ნაწილი 111
წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით მიღებული გამოცხადება, ქ. სალემი, მასაჩუსეტსი, 6 აგვისტო, 1836 წ. იმჟამად ეკლესიის წინამძღვრები თავიანთი მსახურების გამო მძიმე ვალებში იმყოფებოდნენ. გაიგეს რა, რომ სალემში შეძლებდნენ დიდი ოდენობით თანხის მიღებას, წინასწარმეტყველი, სიდნეი რიგდონი, ჰაირამ სმითი და ოლივერ ქაუდერი სალემში გაემგზავრნენ კირტლანდიდან, ოჰაიოს შტატი, რათა გარკვეულიყვნენ არსებულ ვითარებაში, ასევე ექადაგათ სახარება. ძმებმა მოაგვარეს ეკლესიის რამდენიმე საკითხი და ზოგიერთ ადგილას იქადაგეს. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ არანაირი თანხა არ იყო ხელმისაწვდომი, ისინი დაბრუნდნენ კირტლანდში. ამ ამბის ზოგიერთი გარემოება აღწერილია ამ გამოცხადებაში.
1–5, უფალი ზრუნავს თავისი მსახურების ამქვეყნიურ მოთხოვნილებებზე; 6–11, იგი სიონის მიმართ გამოიჩენს გულმოწყალებას და ყოველივეს თავისი მსახურების სასიკეთოდ მოაგვარებს.
1 მე, უფალი, თქვენი ღმერთი, არ ვარ უკმაყოფილო ამ მოგზაურობაში თქვენი წასვლის გამო, მიუხედავად თქვენი უგუნურობისა.
2 მე ამ ქალაქში მაქვს დიდი საგანძური სიონის საკეთილდღეოდ და ამ ქალაქში – უამრავი ადამიანია, რომლებსაც შესაფერის დროს შევკრებ თქვენი ძალისხმევით სიონის სასარგებლოდ.
3 ამიტომ, საჭიროა, ამ ქალაქში ხალხთან დაამყაროთ ურთიერთობა, როგორც გაგიძღვებიან და როგორც ეს თქვენთვის ნაბოძები იქნება.
4 და იქნება ასე: საჭირო დროს მე ჩაგაბარებთ ამ ქალაქს, რათა მასზე გქონდეთ ძალაუფლება, იმდაგვარად, რომ ისინი ვერ მიხვდებიან თქვენს საიდუმლოს; და მათი სიმდიდრე, ოქროსა და ვერცხლის სახით, გახდება თქვენი.
5 ნუ იდარდებთ ვალებზე, ვინაიდან გიბოძებთ ძალას მათ გასასტუმრებლად.
6 ნუ იდარდებთ სიონზე, ვინაიდან მოწყალედ მოვექცევი მას.
7 დარჩით ამ ადგილზე და გარშემო მხარეებში;
8 და ადგილი, სადაც ჩემი ნებაა, რომ დარჩეთ, გენიშნებათ ჩემი სულის მშვიდობითა და ძალით, რომელიც თქვენზე გადმოიღვრება.
9 ეს ადგილი შეგიძლიათ დაიქირაოთ. და ბეჯითად შეისწავლეთ ამ ქალაქის უძველესი მაცხოვრებლები და დამფუძნებლები;
10 ვინაიდან, ამ ქალაქში ერთ საგანძურზე მეტია თქვენთვის.
11 ამიტომ, იყავით ბრძენნი, ვითარცა ქვეწარმავალნი, თუმცა, ცოდვის გარეშე; და მე თქვენ სასიკეთოდ მოვიმოქმედებ ყოველივეს, იმ სისწრაფით, როგორც შეძლებთ ამის მიღებას. ამინ.