ნაწილი 7
წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის და ოლივერ ქაუდერის მიერ მიღებული გამოცხადება, ქ. ჰარმონი, პენსილვანია, 1829 წ. აპრილი, როდესაც მათ ურიმისა და თუმიმის მეშვეობით დასვეს შეკითხვა, საყვარელი მოწაფე იოანე დარჩა ხორცში თუ გარდაიცვალა. ეს გამოცხადება წარმოადგენს იოანეს მიერ პერგამენტზე შესრულებულ და შემდგომში მის მიერ დამალულ ხელნაწერის თარგმანს.
1–3, საყვარელი იოანე იცხოვრებს უფლის მოსვლამდე; 4–8, პეტრე, იაკობი და იოანე ფლობენ სახარების გასაღებებს.
1 და უფალმა მითხრა: ჩემო საყვარელო იოანე, რა გსურს? ვინაიდან, თუ მთხოვ, რაც გსურს – მოგეცემა.
2 და მე მას ვუთხარი: უფალო, მიბოძე სიკვდილზე ძალაუფლება, რათა ვიცხოვრო და შენთან მოვიყვანო სულები.
3 და უფალმა მითხრა: ჭეშმარიტად, ჭეშმარტად გეუბნები, ვინაიდან ეს მოისურვე, დარჩები, სანამ არ დავბრუნდები ჩემი სიდიადით და იწინასწარმეტყველებ ერების, ტომების, ენებისა და ხალხთა წინაშე.
4 და ამის გამო უფალმა უთხრა პეტრეს: თუ მსურს, რომ იგი დარჩეს ჩემს მოსვლამდე, ვინაიდან ისურვა ჩემგან, რომ შეძლებოდა სულების მოყვანა, შენ რა? შენ კი სწრაფად გსურს ჩემთან მოსვლა, ჩემს სასუფეველში.
5 გეუბნები, პეტრე, ეს იყო კარგი სურვილი; მაგრამ ჩემმა საყვარელმა მოწაფემ ისურვა უფრო მეტის გაკეთება ანუ იმაზე უფრო დიდი საქმის ადამიანთა შორის, რაც მანამდე გაუკეთებია.
6 დიახ, მან ხელი მოკიდა დიდ საქმეს; ამიტომ, გავხდი მას კაშკაშა ალივით და მომსახურე ანგელოზივით; იგი მოემსახურება მათ, რომლებიც მომავალში იქნებიან დედამიწაზე მცხოვრები ხსნის მემკვიდრენი.
7 და შენ დაგაყენებ მსახურად მისთვის და შენი ძმის, იაკობისთვის; და თქვენ სამს გიბოძებთ ამ ძალაუფლებას და ამ სამსახურის გასაღებებს, სანამ არ მოვალ.
8 ჭეშმარიტად გეუბნებით, თქვენ ორივეს მოგეცემათ საკუთარი სურვილებისამებრ, ვინაიდან ხარობთ იმაში, რაც ისურვეთ.