ნაწილი 134
დეკლარაცია მრწამსის შესახებ, მთავრობებსა და ზოგადად კანონებთან დაკავშირებით, რომელიც ერთსულოვნად მიღებულ იქნა ეკლესიის გენერალურ შეკრებაზე კირტლანდში, ოჰაიო, 17 აგვისტო, 1835 წ. მრავალი წმინდანი შეიკრიბა, რათა განეხილათ მოძღვრება და აღთქმების პირველი გამოცემის შინაარსი. იმ დროისთვის ეს განცხადება მოცემული იყო შემდეგი წინასიტყვაობით: „რათა ჩვენი მრწამსი არ იქნეს არასწორად განმარტებული ან აღქმული მიწიერი მთავრობებისა და საერთოდ კანონების მიმართ, ვთვლით საჭიროდ, წარმოვადგინოთ ამ წიგნის დასასრულში ჩვენი მოსაზრება ამ საკითხზე.“
1–4, მთავრობებმა უნდა უზრუნველყონ სინდისისა და რწმენის თავისუფლება; 5–8, ყოველმა ადამიანმა მხარი უნდა დაუჭიროს მთავრობებს, დაიცვას და პატივი სცეს კანონს; 9–10, რელიგიური საზოგადოებანი არ უნდა ასრულებდნენ სამოქალაქო ხელისუფლების უფლებამოსილებებს; 11–12, ადამიანებს უფლება აქვთ, დაიცვან თავი და საკუთარი ქონება.
1 ჩვენ გვწამს, რომ მთავრობები დაარსდა ღვთის მიერ, ადამიანთა სასარგებლოდ; და იგი ადამიანებს აკისრებს პასუხისმგებლობას საკუთარ ქმედებებზე მათთან ურთიერთობაში, როგორც კანონების შექმნისას, ასევე მათ შესრულებაზე, საზოგადოების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის.
2 ჩვენ გვწამს, რომ ვერცერთი მთავრობა ვერ იარსებებს მშვიდობიანად, თუ არ იქნა მიღებული და აღსრულებული ისეთი კანონები, რომლებიც უზრუნველყოფს პიროვნების სინდისის თავისუფლებას, ქონების უფლებას, მის მართვას და სიცოცხლის დაცვას.
3 ჩვენ გვწამს, რომ ყოველ მთავრობას სჭირდება სამოქალაქო მოღვაწენი და მოსამართლენი, რათა აღსრულდეს მისი კანონები; და ასეთი ადამიანები, რომლებიც უზრუნველყოფენ კანონს მიუკერძოებლად და სამართლით, რესპუბლიკის შემთხევაში უნდა მოიძებნონ და მხარდაჭერილ იქნენ ხალხის ხმით ან სახელმწიფოს მეთაურის ნებით.
4 ჩვენ გვწამს, რომ რელიგია დაარსდა ღვთის მიერ; და ადამიანები რელიგიურ საქმიანობაზე პასუხისმგებლები არიან მხოლოდ და მხოლოდ მის წინაშე, თუ მათი რელიგიური შეხედულებები არ უბიძგებთ სხვა ადამიანთა უფლებებისა და თავისუფლების შელახვისკენ; მაგრამ ჩვენ არ გვწამს, რომ ადამიანურ კანონს აქვს უფლება, ჩაერიოს თაყვანისცემის წესების განსაზღვრაში ადამიანთა სინდისის შესაზღუდად ან უკარნახოს საჯარო ან პირადი ღვთისმოსაობის ფორმა; სამოქალაქო მოსამართლემ უნდა ალაგმოს დანაშაული, მაგრამ არასდროს არ უნდა შეზღუდოს სინდისი; დამნაშავე უნდა დასაჯოს, მაგრამ არასდროს არ უნდა ჩაახშოს სულის თავისუფლება.
5 ჩვენ გვწამს, რომ ყოველი ადამიანი ვალდებულია, მხარი დაუჭიროს და დაეხმაროს სახელმწიფოს, რომელშიც იგი ცხოვრობს, არის რა დაცული საკუთარი, მისთვის განკუთვნილი უფლებებით თავისი სახელმწიფოს კანონების მიერ; და ამგვარად დაცული ყოველი მოქალაქისთვის შეუფერებელია ამბოხებისკენ მოწოდება და ჯანყი და ასეთი სათანადოდ უნდა დაისაჯოს; და ყოველ სახელმწიფოს აქვს უფლება, დაადგინოს იმდაგვარი კანონები, რომლებიც მათი გადაწყვეტილებით უზრუნველყოფს საზოგადოების ინტერესებს და ამავე დროს წმინდად იცავს სინდისის თავისუფლებას.
6 ჩვენ გვწამს, რომ ყოველ ადამიანს პატივი უნდა სცენ თავის თანამდებობაზე, მათ შორის უდანაშაულოთა დასაცავად და დამნაშავეთა დასასჯელად დანიშნულ მმართველებსა და მოსამართლეებს; ასევე ყოველი ადამიანი უნდა სცემდეს პატივს და ემორჩილებოდეს კანონებს, ვინაიდან მათ გარეშე მშვიდობასა და თანხმობას შეცვლის ანარქია და შიში; ადამიანთა კანონები უდაოდ დაწესებულია იმ მიზნით, რომ აწესრიგონ ჩვენი პირადი და ეროვნული ინტერესები ადამიანთა შორის; ღვთიური კანონები კი ნაბოძებია ზეციდან, რამეთუ განსაზღვროს წესები სულიერი საკითხების მიმართ, რწმენისა და თაყვანისცემისთვის; ორივე შემთხვევაში, ადამიანი თავისი შემქმნელის წინაშე აგებს პასუხს მათ შესრულებაზე.
7 ჩვენ გვწამს, რომ მმართველებს, სახელმწიფოებსა და მთავრობებს უფლება აქვთ და ვალდებულნი არიან, აამოქმედონ კანონები ყოველი მოქალაქის რელიგიური მრწამსის თავისუფლად გამოხატვის დასაცავად; მაგრამ არ გვწამს, რომ მათ აქვთ სამართლებრივი უფლება, მოქალაქეებს წაართვან ეს უპირატესობა ან შეზღუდონ ისინი თავიანთ რწმენაში, თუ გამოხატავენ კანონების მიმართ პატივისცემასა და მოწიწებას და თუ მათი რელიგიური მრწამსი არ ამართლებს მეამბოხეობასა და შეთქმულებას.
8 ჩვენ გვწამს, რომ დანაშაულებრივი მოქმედება უნდა ისჯებოდეს ჩადენილი დანაშაულის არსის შესაბამისად; მკვლელობა, ღალატი, ძარცვა, ქურდობა და საზოგადოებრივი წესრიგის ყოველგვარი სახით დარღვევა უნდა ისჯებოდეს ჩადენილი დანაშაულის და ადამიანთა შორის ბოროტების გავრცელების მიმართ მიდრეკილების შესაბამისად, იმ ქვეყნის კანონების მიხედვით, სადაც დანაშაული არის ჩადენილი; და საზოგადოების მშვიდობისა და წესრიგისთვის არცერთმა ადამიანმა არ უნდა დაიხიოს უკან და უნდა გამოიყენოს თავისი შესაძლებლობა, რათა კარგი კანონების დამრღვევნი ვერ გაექცნენ სასჯელს.
9 ჩვენ არ გვწამს, რომ სამართლიანია რელიგიური გავლენის შერევა სამოქალაქო ხელისუფლებასთან, რის შედეგადაც ხდება ერთი რელიგიური საზოგადოების წახალისება, მეორე კი იზღუდება თავის სულიერ უფლებებში და უარს ეუბნებიან მის წევრებს თავიანთ მოქალაქეობრივ უფლებებზე.
10 ჩვენ გვწამს, რომ ყოველ რელიგიურ საზოგადოებას აქვს უფლება, არასათანადო ქცევისთვის მოექცეს თავის წევრებს ამ საზოგადოების საკუთარი წესებისა და დებულებების შესაბამისად იმ პირობით, რომ ასეთი ზომები ეხება ამ ადამიანთა რეპუტაციასა და მდგომარეობას ამ საზოგადოებაში; მაგრამ არ გვწამს, რომ რელიგიურ საზოგადოებას აქვს უფლება, გაასამართლოს ადამიანი საკუთარი ქონებისა ან სიცოცხლის უფლების გამო, ჩამოართვას მატერიალური ქონება ან ხიფათში ჩააგდოს მისი სიცოცხლე ან ჯანმრთელობა, ან დასაჯოს ფიზიკური სასჯელით. მათ შეუძლიათ, მხოლოდ თავიანთი საზოგადოებიდან მოკვეთონ ისინი და ჩამოართვან წევრობა.
11 ჩვენ გვწამს, რომ ადამიანმა უნდა მიმართოს სამოქალაქო კანონს უსამართლო ქმედებებისა და ზარალის ასანაზღაურებლად, როდესაც მიყენებულია პირადი შეურაცხყოფა ან შელახულია ქონების უფლება ან ღირსება, სადაც ასეთი კანონები არსებობს ამდაგვარი შემთხვევებისგან თავის დასაცავად; მაგრამ გვწამს, ყოველ ადამიანს აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი თავი, თავისი მეგობრები, ქონება და ხელისუფლება უკანონო თავდასხმისგან და ყოველ პირთა მხრიდან ხელყოფისგან, როდესაც შეუძლებელია კანონისთვის დაუყოვნებლივ მიმართვა და დახმარების მიღება.
12 ჩვენ გვწამს, რომ სამართლიანია დედამიწის ერთათვის სახარების ქადაგება და ვაფრთხილებთ მართალთ, თავი იხსნან ამაქვეყნის ხრწნისგან; მაგრამ არ გვწამს, რომ ყმათა საქმეში ჩარევა სამართლიანია, ან მათთვის სახარების ქადაგება, ან მონათვლა მათი ბატონის ნებისა და სურვილის წინააღმდეგ, არც მათ საქმეში ჩარევა, ან ზეგავლენა მათზე, ამ ცხოვრებაში თავიანთი მდგომარებისგან უკმაყოფილების გამოსაწვევად და ამდაგვარად მათი სიცოცხლის საფრთხეში ჩასაგდებად; ასეთი ჩარევა, გვწამს, არის უკანონო, უსამართლო და საშიში ყოველი ხელისუფლების კეთილდღეობისთვის, რომელიც უშვებს ადამიანის მონობაში ყოფნას.