ნაწილი 31
წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით მიღებული გამოცხადება თომას ბ. მარშისთვის, სექტემბერი, 1830 წ. რომელიც მიღებულ იქნა ეკლესიის კონფერენციის შემდეგ (იხ. 30-ე ნაწილის შესავალი). თომას ბ. მარში მოინათლა იმავე თვეში, თუმცა უფრო ადრე და ამ გამოცხადების მიღებამდე ეკლესიაში უხუცესად იქნა ხელდასხმული.
1–6, თომას ბ. მარში მოწოდებულია, იქადაგოს სახარება და იღებს თავისი ოჯახის კეთილდღეობის შესახებ დაპირებას; 7–13, იგი იღებს დარიგებას, გამოიჩინოს მოთმინება, ყოველთვის ილოცოს და გაჰყვეს ნუგეშისმცემელს.
1 თომას, ჩემო შვილო, კურთხეული ხარ ჩემს საქმეში შენი რწმენის გამო.
2 აჰა, შენ გადაიტანე მრავალი გაჭირვება შენი ოჯახის გამო, ამისდა მიუხედავად, გაკურთხებ შენ და შენს ოჯახს, დიახ, შენს პატარა ბავშვებს; და მოვა დღე, როდესაც ისინი იწამებენ, ჩასწვდებიან ჭეშმარიტებას და იქნებიან ერთნი შენთან ჩემს ეკლესიაში.
3 აიმაღლე გული და გაიხარე, ვინაიდან შენი მისიის საათი დადგა; გაგეხსნება ენა და აუწყებ ამ თაობას სასიხარულო ამბებს დიდი ბედნიერებისა.
4 გამოაცხადებ იმას, რაც გავანდე ჩემს მსახურს, ჯოზეფ სმით უმცროსს. ამიერიდან დაიწყებ ქადაგებას, დიახ, ყანის მკას, რომელიც მწიფეა და მზად არის დასაწვავად.
5 ამიტომ, მოიქნიე ნამგალი მთელი შენი სულით და შეგენდო შენი ცოდვები და ძნებით დატვირთული გექნება ზურგი, ვინაიდან მშრომელი ღირსია თავის ჯამაგირისა. ამიტომ, შენი ოჯახი იცხოვრებს.
6 აჰა, ჭეშმარიტად გეუბნები, ცოტახნით მიატოვე ისინი და გამოაცხადე ჩემი სიტყვა და მათთვის ადგილს მოვამზადებ.
7 დიახ, მე გავუხსნი ხალხს გულებს და ისინი მიგიღებენ. და ეკლესიას ჩამოვაყალიბებ შენი ხელით;
8 და უნდა განამტკიცო ისინი და მოამზადო იმ ჟამისთვის, როდესაც შეიკრიბებიან.
9 მომთმენი იყავი გაჭირვებაში, ნუ გალანძღავ მათ, ვინც ილანძღება. უხელმძღვანელე შენს სახლს თვინიერებით და იყავი მტკიცე.
10 აჰა, გეუბნები, რომ იქნები მკურნალი ეკლესიისა და არა მსოფლიოსი, ვინაიდან ისინი შენ არ მიგიღებენ.
11 იარე შენი გზით, სადაც მე მსურს და გებოძება ნუგეშისმცემლისგან, რა უნდა გააკეთო და საით წახვიდე.
12 ყოველთვის ილოცე, რათა არ ჩავარდე ცდუნებაში და არ დაკარგო შენი ჯილდო.
13 იყავი ბოლომდე ერთგული და იცოდე: მე ვარ შენთან. ეს სიტყვები არ არის ადამიანისგან, არც ადამიანებისგან, არამედ ჩემგან, შენი გამომსყიდველი, იესო ქრისტესგან, მამის ნებით. ამინ.