წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 41


ნაწილი 41

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით მიღებული გამოცხადება ეკლესიისთვის, კირტლანდი, ოჰაიო, 4 თებერვალი, 1831. ეს გამოცხადება არიგებს წინასწარმეტყველსა და ეკლესიის უხუცესებს, ილოცონ, რათა მიიღონ ღვთის „რჯული“ (იხ. ნაწილი 42). ჯოზეფ სმითი ახალი ჩამოსული იყო კირტლანდში ნიუ – იორკიდან და ლემან კოპლიმ, ეკლესიის წევრმა, ოჰაიოსთან, ტომპსონის მახლობლად, „სთხოვა ძმა ჯოზეფსა და სიდნეის [რიგდონი], ეცხოვრათ მასთან და იგი უზრუნველყოფდა მათ სახლითა და სურსათით“. მომდევნო გამოცხადება განმარტავს, სად უნდა ეცხოვრათ ჯოზეფსა და სიდნის და ასევე მოუწოდებს ედვარდ პატრიჯს, იყოს ეკლესიის პირველი ეპისკოპოსი.

1–3, უხუცესები უხელმძღვანელებენ ეკლესიას გამოცხადების სულით; 4–6, ჭეშმარიტი მოწაფეები მიიღებენ და დაიცავენ უფლის კანონს; 7–12, ედვარდ პარტრიჯი ცხადდება ეკლესიის ეპისკოპოსად.

1 ყური დამიგდეთ და მოისმინეთ თქვენ, ჩემო ხალხო, – ამბობს უფალი, თქვენი ღმერთი; თქვენ, რომლებსაც სიხარულით გლოცავთ უდიდესი კურთხევებით, თქვენ, რომლებიც მისმენთ; მაგრამ თქვენ, რომლებიც ჩემს სახელს ქადაგებთ, მაგრამ არ მისმენთ – დაგწყევლით უმძიმესი წყევლით.

2 ყური დამიგდეთ თქვენ, ჩემი ეკლესიის უხუცესებო, ჩემ მიერ მოწოდებულნო, აჰა, ბრძანებას გაძლევთ, ერთად შეიკრიბოთ და შეთანხმდეთ ჩემს სიტყვაზე;

3 და თქვენი რწმენის ლოცვით მიიღებთ ჩემს კანონს, რათა იცოდეთ, როგორ მართოთ ჩემი ეკლესია და ყოველივე სწორად გქონდეთ ჩემ წინაშე.

4 და როდესაც მოვალ – ვიქნები თქვენი მმართველი; და აჰა, მე მალე მოვალ და ნახავთ, რომ ჩემი კანონი დაცულია.

5 ის, რომელიც იღებს ჩემს კანონს და მას ასრულებს, არის ჩემი მოწაფე და რომელიც ამბობს, რომ იღებს მას და არ ასრულებს – არ არის ჩემი მოწაფე და გაძევებული უნდა იყოს თქვენი გარემოცვიდან;

6 ვინაიდან ის, რაც ეკუთვნით სასუფევლის შვილებს, არ უნდა მიეცეთ უღირსებს ან ძაღლებს ანუ მარგალიტები არ დაუყაროთ ღორებს.

7 და კიდევ, საჭიროა, რომ ჩემს მსახურს, ჯოზეფ სმით უმცროსს, აუშენდეს სახლი, სადაც იგი იცხოვრებს და გადათარგმნის.

8 და კიდევ, ჩემმა მსახურმა, სიდნეი რიგდონმა, იცხოვროს საკუთარი ნებისამებრ, იმისდა მიხედვით, თუ როგორ დაიცავს ჩემს მცნებებს.

9 და კიდევ: მე მოვუწოდე ჩემს მსახურს, ედვარდ პარტრიჯს, და ვბრძანებ, იგი დაინიშნოს ეკლესიის ხმად და ხელდასხმულ იქნეს ეკლესიის ეპისკოპოსად, რომ თავი დაანებოს ვაჭრობას და მთელი დრო მიუძღვნას ეკლესიაში შრომას;

10 რათა თვალყური ადევნოს ყოველივეს, რაც მისთვის იქნება განსაზღვრული ჩემი კანონებით, იმ დღეს, როდესაც მათ ვუბოძებ.

11 და ეს, რადგან ჩემ წინაშე წმინდაა მისი გული, ვინაიდან იგი არის ძველი ნათანაელივით, რომელშიც არ არის მზაკვრობა.

12 გეძლევათ ეს სიტყვები და ისინი არის წმინდა ჩემ წინაშე; ამიტომ, სიფრთხილით მოეკიდეთ მათ, ვინაიდან განკითხვის დღეს მათზე პასუხისმგებლობა თქვენს სულებზე იქნება. სწორად ასე. ამინ.