ნაწილი 46
წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით ეკლესიისთვის მიღებული გამოცხადება, ქ. კირტლანდი, ოჰაიოს ოლქი, 18 მარტი, 1831 წ. ეკლესიის მოღვაწეობის დასაწყისში არ იყო ჩამოყალიბებული საეკლესიო მსახურების ერთიანი წესი. მიუხედავად ამისა, დაწესდა წეს-ჩვეულება, რომელიც განსაზღვრავდა ზიარებაზე და სხვა შეკრებებზე მხოლოდ ეკლესიის წევრებისა და ჭეშმარიტების გულწრფელად მაძიებელთა დასწრებას. ეს გამოცხადება გამოხატავდა უფლის ნებას ეკლესიის მმართველობისა და შეკრებების შესახებ და მის მითითებებს, სულის ძღვენის ძიებისა და ამოცნობის ძალისხმევაში.
1–2, უხუცესებმა უნდა ჩაატარონ შეკრებები სულიწმინდის ხელმძღვანელობით; 3–6, ჭეშმარიტების მაძიებელნი არ უნდა განიდევნონ ზიარებიდან; 7–12, სთხოვეთ ღმერთს და ეძიეთ სულის ძღვენი; 13–26, მოცემულია ამ ძღვენთა ჩამონათვალი; 27–33, ეკლესიის წინამძღვრებს ეძლევათ ძალაუფლება, ამოიცნონ სულის ძღვენი.
1 ყური დამიგდეთ თქვენ, ჩემი ეკლესიის ხალხო; ვინაიდან, ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ ყოველივე ეს ითქვა თქვენ სასარგებლოდ და სწავლებისთვის.
2 მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, რაც დაიწერა, ჩემი ეკლესიის უხუცესებს ეს დასაბამიდანვე ჰქონდათ ყოველთვის ნაბოძები და ასე იქნება მარად, რომ გაუძღვნენ შეკრებებს, სულიწმინდის ხელმძღვანელობითა და თანადგომით.
3 ამისდა მიუხედავად, ნაბრძანები გაქვთ, არასდროს არ გააძევოთ არავინ თქვენი საზოგადოებრივი შეკრებებიდან, რომლებიც ტარდება ამასოფლის წინაშე.
4 თქვენთვის ნაბრძანებია, არ გააძევოთ თქვენი ზიარების შეკრებებიდან არავინ, ვინც მიეკუთვნება ეკლესიას; მიუხედავად ამისა, თუ ვინმემ შესცოდა – არ მიიღოს ზიარება, სანამ არ მოინანიებს.
5 და კვლავ გეუბნებით: არ გააძევოთ თქვენი ზიარების შეკრებებიდან არავინ, ვინც გულწრფელად ეძებს სასუფეველს – მე ამას ვამბობ მათზე, რომლებიც ეკლესიას არ მიეკუთვნებიან.
6 და კვლავ გეუბნებით თქვენი ხელდასხმის შეკრებების შესახებ: თუ იქნება ვინმე, ვინც არ მიეკუთვნება ეკლესიას, ვინც გულწრფელად ეძებს სასუფეველს, თქვენ იგი არ უნდა გააძევოთ.
7 მაგრამ, ნაბრძანები გაქვთ, ყოველივე სთხოვოთ ღმერთს, რომელიც გასცემს უხვად; და ის, რასაც სული დაგიმოწმებთ, მსურს, შეასრულოთ მთელი გულის სიწმინდით, იაროთ წელგამართულმა ჩემ წინაშე, თქვენი ხსნის მიზანზე ფიქრით, აკეთოთ ყოველივე ლოცვითა და მადლიერებით, რათა არ შეგაცდინონ ბოროტმა სულებმა, ეშმაკის სწავლებებმა ან ადამიანთა მცნებებმა; ვინაიდან, ზოგი არის ადამიანისგან და ზოგი ეშმაკებისგან.
8 ამიტომ, ფრთხილად იყავით, რათა არ შეცდეთ; და რომ არ შეცდეთ, ეძიეთ გულწრფელად საუკეთესო ძღვენნი და ყოველთვის გახსოვდეთ, რისთვის გებოძათ ისინი;
9 ვინაიდან, ჭეშმარიტად გეუბნებით: ისინი ებოძათ მათ სასარგებლოდ, ვისაც ვუყვარვარ და იცავენ ყოველ ჩემს მცნებას და ასევე მათთვის, რომელნიც ცდილობენ ასე მოქცევას; რათა ყოველმა იხეიროს, ვინც მეძებს ან მთხოვს, რომელნიც არ ითხოვენ ნიშანს, რათა გამოიყენონ ის საკუთარი გულისთქმისთვის.
10 და კიდევ, ჭეშმარიტად გეუბნებით: მსურს, მუდამ გახსოვდეთ და იქონიოთ გონებაში, რა არის ძღვენნი, რომელნიც ებოძა ეკლესიას.
11 ვინაიდან, ყველას არ აქვს ყველა ძღვენი ნაბოძები; რამეთუ არის მრავალი ძღვენი და ყოველ ადამიანს ღვთის სულით ნაბოძები აქვს საკუთარი ძღვენი.
12 ზოგს ეძლევა ერთი და ზოგს – მეორე, რათა ამით ყოველმა იხეიროს.
13 ზოგს ეძლევა, სულიწმინდით ჩასწვდეს, რომ იესო ქრისტე არის ძე ღვთისა და ჯვარს აცვეს ამაქვეყნის ცოდვებისთვის.
14 ზოგს ეძლევა, იწამოს მათი სიტყვები, რომ მათაც ჰქონდეთ მარადიული სიცოცხლე, თუ დარჩებიან ერთგულნი.
15 და კიდევ, ზოგს ეძლევა სულიწმინდით, რომ იცოდეს მმართველობის განსხვავება, უფლის საამოდ, როგორც უფლის ნებას შეესაბამება, რომელიც მიუსადაგებს მოწყალებას ადამიანთა შვილების მდგომარეობას.
16 და კიდევ, ზოგს ეძლევა სულიწმინდით, ჩასწვდეს სხვადასხვა სახის მოქმედებებს – თუ რომელია ღმერთისგან, რათა სულის გამოცხადება ყოველი ადამიანის სასარგებლოდ იყოს მოცემული.
17 და კიდევ, ჭეშმარიტად გეუბნებით: ზოგს სიბრძნის სიტყვა ეძლევა ღვთის სულით.
18 სხვას ეძლევა ცოდნის სიტყვა, რათა ასწავლოს ყოველს, იყოს ბრძენი და ჰქონდეს ცოდნა.
19 და კიდევ, ზოგს ეძლევა, ჰქონდეს რწმენა, რათა განიკურნოს;
20 და სხვებს ეძლევა, ჰქონდეთ რწმენა, რათა განკურნონ.
21 და კიდევ, ზოგს ეძლევა, მოახდინოს სასწაულები;
22 და სხვებს ეძლევა, იწინასწარმეტყველონ;
23 და ზოგს – რათა სულები ამოიცნონ.
24 და კიდევ, ზოგს ეძლევა ენებზე ლაპარაკი;
25 და სხვას ეძლევა ენებიდან თარგმნა.
26 და ყოველი ეს ძღვენი მოდის ღმერთისგან, ღმერთის შვილების სასარგებლოდ.
27 და ეკლესიის ეპისკოპოსსა და ვისაც ღმერთი დანიშნავს ეკლესიის ზედამხედველად და ეკლესიის უხუცესებად, ნაბოძები აქვთ ამ ყოველი ძღვენის ამოცნობა, რათა არ იყოს თქვენ შორის ისეთი, რომელსაც თავი მოაქვს, მაგრამ არ არის ღმერთისგან.
28 და იქნება ასე: რომელიც სულში ითხოვს, მიიღებს სულში;
29 რომ ზოგს შეიძლება ებოძოს ყოველი ეს ძღვენი, რათა იყოს წინამძღვარი, იმისთვის, რომ ამით ყოველმა წევრმა იხეიროს.
30 ვინც სთხოვს სულში, ითხოვს ღმერთის ნებისამებრ; ამიტომ, როგორც ითხოვს, ისე აღსრულდება.
31 და კვლავ გეუბნებით: ყოველივე უნდა შესრულდეს ქრისტეს სახელით, რასაც კი სულში აკეთებთ;
32 და ღმერთს მადლი უნდა შესწიროთ სულში, ნებისმიერი კურთხევისთვის, რომლითაც იქნებით კურთხეულნი.
33 და ჩემ წინაშე გამუდმებით ჩვევად იქონიოთ სათნოება და სიწმინდე. სწორედ ასე. ამინ.