ოფიციალური განცხადება 2
მორმონის წიგნი ასწავლის, რომ „ყველა ერთია ღმერთისთვის.“ „შავი თუ თეთრი, მონა თუ თავისუფალი, მამრი თუ მდედრი“ (2 ნეფი 26:33). ეკლესიის ისტორიის განმავლობაში ყოველი რასისა და ეროვნების ადამიანები მრავალ ქვეყანაში მოინათლნენ და ეწეოდნენ ეკლესიის ერთგული წევრების ცხოვრებას. ჯოზეფ სმითის ცხოვრების ჟამს ეკლესიის რამდენიმე წევრი, შავკანიანი მამაკაცი, მღვდლობაზე იქნა ხელდასხმული. ეკლესიის ისტორიის ადრეულ ჟამს, ეკლესიის წინამძღვრებმა შეაჩერეს წარმოშობით აფრიკელი შავკანიანი მამაკაცების მღვდლობაზე ხელდასხმა. ამ ჩვეულების შეჩერების შესახებ საეკლესიო ჩანაწერებში არ არის მოცემული რაიმე ნათელი განმარტება. ეკლესიის წინამძღვრებს სწამდათ, რომ საჭირო იყო ღვთისგან გამოცხადება, რათა ეს ჩვეულება შეცვლილიყო და ლოცვებით აღსავსენი ეძებდნენ რჩევას. გამოცხადება მოევლინა ეკლესიის პრეზიდენტს, სპენსერ ვ. ქიმბალს, და დადასტურებულ იქნა ეკლესიის სხვა წინამძღვართათვის სოლთ-ლეიქის ტაძარში 1978 წ. 1 ივნისს. გამოცხადებამ მოხსნა ყოველი შეზღუდვა რასების მიმართ, რომელიც ოდესღაც მღვდლობასთან იყო დაკავშირებული.
მათ, ვისაც ეს ეხება:
1978 წ. 30 სექტემბერს უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის 148-ე ყოველწლიურ კონფერენციაზე, პირველი პრეზიდენტობის პირველ მრჩევლის, ნ. ელდონ ტანერის მიერ წარმოდგენილ იქნა შემდეგი:
ამა წლის ივნისის დასაწყისში პირველმა პრეზიდენტობამ განაცხადა, რომ პრეზიდენტ სპენსერ ვ. ქიმბალის მიერ მიღებულ იქნა გამოხცადება ეკლესიის ყოველ ღირსეულ მამაკაც წევრზე მღვდლობისა და ტაძრის კურთხევების გავრცელების შესახებ. პრეზიდენტმა ქიმბალმა მთხოვა, შემეტყობინებინა კონფერენციისთვის, რომ მას შემდეგ, რაც ამ წმინდა ტაძრის წმინდა ოთახებში ხანგრძლივი ჭვრეტისა და ლოცვის შემდეგ ეს გამოცხადება იქნა მიღებული, მან წარუდგინა იგი თავის მრჩევლებს, რომლებმაც ის მიიღეს და დაამტკიცეს, შემდეგ კი წარადგინეს თორმეტ მოციქულთა ქვორუმის წინაშე, რომელთა მიერ ის ერთსულოვნად იქნა დამტკიცებული და შესაბამისად წარსდგენილი ყველა დანარჩენ მთავარ ხელმძღვანელთა წინაშე, რომლებმაც ის ერთსულოვნად დაამტკიცეს.
პრეზიდენტმა ქიმბალმა მთხოვა, წამეკითხა თქვენთვის ეს წერილი:
8 ივნისი, 1978 წ.
უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის ყველა მთავარ და ადგილობრივ სამღვდელოების ხელმძღვანელს მთელ მსოფლიოში:
ძვირფასო ძმებო:
ვართ რა მოწმენი დედამიწაზე უფლის საქმის გავრცელებისა, ვართ მადლიერნი, რომ ადამიანები მრავალი ერიდან გამოეხმაურნენ აღდგენილი სახარების გზავნილს და სულ უფრო მზარდი ოდენობით უერთდებიან ეკლესიას. შესაბამისად, ამან შთაგვაგონა, გაგვევრცელებინა ეკლესიის ყოველ ღირსეულ წევრზე ყველა უპირატესობა და კურთხევა, რომელსაც იძლევა სახარება.
ვაცნობიერებდით რა დაპირებებს, რომლებიც მოცემულ იქნა ეკლესიის წინასწარმეტყველთა და პრეზიდენტთა მიერ, რომლებიც იყვნენ ჩვენამდე, რომ ღვთის მარადიულ გეგმაში ოდესღაც ყოველი ჩვენი ღირსეული ძმა შეძლებს მღვდლობის მიღებას და ვხედავდით რა მათ ერთგულებას, რომლებსაც მღვდლობა არ ებოძათ, ვთხოვდით დიდხანს და ბეჯითად მათთვის, ჩვენი ერთგული ძმებისთვის, მრავალი საათის განმავლობაში ვიმყოფებოდით ტაძრის ზედა ოთახში, ვევედრებოდით რა უფალს ღვთიური ხელმძღვანელობისთვის.
მან შეისმინა ჩვენი ლოცვები და გამოცხადებით დაგვიდასტურა, რომ დადგა დიდი ხნის წინ აღთქმული დღე, როდესაც ყოველი ერთგული ღირსეული მამაკაცი ეკლესიაში შეძლებს, მიიღოს წმინდა მღვდლობა, უფლებამოსილებით გამოიყენოს მისი ღვთიური ძალაუფლება და თავის საყვარელ ადამიანებთან ერთად იხაროს ყოველი კურთხევით, რომელიც ამისგან მოედინება, ტაძრის კურთხევის ჩათვლით. შესაბამისად, ყოველი ღირსეული მამაკაცი ეკლესიაში შეიძლება მღვდლობაზე იქნეს ხელდასხმული, რასისა და კანის ფერის მიუხედავად. სამღვდელოების წინამძღვარნი დარიგებულნი არიან, მიჰყვნენ წესს, გულდასმით გაესაუბრონ ყოველ კანდიდატს, აარონისა თუ მელქიცედეკის მღვდლობაზე ხელდასხმისთვის, უზრუნველყონ რა, რომ ისინი შეესაბამებიან ღირსეულობის დაწესებულ ნორმებს.
ჩვენ საზეიმოდ ვაცხადებთ, რომ უფალმა გვამცნო თავისი ნება თავისი ყოველი შვილის საკურთხევლად მთელ დედამიწაზე, ვინც ყურს დაუგდებს მის უფლებამოსილ მსახურებს და ემზადება სახარების ყოველი კურთხევის მისაღებად.
პატივისცემით,
სპენსერ ვ. კიმბალი
ნ. ელდონ თენერი
მარიონ გ. რომნი
პირველი პრეზიდენტობა
ვცნობთ რა სპენსერ ვ. ქიმბალს უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წინასწარმეტყველად, წინასწარმჭვრეტად, განმცხადებლად და პრეზიდენტად, შემოსულია წინადადება, რომ ჩვენ, როგორც დამფუძნებელმა კრებამ, მივიღოთ ეს გამოცხადება უფლის სიტყვად და ნებად. ყოველმა, ვინც ამას მხარს უჭერს, ხმის მიცემის ნიშნად ასწიოს მარჯვენა ხელი. წინააღმდეგმაც ეს ანალოგიურად გამოხატოს.
ზემოაღნიშნული წინადადება იქნა ერთსულოვნად მხარდაჭერილ.
სოლთ-ლეიქ სითი, იუტა, 30 სექტემბერი, 1978 წ.