წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 76


ნაწილი 76

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითისა და სიდნეი რიგდონისთვის ბოძებული ხილვა, ჰაირამი, ოჰაიო, 16 თებერვალი 1832 წ. ამ გამოცხადების ჩანაწერის წინასიტყვაობაში ჯოზეფ სმითის ისტორიაში წერია: „ამჰერსტის კონფერენციიდან დაბრუნებისთანავე გავაგრძელე წმინდა წერილის თარგმნა. ადრე მიღებული სხვადასხვა გამოცხადებებიდან ჩანდა, რომ მრავალი მნიშვნელოვანი სწავლებანი ადამიანის ხსნის შესახებ ბიბლიიდან ამოღებულ იქნა ან მის შედგენამდე იყო დაკარგული. დარჩენილი ჭეშმარიტება აშკარად მოწმობდა, რომ თუ ღმერთი აჯილდოებდა ყოველ ადამიანს მისი ამქვეყნიური საქმეებისამებრ, ტერმინი „ზეცა“, რაც წმინდანთათვის არის მარადიული სახლი, უნდა მოიცავდეს ერთ სასუფეველზე მეტს. შესაბამისად ამისა, … წმინდა იოანეს სახარების თარგმნისას მე და უხუცესს სიდნეი რიგდონს გვქონდა ხილვა.“ ეს ხილვა მოცემულ იქნა, როდესაც წინასწარმეტყველი თარგმნიდა იოანე 5:29-ს.

1–4, უფალი არის ღმერთი; 5–10, სასუფევლის საიდუმლოებანი გაენდობა ყოველ ერთგულს; 11–17, ყველა გამოვა მართალთა თუ უსამართლოთა აღდგომისას; 18–24, მრავალ სამყაროთა მცხოვრებნი არიან ღვთის ძენი და ასულნი, დაბადებულნი იესო ქრისტეს გამოსყიდვის მეშვეობით; 25–29, ღვთის ანგელოზი დაეცა და ეშმაკად იქცა; 30–49, დაღუპვის ძენი იტანჯებიან მარადიული წყევლით; დანარჩენნი მიიღებენ სხვადასხვა ხარისხის ხსნას; 50–70, აღწერილია ამაღლებულ არსებათა დიდება და ჯილდო ცელესტიალურ სასუფეველში; 71–80, აღწერილია ისინი, რომლებიც დაიმკვიდრებენ ტერესტრიალურ სასუფეველს; 81–113, აღწერილია მდგომარეობა ტელესტიალური, ტერესტრიალური და ცელესტიალური დიდებისა; 114–119, ერთგულთ შეუძლიათ, იხილონ და ჩასწვდნენ ღვთის სასუფევლის საიდუმლოებანს სულიწმინდის ძალით.

1 ისმინეთ, ზეცანო, და ყური დაუგდე, დედამიწავ და გაიხარეთ მასზე მცხოვრებნო, ვინაიდან უფალი არის ღმერთი და იმის გარდა არავრდა არის მხსნელი.

2 დიადია მისი სიბრძნე, საოცარია მისი გზები და ვერავინ ჩასწვდება მისი საქმეების სიდიდეს.

3 მისი მიზნები არ ფერხდება, არც არის ვინმე, ვინც აღუდგება მის ხელს.

4 მარადისობიდან მარადისობამდე იგი არის უცვლელი და არასდროს დაილევა მისი წლები.

5 ვინაიდან, ამას ამბობს უფალი: მე, უფალი, ვარ მოწყალე და ლმობიერი მათ მიმართ, რომლებსაც აქვთ ჩემი შიში და ვხარობ, პატივი მივაგო მათ, ვინც ბოლომდე მემსახურება სამართლიანობაში და ჭეშმარიტებაში.

6 დიადი იქნება მათი ჯილდო და მარადიული იქნება მათი დიდება.

7 და მათ გავანდობ ყოველ საიდუმლოს, დიახ, ჩემი სასუფევლის ყოველ ფარულ საიდუმლოს ძველი დროისა და მომავალი საუკუნეებისა, გავანდობ ჩემს კეთილ ნება-სურვილს ყოველივეზე, რაც ეხება ჩემს სასუფეველს.

8 დიახ, მარადისობის საოცრებასაც ჩასწვდებიან და დავანახებ, რაც იქნება მომავალში, მრავალ თაობაშიც კი.

9 და დიადი იქნება მათი სიბრძნე და მათი გონიერება ზეცას მისწვდება; და მათ წინაშე სწავლულთა სიბრძნე დაიღუპება და გაცამტვერდება ბრძენთა გონიერება.

10 ვინაიდან, ჩემი სულით გავანათლებ მათ და ჩემი ძალით ვაცნობებ ჩემი ნების საიდუმლოებანს – დიახ, იმასაც კი, რაც თვალს არ უხილავს და ყურს არ სმენია და არც მოსვლია ადამიანს გულში.

11 ჩვენ, ჯოზეფ სმითი უმცროსი და სიდნეი რიგდონი, ვართ რა სულში, თებერვლის მეთექვსმეტე დღეს, ჩვენი უფლის ათას რვაას ოცდათორმეტ წელს –

12 სულის ძალით აგვეხილა თვალები და გონება გაგვინათდა, რათა ვიხილოთ და ჩავწვდეთ ღვთის სწავლებას –

13 ყოველივე ის, რაც იყო დასაბამიდან, სამყაროს არსებობამდე, რაც დანიშნული იყო მამისგან, მხოლოდშობილი ძის მეშვეობით, რომელიც დასაბამიდანვე იყო მამის გულში;

14 ვისზეც ვმოწმობთ; და დამოწმება, რომელსაც ვუზიარებთ, არის სახარების სისრულე იესო ქრისტესი, რომელიც არის ძე, ვინც ვიხილეთ და ვისთანაც ვისაუბრეთ ზეციურ ხილვაში.

15 ვინაიდან იმ დროს, როდესაც დაკავებული ვიყავით თარგმნის სამუშაოთი, რომელზეც უფალმა დაგვნიშნა, ჩვენ მივედით იოანეს სახარების მეხუთე თავის ოცდამეცხრე მუხლამდე, რომელიც გვებოძა, როგორც ეს მოცემულია ქვევით –

16 წერია რა გარდაცვლილთა აღდგომაზე, მათ შესახებ, რომლებიც მოისმენენ კაცის ძის ხმას:

17 და მართალთა აღდგომისას გამოვლენ ისინი, რომლებიც სიკეთეს აკეთებდნენ; და ისინი, რომლებიც სიბოროტეს ჩადიოდნენ – უსამართლოთა აღდგომისას.

18 ჩვენში ამან გამოიწვია გაოცება, ვინაიდან ეს გვებოძა სულით.

19 და იმ დროს, როდესაც ჩვენ ამაზე ვმსჯელობდით, უფალი შეეხო ჩვენი ცნობიერების თვალებს და ისინი აგვეხილა და გარშემო უფლის დიდება აკაშკაშდა.

20 და ვიხილეთ ძის დიდება, მამის მარჯვენა მხარეს, და მივიღეთ მისი სისავსიდან;

21 და ვიხილეთ წმინდა ანგელოზები და ისინი, რომლებიც განწმენდილნი არიან მისი ტახტის წინაშე, ეთაყვანებიან ღმერთსა და კრავს, რომლებიც ეთაყვენებიან მას უკუნითი უკუნისამდე.

22 და ახლა, მრავალი დამოწმების შემდეგ, რომლებიც მასზე მიღებულ იქნა, ეს არის ყველაზე ბოლო დამოწმება, რომელსაც მასზე ვიძლევით: იგი ცოცხალია!

23 ვინაიდან, ვიხილეთ იგი, თვით ღმერთის მარჯვენა მხარეს და მოვისმინეთ ხმა დამმოწმებელი, რომ იგი არის მამის მხოლოდშობილი –

24 რადგან მის მიერ, მისი მეშვეობით და მისგან არის და იყო სამყაროები შექმნილი და მათი მცხოვრებნი არიან ღვთის ძენი და ასულნი.

25 და ესაც ვიხილეთ და ვმოწმობთ, რომ ღვთის ანგელოზი, რომელიც იყო ძალაუფლებით მოსილი ღვთის გარემოცვაში, რომელიც აუჯანყდა მხოლოდშობილ ძეს, რომელიც უყვარდა მამას და რომელიც იყო მამის გულში, ჩამოგდებულ იქნა ღვთისა და ძის გარემოცვიდან.

26 და მას ეწოდა – წყეული, ვინაიდან ზეცანი გლოვობდნენ მასზე. იგი იყო ლუციფერი, ძე განთიადისა.

27 და ჩვენ ვიხილეთ და აჰა, იგი დაეცა! დაეცა ძე განთიადისა!

28 და იმ დროს, როდესაც ჯერ კიდევ ვიყავით სულში, უფალმა გვიბრძანა, ჩაგვეწერა ხილვა; ვინაიდან ვიხილეთ სატანა, ის ძველი გველი, თვით ეშმაკი, რომელიც ღმერთს აუჯანყდა, ცდილობდა რა, აეღო სასუფეველი ჩვენი ღვთისა და მისი ქრისტესი –

29 ამიტომ, იგი ებრძვის ღვთის წმინდანებნ და გარს ერტყმის მათ.

30 და ხილვაში ვიხილეთ მათი ტანჯვა, რომელთა წინააღმდეგ მან იბრძოლა და დაამარცხა, ვინაიდან უფლის ხმამ მოგვმართა:

31 ამას ამბობს უფალი ყოველი მათგანის შესახებ, რომელმაც იცის ჩემი ძალა და იყო მას ნაზიარები და დაუთმო ეშმაკის ძალას საკუთარი თავი, რათა ძლეული ყოფილიყო, რათა უარი ეთქვა ჭეშმარიტებაზე და უგულებელეყო ჩემი ძალა.

32 ესენი არიან დაღუპვის ძენი, რომლებზეც ვამბობ, რომ უკეთესი იქნებოდა მათთვის, სულ არ დაბადებულიყვნენ.

33 ვინაიდან, არიან რისხვის ჭურჭელი, განწირულნი, იწვნიონ ღვთის რისხვა ეშმაკთან და მის ანგელოზებთან ერთად სამარადისოდ;

34 რომელთა შესახებაც ვთქვი, რომ არანაირი შენდობა არ არის მათთვის არც ამ ქვეყნად და არც იმ ქვეყნად –

35 უარყვეს რა სულიწმინდა მას შემდეგ, რაც იგი მიიღეს და უარყვეს მამის მხოლოდშობილი ძე, აცვეს რა იგი ჯვარს საკუთარ გონებაში და სახალხოდ შეურაცხყვეს.

36 ესენი არიან, რომლებიც წავლენ ცეცხლისა და გოგირდის ტბაში, ეშმაკთან და მის ანგელოზებთან –

37 და მხოლოდ და მხოლოდ მათზე მეორე სიკვდილს ექნება რაიმე ძალა;

38 დიახ, ჭეშმარიტად, მხოლოდ და მხოლოდ ისინი არ იქნებიან გამოსყიდულნი უფლის შესაფერის დროს, მისი რისხვის გამო ტანჯვის შემდეგ.

39 ვინაიდან, დანარჩენნი აღდგებიან მკვდრეთით აღდგომით, კრავის გამარჯვებითა და ბრწყინვალებით, რომელიც მოკლეს, რომელიც იყო მამის გულში, სანამ სამყაროები შეიქმნებოდა.

40 და ეს არის სახარება, სასიხარულო ამბავი, რაზედაც ზეციდან ხმამ დაგვიმოწმა –

41 რომ იგი მოვიდა ამ ქვეყნად, თავად იესო, რათა ჯვარს აცვან ამაქვეყნისთვის, რათა აიღოს ამაქვეყნის ცოდვები და განწმინდოს ამასოფელი და გაასუფთაოს ყოველი უკეთურობისგან;

42 რათა მისი მეშვეობით ყოველი იქნეს გადარჩენილი, რომელიც მამამ მის ძალაუფლებას დაუქვემდებარა და მისი შემწეობით შექმნა;

43 რომელიც ადიდებს მამას და გადაარჩენს ყოველს, მისი ხელით შექმნილს, გარდა დაღუპვის იმ ძეთა, რომლებმაც უარყვეს ძე მას შემდეგ, რაც მამამ იგი მათ მოუვლინა.

44 ამიტომ, იგი გადაარჩენს ყველას, მათ გარდა – ისინი წავლენ სამარადისო სასჯელში, რაც არის უსასრულო სასჯელი, რაც არის სამუდამო სასჯელი, რათა იმეფონ ეშმაკთან და მის ანგელოზებთან, სადაც არ მოკვდება მათი ჭია და არ ჩაცხრება ცეცხლი, რომელიც არის მათი ტანჯვა –

45 და არც მისი დასასრული, არც მისი ადგილი, არც მათი ტანჯვა არავინ იცის;

46 ეს არ ყოფილა ცნობილი, არც გამხილებულა და არ გაემხილება ადამიანს, გარდა მათი, ვინც იქნება ამის მონაწილე;

47 ამისდა მიუხედავად, მე, უფალი, მრავალთ ვაჩვენებ ამას ხილვაში, მაგრამ უმალვე ვწყვეტ;

48 ამიტომ, ისინი ვერ სწვდებიან ამის დასასრულს, სიგანეს, სიმაღლეს, სიღრმესა და უბედურებას, ვერც რომელიმე ადამიანი მათ გარდა, ვისაც დაენიშნა ეს სასჯელი.

49 და მოგვესმა ხმა გამომცხადებელი: ჩაიწერეთ ხილვა, ვინაიდან, აჰა, ეს არის უღმერთოთა ტანჯვაზე ხილვის დასასრული.

50 და კვლავ ვმოწმობთ, ვინაიდან ვიხილეთ და მოვისმინეთ და ეს არის დამოწმება ქრისტეს სახარებისა მათ შესახებ, რომლებიც გამოვლენ მართალთა აღდგომისას –

51 ესენი არიან, რომლებმაც მიიღეს დამოწმება იესოზე, იწამეს მისი სახელი და მოინათლნენ მისი დამარხვის წესით, დაიმარხნენ რა წყალში მისი სახელით და ეს, მის მიერ მოცემული მცნებების შესაბამისად –

52 რათა მცნებების დაცვით განიბანონ და განიწმინდონ ყოველი თავიანთი ცოდვისგან და მიიღონ სულიწმინდა ხელდასხმით იმისგან, რომელიც დანიშნულია და ჩაბეჭდილია ამ ძალაუფლებისთვის;

53 და რომელნიც სძლევენ რწმენით და ჩაიბეჭდებიან აღთქმული წმინდა სულით, რომელსაც მამა ღვრის ყოველ მათგანზე, ვინც არის მართალი და ჭეშმარიტი.

54 ესენი არიან, რომლებიც არიან პირმშოს ეკლესია.

55 ესენი არიან, რომელთა ხელში მამას აქვს ყოველივე ნაბოძები –

56 ესენი არიან, რომლებიც არიან მღვდლები და მეფენი, რომლებმაც მიიღეს მისი სისავსიდან და მისი ბრწყინვალებიდან;

57 და არიან უზენაესის მღვდლები, მელქიცედეკის წესისამებრ, რომელიც იყო ენოქის წესისამებრ, რომელიც იყო მხოლოდშობილი ძის წესისამებრ.

58 ამიტომ, როგორც წერია, ისინი არიან ღმერთები, თვით ძენი ღმერთისა –

59 ამიტომ, ყოველივე არის მათი – სიცოცხლე თუ სიკვდილი, რაც არის ახლა ან რაც იქნება მომავალში, ყოველივე არის მათი და ისინი არიან ქრისტესი და ქრისტე არის ღმერთისა.

60 და ისინი სძლევენ ყოველივეს.

61 ამიტომ, დაე, არცერთმა ადამიანმა არ განადიდოს ადამიანი, არამედ ადიდოს ღმერთი, რომელიც თავის ფეხქვეშ გათელავს ყოველ მტერს.

62 ესენი იცხოვრებენ ღვთისა და მისი ქრისტეს გარემოცვაში, უკუნითი უკუნისამდე.

63 ესენი არიან, რომლებსაც იგი თან მოიყვანს, როდესაც მოვა ზეციურ ღრუბლებში, რათა დედამიწაზე იმეფოს თავის ხალხზედ.

64 ესენი არიან, რომლებიც პირველი აღდგომის მონაწილენი იქნებიან.

65 ესენი არიან, რომლებიც გამოვლენ მართალთა აღდგომისას.

66 ესენი არიან, რომლებიც სიონის მთასთან მოვიდნენ, ცოცხალი უფლის ქალაქთან, ყველაზე წმინდა ზეციურ ადგილთან.

67 ესენი არიან, რომლებიც მოვიდნენ ანგელოზთა უთვალავ ჯგუფთან, მთავარ შეკრებაზე და ენოქისა და პირმშოს ეკლესიასთან.

68 ესენი არიან, რომელთა სახელებიც ზეცაშია ჩაწერილი, სადაც ღმერთი და ქრისტე არიან ყოვლის მსაჯულნი.

69 ესენი არიან, რომლებიც არიან მართალნი, გახდნენ რა სრულყოფილნი იესოს, ახალი აღთქმის ქომაგის, მეშვეობით, რომელმაც აღასრულა ეს სრულყოფილი გამოსყიდვა საკუთარი სისხლის დაღვრით.

70 ესენი არიან, რომელთა სხეული არის ცელესტიალური, რომელთა ბრწყინვალება არის მზის ბრწყინვალება, თავად ბრწყინვალება ღმერთის უზენაესისა, რომლის ბრწყინვალება ცის თაღზე აღწერილია, ვითარცა მზისა.

71 და კიდევ, ჩვენ ვიხილეთ ტერესტრიალური სამყარო და აჰა, ესენი არიან, რომლებიც არიან ტერესტრიალურიდან, რომელთა დიდებულება ისე განსხვავდება იმ დიდებულებისგან, რაც პირმშოს ეკლესიას აქვს, რომელმაც მიიღო მამის სისავსე, როგორც მთვარე განსხვავდება მზისგან ცის თაღზე.

72 აჰა, ესენი არიან, რომლებიც გარდაიცვალნენ რჯულის გარეშე;

73 და ასევე ისინი, რომლებიც არიან საპყრობილეში ჩაცვენილი ადამიანების სულები, რომლებსაც ძე ეწვიათ და სახარება უქადაგა, რათა განსჯილ იქნენ მოკვდავი ადამიანივით;

74 რომლებმაც ვერ მიიღეს იესოს დამოწმება მოკვდავობისას, მაგრამ მოგვიანებით მიიღეს ის.

75 ესენი არიან, დედამიწის პატივცემული ადამიანები, რომლებიც დააბრმავა ადამიანთა მზაკვრობამ.

76 ესენი არიან, რომლებიც მისი ბრწყინვალებიდან მიიღებენ, მაგრამ არა მისი სისავსიდან.

77 ესენი არიან, რომლებიც იღებენ ძის გარემოცვაში ყოფნიდან, მაგრამ არა მამის სისავსიდან.

78 ამიტომ, მათ აქვთ ტერესტრიალური სხეულები და არა ცელესტიალური სხეულები და განსხვავდებიან ბრწყინვალებით, როგორც მთვარე განსხვავდება მზისგან.

79 ესენი არ არიან მამაცნი ქრისტეს დამოწმებაში; ამიტომ, ვერ მიიღებენ ჩვენი ღმერთის სასუფევლის გვირგვინს.

80 ახლა, ეს არის ხილვის დასასრული, რომელიც გვქონდა ტერესტრიალურის შესახებ, რაც უფალმა გვიბრძანა, ჩაგვეწერა, როდესაც ვიმყოფებოდით სულში.

81 და კიდევ, ვიხილეთ ბრწყინვალება ტელესტიალურისა, რომლის ბრწყინვლება უფრო მცირეა, როგორც ბრწყინველება ვარსკვლევებისა განსხვავდება მთვარის ბრწყინვალებისგან ცის თაღზე.

82 ესენი არიან, რომლებმაც არ მიიღეს არც ქრისტეს სახარება და არც იესოს დამოწმება.

83 ესენი არიან, რომლებიც არ უარყოფენ სულიწმინდას.

84 ესენი არიან, რომლებიც ჯოჯოხეთში არიან ჩაცვენილნი.

85 ესენი არიან, რომლებიც არ იქნებიან გამოსყიდულნი ეშმაკისგან უკანასკნელ აღდგომამდე, სანამ უფალი, თავად კრავი იესო, არ დაასრულებს თავის საქმეს.

86 ესენი არიან, რომლებიც არ იღებენ მისი სისავსიდან მარადიულ სამყაროში, მაგრამ იღებენ სულიწმინდისგან, ტერესტრიალურთა მსახურების მეშვეობით;

87 და ტერესტრიალურნი ცელესტიალურთა მსახურების მეშვეობით.

88 და ტელესტიალურნიც ასევე იღებენ ამას ანგელოზთა მსახურებით, რომლებიც დანიშნულნი არიან მათთვის მსახურებისთვის ანუ რომლებიც დანიშნულნი იქნებიან, იყვნენ მათთვის მსახური სულები, ვინაიდან იქნებიან ხსნის მემკვიდრენი.

89 და ასე ვიხილეთ, ზეციურ ხილვაში, ბრწყინვალება ტელესტიალურისა, რომელიც აღემატება ყოველგვარ წარმოდგენას.

90 და ეს არავინ იცის მის გარდა, ვისაც ღმერთმა ეს გაანდო.

91 და ასე ვიხილეთ ბრწყინვალება ტერესტრიალურისა, რომელიც აღემატება ყოველივეში ტელესტიალურის ბრწყინვალებას, ბრწყინვალებაშიც, დიდებაშიც და ძალაშიც, ძლევამოსილებაში და ბატონობაში.

92 და ასე ვიხილეთ ბრწყინვალება ცელესტიალურისა, რომელიც აღემატება ყოველივეს – სადაც ღმერთი, თვით მამა, მეფობს საკუთარ ტახტზე უკუნითი უკუნისამდე;

93 რომლის ტახტის წინაშე მოწიწებით ქედს იხრის ყველა და აღავლენენ დიდებას უკუნითი უკუნისამდე.

94 ისინი, რომლებიც მის გარემოცვაში არიან, არიან პირმშოს ეკლესია; ისინი ხედავენ, როგორც თავად არიან ხილულნი და იციან, როგორც თავად არიან ცნობილნი, მიიღეს რა მისი სისავსიდან და მადლითან;

95 და იგი თანაბრებად აქცევს მათ, ძლევამოსილებაში, ძალასა და ბატონობაში.

96 და ბრწყინვალება ცელესტიალურის ისეთი განსხვავებულია, როგორი განსხვავებულიც არის ბრწყინვალება მზისა.

97 და ბრწყინვალება ტერესტრიალურის ისეთი განსხვავებულია, როგორი განსხვავებულიც არის ბრწყინვალება მთვარისა.

98 და ბრწყინვალება ტელესტიალურისა ისეთი განსხვებულია, როგორი განსხვავებულიც არის ბრწყინვალება ერთი ვარსკვლავისა მეორისგან; ასე განსხვავდება ბრწყინვალებით ერთი მეორისგან ტელესტიალურ სამყაროში.

99 ვინაიდან ესენი არიან, რომლებიც მიეკუთვნებიან პავლეს, აპოლოსა და კეფას.

100 ესენი არიან, რომელთაგან ზოგიერთი ამბობს, რომ მიეკუთვნება ერთს, სხვა კი – მეორეს, ზოგი ქრისტეს და ზოგი იოანეს, ზოგი ელიას და ზოგი ესაიას, ზოგი ისაიას და ზოგი ენოქს.

101 მაგრამ არ მიიღეს სახარება, არც იესოს დამოწმება, არც წინასწარმეტყველები და არც მარადიული აღთქმა.

102 ყველაზე ბოლოს, ესენი არიან, რომლებიც წმინდანებთან ვერ შეიკრიბებიან, რათა აყვანილ იქნენ პირმშოს ეკლესიაში და ზეატაცებულნი ღრუბელში.

103 ესენი არიან, რომლებიც არიან მატყუარები და ჯადოქრები, მრუშნი და არაკაცნი და ნებისმიერი სიცრუის კეთების მოყვარულნი.

104 ესენი არიან, რომლებიც იტანენ ღვთის რისხვას დედამიწაზე.

105 ესენი არიან, რომლებიც იტანენ მარადიული ცეცხლის შურისგებას.

106 ესენი არიან, რომლებიც ჩაყარეს ჯოჯოხეთში და იტანჯებიან ყოვლადძლიერი ღმერთის რისხვით ჟამთა სისავსემდე, სანამ ქრისტე არ გათელავს ყოველ მტერს ფეხქვეშ და არ დაასრულებს თავის საქმეს;

107 როდესაც იგი გადასცემს უმწიკვლო სასუფეველს და მას წარუდგენს მამას სიტყვებით: დავძლიე და საწნახელში მარტოდ დავწურე, საწნახელში მრისხანებისა ყოვლადძლიერი ღმერთის.

108 შემდეგ მას დაადგამენ თავისი სიდიადის გვირგვინს, რათა დაჯდეს თავისი ძალაუფლების ტახტზე და იმეფოს უკუნითი უკუნისამდე.

109 მაგრამ, აჰა, ვიხილეთ ბრწყინვალება და მცხოვრებნი ტელესტიალური სამყაროსი, ისინი იყვნენ უთვალავნი, ვითარცა ვარსკვლავები ზეცის კამარაზე ან როგორც ზღვის პირას ქვიშა;

110 და მოვისმინეთ ხმა უფლისა, მოუბარი: ესენი ყველანი მოიყრიან მუხლს და ყოველი ენა აღიარებს მას, ვინც ტახტზე ზის უკუნითი უკუნისამდე;

111 ვინაიდან, განსჯიან მათ თავიანთი საქმეებისამებრ და ყოველი ადამიანი საკუთარი საქმეებისამებრ მიიღებს თავის სამფლობელოს სავანეებში, რომელნიც მომზადებულია;

112 და ისინი იქნებიან მსახურნი უზენაესისა, მაგრამ სადაც იმყოფებიან ღმერთი და ქრისტე, ისინი ვერ შევლენ უკუნითი უკუნისამდე.

113 ეს არის იმ ხილვის დასასრული, რომელიც ვიხილეთ, რაც გვებრძანა, ჩაგვეწერა, როდესაც ვიყავით სულში.

114 მაგრამ დიადი და საოცარია უფლის საქმენი და საიდუმლოებანი სასუფევლისა, რომელიც მან დაგვანახა, რაც აღემატება ყოველგვარ წარმოდგენას ბრწყინვალებაზე, ძლევამოსილებასა და ბატონობაზე;

115 რაზედაც მან გვიბრძანა, ჩვენი სულში ყოფნისას, არ დაგვეწერა და რისი თქმაც ადამიანს ეკრძალება.

116 არც ძალა შესწევს ადამიანს, მათ შესახებ გაანდოს, ვინაიდან მათი ხილვა და წვდომა შეიძლება მხოლოდ სულიწმინდის ძალით, რომელსაც ღმერთი აძლევს მხოლოდ მათ, ვისაც უყვართ იგი და განიწმინდებიან მის წინაშე;

117 რომლებსაც იგი უბოძებს ამ უპირატესობას, თავად იხილონ და ჩასწვდნენ;

118 რათა სულის ძალითა და გამოცხადებით, ხორციელად ყოფნისას გაუძლონ მის გარემოცვას ბრწყინვალების სამყაროში.

119 და დიდება ღმერთსა და კრავს, პატივი და მეუფება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.