წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 87


ნაწილი 87

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით მიღებული გამოცხადება და წინასწარმეტყველება ომის შესახებ, კირტლანდი, ოჰაიო 25 დეკემბერი, 1832 წ. ამ დროს შეერთებულ შტატებში გამწვავდა კამათი მონობისა და სამხრეთ კაროლინის ფედერალური გადასახადების გაუქმების შესახებ. ჯოზეფ სმითის ისტორიაში აღნიშნულია: „ერთა შორის მღელვარების ნიშნები“ ხდებოდა „უფრო თვალსაჩინო“ წინასწარმეტყველისთვის, „ვიდრე ეს იყო მანამდე, მას შემდეგ, რაც ეკლესიამ იწყო უდაბნოდან გამოსვლა.“

1–4, წინასწარმეტყველება ომზე ჩრდილოეთსა და სამხრეთ შტატებს შორის; 5–8, დიდი უბედურება დაატყდება დედამიწის ყოველ მცხოვრებს.

1 ჭეშმარიტად, ამას ამბობს უფალი ომების შესახებ, რომლებიც მალე იქნება, დაიწყება რა სამხრეთ კაროლინის ჯანყით, რომელიც საბოლოოდ დასრულდება მრავალთა სულის სიკვდილითა და უბედურებით.

2 და მოვა დრო, როდესაც ომი გადმოიღვრება ყოველ ერზე, დაიწყება რა ამ ადგილიდან.

3 ვინაიდან, აჰა, სამხრეთის შტატები გამოეყოფა ჩრდილოეთ შტატებს და სამხრეთის შტატები მოუხმობენ სხვა ერებს, თვით ეგრედ წოდებულ დიდ ბრიტანეთს, ისინიც ასევე სხვა ერებს მოუხმობენ თავის დასაცავად სხვა ერებისგან; და შემდეგ ომი გადმოიღვრება ყოველ ერზე.

4 და იქნება ასე: მრავალი დღის შემდეგ მონები აჯანყდებიან თავიანთი ბატონების წინააღმდეგ, რომლებიც ომისთვის დაირაზმებიან და მოემზადებიან.

5 და იქნება ასე, რომ მიწის დარჩენილი მცხოვრებნი დაირაზმებიან და ძალზედ განრისხდებიან და გააუბედურებენ წარმართებს მწარე უბედურებით.

6 და ასე, მახვილისა და სისხლისღვრისგან იგლოვებენ მიწის მცხოვრებნი; და შიმშილით, ჭირით, მიწისძვრითა და ზეცის ჭექა-ქუხილით, ასევე მძვინვარე და კაშკაშა ელვით, დედამიწის მცხოვრებნი იგრძნობენ რისხვასა და გულისწყრომას და დამსჯელ ხელს ყოვლადძლიერი ღმერთისა, იქამდე, სანამ დანიშნული განადგურება ყოველ ერს მთლიანად არ მოუღებს ბოლოს.

7 რათა წმინდანთა ღაღადი და წმინდანთა სისხლის ღაღადი მტრებზე შურის საძიებლად აღარ მივიდეს დედამიწიდან ცაბაოთ უფლის ყურამდე.

8 ამიტომ, დადექით წმინდა ადგილებში და იყავით ურყევნი, სანამ უფლის დღე არ მოვა; ვინაიდან, აჰა, ის მოვა მალე, – ამბობს უფალი. ამინ.