წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 29


ნაწილი 29

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით მიღებული გამოცხადება ექვსი უხუცესის თანდასწრებით, ქ. ფაიეტი, ნიუ-იორკის ოლქი, სექტემბერი, 1830 წ. ეს გამოცხადება მიღებულ იქნა 1830 წ. 26 სექტემბრის კონფერენციის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე.

1–8, ქრისტე კრიბავს თავის რჩეულებს; 9–11, მისი მოსვლა კარს უღებს ათასწლეულს; 12–13, თორმეტი განსჯის მთელ ისრაელს; 14–21, ქრისტეს მეორედ მოსვლას წარუძღვება ნიშნები, უბედურებები და აოხრება; 22–28, ათასწლეულს მოსდევს უკანასკნელი აღდგომა და საბოლოო განკითხვა; 29–35, უფლისთვის სულიერია ყოველივე არსებული; 36–39, ეშმაკი და მისი მომხრენი გაძევებულ იქნენ ზეციდან, რათა აცდუნონ ადამიანი; 40–45, დაცემასა და გამოსყიდვას მოაქვს ხსნა; 46–50, პატარა ბავშვები ქრისტეს მსხვერპლშეწირვით არიან გამოსყიდულნი.

1 მოუსმინეთ იესო ქრისტეს ხმას, თქვენს გამომსყიდველს, დიად მე-ს, რომლის მოწყალე ხელმა გამოისყიდა თქვენი ცოდვები;

2 ვინ შეკრიბავს თავის ხალხს, ვითარცა კრუხი წიწილებს ფრთების ქვეშ, მათ, ვინც ყურს უგდებს ჩემს სიტყვებს, თავს იმდაბლებს ჩემ წინაშე და მომმართავს მხურვალე ლოცვით.

3 აჰა, ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით: ამჟამად შეგენდოთ ცოდვები, ამიტომ იღებთ ყოველივე ამას; მაგრამ გახსოვდეთ, რომ აღარ უნდა შესცოდოთ, რათა საფრთხეში არ ჩაიგდოთ თავი.

4 ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ რჩეულნი ხართ ამა ქვეყნიდან, რათა გამოაცხადოთ ჩემი სახარება სიხარულისა და საყვირის ხმით.

5 აიმაღლეთ გული და გაიხარეთ, ვინაიდან თქვენ შორის ვიმყოფები და ვარ მამასთან თქვენი ქომაგი; და თქვენთვის სასუფევლის ბოძება არის მისი კეთილი ნება.

6 და ასე არის დაწერილი – რწმენით რაც არ უნდა მთხოვოთ, იქნებით რა ჩემი მცნებების შესაბამისად, ერთსულოვანნი ლოცვაში, თქვენ მიიღებთ ამას.

7 და მოწოდებულნი ხართ, აღასრულოთ ჩემს რჩეულთა შეკრება; ვინაიდან, ჩემს რჩეულებს ესმით ჩემი ხმა და გულს არ იქვავებენ;

8 ამიტომ, უფლისგან არის ნაბრძანები, რომ ერთ ადგილზე შეიკრიბონ ამ მიწის პირზე, რათა მოიმზადონ გული და მზად იყვნენ ყოველივეში იმ დღისთვის, როდესაც ბოროტთა თავზე ვარამი და აოხრება იქნება მოვლენილი.

9 ვინაიდან, ახლოვდება საათი და მალე დადგება დღე, როდესაც მომწიფდება დედამიწა და ყოველი ამპარტავანი და სიბოროტის ჩამდენი იქნება ნამჯასავით და მე დავწვავ მათ, – ამბობს ცაბაოთ უფალი, – რათა დედამიწის პირზე აღარ იყოს სიბოროტე;

10 ვინაიდან, ახლოვდება საათი და ის, რაც ითქვა ჩემი მოციქულების მიერ, უნდა ახდეს; ვინაიდან, უნდა იყოს ისე, როგორც მათ ილაპარაკეს;

11 ვინაიდან, მოვევლინები ზეციდან ძალითა და დიადი ბრწყინვალებით, მთელი ზეციური მხედრობით და ვიქნები ადამიანებთან დედამიწაზე ათასი წელი სამართლიანობით და ბოროტნი ვერ გადარჩებიან.

12 და კვლავ, ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით და ეს არის მტკიცედ ნაბრძანები მამის ნებით, რომ ჩემი მოციქულნი, თორმეტნი, რომლებიც იყვნენ იერუსალიმში ჩემი მსახურებისას, დადგებიან ჩემი მარჯვენა ხელისკენ იმ დღეს, როდესაც მოვალ ცეცხლოვანი სვეტით და შემოსილნი იქნებიან სამართლიანობის სამოსითა და თავზე გვირგვინით, ბრწყინვალებით, ჩემს მსგავსად, რათა განსაჯონ მთელი ისრაელის სახლი, ყოველი ის, რომელსაც ვუყვარდი და იცავდა ჩემს მცნებებს და სხვა არავინ.

13 ვინაიდან, საყვირი გაჰყვირის ხანგრძლივად და ხმამაღლა, სინაის მთაზეც კი და მთელი დედამიწა შეზანზარდება და ისინი აღდგებიან, დიახ, გარდაცვლილებიც, რომლებიც ჩემში გარდაიცვალნენ, რათა მიეღოთ სამართლიანობის გვირგვინი და შემოსილიყვნენ, როგორც მე ვარ შემოსილი და დარჩენილიყვნენ ჩემთან, რათა ვყოფილიყავით ერთნი.

14 მაგრამ, აჰა, მე გეუბნებით, ამ დიადი დღის მოსვლის წინ, მზე დაბნელდება და მთვარე იქცევა სისხლად და ზეციდან ჩამოცვივდება ვარსკვლავები და იქნება დიადი ნიშნები მაღლა ზეცაში და დაბლა დედამიწაზე;

15 და იქნება ტირილი და კვნესა ადამიანთა შორის;

16 მოვლენილ იქნება სეტყვის დიდი თავსხმა დედამიწაზე მოსავლის გასანადგურებლად.

17 და იქნება ასე: ამა ქვეყნის ბოროტების გამო ბოროტებზე ვიძიებ შურს, ვინაიდან ისინი არ მოინანიებენ; რადგან სავსეა ფიალა ჩემი გულისწყრომისა; ვინაიდან, აჰა, ჩემი სისხლი ვერ განწმენდს მათ, თუკი არ მისმენენ.

18 ამიტომ, მე, უფალი, დედამიწის პირზე მოვავლენ ბუზებს, რომლებიც დაესევიან მცხოვრებთ, მათ ხორცს შეჭამენ და მათში მატლებს გააჩენენ;

19 ენა წაერთმევათ, რომ ვერ ილაპარაკონ ჩემ წინააღმდეგ; და ძვლებიდან ხორცი ჩამოსცვივდებათ და ფოსოებიდან – თვალები;

20 და იქნება ისე, რომ შეჭამენ მათ ტყის მხეცები და ცის ფრინველები.

21 დიდი და ბილწი ეკლესია, რომელიც არის მთელი დედამიწის როსკიპი, დაიქცევა შთანთქმელი ცეცხლით, შესაბამისად იმისა, რაც ითქვა წინასწარმეტყველი ეზეკიელის პირით, რომელმაც ილაპარაკა ამის შესახებ, რაც ჯერ არ მომხდარა, მაგრამ აუცილებლად უნდა ახდეს, ისე როგორაც მე ვარ ცოცხალი, სიბილწე ვერ გაბატონდება.

22 და კვლავ, ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ როდესაც დასრულდება ათასი წელი და ადამიანები კვლავ დაიწყებენ თავიანთი ღმერთის უარყოფას, მაშინ მხოლოდ ცოტა ხნით დავინდობ დედამიწას;

23 და დადგება დასასრული, ზეცა და დედამიწა დაიწვება და გაქარწყლდება და გაჩნდება ახალი ზეცა და ახალი დედამიწა.

24 და ყოველივე ძველი გაქარწყლდება და ყველაფერი გახდება ახალი – ზეცაც და დედამიწაც და ყველაფერი, რაც ავსებს მათ – ადამიანები და ცხოველები, ცის ფრინველები და ზღვის თევზები;

25 და არ დაიკარგება არც ერთი თმა, არც ერთი ქვიშის ნამცეცი, ვინაიდან ეს არის ჩემი ხელის ქმნილება.

26 მაგრამ, აჰა, ჭეშმარიტად გეუბნებით: სანამ დედამიწა გაქარწყლდება, მიქაელი, ჩემი მთავარანგელოზი, დაჰყვირებს თავის საყვირს და შემდეგ გაიღვიძებს ყოველი გარდაცლილი, ვინაიდან მათი საფლავები გაიხსნება და ამოვლენ – დიახ, ყველანი.

27 და სამართლიანნი შეიკრიბებიან ჩემი მარჯვენა ხელისკენ, მარადიული სიცოცხლისთვის; და ბოროტნი – ჩემი მარცხენა ხელისკენ, შემრცხვება რა, რომ ვცნო ისინი ჩემიანებად მამის წინაშე;

28 ამიტომ, მათ ვეტყვი – განმერიდეთ, დაწყევლილებო, ეშმაკისთვისა და მისი ანგელოზებისთვის მომზადებულ მარადიულ ცეცხლში.

29 და ახლა, აჰა, გეუბნებით, რომ არასდროს არ გამომიცხადებია ჩემი პირით, რომ ისინი დაბრუნდებიან, ვინაიდან სადაც მე ვიმყოფები, იქ ისინი ვერ მოვლენ, ვინაიდან არ აქვთ ძალა.

30 მაგრამ, გახსოვდეთ, რომ მთელი ჩემი სამართალი არ მიბოძებია ადამიანისთვის; და ისე, როგორც ჩემი პირიდან გამოვიდა სიტყვები, ისევე ახდება ისინი, რომ იქნებიან უკანასკნელნი – პირველნი და პირველნი – უკანასკნელნი ყოველივეში, რაც მე შევქმენი ჩემი ძალის სიტყვით, რომელიც არის ჩემი სულის ძალა.

31 ვინაიდან, ისინი შევქმენი ჩემი სულის ძალით; დიახ, ყოველივე სულიერიცა და ამქვეყნიურიც –

32 პირველ რიგში სულიერი, მეორე რიგში ამქვეყნიური, რაც არის ჩემი საქმის დასაწყისი; და შემდეგ, პირველ რიგში – ამქვეყნიური და მეორე რიგში სულიერი, რაც არის ჩემი საქმის დასასრული –

33 ამას გეუბნებით, რათა თქვენი ბუნებით ჩასწვდეთ; ხოლო ჩემთვის, ჩემს საქმეებს არ აქვს არც დასასრული არც დასაბამი; მაგრამ ეს გებოძათ, რათა ჩასწვდეთ, ვინაიდან ეს მთხოვეთ ერთხმად.

34 ამიტომ, ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ ჩემთვის ყოველივე ეს არის სულიერი და არასდროს მომიცია კანონი, რომელიც ყოფილა ამქვეყნიური; არცერთი ადამიანისთვის, არც ადამიანთა შვილებისთვის; არც თქვენი მამისთვის, ადამისთვის, რომელიც მე შევქმენი.

35 აჰა, ვუბოძე მას, ემოქმედა საკუთარი ნებისამებრ; და მივეცი მცნება, თუმცა არა ამქვეყნიური მცნება მივეცი მას, ვინაიდან ჩემი მცნებები სულიერია; არც ჩვეულებრივია და არც მიწიერი, არც ხორციელი და არც ავხორცი.

36 და იყო ასე, რომ ადამი, იყო რა ეშმაკისგან ცდუნებული, ვინაიდან, აჰა, ეშმაკი იყო ადამამდე, ამიჯანყდა სიტყვებით: მიბოძე შენი დიდება, რაც არის ჩემი ძალა; და ასევე ზეციურ ცაბაოთა მესამედი ჩამომაცილა, მათი არჩევანის უფლების გამო;

37 და ჩამოგდებულნი იქნენ ისინი და ასე გაჩდნენ ეშმაკი და მისი ანგელოზები;

38 და აჰა, მათთვის დასაბამიდანვე მომზადებულია ადგილი, რომელიც არის ჯოჯოხეთი.

39 და უნდა იყოს ასე, რომ ეშმაკმა უნდა აცდუნოს ადამიანთა შვილები, თორემ სხვაგვარად ვერ იმოქმედებენ საკუთარი ნებისამებრ, ვინაიდან, მწარეს თუ არასდროს იგემებენ, არ ეცოდინებათ, რა არის ტკბილი –

40 ამიტომ, იყო ასე, რომ ეშმაკმა აცდუნა ადამი და მან იგემა აკრძალული ხილი და დაარღვია მცნება, რითაც დაემორჩილა ეშმაკის ნებას, ვინაიდან ცდუნებას აჰყვა.

41 ამიტომ, მე, უფალმა, ვბრძანე, რომ იგი გაეძევებინათ ედემის ბაღიდან, ჩემი გარემოცვიდან, თავისი შეცოდებისთვის, რის გამოც იგი იქცა სულიერად მკვდარი, რაც არის პირველი სიკვდილი, იგივე სიკვდილი, რომელიც არის უკანასკნელი, რომელიც არის სულიერი, რომელსაც იწვნევენ ბოროტნი, როდესაც მე ვიტყვი: განმშორდით, წყეულნო.

42 მაგრამ, აჰა, გეუბნებით, რომ მე, უფალმა ღმერთმა, ნება ვუბოძე ადამს და მის შთამომავლობას, არ გარდაცვლილიყვნენ ხორციელი სიკვდილით, სანამ მე, უფალი ღმერთი, არ გავუგზავნიდი ანგელოზებს, რომ ეუწყებინათ მათთვის მონანიებისა და გამოსყიდვის შესახებ, ჩემი მხოლოდშობილი ძის სახელში რწმენით.

43 და ასე მოვიმოქმედე მე, უფალმა ღმერთმა, დავუნიშნე რა ადამიანს დღეები გამოცდისა, რათა თავისი ხორციელი სიკვდილიდან აღდგეს უკვდავად მარადიული სიცოცხლისთვის, ისე, როგორც ყოველი, ვინც იწამებს.

44 და მათ, ვისაც არ სწამთ, არიან მარადიული წყევლისა; ვინაიდან ვერ იქნებიან გამოსყიდულნი თავიანთი სულიერი დაცემისგან, რადგან არ ინანიებენ.

45 ვინაიდან, უყვართ წყვდიადი და არა ნათელი, მათი საქმენი არის ბოროტი და იღებენ საზღაურს მისგან, ვისზეც ისურვეს დამორჩილება.

46 მაგრამ, აჰა, გეუბნებით, პატარა ბავშვები გამოსყიდულნი არიან ამა ქვეყნის დასაბამიდანვე, ჩემი მხოლოდშობილის მიერ;

47 ამიტომ, მათ არ შეუძლიათ შესცოდონ, ვინაიდან სატანას არ აქვს ნაბოძები ძალა, აცდუნოს პატარა ბავშვები, სანამ არ გახდებიან ჩემ წინაშე პასუხისმგებელნი;

48 ვინაიდან, მათ ებოძებათ, როგორც მე ვინებებ, ჩემი სურვილისამებრ, რათა დიდი საქმენი მოეთხოვოთ მათ მამებს.

49 და კვლავ გეუბნებით: ვისაც აქვს ცოდნა, ნუთუ არ ვუბრძანე მონანიება?

50 და ვისაც არ აქვს შეგნების უნარი, მოვექცევი ისე, როგორც არის დაწერილი. და ამჟამად მეტს აღარ გამოგიცხადებთ. ამინ.