ მათი გავლენის გამო ჩავარდები გასაჭირში, ციხის გისოსებსა და კედლებში, შენ პატივცემული იქნები; და ცოტა ხანში შენი ხმა მტრების გარემოცვაში იქნება უფრო საშინელი, ვიდრე მძვინვარე ლომისა – შენი სამართლიანობის გამო; და შენი ღმერთი იდგება შენს გვერდზე, უკუნითი უკუნისამდე.

5 მოწოდებული თუ ხარ, გაიარო განსაცდელი; ხიფათში თუ ხარ ყალბ ძმებს შორის; ხიფათში თუ ხარ მძარცველთა შორის; ხიფათში თუ ხარ მიწაზე ან ზღვაში;

6 ბრალი თუ დაგდეს ყოველნაირი ცრუ ბრალდებებით, მტრები თავს თუ გესხმიან, მათ თუ მოგწყვიტეს მამაშენის, დედის, ძმებისა და დების საზოგადოებას; ხმალამოღებულმა მტრებმა თუ მოგწყვიტეს შენი მეუღლის მკერდიდან და შენი შთამომავლობისგან და უფროსი შვილისგან, მიუხედავად იმისა, რომ ის ექვსი წლის არის, ჩაეჭიდება რა შენს სამოსს და იტყვის, „მამიკო, მამა, რატომ ვერ დარჩები ჩვენთან? მამიკო, რას გიპირებენ ეს ადამიანები?“ იგი ხმლით თუ იქნება შენგან მოწყვეტილი და ციხეში გაგათრევენ და შენი მტრები გარშემო იწანწალებენ მგლებივით კრავის სისხლისთვის;

7 ორმოში თუ ჩაგაგდებენ ან მკვლელთა ხელში და სიკვდილის სასჯელს მოგისჯიან; თუ ჩაგაგდებენ ღრმაწყლისეულში და აზვირთული ტალღები წამოვლენ შენზედ, მძვინვარე ქარები თუ გახდება შენი მტერი, ზეცა თუ მოიკუპრება ბნელეთით და ბუნების ყოველი ძალა შეიკრიბება შენთვის გზის გადასაღობად, ამ ყოველივესთან ერთად ჯოჯოხეთის ხახა შენ უკან ფართოდ თუ გაიხსნება, იცოდე, ჩემო შვილო, ყოველივე ეს შეგძენს გამოცდილებას და იქნება შენთვის სასარგებლო.

8 კაცის ძე ყოველივე ამაზე უფრო მეტად დამდაბლდა. მასზე უფრო დიდი ხარ შენ?

9 ამიტომ, დარჩი შენს გზაზე და სამღვდელოება დარჩება შენთან; ვინაიდან მათთვის დადგენილია საზღვრები, რომლებსაც ვერ გადალახავენ. შენი დღეები ცნობილია და შენი წლები არ იქნება ნაკლები რიცხვით; ამიტომ, არ შეგეშინდეს იმის, რაც ადამიანს შეუძლია, ვინაიდან ღმერთი იქნება შენთან უკუნითი უკუნისამდე.