წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 97


ნაწილი 97

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით მიღებული გამოცხადება, კირტლანდი, ოჰაიო, 2 აგვისტო, 1833 წ. ეს გამოცხადება ეხება კერძოდ წმინდანებს სიონში, ჯექსონის ოლქი, მისური, წინასწარმეტყველის უფლისადმი თხოვნის საპასუხად მონაცემების მისაღებად. ეკლესიის წევრები მისურიში იმჟამად განიცდიდნენ მძიმე დევნას და 1833 წლის 23 ივლისს იძულებით მოაწერინეს ხელი ხელშეკრულებაზე ჯექსონის ოლქიდან წასვლის შესახებ.

1–2, მრავალი წმინდანი სიონში (ჯექსონის ოლქი, მისური) კურთხეულია თავისი ერთგულებისთვის; 3–5, პარლი პ. პრატი იმსახურებს ქებას სიონის სკოლაში შრომისთვის; 6–9, ისინი, რომლებიც იცავენ თავიანთ აღთქმებს, მიღებულნი არიან უფლის მიერ; 10–17, სახლი უნდა აშენდეს სიონში, რომელშიც გულით სუფთანი იხილავენ ღმერთს; 18–21, სიონი არის გულით წმინდანნი; 22–28, სიონი თუ ერთგულია, გადაურჩება უფლის მათრახს.

1 ჭეშმარიტად გეუბნებით, ჩემო მეგობრებო, გელაპარაკებით ჩემი ხმით, ჩემი სულის ხმით, რათა გაგანდოთ ჩემი ნება სიონის მიწაზე მყოფი თქვენი ძმების შესახებ, რომელთაგან მრავალი ჭეშმარიტად მორჩილია და ბეჯითად ეძიებს, ისწავლოს სიბრძნე და იპოვოს ჭეშმარიტება.

2 ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით: ასეთები არიან კურთხეულნი, ვინაიდან მიიღებენ; ვინაიდან მე, უფალი, ვიჩენ მოწყალებას ყოველი თვინიერისადმი, ასევე ყოვლის მიმართ, ვისაც მოვისურვებ, რათა ვიყო მართალი, როდესაც მათ სამსჯავროზე მოვიყვან.

3 აჰა, გეუბნებით სიონში სკოლის შესახებ: მე, უფალი, ძალზედ კმაყოფილი ვარ იმით, რომ სიონში იქნება სკოლა და ასევე ჩემი მსახურით, პარლი პ. პრატით, ვინაიდან იგი ჩემში რჩება.

4 და რამდენადაც გააგრძელებს ჩემში დარჩენას, გააგრძელებს სკოლის მმართველობას სიონის მიწაზე, სანამ სხვა ბრძანებას არ მივცემ.

5 და ვაკურთხებ მას კურთხევების სიმრავლით, ყოველი წმინდა წერილისა და საიდუმლოებების განმარტებით, სიონში სკოლისა და ეკლესიის განათლებისთვის.

6 და დანარჩენებისთვის სკოლაში მე, უფალი, მზად ვარ, გამოვიჩინო მოწყალება; ამისდა მიუხედავად, არიან ისეთნი, რომლებიც უნდა განკიცხულნი იქნენ და მათი საქმენი გახდება ცნობილი.

7 ცული ხეების ფესვთან დევს და ყოველი ხე, რომელიც არ მოისხამს კარგ ნაყოფს, მოიკვეთება და ცეცხლში იქნება ჩაგდებული. მე, უფალმა, ეს ვილაპარაკე.

8 ჭეშმარიტად გეუბნებით: ყოველი მათგანი, მათ შორის რომლებმაც იციან, რომ გული აქვთ პატიოსანი და მოდრეკილი, სული კი მომნანიებელი და სურთ, დაიცვან თავიანთი აღთქმები მსხვერპლშეწირვით – დიახ, ყოველი შესაწირავით, რომელსაც მე, უფალი, ვუბრძანებ – მიღებული იქნება ჩემ მიერ.

9 ვინაიდან მე, უფალი, ვაიძულებ მათ, მოისხან ნაყოფიერი ხის მსგავსად, რომელიც დარგულია კარგ ნიადაგზე, სუფთა წყაროსთან, რომელიც ისხამს მრავალ ძვირფას ნაყოფს.

10 ჭეშმარიტად გეუბნებით: ეს არის ჩემი ნება, რომ აშენდეს სახლი ჩემთვის სიონის მიწაზე, იმ ნიმუშისამებრ, რომელიც მოგეცით.

11 დიახ, დაე, ის აშენდეს სწრაფად, ჩემი ხალხის მეათედით.

12 აჰა, ეს არის მეათედი და შესაწირავი, რომელსაც მე, უფალი, მოვითხოვ მათი ხელიდან, რათა ჩემთვის აშენდეს სახლი სიონის გადასარჩენად –

13 როგორც სამადლობელი ადგილი ყოველი წმინდანისთვის და სწავლის ადგილი ყოველი მათგანის, რომელიც მოწოდებულია მსახურების საქმისთვის სხვადასხვა მოწოდებებში და თანამდებობებზე;

14 რათა სრულყოფილად ჩაწვდნენ მსახურებას, თეორიაში, საფუძვლებსა და მოძღვრებაში, ყოველივეს, რაც ეხება ღვთის სასუფეველს დედამიწაზე, იმ სასუფევლის, რომლის გასაღებები თქვენ გებოძათ.

15 და, რამდენადაც ჩემი ხალხი ამიშენებს სახლს უფლის სახელით და არ დაუშვებს, რომ რაიმე უწმინდური შიგნით შევიდეს, რათა არ იქნეს წაბილწული, ჩემი ბრწყინვალება მას მოეფინება;

16 დიახ, იქ იქნება ჩემი გარემოცვა, ვინაიდან მე შევალ იქ და ყოველი გულით წმინდა შემომსვლელი იხილავს ღმერთს.

17 მაგრამ თუ ის წაიბილწა, იქ მე არ შევალ და ჩემი ბრწყინვალება იქ არ იქნება; რადგან მე უწმინდურ ტაძრებში არ შევალ.

18 და ახლა აჰა, თუ სიონი გააკეთებს ყოველივე ამას – აყვავდება, გაიზრდება და გახდება ძალზედ ბრწყინვალე, დიადი და ძალზედ საშიში.

19 და დედამიწის ერები დააფასებენ მას და იტყვიან: ჭეშმარიტად, სიონი არის ღმერთის ქალაქი და ჭეშმარიტად, სიონი ვერ დაეცემა, ვერც დაიძრება ადგილიდან, ვინაიდან იქ არის ღმერთი და იქ არის უფლის ხელი;

20 და დაიფიცა თავისი ძლევამოსილების ძალით, რომ იქნება მისი ხსნა და მისი მაღალი კოშკი.

21 ამიტომ, ჭეშმარიტად, ასე ამბობს უფალი: დაე, იხაროს სიონმა, ვინაიდან ეს არის სიონი – გულით წმინდანნი; ამიტომ, დაე, იხაროს სიონმა, როდესაც იგლოვებს ყოველი ბოროტი.

22 ვინაიდან, აჰა, შურისგება სწრაფად ატყდება თავს უღმერთოს, ვითარცა გრიგალი და ვინ გაექცევა მას?

23 უფლის მათრახი გაიელვებს ღამითა და დღისით და ამბავი მისი ააღელვებს ყველას; დიახ, ის არ დაოკდება, სანამ არ მოვა უფალი;

24 ვინაიდან, გულისწყრომა უფლისა დაენთო მათი სიბილწისა და ყოველი მათი ბოროტი საქმის წინააღმდეგ.

25 ამისდა მიუხედავად, სიონი გადაურჩება ამას, თუ დაიცავს ყოველივეს იმას, რაც ვუბრძანე.

26 მაგრამ, თუ არ დაიცავს ყოველივეს, რაც ვუბრძანე, მე ვეწვევი მას ყოველი მის ნამოქმედარის შესაბამისად, მწარე გაჭირვებით, ჭირით, უბედურებით, ხმლით, შურისგებით, შთანმთქმელი ცეცხლით.

27 ამისდა მიუხედავად, დაე, ამჯერად ეს წაუკითხონ მას ყურში, რომ მე, უფალმა, მივიღე მისი შემოწირულობანი; და თუ მეტად აღარ შესცოდავს, არაფერი აქედან თავს არ დაატყდება;

28 და ვაკურთხებ მას კურთხევებით და გავამრავლებ მრავალ კურთხევას მასზე, მის თაობებზე, უკუნითი უკუნისამდე, ამბობს უფალი, თქვენი ღმერთი. ამინ.