ნაწილი 5
წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით მიღებული გამოცხადება, ქ. ჰარმონი, პენსილვანია, 1829 წ. მარტი, მარტინ ჰარისის მოთხოვნით.
1–10, ეს თაობა უფლის სიტყვას მიიღებს ჯოზეფ სმითის მეშვეობით; 11–18, მორმონის წიგნის შესახებ დაამოწმებს სამი მოწმე; 19–20, უფლის სიტყვა დადასტურდება ისე, როგორც ძველად; 21–35, მარტინ ჰარისს შეუძლია მოინანიოს და გახდეს ერთ-ერთი მოწმეთაგანი.
1 აჰა, მე გეუბნები: ვინაიდან ჩემმა მსახურმა, მარტინ ჰარისმა, მოისურვა იმის დამოწმება, რომ შენ, ჩემო მსახურო, ჯოზეფ სმით უმცროსო, გაქვს ფირფიტები, რომლებზეც მოწმობდი და დაამოწმე, რომ ისინი ჩემგან მიიღე;
2 და ახლა, აჰა, მას ეტყვი ასე: ის, ვინც გელაპარაკებოდა, გითხრა: მე, უფალი, ვარ ღმერთი და გიბოძე შენ, ჩემს მსახურს, ჯოზეფ სმით უმცროსს, ეს ფირფიტები და გიბრძანე, რომ იყო ყოველივე ამის მოწმე;
3 და გიბრძანე, რომ ჩემ წინაშე დადო აღთქმა, რომ არავის არ დაანახებ მათ, გარდა იმ პირებისა, რომლებსაც გიბრძანებ; და არ გაქვს მათზე ძალაუფლება, თუ მე ამას არ გიბოძებ.
4 და გაქვს ძღვენი, გადათარგმნო ეს ფირფიტები; და ეს არის პირველი ძღვენი, რომელიც მე გიბოძე; და გიბრძანე, არ მოითხოვო სხვა რაიმე ძღვენი, სანამ ამაში ჩემი მიზანი არ აღსრულდება; ვინაიდან, არ გიბოძებ არც ერთ სხვა ძღვენს, სანამ ეს არ შესრულდება.
5 ჭეშმარიტად გეუბნები, რომ ვარამი მოევლინება დედამიწის მცხოვრებთ, თუ ყურს არ დაუგდებენ ჩემს სიტყვებს.
6 ვინაიდან, შენ ამჟამიდან იქნები ხელდასხმით კურთხეული და წახვალ ადამიანთა შვილებისთვის ჩემი სიტყვის საქადაგებლად.
7 აჰა, თუ არ იწამებენ ჩემს სიტყვებს, არც შენ დაგიჯერებენ, ჩემო მსახურო, ჯოზეფ, თუნდაც გქონდეს საშუალება, აჩვენო მათ ყოველივე ის, რაც მე გადმოგეცი.
8 ეს ურწმუნო და ქედფიცხელი თაობა – აალებულია ჩემი რისხვა მათ წინააღმდეგ.
9 აჰა, ჭეშმარიტად გეუბნები: შევინახე ყოველივე ის, რაც მოგანდე, ჩემო მსახურო, ჯოზეფ, ჩემი კეთილგონივრული მიზნით, რომელიც მომავალი თაობებისთვის გახდება ცნობილი;
10 მაგრამ ეს თაობა ჩემს სიტყვას მიიღებს შენი მეშვეობით;
11 და შენს დამოწმებას დაემატება დამოწმებები ჩემი სამი მსახურისა, რომლებსაც მოვუწოდებ და ხელდასხმით ვაკურთხებ, დავანახებ ყოველივეს და წავლენ ჩემი სიტყვით, რომელიც შენი მეშვეობით მიიღეს.
12 დიახ, მტკიცედ ეცოდინებათ, რომ ყოველივე ეს არის ჭეშმარიტება, ვინაიდან ამას მათ ზეციდან განვუცხადებ.
13 მე მათ ვუბოძებ ძალას, იხილონ და დაინახონ ყოველივე ეს, როგორც არის;
14 და სხვა არავის ვუბოძებ ამ ძალას, რათა მიიღონ იგივე დამოწმება ამ თაობაში, როდესაც ჩემი ეკლესია იწყებს აღმასვლას და უდაბნოდან გამოსვლას – წმინდა, ვითარცა მთვარე, მზესავით მშვენიერი და დროშებიანი ჯარივით საზარელი.
15 და წინ გავუგზავნი სამი მოწმის დამოწმებას ჩემს სიტყვაზე.
16 და აჰა, რომელიც ჩემს სიტყვებს იწამებს, ვეწვევი ჩემი სულის გამოცხადებით და ჩემგან იქნებიან შობილნი, თავად წყლიდან და სულისგან –
17 და უნდა მოიცადო ცოტა ხანი, ვინაიდან ჯერ არ ხარ ხელდასხმით კურთხეული –
18 და მათი დამოწმება ასევე გაჟღერდება ამ თაობის დასაგმობად, თუ გულებს მათ მიმართ გაიქვავებენ;
19 ვინაიდან, დედამიწის მცხოვრებთა შორის გავრცელდება და დროდადრო, თავს დაატყდება მათ ამაოხრებელი ჭირი, თუ არ მოინანიებენ, სანამ არ დაცარიელდება დედამიწა და მისი მცხოვრებნი არ შთაინთქმებიან და მთლიანად არ განადგურდებიან ჩემი მოსვლის სიკაშკაშით.
20 აჰა, ყოველივე ამას გეუბნები, ისევე, როგორც ხალხს ვუთხარი იერუსალიმის განადგურებაზე; და ჩემი სიტყვა დადასტურდება ამჟამად ისე, როგორც დადასტურდა აქამდე.
21 და ახლა გიბრძანებ, ჩემო მსახურო, ჯოზეფ, მოინანიო და ჩემ წინაშე იარო წელგამართულმა და აღარ აჰყვე ადამიანთა რწმუნებას;
22 რომ იყო მტკიცე მცნებების დაცვაში, რომლებიც გიბრძანე; და თუ ამას გააკეთებ, მე გიბოძებ მარადიულ სიცოცხლეს, თუნდაც მოგკლან.
23 და ახლა, კვლავ გელაპარაკები, ჩემო მსახურო, ჯოზეფ, იმ ადამიანის შესახებ, რომელსაც სურს დამოწმების მიღება –
24 აჰა, მას ვეუბნები, რომ თავს იმაღლებს და თავს არ იმდაბლებს ჩემ წინაშე საკმარისად; მაგრამ, თუ ქედს მოიხრის ჩემ წინაშე და თავს დაიმდაბლებს მხურვალე ლოცვითა და რწმენით, საკუთარი გულის გულწრფელობით, მაშინ მის მზერას გავუხსნი იმას, რისი ხილვაც მას სურს.
25 და მაშინ იგი ეტყვის ამ თაობის ხალხს: აჰა, მე ვიხილე ის, რაც უფალმა დაანახა ჯოზეფ სმით უმცროსს და ნამდვილად ვიცი, რომ ყოველივე ეს არის ჭეშმარიტი, ვინაიდან ისინი ვიხილე და რადგან ღვთის ძალით დამანახეს ისინი და არა ადამიანისა.
26 და მე, უფალი, ვუბრძანებ ჩემს მსახურს, მარტინ ჰარისს, რომ მეტი არაფერი არ თქვას ყოველივე ამის შესახებ, გარდა შემდეგისა: მე ვიხილე და დამანახეს ღვთის ძალით; და ეს იქნება სიტყვები, რომლებსაც იგი იტყვის.
27 ხოლო თუ ამას უარყოფს, იგი დაარღვევს ჩემთან ადრე დადებულ აღთქმას; და, აჰა, იგი არის განსჯილი.
28 და ახლა, თუ არ დაიმდაბლებს თავს და არ მოინანიებს ყოველივე თავის ჩადენილს და რაც არის ცუდი და ჩემთან არ დადებს აღთქმას, რომ დაიცავს ჩემს მცნებებს და გამოავლენს რწმენას ჩემში, აჰა, მე ვეუბნები, ვერ იხილავს ვერაფერს, ვინაიდან არ ვუბოძებ იმის ხილვას, რაზედაც ვილაპარაკე.
29 თუ ასე იქნება, მე გიბრძანებ, ჩემო მსახურო, ჯოზეფ, რომ უთხრა მას – აღარ გააკეთოს არაფერი, არც მომავალში არ შემაწუხოს ამ საკითხზე.
30 თუ ასე იქნება, აჰა, ჯოზეფ, შენ გეუბნები: როდესაც გადათარგმნი კიდევ რამდენიმე გვერდს, ცოტა ხნით შეჩერდი, სანამ კვლავ არ გიბრძანებ; შემდეგ კვლავ შეძლებ თარგმნას.
31 და ასე თუ არ გააკეთებ, აჰა, შენ აღარ გექნება ძღვენი და ჩამოგართმევ ყოველივე იმას, რაც მოგანდე.
32 და ახლა, წინასწარ ვხედავ, რომ ჩაგისაფრდებიან, რათა გაგანადგურონ, დიახ, წინასწარ ვხედავ, რომ ჩემი მსახური, მარტინ ჰარისი, თუ თავს არ დაიმდაბლებს და არ მიიღებს დამოწმებას ჩემი ხელიდან, შეცოდებაში ჩავარდება.
33 და არიან ბევრნი, რომლებიც ჩაგისაფრდებიან, რათა გაგანადგურონ დედამიწის პირიდან; და ამ მიზეზის გამო, რომ გრძელი იყოს შენი დღეები, მე მოგეცი ეს ბრძანებები.
34 დიახ, ამ მიზეზით, მე გითხარი: შეჩერდი და არ გაინძრე იქამდე, სანამ არ გიბრძანებ; და მოგცემ საშუალებას, რომლითაც შეძლებ იმის შესრულებას, რაც მე გიბრძანე.
35 და თუ ერთგული იქნები ჩემი მცნებების დაცვაში – ამაღლდები უკანასკნელ დღეს. ამინ.