ნაწილი 43
წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით მიღებული გამოცხადება, ქ. კირტლანდი, ოჰაიოს ოლქი, თებერვალი, 1831 წ. ამ დროს ეკლესიის ზოგიერთი წევრი გზააბნეული იყო იმ ადამიანების მიერ, რომლებსაც თვალთმაქცურად თავი განმცხადებლებად მოჰქონდათ. წინასწარმეტყველმა შესთხოვა უფალს და მიიღო ეკლესიის უხუცესებისათვის განკუთვნილი ეს მითითება. პირველი ნაწილი ეხება ეკლესიის მმართველობას, მეორე ნაწილი კი მოიცავს გაფრთხილებას, რომელიც უხუცესებმა უნდა გადასცენ ერებს დედამიწაზე.
1–7, გამოცხადებები და ბრძანებები მოდის მხოლოდ იმის მეშვეობით, რომელიც დანიშნულია ამისთვის; 8–14, წმინდანები განიწმინდებიან უფლის წინაშე წმინდა საქმიანობით; 15–22, უხუცესები გაგზავნილები არიან, იღაღადონ მონანიება და მოამზადონ ადამიანები უფლის დიადი დღისთვის; 23–28, უფალი მოუწოდებს ადამიანებს თავისი ხმითა და ბუნების სტიქიის ძალით; 29–35, დადგება ათასწლეული და სატანის შებოჭვის ჟამი.
1 ყური დამიგდეთ, ჩემო ეკლესიის უხუცესებო და მოისმინეთ სიტყვები, რომლებსაც გეტყვით.
2 ვინაიდან, ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ მიიღეთ ბრძანება, ჩემი ეკლესიისთვის კანონად, მისგან, რომელიც დავნიშნე თქვენთვის, რათა ჩემი ხელიდან მიიღოს ბრძანებები და გამოცხადებები.
3 და უეჭველად გეცოდინებათ – თუ იგი იმყოფება ჩემში, რომ სხვა არავინ არის დანიშნული ბრძანებებისა და გამოცხადებების მისაღებად, სანამ იგი არ იქნება თქვენგან წაყვანილი.
4 მაგრამ ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით, არავინ არ დაინიშნება ამ ძღვენის მისაღებად, თუ არა მისი მეშვეობით; ვინაიდან, თუ ეს ძღვენი მას წაერთმევა, მას არ ექნება ძალაუფლება, გარდა საკუთარი თავის მაგივრად სხვისი დანიშვნისა.
5 და ეს თქვენთვის კანონი იქნება: არ მიიღოთ გამოცხადებად ან მცნებად სწავლებები არავისგან, რომელიც თქვენ წინაშე გამოვა;
6 და ამას გაძლევთ, რათა არ შეცდეთ, რათა იცოდეთ, რომ ისინი არ არიან ჩემგან.
7 ვინაიდან, ჭეშმარიტად გეუბნებით: ვინც ხელდასხმულია ჩემგან, შემოვა კარიბჭიდან და ხელდასხმული იქნება ისე, როგორც ადრე გითხარით, რათა გასწავლოთ ის გამოცხადებები, რომელნიც მიიღეთ და კვლავ მიიღებთ იმის მეშვეობით, ვინც ამისთვის დავნიშნე.
8 და ახლა, აჰა: ბრძანებას გაძლევთ: როდესაც ერთად შეიკრიბებით, ერთმანეთს უნდა ასწავლოთ და დაარიგოთ, რათა იცოდეთ, როგორ მოიქცეთ და მართოთ ჩემი ეკლესია, როგორ მოიქცეთ ჩემი კანონებისა და ბრძანებებისამებრ, რომელნიც მოგეცით.
9 და ამგვარად, ისწავლით ჩემი ეკლესიის კანონებს და განიწმინდებით იმით, რაც მიიღეთ და ვალდებულებას აიღებთ, რომ წმინდად მოიქცევით ჩემ წინაშე –
10 და იმისდა მიხედვით, როგორ შეასრულებთ ამას, დიდება შეემატება სასუფეველს, რომელიც თქვენ მიიღეთ. რამდენადაც ამას არ შეასრულებთ, ის წაგერთმევათ, ისიც კი, რაც მიიღეთ.
11 მოიცილეთ ეს ურჯულობა თქვენი გარემოცვიდან; განიწმინდეთ ჩემ წინაშე.
12 და თუ გსურთ სასუფევლის დიდება, დანიშნეთ ჩემი მსახური, ჯოზეფ სმითი უმცროსი, და რწმენის ლოცვით მხარი დაუჭირეთ მას ჩემ წინაშე.
13 და კვლავ გეუბნებით: თუ გსურთ სასუფევლის საიდუმლოებანი, უზრუნველყავით იგი საკვებით, ტანსაცმლითა და ყველაფრით, რაც დასჭირდება იმ საქმის შესასრულებლად, რომელიც მას ვუბრძანე;
14 და ამას თუ არ გააკეთებთ, იგი დარჩება მათთან, რომლებმაც იგი მიიღეს, რათა შევინარჩუნო ხალხი წმინდად ჩემ წინაშე.
15 კვლავ გეუბნებით: ყური დამიგდეთ თქვენ, ჩემი ეკლესიის უხუცესებო, რომლებიც დავნიშნე, თქვენ იმისთვის კი არ გაგაგზავნეს, რომ გასწავლონ, არამედ იმისთვის, რომ თქვენ ასწავლოთ ადამიანთა შვილებს ის, რაც ხელში ჩაგიდეთ, ჩემი სულის ძალით;
16 და ზეციდან მიიღებთ სწავლებას. განიწმინდეთ და შეიმოსებით ძალით, რათა შეძლოთ გადასცეთ ის, რაც ვილაპარაკე.
17 ყური დამიგდეთ, ვინაიდან, აჰა, დიადი დღე უფლისა ახლოვდება.
18 ვინაიდან, დადგება დღე, როდესაც უფალი დასჭექს ზეციდან ხმას; ზეცა შეზანზარდება და აკანკალდება დედამიწა; და ღმერთის საყვირი დასძახებს გრძლად და ხმამაღლა და აუწყებს მძინარე ერებს: წმინდანებო, აღსდექით და იცოცხლეთ; თქვენ, ცოდვილებო, დარჩით და იძინეთ, სანამ კვლავ არ მოგიწოდებთ.
19 ამიტომ, თეძოები შემოისარტყლეთ, რათა არ აღმოჩნდეთ ბოროტთა შორის.
20 ხმა აღიმაღლეთ და არ დაზოგოთ. მოუწოდეთ ერებს მონანიებისკენ, მოხუცსა და ახალგაზრდას, მონებსა და თავისუფლებს, სიტყვებით: მოემზადეთ უფლის დიადი დღისთვის;
21 ვინაიდან, თუ მე, როგორც ადამიანი, ვიმაღლებ ხმას და მოგიწოდებთ მონანიებისკენ და თქვენ გძულვართ, რას იტყვით მაშინ, როდესაც ჭექა-ქუხილის ხმა დასჭექს დედამიწის კიდეებიდან, ჩასძახებს ყურებში ყოველ ცოცხალს, სიტყვებით: მოინანიეთ და მოემზადეთ უფლის დიადი დღისთვის?
22 დიახ, და კიდევ, როდესაც ელვა გაიელვებს აღმოსავლეთიდან დასავლეთით და დასჭექს ყოველ ცოცხალს, რომლისგანაც მათ ყურები ხმაურით აევსებათ, ამ სიტყვებით გაიგებენ – მოინანიეთ, ვინაიდან უფლის დიადი დღე მოვიდა?
23 და კვლავ, უფალი დასჭექს ხმას ზეციდან, სიტყვებით: ყური დამიგდეთ, დედამიწის ერებო და მოისმინეთ იმ ღმერთის სიტყვები, რომელმაც შეგქმნათ.
24 დედამიწის ერებო, რამდენჯერ დავაპირე თქვენი ერთად შეკრება, როგორც კრუხი იკრებს ფრთისქვეშ თავის წიწილებს, მაგრამ თქვენ არ მოისურვეთ.
25 რამდენჯერ მოგიწოდეთ ჩემი მსახურთა პირით, ანგელოზთა მსახურებით, ჩემი საკუთარი ხმით, ჭექა-ქუხილისა და ელვის გრგვინვით, ქარიშხლისა და მიწისძვრის ხმით, სეტყვის, თავსხმისა და შიმშილის ხმით, სხვადასხვა ჭირის, ხმამაღალი საყვირისა და განჩინების ხმით, მთელი დღე მოწყალების, დიდების, პატივისა და მარადიული სიცოცხლის სიმდიდრის ხმით, გიხსნიდით მარადიული ხსნით, მაგრამ თქვენ არ ისურვეთ!
26 აჰა, მოვიდა დღე, როდესაც სავსეა რისხვით ჩემი გულისწყრომის ფიალა.
27 აჰა, ჭეშმარიტად გეუბნებით: ეს არის უფლის, თქვენი ღმერთის, სიტყვები.
28 ამიტომ, იშრომეთ, უკანასკნელად იშრომეთ ჩემს ვენახში – უკანასკნელად მოუწოდეთ დედამიწის მცხოვრებთ.
29 ვინაიდან, ჩემთვის შესაფერის დროს, მოვალ დედამიწაზე სასჯელით და ჩემი ხალხი გამოიხსნება და იმეფებს ჩემთან ერთად.
30 ვინაიდან, დადგება დიადი ათასწლეული, რომელზეც მე ვილაპარაკე ჩემი მსახურების პირით.
31 ვინაიდან, სატანა იქნება შებოჭილი და როდესაც იგი კვლავ განთავისუფლდება, ის მხოლოდ ცოტა ხნით იმეფებს და შემდეგ დადგება დედამიწის დასასრული.
32 და ის, რომელიც ცხოვრობს სამართლიანობაში, შეიცვლება თვალის დახამხამებაში და დედამიწა გაქარწყლდება, ვითარცა ცეცხლი.
33 და ბოროტი წავა უქრობ ცეცხლში და მათი დასასრული დედამიწაზე არავინ იცის და ვერასდროს გაიგებენ, სანამ არ წარსდგებიან სამსჯავროზე ჩემ წინაშე.
34 ყური დაუგდეთ ამ სიტყვებს. აჰა, მე ვარ იესო ქრისტე, ამაქვეყნის მხსნელი, დაიუნჯეთ ეს თქვენს გულებში, დაე, თქვენი ფიქრები იყოს მარადიულის დიდებით.
35 იყავით ფხიზლად. დაიცავით ყოველი ჩემი მცნება. სწორედ ასე. ამინ.