წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 55


ნაწილი 55

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით მიღებული გამოცხადება უილიამ ვ. ფელფსისთვის, ქ. კირტლანდი, ოჰაიოს ოლქი, 1831 წ. 14 ივნისი. უილიამ ვ. ფელფსი, პროფესიით მბეჭდავი, თავისი ოჯახით ახალი ჩამოსული იყო კირტლანდში და წინასწარმეტყველმა უფალს სთხოვა, მიეღო დარიგებანი მის შესახებ.

1–3, უილიამ ვ. ფელფსი არის მოწოდებული და არჩეული, მოინათლოს, უხუცესად იქნეს ხელდასხმული და იქადაგოს სახარება; 4, მან ასევე უნდა დაწეროს ბავშვებისთვის საეკლესიო სკოლის წიგნები; 5–6, იგი უნდა გაემგზავროს მისურისკენ, სადაც იქნება მისი შრომის ადგილი.

1 აჰა, ამას გეუბნება უფალი, მსახურო ჩემო, უილიამ, დიახ, მთელი დედამიწის უფალი: შენ ხარ მოწოდებული და არჩეული; მას შემდეგ, რაც წყლით მოინათლები (თუკი ამას იზამ მხოლოდ ჩემი სიდიადისკენ მიპყრობილი მზერით) მიიღებ ცოდვების მიტევებას და ხელდასხმით – სულიწმინდას;

2 და შემდეგ, ეკლესიის უხუცესად იქნები ხელდასხმული ჩემი მსახურის, ჯოზეფ სმით უმცროსის მიერ, რათა იქადაგო მონანიება და ცოდვების მიტევება ნათლობის გზით, იესო ქრისტეს, ცოცხალი ღმერთის ძის, სახელით.

3 და ვისაც დაასხამ ხელს, თუ ისინი არიან სულით მომნანიებელნი ჩემ წინაშე, შენ გექნება ძალა სულიწმინდის საბოძებლად.

4 და კიდევ: დაინიშნები ჩემი მსახურის, ოლივერ ქაუდერის, დამხმარედ, წიგნების მჭდავად, ასევე ამ ეკლესიაში სკოლებისთვის წიგნების ამოსარჩევად და დასაწერად, რათა პატარა ბავშვებმაც ასევე შეძლონ ჩემ წინაშე სწავლების მიღება, რაც ჩემთვის საამოა.

5 და კიდევ: ჭეშმარიტად გეუბნები: უნდა გაემგზავრო ჩემს მსახურებთან, ჯოზეფ სმით უმცროსსა და სიდნეი რიგდონთან ერთად, რომ ფესვი გაიდგათ თქვენი მემკვიდრეობის მიწაზე.

6 და კიდევ: დაე, ჩემი მსახური, ჯოზეფ კოუ, ასევე გაემგზავროს მათთან ერთად. დანარჩენს შეიტყობთ ამის შემდგომ, სწორედ ასე. ამინ.