წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 103


ნაწილი 103

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით მიღებული გამოცხადება, კირტლანდი, ოჰაიო, 24 თებერვალი, 1834 წ. ეს გამოცხადება მიღებულ იქნა კირტლანდში, ოჰაიო, პარლეი პ. პრატისა და ლიმან უაითის ჩამოსვლის შემდეგ, რომლებიც მისურიდან ჩამოვიდნენ წინასწარმეტყველთან სათათბიროდ, ჯექსონის ოლქში წმინდანთა დახმარებისა და თავიანთ მიწებზე დაბრუნების შესახებ.

1–4, რატომ დაუშვა უფალმა წმინდანთა დევნა ჯექსონის ოლქში; 5–10, წმინდანები გაიმარჯვებენ, თუ დაიცავენ მცნებებს; 11–20, სიონის გამოსყიდვა მოხდება ძალის მეშვეობით და უფალი თავის ხალხს წინ გაუძღვება; 21–28, წმინდანები უნდა შეიკრიბონ სიონში და ისინი, რომლებიც შეწირავენ საკუთარ სიცოცხლეს – მას კვლავ მოიპოვებენ; 29–40, სხვადასხვა ძმები მოწოდებულნი არიან სიონის ბანაკის ჩამოსაყალიბებლად და სიონში წასასვლელად; ერთგულნი თუ იქნებიან, მათ აღუთქვეს გამარჯვება.

1 ჭეშმარიტად გეუბნებით, ჩემო მეგობრებო, აჰა, მოგცემთ გამოცხადებას და ბრძანებას, რათა იცოდეთ, როგორ იმოქმედოთ მოვალეობის შესრულებისას, თქვენი ძმების ხსნასა და გამოსყიდვასთან დაკავშირებით, რომლებიც არიან სიონის მიწაზე გაფანტულნი.

2 არიან რა დევნილნი და ნაცემნი ჩემი მტრების ხელით, რომლებზეც გადმოვღვრი უზომო რისხვას ჩემთვის შესაფერის დროს.

3 ვინაიდან, აქამდე მათ ვუთმენდი, რათა აღავსონ თავიანთი უსამართლობის საწყავი, რომ ფიალა მათი იყოს სავსე.

4 და ისინი, რომლებიც თავს მოიხსენიებენ ჩემი სახელით, ცოტა ხნით დაისაჯონ მკაცრი და მძიმე სასჯელით, ვინაიდან მთლიანად არ უგდებდნენ ყურს სწავლებებსა და მოძღვრებებს, რომლებიც მათ ვუბოძე.

5 მაგრამ ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ გავეცი ბრძანება, რომელსაც ჩემი ხალხი შეასრულებს, თუკი ამ წუთიდანვე ყურს დაუგდებს რჩევას, რომელსაც მე, უფალი, მათი ღმერთი, ვუბოძებ.

6 აჰა, ვინაიდან ეს ვუბრძანე, ისინი ამ წუთიდან დაიწყებენ ჩემი მტრების დამარცხებას.

7 და ყოველი სიტყვის გულდასმით შესრულებით, რომელსაც მე, უფალი, მათი ღმერთი, ვეტყვი, ისინი არ შეწყვეტენ გამარჯვებას, სანამ ამაქვეყნის სამეფონი ჩემს ფეხქვეშ არ იქნებიან გართხმულნი და დედამიწა არ გადაეცემა წმინდანებს, რათა დაეუფლონ მას უკუნითი უკუნისამდე.

8 მაგრამ, თუ არ დაიცავენ ჩემს მცნებებს და გულდასმით არ შეასრულებენ ყოველ ჩემს სიტყვას, ამაქვეყნის სამეფონი მათ დაამარცხებენ.

9 ვინაიდან, დანიშნულნი არიან, იყვნენ ამაქვეყნისთვის სინათლე და ადამიანთა მხსნელნი;

10 და თუ არ არიან ადამიანთა მხსნელნი, არიან როგორც გამტკნარებული მარილი და ამიერიდან იგი აღარაფრად ივარგებს, მხოლოდ გარეთ თუ გადაიყრება კაცთაგან ფეხქვეშ გასათელად.

11 მაგრამ, ჭეშმარიტად გეუბნებით: მე ვბრძანე, რომ თქვენი ძმები, რომლებიც იყვნენ გაფანტულნი, უნდა დაუბრუნდნენ თავიანთი მემკვიდრეობის მიწებს და აღაშენონ სიონის გაპარტახებული ადგილები.

12 ვინაიდან, მრავალი განსაცდელის შემდეგ, როგორც ადრე ბრძანებაში გითხარით, მოვა კურთხევა.

13 აჰა, ეს არის კურთხევა, რომელსაც დაგპირდით თქვენი განსაცდელისა და თქვენი ძმების განსაცდელის შემდეგ: გამოსყიდვა თქვენი და გამოსყიდვა თქვენი ძმებისა, მათი სიონის მიწაზე აღდგენაც კი, რათა ფესვი გაიდგან და მეტად ვეღარ იქნენ დამხობილნი.

14 მაგრამ, თუ წაბილწავენ თავიანთ მემკვიდრეობას, ისინი იქნებიან დამხობილნი; ვინაიდან, მათ არ დავინდობ, თუ წაბილწავენ თავიანთ მემკვიდრეობას.

15 აჰა, გეუბნებით: სიონის გამოსყიდვა უნდა მოხდეს ძალის მეშვეობით;

16 ამიტომ, ჩემს ხალხს აღვუზრდი ადამიანს, რომელიც გაუძღვება მათ, როგორც მოსე უძღვებოდა ისრაელის შვილებს.

17 ვინაიდან, თქვენ ხართ ისრაელის შვილები და თესლი აბრაამისა და მონობიდან უნდა გამოგიყვანონ ძალის მეშვეობითა და გაწვდილი ხელით.

18 და როგორც გაუძღვნენ თავიდან თქვენს მამებს, ისე მოხდება სიონის გამოსყიდვაც.

19 ამიტომ, დაე, არ დაგიუძლურდეთ გული, ვინაიდან არ გეუბნებით ისე, როგორც ვუთხარი თქვენს მამებს: ჩემი ანგელოზი ივლის თქვენ წინ, მაგრამ არა ჩემი გარემოცვა.

20 მაგრამ გეუბნებით: ჩემი ანგელოზები ივლიან თქვენ წინ და ჩემი გარემოცვაც და შესაფერის დროს კარგ მიწას დაეუფლებით.

21 ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ ჩემი მსახური, ჯოზეფ სმით უმცროსი, არის ადამიანი, რომელსაც ვადარებ მსახურს, რომელსაც ელაპარაკა ვენახის ბატონი იგავში, რომელიც თქვენ მოგეცით.

22 ამიტომ, დაე, ჩემმა მსახურმა ჯოზეფ სმით უმცროსმა, უთხრას ჩემი სახლის ძალებს, ჩემს ახალგაზრდა და შუახნის მამაკაცებს: შეიკრიბეთ ერთად სიონის მიწაზე, მიწაზე, რომელიც შევიძინე ჩემი ფულით, რომელიც ჩემთვის იყო მიძღვნილი.

23 დაე, ყოველმა მეურვეობამ გამოაგზავნოს ბრძენი ადამიანები თავიანთი ფულით და შეიძინონ მიწები ისე, როგორც მათ ვუბრძანე.

24 და რამდენადაც ჩემი მტრები წამოვლენ თქვენ წინააღმდეგ, რათა გაგაძევონ ჩემი კარგი მიწიდან, რომელიც მივუძღვენი, რომ იყოს სიონის მიწა, თქვენი საკუთარი მიწებიდანაც კი, ამ დამოწმებების შემდეგ, რომლებიც მათ წინააღმდეგ ჩემ წინაშე დაამოწმეთ, იმდენად უნდა დაწყევლოთ ისინი;

25 და ვისაც დაწყევლით – მეც დავწყევლი და თქვენ იძიებთ შურს ჩემს მტრებზე.

26 და ჩემი გარემოცვა თქვენთან იქნება ჩემს მტრებზე შურისგებისას, მათ მესამე და მეოთხე თაობებზე, რომლებსაც ვძულვარ.

27 დაე, არავინ შეუშინდეს ჩემი გულისთვის სიცოცხლის შეწირვას; ვინაიდან, ვინც ჩემი გულისთვის შეწირავს საკუთარ სიცოცხლეს, მას კვლავ მოიპოვებს.

28 და ვინც არ არის მოწადინებული ჩემი გულისთვის სიცოცხლის შესაწირად, არ არის ჩემი მოწაფე.

29 ეს არის ჩემი ნება, რომ ჩემმა მსახურმა, სიდნეი რიგდონმა, შეკრებებზე აიმაღლოს ხმა ქვეყნის აღმოსავლეთ ოლქების შეკრებებზე, რათა მოამზადოს მეურვეობები მცნებების დასაცავად, რომლებიც მათ მივეცი სიონის აღდგენისა და გამოსყიდვის შესახებ.

30 ეს არის ჩემი ნება, რომ ჩემი მსახური, პარლეი პ. პრატი და ჩემი მსახური, ლაიმან უაითი, არ დაბრუნდნენ თავიანთი ძმების მიწაზე, სანამ სიონის მიწაზე წასასვლელად არ შეკრიბავენ ჯგუფებს ათობით ან ოცობით ან ორმოცდაათობით ან ასობით, სანამ ხუთასი არ შეიკრიბება ჩემი სახლის ძალებიდან.

31 აჰა, ეს არის ჩემი ნება; ითხოვეთ და მიიღებთ; მაგრამ ადამიანები ჩემს ნებას ყოველთვის არ ასრულებენ.

32 ამიტომ, თუ არ შეგიძლიათ, შეკრიბოთ ხუთასი, ეძიეთ ბეჯითად, რათა სამასი მაინც შეკრიბოთ.

33 თუ ვერ შეკრიბავთ სამასს, ეძიეთ ბეჯითად, რათა ასი მაინც შეკრიბოთ.

34 მაგრამ, ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ გაძლევთ ბრძანებას, არ წახვიდეთ სიონის მიწაზე, სანამ არ შეკრებთ ასეულს ჩემი სახლის ძალებიდან, თქვენთან ერთად სიონის მიწაზე წასასვლელად.

35 ამიტომ, როგორც გითხარით: ითხოვეთ და მიიღებთ; მხურვალედ ილოცეთ, რათა ჩემმა მსახურმა, ჯოზეფ სმით უმცროსმა, შეძლოს თქვენთან ერთად წამოსვლა და ჩემს ხალხს შორის იხელმძღვანელოს და დააფუძნოს ჩემი სასუფეველი მიძღვნილ მიწაზე და უზრუნველყოს სიონის შვილების უფლებები კანონებზე და მცნებებზე, რომლებიც იყო და რომლებიც იქნება ნაბოძები.

36 ყოველნაირი გამარჯვება და დიდება იქნება თქვენზედ მოვლენილი, თქვენი სიბეჯითის, ერთგულებისა და რწმენის ლოცვის მეშვეობით.

37 დაე, ჩემი მსახური, პარლეი პ. პრატი, ჩემს მსახურ ჯოზეფ სმით უმცროსთან ერთად გაემგზავროს.

38 დაე, ჩემი მსახური, ლაიმან უაითი, ჩემს მსახურ სიდნეი რიგდონთან ერთად გაემგზავროს.

39 დაე, ჩემი მსახური, ჰაირამ სმითი, ჩემს მსახურ ფრედერიკ გ. უილიამსთან ერთად გაემგზავროს.

40 დაე, ჩემი მსახური, ორსონ ჰაიდი, ჩემს მსახურ ორსონ პრატთან ერთად გაემგზავროს, სადაც ურჩევს ჩემი მსახური ჯოზეფ სმით უმცროსი, ამ ბრძანებების შესასრულებლად, რომლებიც მე მოგეცით და დანარჩენი დატოვეთ ჩემს ხელში. სწორედ ასე. ამინ.