წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 11


ნაწილი 11

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით თავისი ძმის, ჰაირამ სმითისთვის მიღებული გამოცხადება, ქ. ჰარმონი, პენსილვანია, 1829 წ. მაისი. ეს გამოცხადება მიღებულ იქნა ურიმისა და თუმიმის მეშვეობით, ჯოზეფის ლოცვისა და ვედრების საპასუხოდ. ჯოზეფ სმითის ისტორია-ში გამოთქმულია ვარაუდი, რომ ეს გამოცხადება მიღებულია აარონის მღვდლობის აღდგენის შემდეგ.

1–6, ვენახში მშრომელები მიიღებენ ხსნას; 7–14, ეძიე სიბრძნე, იღაღადე მონანიება, მიენდე სულს; 15–22, დაიცავი მცნებები და შეისწავლე უფლის სიტყვა; 23–27, ნუ უარყოფ გამოცხადებისა და წინასწარმეტყველების სულს; 28–30, რომლებიც ქრისტეს მიიღებენ – იქცევიან ღვთის შვილებად.

1 დიდი და საოცარი საქმე იწყება ადამიანთა შვილებს შორის.

2 აჰა, მე ვარ ღმერთი; ყური დაუგდეთ ჩემს სიტყვას, რომელიც არის ცოცხალი და ძლიერი, ორპირ ხმალზე ბასრი, ნაკუწებად აქცევს სახსრებსა და ძვლის ტვინს; ამიტომ, ყური დაუგდეთ ჩემს სიტყვას.

3 აჰა, უკვე თეთრია ყანა, მკისთვის მომწიფებული; ამიტომ, ვისაც სურს მოსავლის აღება, დაე, ნამგალი მოიქნიოს ძალ-ღონით, სანამ დღეა, რათა საკუთარი სულისთვის დაიუნჯოს მარადიული ხსნა ღვთის სასუფეველში.

4 დიახ, რომელიც მოიქნევს თავის ნამგალს და მოსავალს მოიმკის, ის იქნება ღვთისგან მოწოდებული.

5 ამიტომ, თუ მთხოვ – მიიღებ; თუ დააკაკუნებ – გაგიღებენ.

6 ახლა, რადგან მკითხე, აჰა, გეუბნები: დაიცავი ჩემი მცნებები და ეცადე, წინ წაიყვანო და განახორციელო სიონის საქმე.

7 ეძიე არა სიმდიდრე, არამედ სიბრძნე; და აჰა, ღმერთის საიდუმლოებები გაგეხსნება და მაშინ გახდები მდიდარი. აჰა, ის არის მდიდარი, ვისაც აქვს მარადიული სიცოცხლე.

8 ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები: რასაც ისურვებ ჩემგან, ის მოგეცემა; და თუ ისურვებ, ამ თაობაში შენი მეშვეობით შესაძლებელი იქნება მრავალი სიკეთის კეთება.

9 არ უთხრა ამ თაობას არაფერი, გარდა მონანიებისა. დაიცავი ჩემი მცნებები და დაეხმარე, რათა განხორციელდეს ჩემი საქმე ჩემი მცნებების შესაბამისად და კურთხეული იქნები.

10 აჰა, შენ გაქვს ძღვენი ანუ გექნება ძღვენი, თუ მას ჩემგან რწმენით მოისურვებ, გულწრფელი გულით, იესო ქრისტეს ძალაში რწმენით ანუ ჩემს ძალაში, რომელიც გელაპარაკება;

11 ვინაიდან, აჰა, გეუბნები: აჰა, მე ვარ სინათლე უკუნეთში მანათობელი და ჩემი ძალით გიბოძებ ამ სიტყვებს.

12 და ახლა, ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები: მიენდე იმ სულს, რომელსაც მიჰყავხარ სიკეთის კეთებისკენ – დიახ, რათა მოიქცე სწორად, იარო თავმდაბლად, განსაჯო სამართლიანად; და ეს არის ჩემი სული.

13 ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები: გაგიზიარებ ჩემი სულიდან, რაც გონებას გაგინათებს, რაც სულს სიხარულით აგივსებს;

14 და მაშინ გაიგებ ანუ ამგვარად გაიგებ ყველაფერს, რასაც მთხოვ, რაც ეხება სამართლიანობას, ჩემსადმი რწმენით, რომ ეს მოგეცემა.

15 აჰა, გიბრძანებ: არ გეგონოს, რომ საქადაგებლად ხარ მოწოდებული, სანამ არ მოგიწოდებ.

16 კიდევ ცოტა ხანი მოიცადე, სანამ არ მიიღებ ჩემს სიტყვას, ჩემს კლდეს, ჩემს ეკლესიასა და სახარებას, რომ ჭეშმარიტად ჩასწვდე ჩემს მოძღვრებას.

17 და მაშინ, აჰა, შენი სურვილებისამებრ, დიახ, მოგეცემა რწმენის შესაბამისად.

18 დაიცავი ჩემი მცნებები, იყავი მშვიდად, მიმართე ჩემს სულს;

19 ერთგული იყავი ჩემსადმი, მთელი შენი გულით, რომ ხელი შეუწყო, სინათლეზე გამოიტანო ყოველივე ის, რაც ითქვა – დიახ, ჩემი ნაშრომის თარგმანი; იყავი მომთმენი, სანამ ამას არ დაასრულებ.

20 აჰა, ეს არის შენი საქმე – დაიცვა ჩემი მცნებები, დიახ, მთელი შენი ძალით, გონებითა და სიძლიერით.

21 ნუ ეცდები ჩემი სიტყვის გამოცხადებას, არამედ ეცადე მიიღო ჩემი სიტყვა და შემდეგ გაგეხსნება ენა; მაშინ, თუ მოისურვებ, დაეუფლები ჩემს სულსა და სიტყვას, დიახ, ღმერთის ძალას ადამიანთა დასარწმუნებლად.

22 მაგრამ, ახლა იყავი ჩუმად; შეისწავლე ჩემი სიტყვა, რომელიც უკვე ებოძა ადამიანთა შვილებს, ასევე შეისწავლე სიტყვა, რომელიც უნდა მოვიდეს ადამიანთა შვილებს შორის ანუ რომელიც ახლა ითარგმნება, დიახ, სანამ ყველაფერს არ მიიღებ, რასაც მივცემ ადამიანთა შვილებს ამ თაობაში და ამას თან დაერთვის ყოველივე დანარჩენი.

23 აჰა, შენ ხარ ჰაირამი, ჩემი შვილი. ეძიე ღვთის სასუფეველი და ყოველივე ეს შეგემატება სიმართლის შესაბამისად.

24 ააგე ჩემს კლდეზე, რაც არის ჩემი სახარება;

25 ნუ უარყოფ გამოცხადებისა და წინასწარმეტყველების სულს, ვინაიდან ვარამი მას, ვინც ამას უარყოფს.

26 ამიტომ, დაიუნჯე გულში იმ დრომდე, როდესაც ჩემი სიბრძნით წინ წახვალ.

27 აჰა, ვეუბნები ყველას, ვისაც აქვს კეთილი ზრახვები და მოსავლის მოსამკავად აქვს მოქნეული ნამგალი.

28 აჰა, მე ვარ იესო ქრისტე, ძე ღვთისა, ვარ ამა ქვეყნის სიცოცხლე და სინათლე.

29 ვარ იგივე, რომელიც მოვედი ჩემებთან და ჩემებმა არ მიმიღეს.

30 მაგრამ ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით, რომლებიც მიმიღებენ, ვუბოძებ ძალას, იქცნენ ღვთის შვილებად, მათაც კი, რომლებიც იწამებენ ჩემს სახელს. ამინ.