ნაწილი 24
წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითისა და ოლივერ ქაუდერის მიერ მიღებული გამოცხადება, ქალაქი ჰარმონი, პენსილვანიის შტატი, ივნისი, 1830 წ. მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიის ჩამოყალიბებიდან გავიდა ოთხ თვეზე ნაკლები, დევნა გამძაფრდა და წინამძღვრები იძულებულნი იყვნენ, ეძებათ თავშესაფარი, ნაწილობრივ განმარტოებაში. მომდევნო სამი გამოცხადება მიეცათ ამ დროს, რომ განმტკიცებულიყვნენ, გამხნევებულიყვნენ და მიეღოთ დარიგება.
1–9, ჯოზეფ სმითი მოწოდებულია, რომ თარგმნოს, იქადაგოს და განმარტოს წმინდა წერილი; 10–12, ოლივერ ქაუდერი მოწოდებულია იქადაგოს სახარება; 13–19, გაენდობათ სასწაულების, წყევლის, ვინმეს ფეხებიდან მტვრის ჩამობერტყვისა და ქისის ან გუდის გარეშე მსახურების კანონი.
1 აჰა, შენ მოწოდებული და ამორჩეული ხარ მორმონის წიგნის დაწერისა და ჩემი მსახურებისთვის; და გამოგიხსენი გაჭირვებიდან და დაგარიგე, რომ გამოხსნილ ყოფილიყავი ყველა შენი მტრისგან და გამოხსნილ ყოფილიყავი სატანისა და ბნელეთის ძალებისგან!
2 მიუხედავად ამისა, არ გეპატიება შეცოდებანი; ამისდა მიუხედავად, იარე შენი გზით და ამიერიდან ნუღარ შესცოდავ.
3 განადიდე შენი წოდება და მას შემდეგ, რაც დათესავ შენს მინდვრებს და დაიცავ მათ, სწრაფად გაეშურე ეკლესიაში, რომელიც კოლსვილში, ფეიეტში და მანჩესტერშია და ისინი შეგინახავენ; და მე მათ ვაკურთხებ, როგორც სულიერად, ასევე მიწიერად;
4 და თუ ისინი არ მიგიღებენ, მე მათ კურთხევის ნაცვლად წყევლას მოვუვლენ.
5 და ჩემი სახელით გააგრძელე ღმერთის სახელისადმი ღაღადი და იმის წერა, რაც მოგეცემა ნუგეშისმცემლის მიერ და ყველა წმინდა წერილის განმარტება ეკლესიისთვის.
6 და მოგეცემა ზუსტად იმ დროს ის, რაც უნდა ილაპარაკო და დაწერო და ამას ისინი მოისმენენ, თორემ კურთხევის ნაცვლად წყევლას მოვუვლენ.
7 ვინაიდან სიონს უნდა მიუძღვნა მთელი შენი მსახურება; და ამაში გექნება შენ ძალა.
8 გაჭირვებისას იყავი მომთმენი, ვინაიდან იგი მრავლად გექნება; მაგრამ გაუძელი მას, ვინაიდან, დიახ, მე შენთან ვარ, შენი დღეების ბოლომდე.
9 და ამქვეყნიურ საქმეებზე არ გექნება ძალა, ვინაიდან ეს არ არის შენი მოწოდება. შეასრულე შენი მოწოდება და გექნება ის, რითაც განადიდებ შენს წოდებას და განმარტავ ყველა წმინდა წერილს; და გააგრძელებ ეკლესიებში ხელდასხმას და დამტკიცებას.
10 და შენი ძმა, ოლივერი, გააგრძელებს მსოფლიოსა და ეკლესიის წინაშე ჩემი სახელის დამოწმებას და ნუ იფიქრებს, რომ მის მიერ ნათქვამი ჩემი საქმისთვის იქნება საკმარისი; დიახ, მე მასთან ვარ ბოლომდე.
11 დიდება ექნება მას ჩემში და არა საკუთარ თავში, სისუსტესა თუ სიძლიერეში, ტყვეობაში ან თავისუფლებაში;
12 და ყოველთვის და ყველგან იგი გახსნის ბაგეს და ჩემს სახარებას განაცხადებსსაყვირის ხმით, დღისითა და ღამით. და მე ვუბოძებ მას ისეთ ძალას, როგორიც ჯერ არ არის ცნობილი ადამიანთა შორის.
13 ნუ მთხოვთ სასწაულებს, თუ არ გიბრძანებთ, გარდა ეშმაკების განდევნის, ავადმყოფის განკურნების შხამიანი გველებისა და მომაკვდავი შხამების წინააღმდეგ;
14 და ყოველივე ამას არ გააკეთებთ, თუ ამას არ გთხოვენ ისინი, რომლებსაც ეს სურთ, რათა ახდეს წმინდა წერილი; ვინაიდან თქვენ უნდა მოიქცეთ იმისდა მიხედვით, რაც დაიწერა.
15 და სადაც არ უნდა მიხვიდეთ, თუ იქ არ მიგიღებენ ჩემი სახელით, კურთხევის ნაცვლად უნდა დაუტოვოთ წყევლა, მათ წინ ფეხებიდან მტვრის ჩამობერტყვით, როგორც დამოწმება და გზისპირას ფეხების განწმენდით.
16 და იქნება ასე: მას, ვინც აღმართავს თქვენზე ხელს ძალადობით, უბრძანებთ, რომ ჩემი სახელით იყოს ნაცემი; და აჰა, მე მათ ვცემ თქვენი სიტყვებისამებრ, ჩემთვის შესაფერის ჟამს.
17 და რომელიც წავა შენ წინააღმდეგ სამართლით, სამართლით იქნება იგი დაწყევლილი.
18 და არ წაიღებ თან არც ქისას, არც გუდას, არც ხელკეტს, არც ორ ქურთუკს, ვინაიდან იმავე საათში ეკლესია მოგცემს, რაც დაგჭირდება: საჭმელს, ტანისამოსს, ფეხსაცმელს, ფულსა და გუდას.
19 ვინაიდან, მოწოდებული ხარ, გასხლა ჩემი ვენახი ძლევამოსილი კაფვით, დიახ, უკანასკნელადაც კი; დიახ, ყველა, ვინც ხელდასხმით აკურთხე, ისინიც ამგვარად მოიქცევიან. ამინ.