წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 42


ნაწილი 42

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მიერ ორ ნაწილად მიღებული გამოცხადება, ქ. კირტლანდი, ოჰაიოს ოლქი, 9 თებერვალი და 23 თებერვალი, 1831 წ. გამოცხადების პირველი ნაწილი, რომელიც შედგება მუხლებისგან 1–72, მიღებულ იქნა თორმეტი უხუცესის თანდასწრებით, უფლის მიერ გარკვეული ხნის წინ მიცემული დაპირების აღსასრულებლად, რომ „კანონი“ მოცემული იქნებოდა ოჰაიოში, (იხ. ნაწილი 38:32). გამოცხადების მეორე ნაწილი შედგება მუხლებისგან 73–93. წინასწარმეტყველი ამ გამოცხადებას „ეკლესიის კანონის მომცველ“ გამოცხადებად განსაზღვრავს.

1–10, უხუცესები მოწოდებულნი არიან, იქადაგონ სახარება, მონათლონ მოქცეულნი და აღაშენონ ეკლესია; 11–12, ისინი უნდა იყვნენ მოწოდებულნი და ხელდასხმულნი და უნდა ასწავლონ წმინდა წერილში მოცემული სახარების პრინციპები; 13–17, მათ უნდა ასწავლონ და იწინასწარმეტყველონ სულის ძალით; 18–29, წმინდანებს ნაბრძანები აქვთ, არ ჰკლან, არ იქურდონ, არ იცრუონ, არ იყვნენ ავხორცნი, არ იმრუშონ და არ ილაპარაკონ ბოროტად ერთმანეთზე; 30–39, მოცემულია ქონების მიძღვნის კანონი; 40–42, დაგმობილია ამპარტავნობა და სიზარმაცე; 43–52, ავადმყოფები განიკურნებიან კურთხევითა და რწმენით; 53–60, წმინდა წერილი მართავს ეკლესიას და ის კაცობრიობას უნდა ეუწყოს; 61–69, ცნობილი გახდება ახალი იერუსალიმის მდებარეობა და სასუფევლის საიდუმლოებანი; 70–73, მიძღვნილი ქონება უნდა გამოყენებულ იქნეს ეკლესიის მოხელეების სარჩენად; 74–93, მოცემულია კანონი სიძვაზე, მრუშობაზე, მკვლელობაზე, ქურდობაზე და ცოდვების აღსარებაზე.

1 ყური დამიგდეთ, ჩემი ეკლესიის უხუცესებო, რომლებიც შეიკრიბეთ ჩემი სახელით, თავად იესო ქრისტესი, ცოცხალი ღმერთის ძისა, ამაქვეყნის მხსნელის; რამეთუ გწამთ ჩემი სახელი და იცავთ ჩემს მცნებებს.

2 კვლავ გეუბნებით, ყური დაუგდეთ, მოისმინეთ და დაემორჩილეთ კანონს, რომელსაც მოგცემთ.

3 ვინაიდან, ჭეშმარიტად გეუბნებით: როგორც ერთად შეიკრიბეთ, ჩემ მიერ თქვენთვის მოცემული ბრძანების შესაბამისად და შეთანხმდით კერძოდ ამ ერთ საკითხზე და მამას ჰკითხეთ ჩემი სახელით, ზუსტად ასევე მოგეცემათ.

4 აჰა, ჭეშმარიტად გეუბნებით: გაძლევთ ამ პირველ ბრძანებას, წახვიდეთ ჩემი სახელით, ყოველი თქვენგანი, გარდა ჩემი მსახურების, ჯოზეფ სმითი უმცროსისა და სიდნეი რიგდონის.

5 და მათ ვუბრძანებ, წავიდნენ ცოტა ხნით და სულის ძალით ებოძებათ მათ, როდის დაბრუნდნენ.

6 და წახვალთ ჩემი სულის ძალით, ორ-ორი იქადაგებთ ჩემს სახარებას ჩემი სახელით, აღიმაღლებთ ხმას საყვირივით, გამოაცხადებთ რა ჩემს სიტყვას, ვითარცა ღმერთის ანგელოზები.

7 და წახვალთ, წყლით მონათლავთ, სიტყვებით: მოინანიეთ, მოინანიეთ, ვინაიდან ზეციური სასუფეველი მოახლოვდა.

8 და ამ ადგილიდან წახვალთ დასავლეთის მხარეებში; და როგორც იპოვით მათ, რომლებიც მიგიღებენ, უნდა აღაშენოთ ჩემი ეკლესია, ყოველ მხარეში –

9 იქამდე, სანამ მოვა დრო, როდესაც ზეციდან გაგენდობათ, თუ როდის იქნება მზად ახალი ქალაქი იერუსალიმი, რომ ერთად შეიკრიბოთ, რათა თქვენ იყოთ ჩემი ხალხი და მე – თქვენი ღმერთი.

10 და კიდევ, გეუბნებით, რომ ჩემი მსახური, ედვარდ პარტრიჯი, იმსახურებს თანამდებობაზე, რომელზეც იგი დავნიშნე. და იქნება ასე, რომ თუ იგი შესცოდავს, სხვა დაინიშნება მის ადგილზე. სწორედ ასე. ამინ.

11 და კიდევ გეუბნებით: არავის არ აქვს უფლება, წავიდეს და იქადაგოს ჩემი სახარება ან აღაშენოს ჩემი ეკლესია, გარდა იმისა, რომელიც ხელდასხმულია ვინმეს მიერ, რომელსაც აქვს შესაბამისი უფლებამოსილება და არის ცნობილი ეკლესიისთვის, რომ მას აქვს უფლებამოსილება და ეკლესიის წინამძღვრებისაგან არის შესაბამისად ხელდასხმული.

12 და კიდევ, ამ ეკლესიის უხუცესებმა, მღვდლებმა და მასწავლებლებმა უნდა ასწავლონ ჩემი სახარების პრინციპები, რომლებიც არის ბიბლიაში და მორმონის წიგნში, რომელშიც არის ჩემი სახარების სისრულე.

13 და მათ უნდა დაიცვან აღთქმები და აღასრულონ ეკლესიის წესები და მათ ეს უნდა ასწავლონ სულის ხელმძღვანელობით.

14 და სული გებოძებათ რწმენის ლოცვით; და თუ არ მიიღეთ სული – არ უნდა ასწავლოთ.

15 და ყოველივე ეს უნდა გულმოდგინედ გააკეთოთ ისე, როგორც მე გიბრძანეთ თქვენი მასწავლებლობის შესახებ, სანამ არ მოგეცემათ ჩემი წმინდა წერილის სისრულე.

16 და როდესაც აღიმაღლებთ ხმას ნუგეშისმცემლის შემწეობით, ილაპარაკებთ და იწინასწარმეტყველებთ ჩემი ნებით;

17 ვინაიდან, აჰა: ნუგეშისმცემელმა ყოველივე იცის და მოწმობს მამასა და ძეზე.

18 და ახლა, აჰა, მე მივმართავ ეკლესიას. არა ჰკლა; და რომელიც ჰკლავს, არ ექნება შენდობა არც ამქვეყნად, არც იმქვეყნად.

19 და კიდევ, ვამბობ: არა ჰკლა; ხოლო ვინც მოჰკლავს, მოკვდება.

20 არ იქურდო; და რომელიც ქურდობს და არ მოინანიებს, გაძევებული იქნება.

21 არ იცრუო; რომელიც ცრუობს და არ მოინანიებს, გაძევებული იქნება.

22 გიყვარდეს შენი ცოლი მთელი გულით და ეკრებოდე მას და მეტს არავის.

23 და ვინც ქალს გულისთქმით უყურებს, უარყოფს რწმენას და არ ექნება სული; და თუ არ მოინანიებს, გაძევებული იქნება.

24 არ იმრუშო; ის, ვინც მრუშობს და არ მოინანიებს, გაძევებული იქნება.

25 მაგრამ ვინც ჩაიდენს მრუშობას და მთელი გულით მოინანიებს და მიატოვებს მას და კვლავ აღარ ჩაიდენს – უნდა აპატიო;

26 მაგრამ, თუ იგი ამას კვლავ აკეთებს, მას არ უნდა ეპატიოს, არამედ უნდა გაძევებული იქნეს.

27 არ თქვა აუგი მოყვასზე, არც ტკივილი მიაყენო მას.

28 იცით, რომ ჩემი კანონები ამ სწავლებებზე მოცემულია ჩემს წმინდა წერილში; რომელიც სცოდავს და არ ინანიებს, იქნება გაძევებული.

29 თუ გიყვარვართ, მემსახურეთ და დაიცავით ყოველი ჩემი მცნება.

30 და აჰა, გაიხსენებთ ღარიბებს და მიუძღვნით საკუთარი ქონებიდან მათ დასახმარებლად, უწილადებთ, რაც გაქვთ, აღთქმითა და საბუთით, რომელიც ვერ დაირღვევა.

31 იმის მიხედვით, თუ როგორ უწილადებთ ღარიბებს ქონებას, თქვენ მე მიწილადებთ; და ის უნდა დაიდოს ჩემს ეკლესიაში ეპისკოპოსისა და მისი მრჩევლების, ორი უხუცესისა ან მღვდელთმთავრის წინ, რომლებსაც ეპისკოპოსი დანიშნავს ან რომლებიც უკვე ხელდასხმით დანიშნა ამ მიზნისთვის.

32 და იქნება ასე, რომ როდესაც შემოწირული დაიდება ჩემი ეკლესიის ეპისკოპოსის წინ და მას შემდეგ, რაც იგი მიიღებს მოწმობებს ჩემი ეკლესიისადმი ქონების მიძღვნის შესახებ, იგი ეკლესიას ვეღარ ჩამოერთმევა; ჩემი აღთქმების შესაბამისად, ყოველი ადამიანი იქნება პასუხისმგებელი ჩემ წინაშე, როგორც საკუთარი ქონების ზედამხედველი ანუ იმისი, რაც მიიღო მიძღვნით, რამდენიც საკმარისი იქნება მისთვის და ოჯახისთვის.

33 და კიდევ, თუ ეკლესიის ან მისი წევრების ხელში იქნება იმაზე მეტი ქონება, რაც საჭიროა მათ საარსებოდ, ამ პირველი მიძღვნის შემდეგ, ეს დარჩენილი ქონება შესანახად უნდა მიეძღვნას ეპისკოპოსს, დროდადრო უმწეოთა დახმარებისთვის, რათა ყოველი გაჭირვებული ადამიანი საკმარისად უზრუნველყოფილი იყოს და მიიღოს საკუთარი მოთხოვნილებისამებრ.

34 ამიტომ, დარჩენილი ქონება უნდა შეინახოს ჩემს საცავში, ღარიბთა და ღატაკთათვის დახმარების გასაწევად, ეკლესიის უმაღლესი საბჭოს, ეპისკოპოსისა და მისი მრჩევლის მითითებით;

35 და ეკლესიის სასარგებლოდ მიწების შესაძენად, სალოცავი სახლების და ახალი იერუსალიმის ასაშენებლად, რომელზეც შემდგომში იქნება გამოცხადებული –

36 რათა ჩემი აღთქმული ხალხი ერთად შეიკრიბოს იმ დღეს, როდესაც მე მოვალ ჩემს ტაძარში. და ამას ვაკეთებ ჩემი ხალხის ხსნისათვის.

37 და იქნება ასე: რომელიც სცოდავს და არ ინანიებს, გაძევებული იქნება ეკლესიიდან და არ მიიღებს უკან იმას, რაც მიუძღვნა ჩემი ეკლესიის ღარიბთა და ღატაკთ ანუ სხვა სიტყვებით, რაც მე მომეძღვნა –

38 ვინაიდან, რამდენადაც უკეთებთ ყოველივე ამას უმცირესს, თქვენ ამას ჩემთვის აკეთებთ.

39 ვინაიდან, იქნება ასე: რაც ვთქვი ჩემ წინასწარმეტყველთა პირით – აღსრულდება; ვინაიდან, მივუძღვნი იმათ სიმდიდრეთაგან, ვინც მიიღებს ჩემს სახარებას წარმართებს შორის, ჩემი ხალხის ღარიბთ, რომლებიც მიეკუთვნებიან ისრაელის სახლს.

40 და კიდევ: არ იყო გულით აპარტავანი; დაე, შენი სამოსი იყოს უბრალო და სილამაზე მისი იყოს შენი ხელის ნაშრომის სილამაზე;

41 დაე, ყველაფერი სისუფთავეში გაკეთდეს ჩემ წინაშე.

42 ნუ იქნები ზარმაცი; ვინაიდან ზარმაცი ადამიანი არ შეჭამს პურს, არც მშრომელის სამოსით შეიმოსება.

43 და რომლებიც თქვენ შორის ავად არიან, არ აქვთ რწმენა განკურნებისთვის, მაგრამ სწამთ, მათ უნდა მოუაროთ მთელი სინაზით, სამკურნალო მცენარეებითა და მსუბუქი საკვებით და არა მტრის ხელით.

44 და ეკლესიის უხუცესები, ორი ან მეტი, მოწოდებულნი უნდა იყვნენ, უნდა ილოცონ და ხელი დაასხან მათ ჩემი სახელით; და თუ ისინი გარდაიცვლებიან, ჩემთვის გარდაიცვლებიან და თუ ცოცხლები დარჩებიან, ჩემთვის იცოცხლებენ.

45 ერთად უნდა იცხოვროთ სიყვარულში ისე, რომ იტიროთ გარდაცვლილებზე და უფრო მეტად მათზე, რომლებსაც არ აქვთ დიდებული აღდგომის იმედი.

46 და იქნება ასე: რომლებიც ჩემში გარდაიცვლებიან – არ იგემებენ სიკვდილს, ვინაიდან ის მათთვის ტკბილი იქნება;

47 და ვარამი მათ, რომლებიც არ გარდაიცვლებიან ჩემში, ვინაიდან მწარეა სიკვდილი მათი.

48 და კიდევ: იქნება ასე, რომ ვისაც აქვს ჩემში რწმენა, რათა განიკურნოს და არ არის მისთვის განკუთვნილი სიკვდილი – განიკურნება.

49 ვისაც აქვს რწმენა ხილვისა – იხილავს.

50 ვისაც აქვს რწმენა სმენისა – მოისმენს.

51 ხეიბარი, რომელსაც სწამს, რომ წამოდგება – წამოდგება.

52 და მათ, რომლებსაც არ აქვთ რწმენა ყოველივე ამის გასაკეთებლად, მაგრამ ჩემი სწამთ, შესწევთ ძალა, გახდნენ ჩემი შვილები; და თუ არ დაარღვევენ ჩემს კანონებს, იქნებით მათი მშველელნი მათივე უძლურების ატანაში.

53 მტკიცედ იდექი შენს მნედ ყოფნის ადგილზე.

54 არ აიღო შენი ძმის სამოსი; გადაიხადე იმისა, რასაც მიიღებ შენი ძმისგან.

55 და თუ იმაზე მეტს მიიღებ, რაც გჭირდება თავის სარჩენად, გადაეცი ის ჩემს საცავში შესანახად, რათა ყოველივე შესრულდეს ისე, როგორც მე ვთქვი.

56 ითხოვე და ჩემი წმინდა წერილი ნაბოძები იქნება, როგორც მე დავაწესე და იგი უნდა იყოს დაცული საიმედო ადგილას;

57 და საჭიროა, რომ არ ილაპარაკო მის შესახებ და არ ასწავლო იგი, სანამ სრულყოფილად არ მიიღებ მას.

58 და გაძლევთ ბრძანებას, შემდგომ ასწავლოთ იგი ყოველ ადამიანს; ვინაიდან იგი უნდა ასწავლოთ ყოველ ერს, ტომს, ენასა და ხალხს.

59 მიიღე ყოველივე ის, რასაც გიბოძებ, რაც მოგეცა კანონად ჩემი წმინდა წერილიდან, რათა ეს იყოს ჩემი კანონი, ჩემი ეკლესიის სამართავად;

60 და გადარჩება, რომელიც მოიქცევა ამის შესაბამისად და რომელიც ასე არ მოიქცევა, იქნება დაწყევლილი, თუ ასე გააგრძელებს.

61 თუ მოითხოვ, მიიღებ გამოცხადებას გამოცხადებაზე, ცოდნას ცოდნაზე, რათა ჩასწვდე საიდუმლოებებსა და მშვიდობისმოყვარე საქმეს, რასაც მოაქვს სიხარული და მარადიული სიცოხლე.

62 ითხოვეთ და გაგენდობათ ჩემთვის შესაფერის დროს, სად უნდა აშენდეს ახალი იერუსალიმი.

63 და აჰა, იქნება ასე, რომ ჩემი მსახურნი გაიგზავნებიან აღმოსავლეთსა და დასავლეთისკენ, ჩრდილოეთსა და სამხრეთისკენ.

64 და ახლაც კი ის, რომელიც წავა აღმოსავლეთით, დაე, ასწავლოს მათ, რომლებიც რწმენაზე მოიქცევიან, რათა გაიქცნენ დასავლეთისკენ და ეს იმის გამო, რაც მოევლინება დედამიწას და საიდუმლო შეთქმულებების გამო.

65 აჰა, დაიცავით ყოველივე ეს და დიდი იქნება თქვენი ჯილდო; ვინაიდან, გეძლევათ სასუფევლის საიდუმლოებათა ცოდნა, ხოლო ამა ქვეყანას ეს არ ეძლევა, რომ იცოდეს.

66 დაიცავით კანონები, რომლებიც მიიღეთ და იყავით ერთგულნი.

67 და მიიღებთ ამის შემდეგ ეკლესიის აღთქმებს, რაც საკმარისი იქნება თქვენი დაფუძნებისთვის აქ და ასევე ახალ იერუსალიმში.

68 ამიტომ, ვისაც აკლია სიბრძნე, მთხოვოს და უხვად და დაუყვედრებლად ვუბოძებ.

69 აიმაღლეთ გულები და გაიხარეთ, ვინაიდან თქვენია სასუფეველი ანუ სხვა სიტყვებით, ეკლესიის გასაღებები გებოძათ. სწორედ ასე. ამინ.

70 მღვდლებსა და მასწავლებლებს ექნებათ თავიანთი ზედამხედველობა, ასევე ეკლესიის წევრებსაც.

71 უხუცესებმა და მღვდელმთავრებმა, რომლებიც დანიშნულნი არიან ყველა საკითხში ეპისკოპოსის დასახმარებლად, მრჩევლებად, უნდა არჩინონ თავიანთი ოჯახები ეპისკოპოსისთვის მიძღვნილი ქონებიდან, ღარიბების საკეთილდღეოდ და სხვა მიზნებისთვის, როგორც უკვე აღინიშნა;

72 ანუ თავიანთი სამსახურისთვის მათ უნდა მიიღონ სამართლიანი ანაზღაურება, ხელმძღვანელობა ან რაიმე სხვა, როგორც გადაწყდება ან დაინიშნება მრჩევლისა და ეპისკოპოსის მიერ.

73 და ეპისკოპოსიც ასევე მიიღებს თავისთვის დახმარებას ან სამართლიან ანაზღაურებას ეკლესიაში მსახურებისთვის.

74 აჰა, ჭეშმარიტად გეუბნებით, თქვენ შორის რომელმაც მიატოვა მეუღლე სიძვის გამო ანუ სხვაგვარად, თუ თქვენ წინაშე დაამოწმებენ თვინიერი გულით, რომ ეს არის მიზეზი, არ გააძევოთ ისინი თქვენი გარემოცვიდან;

75 მაგრამ, თუ აღმოაჩენთ, რომ პიროვნებებმა მიატოვეს თავიანთი მეუღლეები მრუშობის გამო და თავად არიან დამნაშავენი და მეუღლეები ჰყავთ ცოცხალი, მაშინ ასეთები უნდა განიდევნონ თქვენი გარემოცვიდან.

76 და კიდევ, გეუბნებით; გამოიჩინეთ სიფხიზლე და ყურადღება, სრული გამოძიებით, რომ ასეთები არ მიიღოთ თქვენ შორის, თუ ისინი არიან დაქორწინებულნი;

77 და თუ არ არიან დაქორწინებულნი, მათ უნდა მოინანიონ ყოველი ცოდვა, სხვაგვარად მათ არ მიიღებთ.

78 და კიდევ: ყოველმა ადამიანმა, რომელიც მიეკუთვნება ქრისტეს ამ ეკლესიას, ბეჯითად უნდა დაიცვას და აღასრულოს ეკლესიის ყოველი მცნება და აღთქმა.

79 და იქნება ასე: თუ რომელიმე თქვენგანმა მკვლელობა ჩაიდინა, ასეთები ქვეყნის სასამართლოს გადაეცემიან და გასამართლდებიან ქვეყნის კანონის შესაბამისად; ვინაიდან გახსოკდეთ, რომ შენდობა არ ექნებათ.

80 და თუ რომელიმე მამაკაცმა ან ქალმა ჩაიდინა მრუშობა, იგი უნდა გასამართლდეს ეკლესიის ორი ან მეტი უხუცესის მიერ და ყოველი სიტყვა მის წინააღმდეგ უნდა დამტკიცდეს ეკლესიის ორი მოწმის მიერ და არა მტრის მიერ; მაგრამ უკეთესია, თუ იქნება ორ მოწმეზე მეტი.

81 მაგრამ იგი უნდა განიკიცხოს ორი მოწმის პირით; და უხუცესებმა საქმე უნდა წარადგინონ ეკლესიის წინაშე და ეკლესიამ მის წინააღმდეგ უნდა ასწიოს ხელი, რათა მოექცეს მას ღმერთის კანონის შესაბამისად.

82 და თუ შესაძლებელია, ეპისკოპოსიც უნდა დაესწროს.

83 და ამგვარად მოიქეცით ყოველი საქმის დროს, რომელიც წარსდგება თქვენ წინაშე.

84 თუ მამაკაცი ან ქალი გაძარცვავს, იგი უნდა გასამართლდეს ქვეყნის სასამართლოს წინაშე.

85 თუ მამაკაცი ან ქალი იქურდებს, იგი უნდა გასამართლდეს ქვეყნის კანონის მიხედვით.

86 თუ მამაკაცი ან ქალი იცრუებს, იგი უნდა გასამართლდეს ქვეყნის კანონის მიხედვით.

87 თუ მამაკაცი ან ქალი ჩაიდენს რაიმე ურჯულობას, იგი უნდა გასამართლდეს სასამართლოთი, რომელიც არის ღმერთის.

88 თუ შენმა ძმამ ან დამ შენ მიმართ შესცოდა, მას პირისპირ უნდა შეხვდე და თუ იგი თავის დანაშაულს აღიარებს, უნდა შეურიგდე.

89 და თუ არ აღიარებს თავის დანაშაულს, წარადგინე იგი ეკლესიის წინაშე, მაგრამ არა წევრების, არამედ უხუცესების წინაშე და ეს უნდა მოხდეს შეკრებაზე და არა საქვეყნოდ.

90 და თუ შენი ძმა ან და მრავალ ადამიანს მიაყენებს შეურაცხყოფას, იგი უნდა განიკიცხოს მრავალი ადამიანის წინაშე.

91 და თუ ვინმე ღიად შეურაცხყოფს, იგი უნდა ღიად განკიცხონ, რათა მას შერცხვეს და თუ არ აღიარებს საკუთარ დანაშაულს, მაშინ იგი უნდა გასამართლდეს ღმერთის კანონით.

92 თუ ვინმე შეურაცხყოფს მალულად, იგი უნდა მალულად განიკიცხოს, რადგან მიეცეს საშუალება, მალულად აღიაროს თავისი დანაშაული მის წინაშე, ვისაც მიაყენა შეურაცხყოფა და ღმერთის წინაშე, რათა ეკლესიამ არ უთხრას საყვედური ღიად.

93 და ყოველთვის ამგვარად მოიქცევით.