ნაწილი 9
წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით მიღებული გამოცხადება ოლივერ ქაუდერისთვის, ქ. ჰარმონი, პენსილვანია, 1829 წ. აპრილი. ოლივერს ეძლევა დარიგება, იყოს მომთმენი, არ ცდილობდეს თარგმნას და დროებით თარჯიმნის კარნახით დაკმაყოფილდეს.
1–6, კიდევ სხვა უძველესი ჩანაწერები გადაითარგმნება; 7–14, მორმონის წიგნი ითარგმნება შესწავლითა და სულიერი დასტურით.
1 აჰა, გეუბნები, ჩემო შვილო, ვინაიდან არ თარგმნიდი იმისდა შესაბამისად, რაც ჩემგან გსურდა და კვლავ დაიწყე ჩემი მსახურისთვის, ჯოზეფ სმით უმცროსისთვის წერა, მსურს, რომ გააგრძელო წერა, სანამ არ დაასრულებ ამ ჩანაწერს, რომელიც მას მივანდე.
2 და შემდეგ, აჰა, მე მაქვს სხვა ჩანაწერებიც და გიბოძებ ძალას, ხელი შეუწყო მათ თარგმნას.
3 იყავი მომთმენი, ჩემო შვილო, რამეთუ ეს არის ჩემი სიბრძნით და არ არის მიზანშეწონილი, რომ ამჟამად თარგმნო.
4 აჰა, საქმე, რომლისთვისაც ხარ მოწოდებული, არის ჩემი მსახურისთვის, ჯოზეფისთვის, წერა.
5 და აჰა, მე ჩამოგართვი ამის ნება იმიტომ, რომ არ გააგრძელე ისე, როგორც თარგმნის დაწყებისას დაიწყე.
6 ნუ ბუზღუნებ, ჩემო შვილო, ვინაიდან ასე მოგექეცი ჩემი სიბრძნით.
7 აჰა, შენ ვერ მიხვდი; გეგონა, რომ ამას გიბოძებდი, როდესაც, ჩემთვის თხოვნის გარდა, არაფერზე არ ფიქრობდი.
8 მაგრამ, აჰა, მე გეუბნები: ეს უნდა შეისწავლო გონებით; შემდეგ მკითხო, სწორია ეს თუ არა; და თუ ეს სწორია, გაგრძნობინებ გულ-მკერდში სიმხურვალით; ამგვარად იგრძნობ, რომ ეს არის სწორი.
9 მაგრამ, თუ სწორი არ იქნება, არ გექნება ასეთი შეგრძნება, არამედ გონება გაგეფანტება, რაც გამოიწვევს არასწორის დავიწყებას; ამიტომ, თუ ეს მე არ გიბოძე, ვერ შეძლებ წერო ის, რაც არის წმინდა.
10 ახლა, ეს რომ გცოდნოდა, თარგმნას შეძლებდი; ამის მიუხედავად, ამჟამად არ არის მიზანშეწონილი, რომ თარგმნო.
11 აჰა, ეს მიზანშეწონილი იყო, როდესაც დაიწყე; მაგრამ შეგეშინდა და დრო წავიდა და ახლა აღარ არის მიზანშეწონილი;
12 ნუთუ ვერ ხედავ, რომ ჩემს მსახურს, ჯოზეფს, ვუბოძე საკმარისი ძალა, რათა ეს ანაზღაურებულიყო? და არცერთ თქვენგანს არ განვსჯი.
13 აკეთე ის, რაც გიბრძანე და აყვავდები, იყავი ერთგული და ნუ მიეცემი ცდუნებას.
14 მტკიცედ იდექი საქმეში, რომელშიც მოგიწოდე და არც ერთი თმის ღერი არ დაგეკარგება და უკანასკნელ დღეს ამაღლდები. ამინ.