ნაწილი 8
წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით მიღებული გამოცხადება ოლივერ ქაუდერისათვის, ქ. ჰარმონი, პენსილვანია, 1829 წ. აპრილი. მორმონის წიგნის თარგმნისას, ოლივერი აგრძელებდა მწერლად მსახურებას, წერდა რა წინასწარმეტყველის კარნახით, მოისურვა თარგმნის ძღვენის მიღება. ამ გამოცხადებით უპასუხა უფალმა მის ვედრებას.
1–5, გამოცხადება მოდის სულიწმინდის ძალით; 6–12, ღმერთის საიდუმლოებების ცოდნა და უძველესი ჩანაწერების თარგმნის ძალა მიიღება რწმენით.
1 ოლივერ ქაუდერი, ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები: ისე, როგორც ცოცხალია უფალი, რომელიც არის შენი ღმერთი და გამომსყიდველი, ასევე ჭეშმარიტად მიიღებ ცოდნას ყოველივეს შესახებ, რასაც მთხოვ რწმენით, წრფელი გულით, იმედით, რომ მიიღებ ცოდნას უძველეს ჩანაწერების გრავიურების შესახებ, რომლებიც ძველისძველია და მოიცავს ჩემი წმინდა წერილის იმ ნაწილს, რომელზეც ნათქვამი იყო ჩემი სულის გამოვლინებისას.
2 დიახ, აჰა, მე გეტყვი გონებაში და გულში სულიწმინდით, რომელიც მოგევლინება და დარჩება შენს გულში.
3 ახლა, აჰა, ეს არის გამოცხადების სული; აჰა, ეს არის სული, რომლითაც მოსემ გამოიყვანა ისრაელის შვილები წითელი ზღვის გავლით მშრალ მიწაზე.
4 ამიტომ, ეს არის ძღვენი; გამოიყენე იგი და ხარ კურთხეული, ვინაიდან ეს გამოგიხსნის მტრის ხელიდან მაშინ, როცა ეს რომ არა, ისინი მოგკლავდნენ და შენს სულს განადგურებამდე მიიყვანდნენ.
5 დაიმახსოვრე ეს სიტყვები და დაიცავი ჩემი მცნებები. გახსოვდეს, ეს არის შენი ძღვენი.
6 ახლა, ეს არ არის ყველა შენი ძღვენი, ვინაიდან კიდევ გაქვს ერთი, რომელიც აარონის ძღვენია; აჰა, მან გითხრა ბევრი რამ;
7 აჰა, არ არსებობს სხვა რაიმე ძალა, გარდა ღვთისა, რომელსაც შეუძლია, აარონის ეს ძღვენი გიბოძოს.
8 ამიტომ, ნუ დაეჭვდები, ვინაიდან ეს არის ღმერთის ძღვენი და მას დაიკავებ ხელში და საოცარ საქმეებს გააკეთებ; და ვერანაირი ძალა ვერ წაგართმევს მას ხელიდან, ვინაიდან ეს არის ღვთის საქმე.
9 და ამიტომ, რასაც მთხოვ, რომ გითხრა მისი მეშვეობით, მე გიბოძებ და გექნება ცოდნა ამის შესახებ.
10 გახსოვდეს, რომ რწმენის გარეშე ვერაფერს გახდები; ამიტომ, სთხოვე რწმენით. უმნიშვნელოდ არ ჩათვალო ყოველივე ეს; არ სთხოვო ის, რაც არ გევალება.
11 სთხოვე, ჩასწვდე ღმერთის საიდუმლოებებს, რათა შეძლო თარგმნა და ცოდნა მიიღო ყველა იმ უძველესი ჩანაწერებიდან, რაც იყო დამალული, რაც არის წმინდა და მოგეცემა შენი რწმენის შესაბამისად.
12 აჰა, მე ვარ, რომელმაც ეს ილაპარაკა; და ვარ იგივე, რომელიც დასაბამიდანვე გელაპარაკებოდი. ამინ.