ნაწილი 51
წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით მიღებული გამოცხადება, ქ. ტომფსონი, ოჰაიოს ოლქი, 20 მაისი 1831 წ. ამ ჟამს, აღმოსავლეთ შტატებიდან გადმოსახლებულმა წმინდანებმა მიაღწიეს ოჰაიოს შტატს და აუცილებელი გახდა საჭირო ზომების მიღება მათი დასახლებისთვის. ვინაიდან, ეს იყო ეპისკოპოსის მოვალეობა, ეპისკოპოსმა ედვარდ პარტრიჯმა მოითხოვა დარიგება ამ საკითხთან დაკავშირებით და წინასწარმეტყველმა ჰკითხა უფალს.
1–8, ედვარდ პარტრიჯი დანიშნულია, თვალ-ყური ადევნოს ხელმძღვანელობასა და ქონებას; 9–12, წმინდანები უნდა იქცეოდნენ პატიოსნად და იღებდნენ თანაბრად; 13–15, მათ უნდა ჰქონდეთ ეპისკოპოსის საწყობი და მართონ ქონება უფლის კანონის შესაბამისად; 16–20, ოჰაიო არის დროებითი შეკრების ადგილი.
1 ყური დამიგდეთ, – ამბობს უფალი, თქვენი ღმერთი და მე დაველაპარაკები ჩემს მსახურს, ედვარდ პარტრიჯს და მივცემ მას დარიგებას; ვინაიდან საჭიროა, რომ მიიღოს დარიგება, როგორ გაუწიოს ხელმძღვანელობა ამ ხალხს.
2 ვინაიდან, საჭიროა, რომ მან ორგანიზება გაუწიოს ჩემი კანონების შესაბამისად; სხვაგვარად, ისინი იქნებიან მოკვეთილნი.
3 ამიტომ, დაე, ჩემმა მსახურმა, ედვარდ პარტრიჯმა და მათ, რომლებიც მან ამოირჩია, რომლებიც მოვიწონე, გაუნაწილონ ამ ხალხს ქონება, თანაბრად ყოველ ადამიანს, თავისი ოჯახის პირობების, მისი საჭიროებებისა და მოთხოვნილებების შესაბამისად.
4 დაე, ჩემმა მსახურმა, ედვარდ პარტრიჯმა, როდესაც იგი ადამიანს წილს განუსაზღვრავს, უბოძოს მას წერილი, რათა დაამტკიცოს მისთვის გადაცემული წილი, რათა იყოს მისი მფლობელი, ეკლესიაში ჰქონდეს უფლება და მემკვიდრეობა მასზე, სანამ იგი არ ჩაიდენს დანაშაულს და ერთხმად არ იქნება აღიარებული უღირსად ეკლესიის მიერ ეკლესიის აღთქმებისა და კანონების შესაბამისად იყოს ეკლესიის წევრი.
5 და იგი თუ შესცოდავს და ჩაითვლება უღირსად, მიეკუთვნებოდეს ეკლესიას, მას არ ექნება უფლებამოსილება, უკან მოითხოვოს ის ქონება, რაც მან მიუძღვნა ეპისკოპოსს ჩემი ეკლესიის ღარიბებისა და გაჭირვებულებისთვის; ამიტომ, იგი ვერ შეინარჩუნებს ძღვენს, არამედ ექნება უფლება მხოლოდ იმ წილზე, რომელიც მას გადაეცა.
6 და ამგვარად, ყოველივე დამტკიცებული იქნება ქვეყნის კანონების შესაბამისად.
7 დაე ის, რაც ეკუთვნის ამ ხალხს, იყოს ამ ხალხისთვის დანიშნული.
8 და რაც შეეხება ფულს, რომელიც ამ ხალხს დაუტოვეს – დაე, დაინიშნოს ნდობით აღჭურვილი პირი ამ ხალხისთვის, რათა აიღოს თანხები საკვებისა და ტანისამოსის მოსამარაგებლად, ამ ხალხის მოთხოვნილებების შესაბამისად.
9 დაე, ყოველი ადამიანი მოიქცეს პატიოსნად და იყოს ამ ხალხის თანასწორი და მიიღოს თანაბრად, რათა იყოთ ერთიანნი, ისე, როგორც გიბრძანეთ.
10 და რაც ეკუთვნის ამ ხალხს, არ ჩამოერთვას და არ გადაეცეს სხვა ეკლესიას.
11 ამიტომ, თუ სხვა ეკლესია მიიღებს ამ ეკლესიის ფულს, დაე, მათ გადაუხადონ ამ ეკლესიას იმისდა შესაბამისად, რაზეც შეთანხმდებიან;
12 და ეს აღსრულდება ეპისკოპოსის ან ნდობით აღჭურვილი პირის მიერ, რომელიც დაინიშნება ერთხმად ეკლესიის მიერ.
13 და კიდევ: დაე, ეპისკოპოსმა შექმნას საწყობი ამ ეკლესიისთვის; დაე, ყოველი თანხა და საკვები, რაც აღემატება ამ ხალხის მოთხოვნებს, იყოს ეპისკოპოსის ხელში.
14 დაე, მან მოიმარაგოს ასევე თავისთვის, საკუთარი მოთხოვნილებებისთვის და საკუთარი ოჯახის მოთხოვნილებებისთვის, როდესაც იგი დაკავებული იქნება ამ საქმით.
15 და ამგვარად, მე ვუბოძებ ამ ხალხს უპირატესობას, რათა ჩამოყალიბდნენ ჩემი კანონების შესაბამისად.
16 და ცოტა ხნით მივუძღვნი მათ ამ მიწას, სანამ მე, უფალი, არ უზრუნველვყოფ მათ სხვა რაიმეთი და არ ვუბრძანებ აქედან წასვლას.
17 და არ აქვთ მათ ნაბოძები ამის საათი და დღე, ამიტომ, იმოქმედონ, როგორც მრავალი წლით დასახლებულებმა და ეს იქნება მათ სასიკეთოდ.
18 აჰა, ჩემი მსახურის – ედვარდ პარტრიჯისთვის, ეს იქნება მაგალითი, ყოველ ეკლესიასა და სხვა ადგილებში.
19 და ყოველი, ვინც იქნება ერთგული, მართალი და ბრძენი ზედამხედველი, შევა თავისი უფლის სიხარულში და დაიმკვიდრებს მარადიულ სიცოცხლეს.
20 ჭეშმარიტად გეუბნებით: მე ვარ იესო ქრისტე, რომელიც მოვალ მალე, იმ საათს, რომელზეც თქვენ არ ფიქრობთ. სწორედ ასე. ამინ.