წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 95


ნაწილი 95

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით მიღებული გამოცხადება, კირტლანდი, ოჰაიო, 1 ივნისი, 1833 წ. ეს გამოცხადება არის ღვთიური მითითებების გაგრძელება თაყვანისცემისა და განსწავლისსახლის, უფლის სახლის, მშენებლობის თაობაზე. (იხილეთ ნაწილი 88:119–136).

1–6, წმინდანები ისჯებიან, რადგან უფლის სახლი ვერ ააშენეს; 7–10, უფალს სურს, გამოიყენოს თავისი სახლი, რათა ზეციდან ძლიერებით შემოსოს თავისი ხალხი; 11–17, სახლი უნდა მიძღვნილ იქნეს თაყვანისცემის ადგილისა და მოციქულთა სკოლისთვის.

1 ჭეშმარიტად, ასე გეუბნებათ უფალი თქვენ: რომლებიც მიყვარხართ და რომლებიც მიყვარს, მათ ასევე ვსჯი, რათა ცოდვები შეენდოთ, ვინაიდან სასჯელით მე ვამზადებ გზას მათ გამოსახსნელად ყოველივე ცდუნებისგან და მე შეგიყვარეთ –

2 ამიტომ, უნდა დაისაჯოთ და ჩემ წინაშე წარსდგეთ განკიცხულნი;

3 ვინაიდან, ჩემ წინაშე შესცოდეთ მძიმე ცოდვით იმით, რომ ყოველივეში არ გაითვალისწინეთ დიდი ბრძანება, რომელიც მოგეცით და რომელიც ეხება ჩემი სახლის მშენებლობას;

4 მოსამზადებლად, სადაც ვგეგმავ, მოვამზადო ჩემი მოციქულები და გავსხლა ჩემი ვენახი უკანასკნელად, რათა აღვასრულო ჩემი არაჩვეულებრივი საქმე, რათა გადმოვღვარო სული ყოველ ხორციელზე –

5 მაგრამ აჰა, ჭეშმარიტად გეუბნებით: არაინ მრავალნი, რომლებიც თქვენ შორის იყვნენ ხელდასხმულნი, რომლებსაც მოვუწოდე, მაგრამ მათ შორის მცირედნი არიან რჩეულინი.

6 მათ, რომლებიც არ არიან ამორჩეულნი, შესცოდეს მძიმე ცოდვით იმით, რომ დადიან უკუნეთში შუადღისას.

7 და ამ მიზნით მოგეცით ბრძანება, მოიხმოთ საზეიმო კრება, რათა თქვენმა მარხვამ და კვნესამ მიაღწიოს ყურამდე ცაბაოთ უფლისა, რაც განიმარტება, როგორც პირველი დღის შემქმნელი, დასაწყისი და დასასრული.

8 დიახ, ჭეშმარიტად გეუბნებით: მოგეცით ბრძანება, ააშენოთ სახლი, სადაც შევმოსავ ძლიერებით ზეციდან მათ, რომლებიც ამოვარჩიე.

9 ვინაიდან, ეს არის მამის დაპირება თქვენთვის; ამიტომ, გიბრძანებთ, დარჩეთ ჩემს მოციქულებად იერუსალიმში.

10 ამისდა მიუხედავად, ჩემმა მსახურებმა ძალზედ მძიმე ცოდვით შესცოდეს; და დაპირისპირება წამოიჭრა წინასწარმეტყველთა სკოლაში; რაც ძალზედ სამწუხარო იყო ჩემთვის, – ამბობს თქვენი უფალი; ამიტომ, გავაგზავნე ისინი, რათა დაისაჯონ.

11 ჭეშმარიტად გეუბნებით: ეს არის ჩემი ნება, რომ ააშენოთ სახლი. თუ დაიცავთ ჩემს მცნებებს, გექნებათ მისი შენების ძალა.

12 თუ არ დაიცავთ ჩემს მცნებებს, მამის სიყვარული არ იქნება თქვენთან, ამიტომ, ივლით უკუნეთში.

13 ახლა, ამაშია სიბრძნე და გონიერება უფლისა – დაე, აშენდეს სახლი, არა ამაქვეყნის წესით, ვინაიდან არ გაძლევთ მითითებას, იცხოვროთ ამაქვეყნის წესის მიხედვით;

14 ამიტომ, დაე, ის აშენდეს იმ წესით, რომელსაც დავანახებ სამ თქვენგანს, რომლებსაც დანიშნავთ და აკურთხებთ ამ უფლებამოსილებისთვის.

15 და ზომა მისი იქნება ორმოცდათხუთმეტი ფუტი სიგანეში და შიგნით იყოს სამოცდახუთი ფუტი სიგრძის.

16 დაე, შენობის ქვედა სართულის შიდა დარბაზი მომეძღვნას მე, თქვენი ზიარებისა და ქადაგებისთვის, თქვენი მარხვისა და ლოცვისთვის, თქვენი ყველაზე წმინდა სურვილების ჩემდამი მისაძღვნელად, – ამბობს თქვენი უფალი.

17 დაე, შენობაში ზედა სართულის შიდა დარბაზი მომეძღვნას მე, ჩემი მოციქულების სკოლისთვის, – ამბობს ძე აჰმანისა ანუ სხვა სიტყვებით, ალფა ანუ სხვა სიტყვებით ომეგა თავად იესო ქრისტე, თქვენი უფალი. ამინ.