ნაწილი 98
წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით მიღებული გამოცხადება, კირტლანდი, ოჰაიო, 6 აგვისტო, 1833 წ. ეს გამოცხადება მიღებულ იქნა მისურიში წმინდანთა დევნის შედეგად. მისურიში ეკლესიის წევრთა ახალმოსახლეთა ზრდამ გამოიწვია უკმაყოფილება სხვა ახალმოსახლეთა შორის, რომლებიც შეაშინა წმინდანების სიმრავლემ, მათმა პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა გავლენამ და კულტურულმა და რელიგიურმა განსხვავებამ. 1833 წლის ივნისში ბრბომ დაარბია ეკლესიის საკუთრება, ორი ეკლესიის წევრი კუპრში ამოავლეს, ბუმბულები მოაყარეს და მოსთხოვეს, წასულიყვნენ ჯექსონის ოლქიდან. მიუხედავად იმისა, რომ კირტლანდში წინასწარმეტყველამდე მიაღწია ხმამ მისურიში პრობლემების შესახებ (ცხრაასი მილის მოშორებით) იმ დღისთვის პრობლემის სერიოზულობის შესახებ მას შეეძლო გაეგო მხოლოდ გამოცხადების მეშვეობით.
1–3, წმინდანთა გაჭირვება იქნება მათსავე სასიკეთოდ; 4–8, წმინდანებმა უნდა დაიცვან ქვეყნის კონსტიტუციური კანონი; 9–10, პატიოსან, ბრძენ და კარგ ადამიანს უნდა გაეწიოს მხარდაჭერა სამოქალაქო ხელისუფლების თანამდებობაზე; 11–15, მარადიული სიცოცხლე ექნება მათ, რომლებიც უფლის საქმეს სიცოცხლეს შესწირავენ; 16–18, უარყავით ომი და გამოაცხადეთ მშვიდობა; 19–22, წმინდანები კირტლანდში განიკიცხებიან და ებრძანებათ მონანიება; 23–32, უფალი აცხადებს თავის კანონებს დევნისა და გაჭირვების შესახებ, რომელიც თავის ხალხს დაატყდა; 33–38, ომი გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც უფალი ბრძანებს; 39–48, წმინდანებმა უნდა აპატიონ თავიანთ მტრებს, რომლებიც თუ მოინანიებენ, გადაურჩებიან უფლის შურისგებას.
1 ჭეშმარიტად გეუბნებით ჩემო მეგობრებო, ნუ შეშინდებით, დაე, გული თქვენი იყოს დამშვიდებული, ყოველთვის იხარეთ და სამადლობელი მიაგეთ ყოველივეს;
2 მიენდეთ უფალს მოთმინებით, ვინაიდან თქვენმა ლოცვებმა მიაღწია ცაბაოთ უფლის ყურამდე და ჩაიწერა ამ ბეჭდითა და დამოწმებით – უფალმა დაიფიცა და ბრძანა, რომ ისინი იქნებიან დაკმაყოფილებულნი.
3 ამიტომ, იგი გაძლევთ ამ დაპირებას, უცვლელი აღთქმით, რომ ისინი აღსრულდება და ყოველივე რაშიც იყავით გაჭირვებულნი, თქვენ სასარგებლოდ იმოქმედებს, ჩემი სახელის სადიდებლად, ამბობს უფალი.
4 და ახლა, ჭეშმარიტად გეუბნებით ქვეყნის კანონის შესახებ: ეს არის ჩემი ნება, რომ ჩემმა ხალხმა გააკეთოს ყოველივე, რასაც ვუბრძანებ.
5 და ქვეყნის ეს კანონი, რომელიც კონსტიტუციურია და მხარს უჭერს თავისუფლების პრინციპს, უზრუნველყოფს რა უფლებებსა და პრივილეგიებს, ეკუთვნის მთელ კაცობრიობას და არის მართალი ჩემ წინაშე.
6 ამიტომ, მე, უფალი, გამართლებთ თქვენ და თქვენს ძმებს ჩემი ეკლესიისა, იმ კანონის მხარდაჭერაში, რაც არის ქვეყნის კონსტიტუციური კანონი;
7 და რაც ეხება ადამიანის კანონს, როგორიც არ უნდა იყოს, ამაზე მეტი ან ნაკლები, მოდის ბოროტისგან.
8 მე, უფალი ღმერთი, განთავისუფლებთ, ამიტომ ჭეშმარიტად ხართ თავისუფალნი; და კანონიც ასევე გათავისუფლებთ.
9 ამისდა მიუხედავად, როდესაც ბოროტები მართავენ, ხალხი გლოვობს.
10 ამიტომ, უნდა ბეჯითად ეძიოთ პატიოსანი და ბრძენი ადამიანები, ეცადეთ, მხარი დაუჭიროთ მართალ და ბრძენ ადამიანებს; სხვაგვარად, ყოველი, რაც ამაზე ნაკლებია, მოდის ბოროტისგან.
11 და ბრძანებას გაძლევთ, რომ მიატოვოთ ყოველგვარი სიბოროტე და ისწრაფოთ კეთილისკენ, რათა იცხოვროთ ღმერთის პირით ნათქვამი ყოველი სიტყვის შესაბამისად.
12 ვინაიდან, იგი უბოძებს ერთგულებს სტრიქონს სტრიქონზე, სწავლებას სწავლებაზე; და მე გამოგცდით და შეგამოწმებთ ამით.
13 და ვინც სიცოცხლეს შესწირავს ჩემს საქმეს, ჩემი სახელისთვის, კვლავ იპოვის მას, მარადიულ სიცოცხლესაც კი.
14 ამიტომ, ნუ შეუშინდებით მტრებს, ვინაიდან გულში გადავწყვიტე – ამბობს უფალი, რომ გამოგცდით ყოველივეში, დაიცავთ თუ არა ჩემს აღთქმას, სიკვდილამდეც კი, რათა ღირსეულად გცნონ.
15 ვინაიდან, თუ არ დაიცავთ ჩემს აღთქმას, არ ხართ ჩემი ღირსნი.
16 ამიტომ, უარყავით ომი და გამოაცხადეთ მშვიდობა, ბეჯითად ეცადეთ, შვილებს გული მამებისკენ მოუბრუნოთ და მამებს გული – შვილებისკენ;
17 და ასევე იუდეველთა გული – წინასწარმეტყველებისკენ და წინასწარმეტყველთა გული – იუდეველებისკენ, რომ არ მოვიდე და არ შევმუსრო მთელი დედამიწა წყევლით და ჩემ წინაშე ყოველი ხორციელი არ დაიწვას.
18 ნუ შეშფოთდებით გულში, ვინაიდან ჩემი მამის სახლში არის მრავალი სავანე და მე ადგილი მოგიმზადეთ; და სადაც ვართ ჩემი მამა და მე, თქვენც ასევე იქ უნდა იყოთ.
19 აჰა, მე, უფალი, არ ვარ კმაყოფილი მრავალი მათგანით, რომლებიც არიან კირტლანდის ეკლესიაში.
20 ვინაიდან, ისინი არ თმობენ თავიანთ ცოდვებსა და ბოროტ გზებს, თავიანთი გულის ამპარტავნობას, სიხარბესა და სისაძაგლეს და არ იცავენ სიბრძნის სიტყვას და მარადიულ სიცოცხლეს, რაც მათ ვუბოძე.
21 ჭეშმარიტად გეუბნებით: მე, უფალი, განვკიცხავ მათ და მოვექცევი, როგორც მოვისურვებ, თუ არ მოინანიებენ და არ დაიცავენ ყოველივე იმას, რაც მე ვუთხარი.
22 და კვლავ, გეუბნებით: თუ გულმოდგინეთ დაიცავთ ყოველივეს, რასაც გიბრძანებთ, მე, უფალი, აგაცილებთ რისხვასა და გულისწყრომას და ვერ დაგძლევენ ჯოჯოხეთის ბჭენი.
23 ახლა, მე გელაპარაკებით თქვენი ოჯახების შესახებ – თუ ადამიანმა ერთხელ სილა გაგაწნათ თქვენ ან თქვენს ოჯახს და მოთმინებით აიტანთ ამას და არ გალანძღავთ მათ, არც შეეცდებით შურისძიებას, თქვენ დაჯილდოვდებით;
24 მაგრამ, თუ ამას არ აიტანთ მოთმინებით ეს ჩაითვლება, როგორც საჭიროდ მიღებული ზომა თქვენ წინააღმდეგ.
25 და კვლავ, თუ მტერმა მეორედ გაგაწნათ სილა და არ გალანძღავთ მტერს და მოთმინებით აიტანთ, თქვენი ჯილდო იქნება ასჯერ მეტი.
26 და კვლავ, თუ მან მესამეჯერ გაგაწნათ სილა და ამას მოთმინებით აიტანთ, თქვენი ჯილდო ოთხჯერ გაორმაგდება:
27 და ეს სამი დამოწმება წარსდგება თქვენი მტრის წინააღმდეგ, თუკი არ მოინანიებს; და ისინი არ ამოიშლება.
28 და ახლა, ჭეშმარიტად გეუბნებით: თუ ეს მტერი ჩემს შურისგებას გაექცევა და არ იქნება ჩემ წინაშე სამსჯავროზე მოყვანილი, მაშინ იგი აუცილებლად უნდა გააფრთხილოთ ჩემი სახელით, რომ აღარ წამოვიდეს თქვენზე, არც თქვენს ოჯახზე, არც თქვენი შვილების შვილებზე მესამე და მეოთხე თაობამდეც კი.
29 და შემდეგ, თუ იგი წამოვა თქვენზე ან თქვენს შვილებზე ან თქვენი შვილების შვილებზე, მესამე ან მეოთხე თაობამდე, მე თქვენს მტერს გადმოგცემთ ხელში.
30 და შემდეგ, თუ მას დაინდობთ, დაჯილდოვდებით თქვენი სამართლიანობისთვის, ასევე თქვენი შვილები და შვილთაშვილები, მესამე და მეოთხე თაობამდე.
31 ამისდა მიუხედავად, თქვენი მტერი თქვენს ხელშია; და თუ მიუზღავთ მას თავისი საქმეების შესაბამისად, თქვენ ხართ გამართლებულნი; თუ იგი ცდილობდა თქვენი სიცოცხლის მოსწრაფებას და თქვენი სიცოცხლე საფრთხეში იყო მის გამო, თქვენი მტერი თქვენს ხელშია და ხართ გამართლებულნი.
32 აჰა, ეს არის კანონი, რომელიც მივეცი ჩემს მსახურს ნეფის, და თქვენს მამებს, იოსებს, იაკობს, ისააკს და აბრაამს, ყოველ ჩემს უძველეს წინასწარმეტყველსა და მოციქულს.
33 და კვლავ, ეს არის კანონი, რომელიც მივეცი ჩემს ძველთაძველთ, რათა არ წასულიყვნენ საომრად რომელიმე ერის, ტომის, ენისა ან ხალხის წინააღმდეგ, თუ მე, უფალი, არ ვუბრძანებდი ამას.
34 და თუ რომელიმე ერი, ენა ან ხალხი ომს გამოაცხადებს მათ წინააღმდეგ, მათ ჯერ უნდა აღუმართონ მშვიდობის ალამი იმ ხალხს, ერს ან ენას;
35 და თუ ის ხალხი არ მიიღებს მშვიდობის შემოთავაზებას, არც მეორეჯერ, არც მესამეჯერ, მათ ეს დამოწმებები უფლის წინაშე უნდა მოიტანონ;
36 შემდეგ მე, უფალი, გავცემ ბრძანებას და გავამართლებ მათ, იმ ერის, ენისა და ხალხის წინააღმდეგ ბრძოლის დაწყებაში.
37 და მე, უფალი, ვიბრძოლებ მათ ბრძოლებში და მათი შვილების ბრძოლებში და მათი შვილთა შვილებისას, სანამ არ იძიებენ შურს თავიანთ ყოველ მტერზე, მესამე და მეოთხე თაობამდე.
38 აჰა, ეს არის მაგალითი ყოველი ხალხისთვის, ამბობს უფალი, თქვენი ღმერთი, ჩემ წინაშე გასამართლებლად.
39 და კვლავ, ჭეშმარიტად გეუბნებით: თუ თქვენი მტერი ინანიებს მას შემდეგ, რაც პირველად თავს დაგესხა, ინანიებს, მოდის შენთან და შენდობას გთხოვს, შენ უნდა აპატიო და ეს შენი მტრის წინააღმდეგ დამოწმებად აღარ უნდა გქონდეს –
40 და ასე მეორეჯერ და მესამეჯერ; და ყოველ ჯერზე რამდენჯერაც შენი მტერი მოინანიებს დანაშაულს, რომელიც შენ წინააღმდეგ შესცოდა, შენ უნდა აპატიო მას სამოცდაათიგზის შვიდჯერ.
41 და იგი თუ კვლავ შესცოდავს შენ წინააღმდეგ და არ მოინანიებს პირველ ჯერზე, ამისდა მიუხედავად შენ მას უნდა აპატიო.
42 და იგი თუ შენ წინააღმდეგ მეორეჯერ შესცოდავს და არ მოინანიებს, ამისდა მიუხედავად შენ მას უნდა აპატიო.
43 და იგი თუ მესამეჯერ შესცოდავს შენ წინააღმდეგ და არ მოინანიებს, შენ ასევე უნდა აპატიო.
44 მაგრამ იგი თუ მეოთხეჯერ შესცოდავს შენ წინააღმდეგ, შენ არ უნდა აპატიო მას, არამედ მოიტანო ეს დამოწმებები უფლის წინაშე; და ისინი არ ამოიშლება, სანამ იგი არ მოინანიებს და არ დაგაჯილდოებს ოთხმაგად ყოველივეში, რაც შენ წინააღმდეგ შეცოდა.
45 და ამას თუ იგი ასე გააკეთებს, მთელი შენი გულით უნდა აპატიო მას; და თუ იგი ასე არ გააკეთებს, მე, უფალი, ვიძიებ შურს შენ მაგივრად შენს მტერზე ასმაგად;
46 და მის შვილებზე და მის შვილთა შვილებზე, ყოველ მათგანზე, რომლებსაც ვძულვარ, მესამე და მეოთხე თაობამდე.
47 მაგრამ თუ შვილები მოინანიებენ ან შვილთაშვილები მიუბრუნდებიან უფალს, თავიანთ ღმერთს, მთელი თავიანთი გულით, ძალით, გონებითა და სიძლიერით და აანაზღაურებენ ოთხმაგად ყოველ თავიანთ დანაშაულს, რომელიც მათ ჩაიდინეს, ან მათ მამებმა ჩაიდინეს ან მამის მამებმა, მაშინ შენი გულისწყრომა უნდა უკუიქცეს;
48 და შურისგება მათ აღარ დაატყდება, – ამბობს უფალი, შენი ღმერთი, და მათი დანაშაული აღარასდროს არ იქნება უფლის წინაშე მათ წინააღმდეგ დამოწმებადმოყვანილი.