ნაწილი 59
წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით მიღებული გამოცხადება, სიონი, ჯექსონის ოლქი, მისური, 1831 წლის 7 აგვისტო. ამ გამოცხადების მიღებამდე მიწა აკურთხეს, როგორც უფალმა მიუთითა და მიძღვნილ იქნა ადგილი მომავალი ტაძრისთვის. ამ გამოცხადების მიღების დღეს გარდაიცვალა პოლი ნაითი, ჯოზეფ ნაითის მეუღლე, ეკლესიის პირველი წევრი, რომელიც გარდაიცვალა სიონში. ეკლესიის ადრინდელ წევრებმა დაახასიათეს ეს გამოცხადება, როგორც „წმინდანების დარიგება იმაზედ, თუ როგორ დაიცვან კვირა დღე წმინდად, როგორ იმარხულონ და ილოცონ.“
1–4, კურთხეულნი იქნებიან სიონის ერთგული წმინდანები; 5–8, მათ უნდა უყვარდეთ უფალი და ემსახურონ მას, ასევე დაიცვან მისი მცნებები; 9–19, უფლის კვირა დღის წმინდად დაცვით წმინდანები კურთხეულნი არიან ფიზიკურად და სულიერად; 20–24, სამართლიანებმა მიიღეს ამქვეყნად მშვიდობის დაპირება, მომავალ სამყაროში კი მარადიული სიცოცხლე.
1 აჰა, ნეტარ არიან, – ამბობს უფალი, – რომლებიც მოვიდნენ ამ მიწაზე მხოლოდ ჩემი სიდიადისკენ მიპყრობილი მზერით, ჩემი მცნებების შესაბამისად.
2 ვინაიდან, ცოცხალნი დაიმკვიდრებენ დედამიწას და გარდაცვლილნი დაისვენებენ ყოველგვარი შრომისგან, საქმენი მათნი გაყვებათ უკან და მიიღებენ გვირგვინს ჩემი მამის სავანეებში, რომელიც მათთვის მოვამზადე.
3 დიახ, ნეტარ არიან, რომელთა ფეხი დგას სიონის მიწაზე, რომელნიც დაემორჩილნენ ჩემს სახარებას; ვინაიდან, ჯილდოდ მიიღებენ მიწის ბარაქას და ის მოისხამს მოსავალს თავისი ძალით.
4 და ისინიც ასევე დაგვირგვინდებიან ზეციდან კურთხევებით, დიახ, არაერთი მცნებითა და გამოცხადებით, შესაფერის დროს – ისინი, რომლებიც ჩემ წინაშე არიან ერთგულნი და ბეჯითნი.
5 ამიტომ, მცნებას ვაძლევ მათ ამ სიტყვებით: შეიყვარე უფალი, შენი ღმერთი, მთელი შენი გულით, ძალით, გონებითა და სიძლიერით; და ემსახურე მას იესო ქრისტეს სახელით.
6 შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი. არ იქურდო, არ იმრუშო, არ მოკლა, არც რაიმე მსგავსი არ ჩაიდინო.
7 მადლობა შესწირე უფალს, შენს ღმერთს, ყოველივეში.
8 შესწირე შესაწირი უფალს, შენს ღმერთს, სამართლიანობით, მოდრეკილი გულითა და მომნანიებელი სულით.
9 და რომ უფრო მეტად შეძლო ამაქვეყნისგან უმწიკვლოდ თავის შენარჩუნება, იარე სამლოცველოში და ჩაატარე შენი საიდუმლოებანი ჩემს წმინდა დღეს.
10 ვინაიდან, ჭეშმარიტად, ეს არის შენთვის დანიშნული დღე, რათა დაისვენო შრომისგან და მიაგო ქება-დიდება უზენაესს.
11 მაგრამ აღთქმები უნდა დადო სამართლიანობაში, ყოველ დღესა და ჟამს;
12 მაგრამ, დაიმახსოვრე: უფლის ამ დღეს უნდა შესწირო შენი შესაწირი და ზიარება ყოვლად მაღალს, აღიარო შენი ცოდვები ძმებისა და უფლის წინაშე.
13 და ამ დღეს არ აკეთო სხვა არაფერი, მხოლოდ საკვები მოამზადე გულის მისწრაფებით, რომ სრულყოფილი იყოს შენი მარხვა ანუ სხვა სიტყვებით, რათა სავსე იყოს შენი სიხარული.
14 ჭეშმარიტად, ეს არის მარხვა და ლოცვა ანუ სხვა სიტყვებით, სიხარული და ლოცვა.
15 და იმისდა მიხედვით, როგორც ამას აკეთებთ მადლიერებით, სიხარულით აღსავსე გულებითა და სახეებით, არა უზომო სიცილით, ვინაიდან ეს ცოდვაა, არამედ გახარებული გულით და გახარებული სახით –
16 ჭეშმარიტად ვამბობ: იმისდა მიხედვით, როგორ გააკეთებთ ამას, მიწის სისავსე იქნება თქვენი, მინდვრის მხეცები, ცის მფრინველები და ყოველივე, რაც ხეებზე ადის და დადის მიწაზე;
17 დიახ, ბალახი და ყველაფერი კარგი, რაც მიწაზე მოდის, საკვებად თუ სამოსისთვის, სახლისთვის ან ბეღელისთვის, ბაღისთვის, ბოსტნისთვის ან ვენახისთვის;
18 დიახ, ყოველივე, რაც მოდის მიწიდან, წელიწადის ყოველ დროს, შექმნილია ადამიანის სასარგებლოდ და მოსახმარად, თვალის საამებლად და გულის გასახარად.
19 დიახ, საკვებისა და სამოსისთვის, გემოსთვის და არომატისთვის, სხეულის გასაძლიერებლად და სულის გამოსაცოცხლებლად.
20 და ეს ახარებს ღმერთს, რომ უბოძა ყოველივე ეს ადამიანს, ვინაიდან ამ მიზნით შეიქმნა, რომ ესარგებლა გონივრულად, გადაჭარბებისა ან გამოძალვის გარეშე.
21 და არაფრით შეურაცხყოფს ადამიანი ღმერთს და არავის წინააღმდეგ არაა დანთებული მისი რისხვა, გარდა მათი, რომლებიც არ აღიარებენ მის ხელს ყოველივეში და არ იცავენ მის მცნებებს.
22 აჰა, ეს კანონისა და წინასწარმეტყველების შესაბამისად; ამიტომ, ნუღარ შემაწუხებთ ამ საკითხზე.
23 მაგრამ, იცოდეთ, რომ ვინც აკეთებს სამართლიან საქმეს, მიიღებს ჯილდოს, მშვიდობას ამასოფელში და მარადიულ სიცოცხლეს იმქვეყნად.
24 მე, უფალმა, ეს ვილაპარაკე და სული მოწმობს. ამინ.