ნაწილი 102
ოქმი ეკლესიის უმაღლესი საბჭოს ჩამოყალიბებაზე კირტლანდში, ოჰაიო, 17 თებერვალი, 1834 წ. ოქმის დედანი დაიწერა უხუცესების ოლივერ ქაუდერისა და ორსონ ჰაიდის მიერ. მომდევნო დღეს წინასწარმეტყველმა შეასწორა ოქმი და შემდეგ დღეს შესწორებული ოქმი უმაღლესი საბჭოს მიერ ერთსულოვნად იქნა მიღებული, როგორც ეკლესიის „უმაღლესი საბჭოს წესდება“. მუხლები 30–32, რომლებიც უკავშირდება თორმეტ მოციქულს, წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის ხელმძღვანელობით დამატებულ იქნა 1835 წელს, როდესაც ეს ნაწილი მომზადდა მოძღვრება და აღთქმების გამოცემისთვის.
1–8, უმაღლესი საბჭო დანიშნულია, რათა მოაგვაროს მნიშვნელოვანი სირთულეები, რომლებიც ეკლესიაში წამოიჭრება; 9–18, მოცემულია საქმეების განხილვის პროცედურა; 19–23, გადაწყვეტილებას იღებს საბჭოს პრეზიდენტი; 24–34, დამტკიცებულია გასაჩივრების პროცედურა.
1 ამ დღეს, გენერალური საბჭო ოცდაოთხი მღვდელმთავრის შემადგენლობით შეიკრიბა ჯოზეფ სმით უმცროსის სახლში, გამოცხადების შესაბამისად და შეუდგა ქრისტეს ეკლესიის უმაღლესი საბჭოს ჩამოყალიბებას, რომელიც უნდა შემდგარიყო თორმეტი მღვდელმთავრისა და ერთი ან სამი პრეზიდენტისგან, როგორც ამას საქმე მოითხოვდა.
2 ეს უმაღლესი საბჭო დაინიშნა გამოცხადებით, მნიშვნელოვანი სირთულეების გადაჭრის მიზნით, რომლებიც შესაძლოა, წამოჭრილიყო ეკლესიაში და რომლებიც ვერ გადაიჭრებოდა ეკლესიისა და ეპისკოპოსის საბჭოს თათბირზე მხარეთა დასაკმაყოფილებლად.
3 ჯოზეფ სმით უმცროსი, სიდნეი რიგდონი და ფრედერიკ გ. უილიამსი საბჭოს ხმით სცნეს პრეზიდენტებად; და მღვდელმთავრები ჯოზეფ სმით უფროსი, ჯონ სმითი, ჯოზეფ კოე, ჯონ ჯონსონი, მარტინ ჰარისი, ჯონ ს. კარტერი, ჯარედ კარტერი, ოლივერ ქაუდერი, სამუელ ჰ. სმითი, ორსონ ჰაიდი, სილვესტერ სმითი და ლუკ ჯონსონი, თათბირზე ერთხმად არჩეულნი არიან ეკლესიის მუდმივ საბჭოში.
4 ზემოთ ხსენებულ მრჩევლებს შემდგომ ჰკითხეს, იღებდნენ თუ არა თავიანთ მოწოდებას და თუ აპირებდნენ მოქმედებას ამ თანამდებობაზე ზეციური კანონის შესაბამისად, რაზედაც მათ ყველამ უპასუხეს, რომ მიიღეს მოწოდებები და შეასრულებენ თავიანთ მოვალეობას, მათთვის ნაბოძები ღვთის მადლის შესაბამისად.
5 საბჭოს წევრების რაოდენობა, რომლებმაც ეკლესიისთვის და ეკლესიის სახელით ხმა მისცეს ზემოთ ხსენებული მრჩევლების დანიშვნას, იყო ორმოცდასამი, კერძოდ: ცხრა მღვდელმთავარი, ჩვიდმეტი უხუცესი, ოთხი მღვდელი და ცამეტი წევრი.
6 ხმის მიცემით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება: უმაღლეს საბჭოს არ აქვს უფლებამოსილება, იმოქმედოს ზემოთ ხსენებული შვიდი მრჩევლის გარეშე ან წესის შესაბამისად, მათი ჩვეულებრივი წესით დანიშნული შემცვლელების დასწრების გარეშე.
7 ამ შვიდს ექნება უფლებამოსილება, დანიშნონ სხვა მღვდელმთავრები, რომლებსაც ჩათვლიან ღირსეულად და შესაფერისად, რომლებიც ადგილზე არ მყოფ მრჩეველთა ნაცვლად იმოქმედებენ.
8 ხმის მიცემით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება: როცა კი გარდაცვალების შედეგად ან შეცოდების გამო თანამდებობიდან განთავისუფლების ან ეკლესიის მმართველობის საზღვრებიდან გადასახლების გამო განთავისუფლდება რომელიმე ზემოდხსენებული მრჩევლის ადგილი, ეს ადგილი უნდა შეივსოს პრეზიდენტის ან პრეზიდენტთა წარდგენით და მღვდელმთავართა საერთო თათბირის ხმის მიცემით, რომელიც მოწვეული იქნება ამ მიზნით, იმოქმედოს ეკლესიის სახელით.
9 ეკლესიის პრეზიდენტი, რომელიც ასევე არის საბჭოს პრეზიდენტი, ინიშნება გამოცხადების მეშვეობით და მტკიცდება თავის მოწოდებაში ეკლესიის ხმის მიცემით.
10 მისი თანამდებობის ღირსების შესაბამისად, იგი უნდა იყოს ეკლესიის საბჭოს თავჯდომარე; და მისი უფლებაა, თან ახლდეს ორი სხვა პრეზიდენტი, რომლებიც იმგვარადვე იქნებიან დანიშნულნი, როგორც იგი თავად დაინიშნა.
11 და ერთის ან ორივე მათგანის არყოფნის შემთხვევაში, რომლებიც დანიშნულნი არიან, რათა მას თან ახლდნენ, აქვს უფლებამოსილება, იყოს საბჭოს თავჯდომარე დამხმარეს გარეშე; და იმ შემთხვევაში, თუ იგი თავად არ ესწრება, სხვა პრეზიდენტებს აქვთ უფლებამოსილება, მის მაგივრად იყვნენ თავჯდომარენი, ერთად ან ცალ-ცალკე.
12 როდესაც ეკლესიის უმაღლესი საბჭო სწორად არის ჩამოყალიბებული, ზემოდხსენებული ნიმუშის შესაბამისად, საბჭოს წევრების ვალდებულებაა, ნომრებით კენჭისყრის ჩატარება და ამგვარად გაირკვევა, თორმეტიდან რომელი ილაპარაკებს პირველი, დაწყებული პირველი ნომრიდან და ასე თანმიმდევრობით მეთორმეტე ნომრამდე.
13 როდესაც ეს საბჭო იკრიბება რაიმე საკითხზე სათათბიროდ, თორმეტმა მრჩეველმა უნდა დაადგინოს, რთულია ეს საკითხი თუ არა; თუ არ არის რთული, მხოლოდ ორი მრჩეველი ილაპარაკებს მოცემულ საკითხზე, ზემოთ დაწერილი წესის შესაბამისად.
14 მაგრამ თუ რთულად ჩაითვალა, უნდა დაინიშნოს ოთხი და თუ უფრო რთული – ექვსი, მაგრამ არცერთ შემთხვევაში არ უნდა დაინიშნოს ექვს მომხსენებელზე მეტი.
15 ბრალდებულს, ნებისმიერ შემთხვევაში, აქვს საბჭოს შემადგენლობის ერთნახევრის უფლება, რათა თავიდან აიცილონ შეურაცხყოფა და უსამართლობა.
16 და საბჭოს წევრებმა, არიან დანიშნულნი რა საბჭოს წინაშე სიტყვით გამოსასვლელად, მტკიცებულებების შემოწმების შემდეგ, უნდა წარადგინონ საქმე, მის ჭეშმარიტ სინათლეში, საბჭოს წინაშე და ყოველმა ადამიანმა უნდა ილაპარაკოს მიუკერძოებლობით და სამართლის შესაბამისად.
17 ის მრჩევლები, რომლებსაც შეხვდებათ ლუწი რიცხვები, რაც არის 2, 4, 6, 8, 10, და 12, ეჭვმიტანილის მხარეს უნდა დადგნენ და აღკვეთონ შეურაცხყოფა და უსამართლობა.
18 ყოველ საკითხზე, მბრალდებელსა და ეჭვმიტანილს აქვს პრივილეგია, ილაპარაკოს საბჭოს წინაშე საკუთარი თავის სასარგებლოდ მას შემდეგ, რაც განხილულ იქნება მტკიცებულებები და როდესაც ამ საკითხზე სიტყვით გამოსასვლელად დანიშნული მრჩევლები დაასრულებენ თავიანთ შენიშვნებს.
19 მას შემდეგ, რაც მოსმენილ იქნება მტკიცებულებები მრჩევლების, მბრალდებელისა და ეჭვმიტანილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, პრეზიდენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი აზრის შესაბამისად, რომელიც მას ექნება საქმის მიმართ და მოუწოდოს თორმეტ მრჩეველს, იგივე დაადასტურონ თავიანთი ხმით.
20 მაგრამ თუ დანარჩენი მრჩევლები, რომლებიც არ გამოვიდნენ სიტყვით ან რომელიმე მათგანი, მტკიცებულებების მიუკერძოებლად მოსმენის შემდეგ, აღმოაჩენს შეცდომას პრეზიდენტის გადაწყვეტილებაში, მათ ეს უნდა განაცხადონ და საქმე ხელახლა უნდა იქნეს განხილული.
21 და ხელახლა გულდასმით განხილვის შემდეგ, თუ გამოჩნდება საქმეზე რაიმე ახალი გარემოება, გადაწყვეტილება შესაბამისად უნდა შეიცვალოს.
22 მაგრამ, თუ მოცემულ საქმეზე ახალი გარემოება არ გამოვლინდება, ძალაში დარჩება პირველი გადაწყვეტილება და საბჭოს უმრავლესობას აქვს უფლებამოსილება ამის დასადგენად.
23 მოძღვრებასთან ან სწავლებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი სირთულის შემთხვევაში, თუ არ არის დაწერილი საკმარისი, რათა საბჭოსთვის გასარკვევად ნათელი მოეფინოს საქმეს, პრეზიდენტს შეუძლია, ჰკითხოს უფალს და შეიტყოს მისი გადაწყვეტილების შესახებ გამოცხადების მეშვეობით.
24 მღვდელმთავრებს შორეულ მხარეებში აქვთ უფლება, სირთულეების მოსაგვარებლად მოიწვიონ და ორგანიზება გაუწიონ საბჭოს, ხსენებული ნიმუშის შესაბამისად, როდესაც ამას მოითხოვენ მხარეები ან რომელიმე მხარე.
25 და ხსენებული მღვდელმთავართა საბჭო უფლებამოსილია, დანიშნოს თავისი ერთ-ერთი წევრი საბჭოს დროებით მმართველად.
26 ხსენებული საბჭოს ვალდებულება იქნება, დაუყოვნებლივ გააგზავნოს საქმის ოქმის ასლი, გადაწყვეტილების სრული წერილობითი დამოწმებით, ეკლესიის პირველი პრეზიდენტობის უმაღლესი საბჭოს ადგილმდებარეობის მიხედვით.
27 იმ შემთხვევაში, როდესაც მხარეებიდან რომელიმე უკმაყოფილო იქნება ხსენებული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, მათ შეუძლიათ, მიმართონ ადგილზე ეკლესიის პირველი პრეზიდენტობის უმაღლეს საბჭოს და საქმე ხელახლა იქნება განხილული დაწერილი ნიმუშის შესაბამისად, საქმეზე მანამდე მიღებული გადაწყვეტილების გარეშე.
28 ამ მღვდელმთავართა საბჭო შორეულ მხარეებში მოწვეული უნდა იყოს მხოლოდ ეკლესიის რთული საკითხების საქმეებზე; უბრალო ან ჩვეულებრივი საქმე არ არის საკმარისი მიზეზი ასეთი საბჭოს მოსაწვევად.
29 მოგზაურ ან ადგილობრივ მღვდელმთავრებს შორეულ მხარეებში აქვთ უფლებამოსილება დაადგინონ, აუცილებელია თუ არა ასეთი საბჭოს მოწვევა.
30 არის განსხვავება უმაღლეს საბჭოსა ანუ შორეულ მხარეებში მოგზაურ მღვდელმთავართა და თორმეტ მოციქულისგან შემდგარ მოგზაურ უმაღლეს საბჭოს გადაწყვეტილებებს შორის.
31 პირველის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს; მაგრამ მეორეს გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლებელია.
32 დანაშაულის შემთხვევაში, მეორეს გადაწყვეტილება შეიძლება ხელახლა გადაიხედოს მხოლოდ ეკლესიის უმაღლესი მმართველობის მიერ.
33 გადაწყდა: პრეზიდენტს ან ადგილზე ეკლესიის პირველი პრეზიდენტობის პრეზიდენტებს აქვთ უფლებამოსილება გადაწყვიტონ, შეიძლება თუ არა რომელიმე ასეთი საქმის ხელახლა განხილვა, რომელიც უფლებისამებრ, ხელახლა იქნება წარდგენილი განხილვისთვის, მას შემდეგ, რაც განიხილება თხოვნა და თანდართული მტკიცებულება და განცხადებები.
34 შემდეგ თორმეტი მოციქული შეუდგა კენჭისყრას, რათა გარკვეულიყო, ვინ გამოვიდოდა სიტყვით პირველი და მიღებულ იქნა შემდეგი თანმიმდევრობა, სახელდობრ: 1, ოლივერ ქაუდერი; 2, ჯოზეფ კოე; 3, სამუელ ჰ. სმითი; 4, ლუკ ჯონსონი; 5, ჯონ ს. კარტერი; 6, სილვესტერ სმითი; 7, ჯონ ჯონსონი; 8, ორსონ ჰაიდი; 9, ჯარედ კარტერი; 10, ჯოზეფ სმითი უფროსი; 11, ჯონ სმითი; 12, მარტინ ჰარისი.ლოცვის შემდეგ კონფერენცია დასრულდა.
მოხელენი:
ოლივერ ქაუდერი
ორსონ ჰაიდი