წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 135


ნაწილი 135

განცხადება წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითისა და მისი ძმის, პატრიარქის, ჰაირამ სმითის მოწამეობრივი სიკვდილის შესახებ, ილინოისი, 27 ივნისი, 1844 წ. ეს საბუთი თანდართული იყო 1844 წ. გამოცემულ მოძღვრება და აღთქმების დასასრულზე, რომელიც თითქმის მზად იყო გამოსაცემად, როდესაც ჯოზეფი და ჰაირამ სმითი დახოცეს.

1–2, ჯოზეფი და ჰაირამი დახოცეს კარტრიჯის ციხეში; 3, ცხადდება წინასწარმეტყველის უზენაესობა; 4–7, მათი უდანაშაულო სისხლი მოწმობს მათი ღვაწლის ჭეშმარიტებასა და ღვთიურობაზე.

1 ამ წიგნისა და მორმონის წიგნის დამოწმების ჩასაბეჭდად ვაცხადებთ წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითისა და პატრიარქის ჰაირამ სმითის მოწამეობრივი სიკვდილის შესახებ. 1844 წ. 27 ივნისს, კარტრიჯის ციხეში, დაახლოებით დღის ხუთ საათზე, ისინი დახვრიტა შეიარაღებულმა ბრბომ, რომელიც შედგებოდა 150-200 ადამიანისგან შავად შეღებილი სახეებით. პირველს ჰაირამს ესროლეს. იგი მშვიდად დაეცა და აღმოხდა: ვკვდები! ჯოზეფი, ცდილობდა რა ფანჯრიდან გადახტომას, სასიკვდილოდ დაჭრეს და მან წამოიძახა: ო, უფალო, ღმერთო ჩემო! უკვე მკვდრებს, მათ კიდევ ოთხ-ოთხ ჯერ ესროლეს.

2 ჯონ ტეილორი და უილარდ რიჩარდსი, თორმეტთაგან მხოლოდ ორნი, იმ დროს საკანში იმყოფებოდნენ; პირველი მათგანი სასტიკად დაჭრეს ოთხი გასროლით, მაგრამ გამოჯანმრთელდა; მეორე, ღვთის წყალობით, გაიქცა და მას სამოსიც კი ვერ დაუზიანეს.

3 ჯოზეფ სმითმა, უფლის წინასწარმეტყველმა და წინასწარმჭვრეტმა, ამქვეყნად კაცობრიობის გამოსახსნელად უფრო მეტი გააკეთა, ვიდრე ოდესმე მცხოვრებმა რომელიმე სხვა ადამიანმა, იესო ქრისტეს გარდა. ოცი წლის დროის მცირე მონაკვეთში მან გამოსცა მორმონის წიგნი, რომელიც გადათარგმნა ღვთის ძალითა და ძღვენით და მისი მეშვეობით ეს წიგნი გამოიცა ორ კონტინენტზე; მასში მოცემული მარადიული სახარების სისრულე მან დედამიწის ოთხივე მხარეს გააგზავნა; მან სამყაროს მოუვლინა გამოცხადებები და მცნებები, რომლებისგანაც შედგება ეს წიგნი, მოძღვრება და აღთქმები და მრავალი სხვა ბრძნული ჩანაწერი და მითითება ადამიანთა შვილების სასიკეთოდ; შეკრიბა მრავალი ათასი უკანასკნელ დღეთა წმინდანი, დააარსა დიადი ქალაქი და დატოვა სახელი და დიდება, რომლის განადგურებაც შეუძლებელია. დიადი იყო ცხოვრებაში, დიადად გარდაიცვალა ღმერთისა და თავისი ხალხის თვალში; და ძველი დროის უფლის ზეთცხებულივით, ჩაბეჭდა საკუთარი სისხლით თავისი მისია და საქმე; ასევე მისმა ძმამ, ჰაირამმა. ისინი ცხოვრებაში იყვნენ განუყრელნი და სიკვდილმაც ვერ დააშორა ერთმანეთს.

4 როდესაც ჯოზეფი წავიდა კარტრიჯში, რათა ჩაბარებოდა კანონის შეთხზული მოთხოვნების შესაბამისად, მკვლელობამდე ორი ან სამი დღით ადრე მან თქვა: მივდივარ, როგორც კრავი სასაკლაოზე, მაგრამ მშვიდი ვარ, ვითარცა ზაფხულის დილა; ჩემი სინდისი სუფთაა ღვთის წინაშე და ყოველი ადამიანის წინაშე. მე მოვკვდები უდანაშაულოდ და ჩემზე იტყვიან – იგი ცივსისხლიანად მოკლეს.“ იმავე დილით, მას შემდეგ, რაც ჰაირამი წასასვლელად მოემზადა – შეიძლება ითქვას, რომ მიდიოდა სასაკლაოზე? დიახ, ვინაიდან ეს ასე იყო – მან წაიკითხა მორმონის წიგნში ეფერის წიგნის მეთორმეტე თავის ბოლოს შემდეგი მუხლი და ჩაინიშნა ეს გვერდი:

5 და იყო ასე, რომ უფლისადმი ვილოცე, რათა წარმართებისთვის ებოძებინა მადლი, ჰქონოდათ გულმოწყალება. და იყო ასე, რომ უფალმა მითხრა: თუ მათ არ აქვთ გულმოწყალება, ეს შენ არ გეხება, შენ ერთგული იყავი; ამიტომ, სამოსელი შენი განიწმინდება. და ვინაიდან საკუთარი სისუსტე იხილე, შენ განმტკიცდები იმდენად, რომ მამაჩემის სავანეში ჩემ მიერ მომზადებულ ადგილზე დაჯდები. და ახლა მე, მორონი, ვემშვიდობები წარმართებს, დიახ, ასევე ჩემს ძმებს, რომლებიც მიყვარს, ქრისტეს სამსჯავროს წინაშე შეხვედრამდე, სადაც ყოველი ადამიანი გაიგებს, რომ ჩემი სამოსელი არ არის გასვრილი თქვენი სისხლით. მოანდერძენი დაიხოცნენ და მათი ანდერძი ძალაში რჩება.

6 ჰაირამ სმითს 1844 წ. თებერვალში შეუსრულდა ორმოცდაოთხი წელი, ჯოზეფ სმითს 1843 წ. დეკემბერში შეუსრულდა ოცდათვრამეტი წელი; ამიერიდან მათი სახელები მოხსენიებულ იქნება რწმენისათვის მოწამეთა შორის; და ყოველი ერის მკითხველს შეახსენებს, რომ მორმონის წიგნი და ეს წიგნი – ეკლესიის მოძღვრება და აღთქმები, მიღებულ იქნა მეცხრამეტე საუკუნის საუკეთესო სისხლის ფასად, რათა ხსნა მოვლენილ ყოფილიყო დაქცეული ქვეყნისთვის; თუ ცეცხლს შეუძლია, დააზიანოს ნედლი ხე ღვთის სიდიადისთვის, რაოდენ ადვილი იქნება ხმელი ხეების დაწვა, ხრწნისგან ვენახის განსაწმენდად. მათ იცხოვრეს სიდიადისთვის, დაიხოცნენ სიდიადისთვის და სიდიადეა მათი მარადიული ჯილდო. თაობიდან თაობამდე მათი სახელები გადაეცემა შთამომავლობას, როგორც ძვირფასეულობანი განწმენდილთათვის.

7 ისინი არანაირ დანაშაულში არ იყვნენ დამნაშავენი, როგორც ეს მრავალჯერ დამტკიცდა და ციხეში იმყოფებოდნენ მხოლოდ მოღალატეთა და ბოროტ ადამიანთა შეთქმულების გამო; და მათი უდანაშაულო სისხლი კარტრიჯის ციხის იატაკზე არის მორმონიზმზე დადებული დიდი ბეჭედი, რომელსაც ვერ უარყოფს დედამიწაზე ვერც ერთი სასამართლო და მათი უდანაშაულო სისხლი ილინოისის შტატის გერბზე, შტატის შებღალულ სახელთან ერთად, მისი მმართველის გატეხილი სიტყვის სახით, არის დამოწმება მარადიული სახარების ჭეშმარიტებისა, რომელსაც ვერ უარყოფს მთელი მსოფლიო; და მათი უდანაშაულო სისხლი თავისუფლების ალამზე და შეერთებული შტატების დიდ კონსტიტუციაზე არის იესო ქრისტეს რწმენის მაცნე, რომელიც შეეხება ყოველ ერში პატიოსან ადამიანთა გულს; და მათი უდანაშაულო სისხლი, იოანეს მიერ სამსხვერპლოს ქვეშ ნანახ ყოველ მოწამეთა სისხლთან ერთად, შესტირებს ცაბაოთ უფალს მანამ, სანამ იგი დედამიწაზე შურისგებას არ მიაგებს ამ სისხლისთვის. ამინ.