წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 57


ნაწილი 57

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით მიღებული გამოცხადება, ქ. სიონი, ჯექსონის ოლქი, მისური, 1831 წ. 20 ივნისი. დაემორჩილნენ რა ღმერთის ბრძანებას, გამგზავრებულიყვნენ მისურიში, სადაც იგი გაანდობდა „მემკვიდრეობის მიწას“ (ნაწილი 52) უხუცესებმა იმოგზაურეს ოჰაიოდან მისურის აღმოსავლეთ საზღვრამდე. ჯოზეფ სმითი მსჯელობდა ლამანიელების მდგომარეობაზე: „როდის გაიფურჩქნება უდაბნო, როგორც ვარდი? როდის აშენდება სიონი თავის სიდიადეში და სად იდგება შენი ტაძარი, რომელთანაც მოვა დედამიწის ყოველი ერი უკანასკნელ დღეს?“ ამის შემდგომ მიიღო ეს გამოცხადება.

1–3, ქ. ინდეფენდენსი, მისური, არის ქალაქ სიონისა და ტაძრის ადგილი; 4–7, ამ ადგილზე წმინდანებმა უნდა იყიდონ მიწა და მიიღონ მემკვიდრეობა; 8–16, სიდნეი გილბერტმა უნდა გახსნას მაღაზია, უილიამ ვ. ფელფსი უნდა იყოს მესტამბე და ოლივერ ქაუდერი – გამოსაცემი მასალის რედაქტორი.

1 ყური დამიგდეთ თქვენ, ჩემი ეკლესიის უხუცესებო, – ამბობს უფალი, თქვენი ღმერთი, ამ მიწაზე ერთად შეკრებილნო ჩემი ბრძანების შესაბამისად, რომელიც არის მისურის მიწა, რომელიც მივუჩინე და მივუძღვენი წმინდანთა შეკრებას.

2 ამიტომ, ეს არის აღთქმული მიწა და ადგილი ქალაქ სიონისთვის.

3 და ამას ამბობს უფალი, თქვენი ღმერთი: თუ მიიღებთ სიბრძნეს – ამაშია სიბრძნე. აჰა, ადგილი, რომელსაც ამჟამად ეწოდება ინდეფენდენსი, არის საყრდენი წერტილი; და ტაძრის ადგილი არის მიწის ნაკვეთზე, სასამართლოს შენობიდან შორიახლოს, დასავლეთით.

4 ამიტომ, ამაშია სიბრძნე, რომ მიწა შეიძინონ წმინდანებმა, ასევე ყოველი ნაკვეთი, რომელიც მდებარეობს დასავლეთით, იმ ხაზამდეც კი, რომელიც ყოფს იუდეველსა და წარმართს;

5 ასევე ყოველი ნაკვეთი პრერიების საზღვრის გასწვრივ, იმისდა მიხედვით, რა საშუალება ექნებათ ჩემს მოწაფეებს მიწების შესაძენად. აჰა, ეს არის სიბრძნე, რათა შეძლონ მათი შეძენა სამარადისო მემკვიდრეობისთვის.

6 დაე, ჩემმა მსახურმა, სიდნეი გილბერტმა, იმსახუროს თანამდებობაზე, რომელზეც დავნიშნე, რომ მიიღოს თანხები, რათა იყოს ჩემი ეკლესიის მოხელე და მიწები შეიძინოს გარშემო მხარეებში, რამდენადაც შესაძლებელი იქნება ამის სამართლიანად შესრულება, როგორც იქნება სიბრძნის მიერ ნაკარნახევი.

7 დაე, ჩემმა მსახურმა, ედვარდ პარტრიჯმა, იმსახუროს თანამდებობაზე, რომელზეც დავნიშნე და გაუნაწილოს წმინდანებს მათი მემკვიდრეობა, როგორც ვბრძანე; და ასევე მოიქცნენ ისინი, რომლებიც დამხმარეებად აირჩია.

8 და კიდევ, ჭეშმარიტად გეუბნებით: დაე, ჩემი მსახური, სიდნეი გილბერტი, დასახლდეს ამ ადგილზე და გახსნას მაღაზია, რათა ივაჭროს სამართლიანად, რომ მიიღოს თანხები მიწების საყიდლად, წმინდანთა სასარგებლოდ და შეძლოს ყოველივე იმის შეძენა, რაც მოწაფეებს შეიძლება დასჭირდეთ საკუთარი მემკვიდრეობის დასამკვიდრებლად.

9 და ასევე, დაე, ჩემმა მსახურმა, სიდნეი გილბერტმა, აიღოს ნებართვა – აჰა, ამაშია სიბრძნე და ვინც წაიკითხავს, დაე, გაიგოს, რათა ხალხისთვის საქონლის გაგზავნა შეძლოს მათ მიერ, ვისაც იგი სამსახურში ნოქრებად დაიქირავებს;

10 და ამგვარად უზრუნველყოს ჩემი წმინდანები, რათა ჩემი სახარების ქადაგება შესაძლებელი იყოს მათთვის, ვინც ბნელში, მიწაზე და სიკვდილის ჩრდილში ზის.

11 და კიდევ, ჭეშმარიტად გეუბნებით: დაე, ჩემი მსახური, უილიამ ვ. ფელფსი, დასახლდეს ამ ადგილზე და იყოს ეკლესიის მესტამბე.

12 დიახ, თუ სამყარო მიიღებს მის დაწერილს – აჰა, ამაშია სიბრძნე, დაე, დაეუფლოს იგი სამართლიანობაში ყოველივეს, რისი დაუფლებასაც შეძლებს, წმინდანთა სასარგებლოდ.

13 დაე, ჩემი მსახური, ოლივერ ქაუდერი, მას ეხმარებოდეს, როგორც ვუბრძანე, სადაც დავნიშნავ მას, გადაწერაში, შესწორებაში და შერჩევაში, რათა ყოველივე ჩემ წინაშე იყოს სწორი, როგორც ამას სული დაამტკიცებს მისი საშუალებით.

14 დაე, ისინი, რომლებზეც ვილაპარაკე, რაც შეიძლება სწრაფად დასახლდნენ სიონის მიწაზე თავიანთი ოჯახებით, რათა გააკეთონ ყოველივე ის, რაც ვთქვი.

15 და ახლა, რაც ეხება შეკრებას: დაე, ეპისკოპოსმა და მოხელემ მოამზადონ ყველაფერი იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც ებრძანათ ამ მიწაზე მოსვლა, რაც შეიძლება სწრაფად და დაასახლონ ისინი თავიანთ სამემკვიდრეოზე.

16 და დანარჩენ უხუცესებსა და წევრებს დამატებითი მითითებები ებოძებათ ამის შემდეგ. სწორედ ასე. ამინ.