წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 133


ნაწილი 133

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით მიღებული გამოცხადება, ჰაირამი, ოჰაიო, 3 ნოემბერი, 1831 წ. ჯოზეფ სმითის ისტორიაში ამ გამოცხადების წინასიტყვაობაში წერია: „ამ დროს იყო მრავალი რამ, რაც უხუცესებს სურდათ გაეგოთ, რაც ეხებოდა სახარების ქადაგებას დედამიწის მცხოვრებთათვის და შეკრებას; იმისთვის, რომ ჭეშმარიტი სინათლით ევლოთ და მიეღოთ ზეციდან დარიგებები, 1831 წ. 3 ნოემბერს მე მივმართე უფალს და მივიღე შემდეგი მნიშვნელოვანი გამოცხადება.“ ეს ნაწილი თავდაპირველად მოძღვრება და აღთქმების წიგნში იყო როგორც დანართი, რომელიც შემდგომ შევიდა ცალკე ნაწილად.

1–6, წმინდანებს ებრძანათ, მოემზადონ მეორედ მოსვლისთვის; 7–16, ყოველ ადამიანს ებრძანა ბაბილონიდან გაქცევა, სიონში მოსვლა და უფლის დიადი დღისთვის მომზადება; 17–35, იგი დადგება სიონის მთაზე და კონტინენტები ერთ მიწად გადაიქცევა და დაბრუნდება ისრაელის დაკარგული ტომები; 36–40, სახარება აღდგენილ იქნა ჯოზეფ სმითის მეშვეობით, რათა იყოს მთელ ქვეყანაზე ნაქადაგები; 41–51, უფალი მოევლინება ბოროტთ შურისგებით; 52–56, ეს იქნება მის გამოსყიდულთა წელი; 57–74, სახარება უნდა გავრცელდეს წმინდანთა გადასარჩენად და ბოროტთა გასანადგურებლად.

1 ყური დამიგდეთ, ჩემი ეკლესიის ხალხო, – ამბობს უფალი, თქვენი ღმერთი და მოისმინეთ უფლის ხმა თქვენ შესახებ –

2 უფალი, რომელიც მოულოდნელად მოვა თავის ტაძარში, უფალი, რომელიც დაეშვება ქვეყანაზე წყევლითა და სამსჯავროთი; დიახ, ყველა ერზე, რომელმაც დაივიწყა ღმერთი და ყოველ უღმერთოზე თქვენ შორის.

3 ვინაიდან, იგი გაიშიშვლებს წმინდა მკლავს ყოველი ერის თვალწინ და დედამიწის ყველა კიდე იხილავს თავიანთი ღმერთის ხსნას.

4 ამიტომ, მოემზადეთ, მოემზადეთ, ჩემო ხალხო, განიწმინდეთ; ერთად შეიკრიბეთ თქვენ, ჩემი ეკლესიის ხალხო, სიონის მიწაზე, ყველანი, რომლებსაც არ გებრძანათ დარჩენა.

5 წადით ბაბილონიდან. იყავით წმინდა, უფლის ჭურჭლის მატარებელნო.

6 მოიწვიეთ საზეიმო შეკრებები და ხშირად ელაპარაკეთ ერთმანეთს. დაე, ყოველმა ადამიანმა მოუხმოს უფლის სახელს.

7 დიახ, კვლავ ჭეშმარიტად გეუბნებით: მოვიდა ჟამი, როდესაც უფლის ხმა თქვენთვის ამბობს: წადით ბაბილონიდან, შეიკრიბეთ ერებიდან, ოთხი ქარიდან, ზეცის ერთი კიდიდან მეორემდე.

8 გააგზავნეთ ჩემი ეკლესიის უხუცესები ერებში, რომლებიც არიან შორს, ზღვის კუნძულებზე; გააგზავნეთ უცხო ქვეყნებში, მოუწოდეთ ყოველ ერს, პირველად წარმართებს და შემდეგ იუდევლებს.

9 და აჰა, ჭეშმარიტად, ეს იქნება მათი ღაღადი და ხმა უფლისა ყოველი ხალხისთვის: წადით სიონის მიწაზე, რათა გაფართოვდეს ჩემი ხალხის საზღვრები და განმტკიცდეს მისი პალოები, რათა სიონი გადაიშალოს გარშემო მხარეებში.

10 დიახ, დაე, ღაღადი გავრცელდეს ყოველ ხალხში: გაიღვიძეთ, ადექით და წადით ნეფეს შესახვედრად; აჰა, ჭეშმარიტად, ნეფე მოდის, გამოდით მის დასახვედრად, მოემზადეთ უფლის დიადი დღისთვის.

11 ამიტომ, იფხიზლეთ, ვინაიდან არ იცით არც დღე, არც საათი.

12 ამიტომ, დაე, ისინი, რომლებიც არიან წარმართთა შორის, გაიხიზნონ სიონში.

13 დაე, ისინი, რომლებიც არიან იუდასგან, გაიხიზნონ იერუსალიმში, უფლის სახლის მთებში.

14 წადით ერთა შორიდან, ბაბილონიდან, გარემოცვიდან სიბოროტისა, რაც არის სულიერი ბაბილონი.

15 მაგრამ ჭეშმარიტად, ამას ამბობს უფალი: დაე, არ იყოს თქვენი გაქცევა ნაჩქარევი, დაე, მომზადებულ იყოს ყოველივე თქვენ წინაშე; და ის, რომელიც წავა, ნუღარ გაიხედავს უკან, თორემ თავს დაატყდება უეცარი განადგურება.

16 ყური დამიგდეთ და მოისმინეთ თქვენ, დედამიწის მცხოვრებნო. მოისმინეთ, უხუცესებო ჩემი ეკლესიისა, ერთად და შეისმინეთ უფლის ხმა; ვინაიდან, მოუწოდებს ის ყოველ ადამიანს ყველგან, რომ მოინანიოს.

17 ვინაიდან, აჰა, უფალმა ღმერთმა მოავლინა ანგელოზი, მოღაღადე ზეცის შუაგულში, სიტყვებით: მოამზადეთ გზა უფლისთვის, მოასწორეთ მისი ბილიკები; ვინაიდან, ახლოვდება მისი მოსვლის საათი –

18 როდესაც სიონის მთაზე დადგება კრავი და მასთან ერთად ას ორმოცდაოთხი ათასი, ექნებათ რა შუბლზე მისი მამის სახელი დაწერილი.

19 ამიტომ, მოემზადეთ ნეფის მოსვლისთვის, გამოდით, გამოდით მის დასახვედრად.

20 ვინაიდან, აჰა, იგი იდგება ზეთისხილის მთაზე და ძლევამოსილ ოკეანეზე, წყლებზე დიდი სიღრმისა, ზღვის კუნძულებზე და სიონის მიწაზე.

21 და იგი აღიმაღლებს ხმას სიონიდან, ილაპარაკებს იერუსალიმიდან და მისი ხმა გაისმება ყველა ხალხს შორის;

22 და ეს ხმა იქნება, როგორც მრავალი წყლის ხმა, როგორც ხმა დიდი ჭექა-ქუხილისა, რომელიც დაანგრევს მთებს და გაქრება ველები.

23 იგი უბრძანებს დიდი სიღრმის წყლებს და ისინი უკან გაემართებიან ჩრდილოეთ ქვეყნებისკენ და კუნძულები გადაიქცევა ერთ მიწად;

24 იერუსალიმის მიწა და სიონის მიწა დაბრუნდება უკან, თავიანთ ადგილზე და დედამიწა იქნება იმდაგვარი, როგორიც იყო იმ დღემდე, სანამ ის დაიყოფოდა.

25 და უფალი, მხსნელი, დადგება თავის ხალხს შორის და იმეფებს ყოველ ხორციელზე.

26 და ისინი, რომლებიც არიან ჩრდილოეთ ქვეყნებში, მოხსენიებულ იქნებიან უფლის წინაშე და მათი წინასწარმეტყველნი მოისმენენ მის ხმას, აღარ შეიკავებენ თავს, კლდეს დაჰკრავენ და გალღვება ყინული მათ წინაშე.

27 და გზა განმზადდება დიდი სიღრმის წყლების შუაგულში.

28 მათი მტრები მათ ნადავლად იქცევიან.

29 და უნაყოფო უდაბნოებში ამოვა ცოცხალი წყლის ტბები; არუჯული ნიადაგი აღარ იქნება წყალს მოწყურებული მიწა.

30 და ისინი მოუტანენ თავიანთ მდიდარ საგანძურს ეფრემის შვილებს, ჩემს მსახურებს.

31 და მარადიულ გორაკთა საზღვრები, მათი თანდასწრებისგან აკანკალდებიან.

32 და ისინი დაეცემიან მუხლებზე და დაგვირგვინდებიან ბრწყინვალებით სიონში, უფლის მსახურთა ხელით, ეფრემის შვილებისგან.

33 და იქნებიან აღვსილნი მარადიული სიხარულის გალობით.

34 აჰა, ეს არის მარადიული ღმერთის კურთხევა ისრაელის ტომებზე და უფრო დიდი კურთხევაა ეფრემისა და მისი ძმების თავზე.

35 ასევე ისინი, იუდას ტომიდან, ტკივილის შემდეგ განიწმინდებიან სიწმინდეში უფლის წინაშე, რათა იყვნენ მის გარემოცვაში დღე და ღამე, უკუნითი უკუნისამდე.

36 და ახლა ჭეშმარიტად, ამბობს უფალი: რათა ყოველივე ეს ცნობილი იყოს თქვენ შორის, დედამიწის მცხოვრებნო, მოვავლინე ჩემი ანგელოზი ზეცის შუაგულში მფრინავი, მარადიული სახარებით, რომელიც გამოეცხადა ზოგიერთს და გადასცა იგი ადამიანს და რომელიც გამოეცხადება დედამიწაზე მრავალ მცხოვრებს.

37 და ეს სახარება იქნება ნაქადაგები ყოველი ერის, ტომის, ენისა და ხალხისთვის.

38 და ღვთის მსახურნი წავლენ, იტყვიან რა ხმამაღლა: გეშინოდეთ ღმერთის, მიაგეთ დიდება მას, ვინაიდან დადგა მისი საათი განკითხვისა;

39 და ეთაყვანეთ მას, რომელმაც შექმნა ზეცა, დედამიწა, ზღვა და წყლის წყაროები –

40 მოუხმეთ უფლის სახელს დღე და ღამე, სიტყვებით: ო, ზეცა რომ გაგერღვია, ჩამოსულიყავი, მთები ჩამოდნებოდა შენ წინაშე.

41 და გაეცემათ პასუხი; ვინაიდან, უფლის გარემოცვა იქნება, როგორც მოგიზგიზე ცეცხლი მშთანთქველი, როგორც ცეცხლი, წყლების ამდუღებელი.

42 უფალო, მოევლინები, რათა შენი მტრებისთვის ცნობილი გახდეს შენი სახელი და ყოველი ერი შენ წინაშე აკანკალდება –

43 როდესაც აღასრულებ საშინელ რამეს, რასაც ისინი არ ელიან;

44 დიახ, როდესაც დაეშვები და მთები დადნება შენ წინაშე, შენ შეხვდები მას, ვინც ხარობს და აღასრულებს სამართალს, ვისაც ახსოვხარ შენს გზებზე.

45 ვინაიდან, სამყაროს დასაბამიდან არავის არ გაუგონია, ყურს არ სმენია, არც თვალით უნახავს, ო, ღმერთო, შენ გარდა, რაოდენ ბრწყინვალე რამ მოუმზადე მას, ვინც გელოდება.

46 ვინაიდან, იტყვიან: ვინ არის ეს, შეღებილ სამოსში, რომელიც მოვლენილია ზეცაში მყოფი ღმერთისგან, დიახ, უცხო მხარეებიდან, შემოსილი თავის ბრწინვალე სამოსელში, საკუთარი ძლიერების ბრწყინვალებაში მომავალი?

47 და იგი იტყვის: მე ვარ სიმართლით მოლაპარაკე, ხსნის შემძლე.

48 და უფლის სამოსელი იქნება წითელი და მისი ტანსაცმელი – საწნახელში ღვინის დამწურავივით.

49 და იმდენად დიდი იქნება მისი გარემოცვის ბრწყინვალება, რომ მზე სირცხვილით სახეს დამალავს, მთვარე შეწყვეტს ნათებას და თავიანთი ადგილებიდან ჩამოცვივდებიან ვარსკვლავები.

50 და მისი ხმა გაისმება: მე მარტომ დავწნეხე ღვინო საწნახელში, მოვავლინე სამსჯავრო ყველა ხალხზე და არავინ იყო ჩემთან.

51 და ვწურავდი მათ ჩემს რისხვაში და ვსრესდი მათ ჩემს გულისწყრომაში და მათი სისხლი შეეშხეფა ჩემს სამოსს და მთელი ჩემი სამოსელი გავსვარე, ვინაიდან ეს იყო შურისგების დღე ჩემს გულში.

52 და ახლა, ჩემს გამოსყიდულთა წელი დადგა; და მოიხსენიებენ თავიანთი უფლის წყალობას და ყოველივე იმას, რაც უფალმა მიაგო თავისი დიდი სიკეთითა და გასაოცარი გულკეთილობით, უკუნითი უკუნისამდე.

53 ყოველ მათ სატანჯველში თვითონაც იტანჯებოდა. და მისი გარემოცვის ანგელოზმა იხსნა ისინი; თავისი სიყვარულითა და მოწყალებით გამოისყიდა ისინი და ატარებდა მათ ძველი დროის ყოველ დღეს.

54 დიახ, ასევე ენოქი და ისინი, რომლებიც იყვნენ მასთან ერთად; წინასწარმეტყველნი, რომლებიც მის წინ იყვნენ; და ასევე ნოე და ისინი, რომლებიც მის წინ იყვნენ; და ასევე მოსე და ისინი, რომლებიც მის წინ იყვნენ.

55 და მოსედან ელიამდე, ელიადან იოანემდე, რომლებიც იყვნენ ქრისტესთან მისი აღდგომისას და წმინდა მოციქულები – აბრაამთან, ისააკთან და იაკობთან ერთად იქნებიან კრავის გარემოცვაში.

56 და წმინდანთა საფლავები გაიხსნება; და იქიდან ამოვლენ და დადგებიან კრავის მარჯვენა ხელისკენ, როდესაც იგი დადგება სიონის მთაზე და წმინდა ქალაქის თავზე, ახალ იერუსალიმზე; და იგალობებენ ისინი კრავის სიმღერას, დღე და ღამე, უკუნითი უკუნისამდე.

57 და ამ მიზნით, რომ ადამიანები გახდნენ ბრწყინვალებათა თანამონაწილენი, რომლებიც უნდა გამოცხადდეს, უფალმა მოავლინა სახარების სისრულე, თავისი მარადიული აღთქმა, გადმოცემული სისადავითა და უბრალოებით –

58 რათა მოამზადოს უძლურნი ყოველივე იმისთვის, რაც მოევლინება დედამიწას და უფლის დავალებით იმ დღეს, როდესაც უძლური შეარცხვენს ბრძენს და მცირე იქცევა ძლიერ ერად და ორნი განდევნიან ათობით ათასს.

59 დედამიწის უძლურთა მეშვეობით უფალი ერებს დალეწავს თავისი სულის ძალით.

60 და ამ მიზნით იქნა მოცემული ეს მცნებები; ნაბრძანები იყო, დაფარულ ყოფილიყო ისინი ამაქვეყნისგან იმ დღეს, როდესაც ისინი მოცემულ იქნა, მაგრამ ახლა მათ უნდა მიაღწიონ ყოველ ხორციელამდე –

61 და ეს უფლის გადაწყვეტილებისა და ნების შესაბამისად, რომელიც მეფობს ყოველ ხორციელზე.

62 და მას, ვინც უფლის წინაშე მოინანიებს და განიწმინდება, ებოძება მარადიული სიცოცხლე.

63 და მათზედ, ვინც ყურს არ უგდებს უფლის ხმას, აღსრულდება ის, რაც წინასწარმეტყველმა მოსემ დაწერა, რომ ისინი ხალხიდან იქნებიან მოკვეთილნი.

64 და ასევე ის, რაც დაწერა წინასწარმეტყველმა მალაქიამ: რადგან, აჰა, მოდის დღე, თონესავით ავარვარებული და ყველა ამპარტავანი, დიახ, ყველა უკეთურობის მოქმედი, ჩალა იქნება და გადაბუგავს მათ მომავალი დღე, – ამბობს ცაბაოთ უფალი, ისე რომ არ შეარჩენს არც ძირს და არც რტოს.

65 ამიტომ, ეს იქნება უფლის პასუხი მათთვის:

66 იმ დღეს, როდესაც ჩემებთან მოვედი, არავინ მიმიღო და თქვენ იყავით გაძევებულნი.

67 როდესაც კვლავ მოგიხმეთ, არავინ იყო თქვენ შორის პასუხის გამცემი; მაგრამ არ დამიმოკლებია ხელი გამოსყიდვისთვის, არც ძალა დამკლებია შეწევნისა.

68 აჰა, ჩემი საყვედურით ვაშრობ ზღვას, მდინარეებს უდაბნოდ ვაქცევ; ყარს მათი თევზი და იხოცება წყურვილით.

69 მე ვმოსავ ცას წყვდიადით და ძაძას ვაფარებ მოსასხამად.

70 და ეს გელით თქვენ ჩემი ხელიდან – დაწვებით მწუხარებაში.

71 აჰა, ჭეშმარიტად, ვერავინ ვერ გიხსნით; ვინაიდან არ ემორჩილებოდით ჩემს ხმას, როდესაც ზეციდან მოგიწოდებდით; არ დაუჯერეთ ჩემს მსახურებს და როდესაც თქვენთან მოვავლინე, თქვენ არ მიიღეთ ისინი.

72 ამიტომ, მათ ჩაბეჭდეს დამოწმება და შეუქცევადი გახადეს კანონი და თქვენ ბნელეთს იქენით მიცემულნი.

73 წავლენ ესენი გარესკნელ ბნელეთში, სადაც იქნება ტირილი, კვნესა და კბილების ღრჭენა.

74 აჰა, უფალმა, თქვენმა ღმერთმა, თქვა ეს. ამინ.