წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 100


ნაწილი 100

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითისა და სიდნეი რიგდონის მიერ მიღებული გამოცხადება, პერისბურგი, ნიუ-იორკი, 12 ოქტომბერი, 1833 წ. ორი ძმა რამდენიმე დღის განმავლობაში არ იმყოფებოდა თავიანთ ოჯახებში და იგრძნეს შეშფოთება მათ შესახებ.

1–4, ჯოზეფმა და სიდნეიმ უნდა იქადაგონ სახარება სულთა ხსნისთვის; 5–8, იმ საათს მათ ებოძებათ, რა უნდა თქვან; 9–12, სიდნეი უნდა იყოს ორატორი, ხოლო ჯოზეფი – განმცხადებელი და დამოწმებაში ძლევამოსილი; 13–17, უფალი აღზრდის წმინდა ხალხს და მორჩილნი გადარჩებიან.

1 ჭეშმარიტად, ამას გეუბნებათ უფალი: ჩემო მეგობრებო, სიდნეი და ჯოზეფ, თქვენი ოჯახები კარგად არიან, ისინი ჩემს ხელში არიან და მოვექცევი მათ, როგორც მათთვის სასარგებლოდ მიმაჩნია, ვინაიდან ჩემშია მთელი ძალაუფლება.

2 ამიტომ, გამომყევით და მოისმინეთ რჩევა, რომელსაც მოგცემთ.

3 აჰა, და ჭეშმარიტად, მრავალი ხალხი მყავს ამ ადგილზე და გარშემო მიდამოებში; გაიღება მოქმედი კარი გარშემო მიდამოებში ამ აღმოსავლეთ მიწაზე.

4 ამიტომ, მე, უფალმა დავუშვი, მოსულიყავით ამ ადგილზე, ვინაიდან ეს მიმაჩნდა საჭიროდ სულთა ხსნისთვის.

5 ამიტომ, ჭეშმარიტად გეუბნებით: აიმაღლეთ ხმა ამ ხალხის მიმართ; გამოხატეთ აზრები, რომლებსაც ჩაგიდებთ გულში და ადამიანთა წინაშე არ შეიმუსრებით.

6 ვინაიდან, ეს მოგეცემათ იმ საათს, დიახ, იმ დროს, რაც თქვენ უნდა თქვათ.

7 მაგრამ ბრძანებას გაძლევთ: რასაც გამოაცხადებთ, ჩემი სახელით უნდა გამოაცხადოთ გულის სიდინჯითა და თვინიერების სულით ყოველივეში.

8 და მე ამ დაპირებას გაძლევთ, რომ იმისდა მიხედვით, როგორც ამას შეასრულებთ, სულიწმინდა გადმოიღვრება ყოველივეს დასამოწმებლად, რასაც იტყვით.

9 და საჭიროდ მიმაჩნია, რომ შენ, ჩემო მსახურო სიდნეი, უნდა იყო ორატორი ამ ხალხისთვის; დიახ, ჭეშმარიტად, მე გაკურთხებ ამ მოწოდებისთვის, რათა იყო ორატორი ჩემი მსახური ჯოზეფისთვის.

10 და მას ვუბოძებ ძალას, რომ იყოს ძლევამოსილი დამოწმებაში.

11 და შენ გიბოძებ ძალას, რათა იყო ძლევამოსილი ყოველი წმინდა წერილის განმარტებაში, რათა იყო მისი ორატორი და იგი იქნება შენთვის განმცხადებელი, რათა უდავოდ იცოდე ყოველივე, რაც ეხება ჩემს სასუფეველს დედამიწაზე.

12 ამიტომ, გააგრძელეთ მოგზაურობა და დაე, გაიხარონ თქვენმა გულებმა; ვინაიდან, აჰა, და ჭეშმარიტად, მე თქვენთან ვარ ბოლომდე.

13 და ახლა, გაძლევთ სიტყვას სიონის შესახებ. სიონი იქნება გამოსყიდული, მიუხედავად ამისა, იგი ცოტა ხნით არის დასჯილი.

14 თქვენი ძმები, ჩემი მსახურები – ორსონ ჰაიდი და ჯონ გულდი, არიან ჩემს ხელში, და გადარჩებიან იმისდა მიხედვით, თუ როგორ დაიცავენ ჩემს მცნებებს.

15 ამიტომ, დაე, დამშვიდებული იყოს თქვენი გულები; ვინაიდან, ყოველივე ერთად იმოქმედებს მათ სასარგებლოდ, რომლებიც დადიან უბიწოდ ეკლესიის განსაწმენდად.

16 ვინაიდან, აღვზრდი ჩემთვის წმინდა ხალხს, რომელიც მემსახურება სამართლიანობაში;

17 და ყოველი, რომელიც მოუხმობს უფლის სახელს და იცავს მის მცნებებს, გადარჩება. სწორედ ასე. ამინ.